"მახათას მთა არის სახალხო პროექტი, რომლის თითოეულმა მონაწილემაც თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვით 1 აგური დადო“ - ლაშა თაბუკაშვილი და ლია სტურუა ეროვნულ პროექტებზე საუბრობენ
ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ლია სტურუა, ნინო სუხიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ზაზა აბაშიძე, ნინო ქაჯაია, გიორგი თევდორაშვილი, ლევან კოღუაშვილი, კოტე ჯანდიერი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ეკა კვაჭანტირაძე, ნიკოლოზ რაჭველი - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც დღეს „საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა საბჭოს წარმოადგენენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ პროექტში არიან ჩართული. „საზოგადოება ივერიისა“ ეროვნული ფასეულობების წარმოჩენის, გაცნობიერებისა და ფართო საზოგადოებაში მათი კომუნიკაციის მიზნით შეიქმნა და მის მიერ განხორციელებული თითოეული პროექტის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს გახლავთ. ამ საქმეში კი უდიდესია ქტიტორების როლი, რომლებიც ფართო საზოგადოების დიდ პატივისცემას იმსახურებენ და საკუთარი საქმიანობით ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურებიან.
ლაშა თაბუკაშვილი და ლია სტურუა „საზოგადოება ივერიისას“ პროექტებსა და მათი საქმიანობის საერთო მიზნებზე გვიზიარებენ საკუთარ შეხედულებას:
ლაშა თაბუკაშვილი: „წლების წინ მეუფე დანიელის თაოსნობითა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა „საზოგადოება ივერიისა“ და მისი ქტიტორთა საბჭო, რომლის ერთ-ერთი წევრიც მე ვარ. საწყის ეტაპზე შექმნის მთავარი მიზანი მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა იყო. ამჟამად ტაძრის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა საგანმანათლებლო ცენტრის პროექტზე. შედეგად მახათას მთა გახდება არა მხოლოდ რელიგიური, არამედ საგანმანათლებლო ცენტრი, რაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებული ფუნქცია მიენიჭება მას. ქტიტორთა საბჭო სრულად ვართ ჩართული მიმდინარე საქმიანობაში. მოხარული ვარ, რომ თითქმის ყველა თაობის ადამიანი ვართ საბჭოში. თითოეული მათგანი პასუხისმგებლობითა და აღფრთოვანებით ვართ სავსე. ზოგადად, როდესაც სიწმინდეზე ვსაუბრობთ, ყოველთვის სხვა დროის, წარსულის ალუზია იქმნება. მახათას მთაზე ტაძარი კი ის სიწმინდეა, რომელიც დღეს, ჩვენს თვალწინ იქმნება და ეს საოცარი შეგრძნებაა. ამ პროექტში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და დღეს თითოეული მათგანი თვლის, რომ ეს ტაძარი მათი სულის ნაწილია. ეს მართლაც ასეა. მახათას მთა არის ნამდვილად სახალხო პროექტი, რომლის თითოეულმა მონაწილემაც თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვით 1 აგური დადო. განწმენდასავითაა ეს პროექტი, რომელიც თითოეულ ადამიანს უკეთესობისკენ ცვლის. „საზოგადოება ივერიისა“ კიდევ არაერთ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. თითოეულ ამ საქმეს კი გიორგი თავაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ძალიან კეთილშობილი პიროვნებაა. მე შემიძლია გითხრათ, რომ „საზოგადოება ივერიისა“ არის ადგილი, რომელიც იდეალთან ყველაზე ახლოსაა მის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისა და ჩართული ადამიანების თვალსაზრისით.“
ლია სტურუა: „საზოგადოება ივერიისას“ წლების წინ შემოვუერთდი და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის აქტივობებში ვიყავი ჩართული. ვკითხულობდი ლექციებს, ვხვდებოდი ფართო საზოგადოებას და მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობდით. ჩვენი მთავარი მიზანი საწყის ეტაპზე მახათას მთა და იქ ტაძრის მშენებლობა იყო. ალბათ, მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ამდენი ადამიანის შემოწირულობით ტაძარი შენდება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მორწმუნე ხარ. ამ საქმეში მონაწილეობით, ღმერთს უშვებ საკუთარ სხეულში. სწორედ ამიტომ არის მახათას მთაზე არსებული ეკლესია სხვანაირად თბილი. ის არამხოლოდ რელიგიური ცენტრია, არამედ ხელოვნების ნიმუშიცაა. მეორე მხრივ, მახათას მთაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა აშენდეს. ეს მის დატვირთვას კიდევ უფრო გაზრდის. ჩვენ კი, „საზოგადოება ივერიისას“ თითოეული ქტიტორი, ადამიანებს ამ მნიშვნელობის გააზრებაში უნდა დავეხმაროთ, უნდა ვუთხრათ, რომ მიიღონ მონაწილეობა და საკუთარ ცხოვრებაში ღმერთი შემოუშვან. მახათას გარდა, ჩვენ გელათის პროექტშიც ვართ ჩართული. თითოეული საქმე, რომელსაც „საზოგადოება ივერიისა“ ახორციელებს ეროვნული სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ სარწმუნოება და ქართველობა. ეკლესია ერის სულია, ასევე არ არსებობს ერი ხელოვნების გარეშე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, დღეს ყველა ერთად ვიყოთ, გავერთიანდეთ კეთილშობილური საქმეების გარშემო.“
შეგახსენებთ, რომ „საზოგადოება ივერიისას“ პროექტებში მონაწილეობა ყველას შეუძლია. მათი საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე და ყოველწლიურად საერთაშორისო აუდიტს გადის. შედეგები კი ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
R