"ქართულ ოცნებას" ოფისების გარეშე დარჩენა ემუქრება - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" ოფისების გარეშე დარჩენა ემუქრება

საქართველოს კონტროლის პალატის მორიგ სამიზნედ იქცა კომპანია "მენეჯმენტ სერვისი", რომელიც პოლიტიკური პარტიებისათვის უკანონო შეწირულობების გაღებაში დაადანაშაულა და 5 მილიონ ლარამდე ჯარიმის გადახდა დააკისრა. კომპანიის ხელმძღვანელობა და ადვოკატი კონტროლის პალატის ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ბიზნესში უხეში ჩარევაა.

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც კომპანია "მენეჯმენტ სერვისის" დაჯარიმების მიზეზები განმარტა: "კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგის სამსახურმა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნებისა" და მის კოალიციაში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების კანონიერება შეისწავლა, რადგან ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად განხორციელებულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის შეუსაბამობა აღმოჩნდა. საქართველოს კონტროლის პალატაში წარდგენილი საფინანსო დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს არ ჰქონდათ დეკლარირებული საოფისე ფართების საიჯარო და რემონტის ხარჯები. პოლიტიკური სუბიექტებისათვის საოფისე ფართების დაქირავებას და სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საკუთარი სახსრებით შპს "მენეჯმენტ სერვისი" ახორციელებდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კონტროლის პალატამ დაქირავებული ფართების სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული 476.619.51 ლარი იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შეწირულობად მიიჩნია და "მენეჯმენტ სერვისი" ამ თანხის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. ამ კომპანიის ინტერესებს იურისტი ეკა ბესელია იცავს, შესაბამისად, მისგან შევეცდებით გავიგოთ, რას ფიქრობენ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებაზე და ემუქრება თუ არა კოალიცია "ქართულ ოცნებას" რეგიონული ოფისების გარეშე დარჩენა:

-  კონტროლის პალატა თვითონ არის კანონდამრღვევი. ეს არის ორგანო, რომელიც პატივს არ სცემს კანონს და არღვევს ადმინისტრაციული წარმოების პროცედურას. ჩვენთვის მას ოფიციალურად არ ჩაუბარებია მისი უკანონო გადაწყვეტილების დასაბუთება, ანუ რის საფუძველზე მოხდა დაჯარიმება, ამის სამართლებრივი არგუმენტაცია ჩვენ არ ვიცით. წესით, ვიდრე საჯარო განცხადებას გააკეთებდა, უპირველესად მოპასუხე მხარისთვის უნდა ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ამ საჯარო განცხადებას, იქ მოყვანილი არგუმენტები არის სიცრუე, რომელზეც კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. სხვათა შორის, ამ განმარტებას თუ ყურადღებით წაიკითხავთ, იქ მოყვანილი ფაქტების კანონთან შეუსაბამობაზე კონტროლის პალატაც ბევრს არაფერს ამბობს. ლაპარაკია მხოლოდ ქირავნობისა და ქვექირავნობის ხელშეკრულებებში თარიღების წინააღმდეგობრიობაზე, მაგრამ ეს არ არის კანონის დარღვევა. რიგ შემთხვევაში "მენეჯმენტ სერვისის" წარმომადგენელმა განმარტა, რომ იქ არის ტექნიკური საკითხები, რაც კანონთან სრულ შესაბამისობაშია. კონტროლის პალატამ უნდა დაასაბუთოს, რატომ არ ჩაატარა ექსპერტიზა, რატომ არ შეამოწმა ის ოფისები, რომლის სარემონტო სამუშაოებზეც ლაპარაკობს და რატომ დაიანგარიშა მათემატიკურად, უხეშად და გადაამრავლა ყველა ოფისის საერთო ფართობი სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულებაზე, მაშინ როდესაც ვალდებული იყო დეტალურად შეესწავლა ყველა ის საოფისე ფართობი, სადაც სარემონტო სამუშაოები ამ კომპანიამ ჩაატარა.

- ქალბატონო ეკა, ამ განცხადებაში ლაპარაკია, რომ "მენეჯმენტ სერვისი" სარემონტო პროცედურების შესრულებას შპს "ბურჯს" უკვეთდა. ორივე ზემოაღნიშნული კომპანიია დამფუძნებელია ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე და ორივე მათგანის წარმომადგენელი საქართველოში ერთი ფიზიკური პირია.

- ეს რომ კანონის დარღვევა არ არის, ამას ვერც კონტროლის პალატა ამბობს. იმაზე, რაც არ არის კანონთან შეუსაბამობაში, კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ამ პოპულისტური განცხადებების ნაცვლად, მოგელაძეს ურჩევნია, როდესაც უკანონო შეწირულობაზე ლაპარაკობს, ეს სამართლებრივად დაასაბუთოს. ჩვენ ვითხოვთ, გადმოგვეცეს ის სრული აუდიოჩანაწერი, რომელიც ასახავს კონტროლის პალატაში ქალბატონ მოგელაძესთან გამართულ ადმინისტრაციული ოქმის განხილვას. მათ გვითხრეს, რომ ეს განხილვა იწერებოდა, ამიტომაც ვითხოვთ როგორც საოქმო, ასევე აუდიოჩანაწერს, თავიდან ბოლომდე. ეს დავა გადაინაცვლებს სასამართლოში და ქალბატონ მოგელაძის სამსახურს იქ მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

- ჯარიმა ძალიან დიდია, ემუქრება "მენეჯმენტ სერვისს" გაუქმება?

- დიახ, ემუქრება. ამასთან, გაკოტრების შემთხვევაში გაუქმდება ის ხელშეკრულებებიც, რომელი ხელშეკრულებებითაც "ქართულ ოცნებას" 60 ოფისი აქვს დაქირავებული. ამიტომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვაპირებთ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორც მეთვალყურეების ჩართვას, ასევე მოვუწოდებთ უფლებადამცელ ორგანიზაციებს, შეისწავლონ ეს საკითხი, მივმართავთ სახალხო დამცველის ოფისსაც.

- რას იტყვით ფონდ "ქომაგზე", რომლის დამფუძნებელებიც აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნილ ადამიანებს აღმოუჩენენ დახმარებას? კონტროლის პალატის წარმომადგენელმა ნათია მოგელაძემ ეს ფონდიც "ქართულ ოცნებას" დაუკავშირა.

- მოგელაძემ რა რას დააკავშირა, არ მაინტერესებს. ეს არ არის ჩვენი ფონდი, შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გავაკეთებ.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო

ამავე თემაზე: "ქართული ოცნებისთვის" მიქირავებული ოფისების გამო ბათუმის დელფინარიუმის და "ციცინათელას" მმართველი კომპანია 5 მილიონით დააჯარიმეს