"60 წელს გადაცილებულ მის ყოფილ მოსწავლეებს 90 წლის ნუნუ მასწავლებლის მეხსიერება აოცებდათ წვეულებაზე" - "ჩემთვის კარგი და ცუდი მოსწავლე არ არსებობდა, ის საზოგადოების სრულფასოვან წევრად უნდა აღმეზარდა..."
"სოფელი მიყვარს, ბუნებასთან კონტაქტი მაძლევს ძალას"
90 წლის ნუნუ ანდღულაძე ქალაქ ოზურგეთში, წვეულებაზე გავიცანი. ბახველები სკოლის დამთავრების 50-ე წლისთავს აღნიშნავდნენ. ჩემი ყურადღება იმთავითვე მიიპყრო ძალიან ლამაზმა, კოხტად ჩაცმულმა ასაკოვანმა ქალმა. დროდადრო ჩემს ყურთასმენას მისი სხარტი იუმორი და მის გვერდით მსხდომთა გაოცებული შეძახილები აღწევდა. 60 წელს გადაცილებულ მის ყოფილ მოსწავლეებს 90 წლის ნუნუ მასწავლებლის მეხსიერება აოცებდათ. მას საკუთარ მოწაფეებზე კარგად ახსოვდა როგორც თითოეული მათგანის აკადემიური მოსწრება, ასევე მათთან დაკავშირებული კურიოზული ამბები. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ვერ ვიტყვი, რომ დალხენილი ბავშვობა მქონდა, მუდმივად სწავლასა და შრომაში ვიყავი, ერთი დღეც არ გამიტარებია უქმად. სოფელ მშვიდობაურის ოთხკლასიანი სასწავლებელი დავამთავრე, მეხუთე კლასში სწავლა ბახვის საშუალო სკოლაში გავაგრძელე. 1952 წელს სწავლა დავამთავრე და პირველივე წელს ჩავაბარე ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე, მათემატიკის განხრით..."
"21 წლის ვიყავი, სკოლაში მასწავლებლად რომ მივედი. ჩემმა დირექტორმა, ოზურგეთის კი არა, რესპუბლიკის მასშტაბით ცნობილმა თუშა დოლიძემ პირდაპირ მეთერთმეტე კლასში შემიშვა. მერხთან მსხდომი ბავშვები უფრო მაღლები ჩანდნენ, ვიდრე მე - ფეხზე მდგომი. გადავრჩი, ბავშვებმა მეგობრულად მიმიღეს. მათ შემდეგ მეხუთე კლასი ჩავიბარე. ყველა თავისუფალი დრო მოწაფეებთან მაქვს გატარებული. ყველაფერს რომ თავიდან ვიწყებდე, ისევ იმავე გზას გავივლიდი..."
"ჩემთვის კარგი და ცუდი მოსწავლე არ არსებობდა. მე მათემატიკის მასწავლებელი ვიყავი, ეს საგანი ზოგს აინტერესებდა და უყვარდა, ზოგს არა. საგანს ყველა საკუთარი თავისთვის სწავლობდა, ჩემთვის პირველი ამოცანა იყო მოსწავლე საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღმეზარდა..."
"ქალაქში ცხოვრებაც შემეძლო, მაგრამ არ მინდოდა, სოფელი მიყვარს, ბუნებასთან კონტაქტი მაძლევს ძალას. ახლა რომაა მოდაში ცალკე ოჯახის დამხმარე, ცალკე ძიძა, მაშინ ასე არ იყო. ისე, სიმართლე გითხრათ, არ იქნებოდა ცუდი, ეგ შეღავათები ჩვენც გვქონოდა, მაგრამ არც უმაგისოდ დავკარგულვართ. ჩემი დამხმარე ჩემი მეუღლე იყო, აცხონოს ღმერთმა, სამი წლის წინ გარდამეცვალა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 10 ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ბახტურიძე