"ნუ ვიქნებით პესიმისტები და ნურც წარსულში ყურებას დავიწყებთ. დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და ხვალინდელი დღის იმედი გვქონდეს"
სილამაზის "რეცეპტები" მოდის ექსპერტისგან
დალი ჩიტალაძე: "წამყვანი დიზაინერები უამრავ სიახლეს გვკარნახობენ, მაგრამ ერთი პრინციპი უცვლელი რჩება - მოდურია ის, რაც ჩვენ გვიხდება"
მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე, ყოველთვის ლამაზად და ელეგანტურად გამოიყურება. ის დიდი სიამოვნებით საუბრობს თავის პროფესიაზე და ქალბატონებს ბევრ საყურადღებო რჩევას აძლევს.
- ქალბატონო დალი, თანამედროვე მოდას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. როცა ვხედავთ, რა ლამაზი და ქალური იყო 1960-1970-იანი წლების მოდა, ეს კრიტიკა მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- არა, მე ასე არ ვფიქრობ, რადგან 21-ე საუკუნეა, ყველაფერი შეიცვალა და შეიცვალა მოდის ტენდენციებიც. დარწმუნებული ვარ, მეოცე საუკუნეშიც ბევრი ამბობდა, რა ლამაზი იყო მე-19 საუკუნის ჩაცმულობაო, მაგრამ დღევანდელი სამყარო სულ სხვა განზომილებაში ვითარდება. დღეს ისე რომ ჩაიცვა, როგორც მე-18 ან მე-19 საუკუნეში ეცვათ, ქუჩაში ვერ გაივლი, ყველა გაკვირვებით შემოგხედავს. ეს სულ სხვა ეპოქაა და ხალხიც სხვა რიტმით ცხოვრობს. ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს, ასე რომ, ნუ ვიქნებით პესიმისტები და ნურც წარსულში ყურებას დავიწყებთ. დღევანდელი დღით ვიცხოვროთ და ხვალინდელი დღის იმედი გვქონდეს - ეს ყველაზე გონივრული და კარგი გადაწყვეტილებაა. მოდაში, ისევე როგორც თანამედროვე სამყაროში, ყოველ წელს რაღაც იცვლება და ვითარდება. შეცვლილია ძველი სტანდარტები და მათ ნაცვლად შემოდის სიახლეები, რომლებსაც მსოფლიო მოდის წამყვანი დიზაინერები გვკარნახობენ, მხოლოდ ერთი პრინციპი რჩება უცვლელი - მოდურია ის, რაც ჩვენ გვიხდება. დღეს, ყველაზე მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანს კომფორტულად და ლამაზად ეცვას.
- მოგწონთ, როცა ლამაზ კაბასთან ან სარაფანთან ბოტასები ან სპორტული ფეხსაცმელი აცვიათ?
- 21-ე საუკუნის მოდა თანამედროვე ადამიანის ინტერესებს ითვალისწინებს: ისეთი ტემპით ვცხოვრობთ, დღის განმავლობაში ადამიანი იმდენს მოძრაობს და იმდენ ენერგიას ხარჯავს, რომ ყველა ცდილობს, მისი სამოსი მოხერხებული იყოს. ვიღაცას დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო უხდება ან მაღალ ქუსლებზე სიარული არ შეუძლია, ამიტომ, მისთვის სასურველ და კომფორტულ ფეხსაცმელს ირჩევს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მოდა არის ის, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ და ხარ თავდაჯერებული.
- ამ მხრივ, საკმაოდ გონივრულად იქცეოდნენ ჩვენი ბებიები: როცა სადმე მიდიოდნენ, მოხერხებული ფეხსაცემლი ეცვათ, მერე კი - მაღალ ქუსლიანებზე გადადიოდნენ.
- ასე მეც ბევრჯერ მოვქცეულვარ. ასე რომ, ახალი არაფერი ხდება - კომფორტულობას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. უბრალოდ, ის ეპოქა ისეთი იყო, ახლა სულ სხვა ეპოქაა, მაგრამ დღესაც შეიძლება ადამიანმა ელეგანტურად და ლამაზად ჩაიცვას.
- სხვათა შორის, დემნა გვასალიას სტილზეც ბევრს კამათობენ... როგორ ფიქრობთ, მისი შექმნილი სამოსი ლამაზია?
- დემნა იმ ეპოქის მდგომარეობას გამოხატავს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. აბა, კარგად დავაკვირდეთ, ქუჩაში ხალხი როგორ დადის: ყველას სადღაც ეჩქარება, უმეტესობა მოღუშულია და ნაჩქარევად არის ჩაცმული. როცა დიზაინერი შოუს დგამს, იქ ყველაფერი უტრირებულია. ადამიანს შეუძლია, ახალი ტენდენციებიდან ისეთი ელემენტი აიღოს, რომელიც მოეწონება. მოდის ჩვენებაზე შეიძლება მოგეწონოს ბოტასი, კაბა ან პიჯაკი და მერე შენს სტილს შეუხამო - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თანამედროვე მოდაში არსებობს შანელის სტილი, ივ სენ ლორანის სტილი, ვალენტინოს სტილი და მათთან ერთად, უკვე არსებობს დემნას სტილი, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს და უზომოდ პოპულარულია. მე, როგორც ქართველი, ამით ძალიან ვამაყობ.
- რა თქმა უნდა, მოდის ტენდენციებთან ერთად, თავის მოვლაზეც უნდა ვისაუბროთ. მოგწონთ, როდესაც ქალს ყველა ნაკვთი შეცვლილი და გადიდებული აქვს ბოტოქსის და ფილერის დახმარებით?
- ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგან დღესდღეობით ტრენდული - ბუნებრიობაა. ცოტა ფილერის ან ბოტოქსის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ის ლამაზად და ზომიერად უნდა იყოს გაკეთებული. ყველა ლამაზად და ჯანმრთელად უნდა დაბერდეს, მაგრამ მე, მაგალითად, სულაც არ მინდა, საკუთარ თავს აღარ ვგავდე. ზოგიერთს ამოჩემებული აქვს, რომ ანჯელინა ჯოლის ტუჩები ან ცხვირი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყველა მას ხომ ვერ დავემსგავსებით? კარგი იქნება, რომ ასეთ ხალხს ვინმე ჰყავდეს, ვინც სიმართლეს ეტყვის: რომ ტუჩები უზომოდ არ გაიდიდოს; რომ ყოველდღიურად ხელოვნური წამწამებით არ იაროს; სხვებს არ მიბაძოს და ა.შ. ამ ცუდმა ტენდენციამ ძალიან ბევრი ლამაზი ქალი დაამახინჯა, მაგრამ რა უნდა ქნა? - ყველას ვერ მიუთითებ, მით უმეტეს, როცა შენი ახლობელი არ არის. თვითონ მოსწონს და როცა სიმართლეს ეუბნები, მისი მტერი ხდები. ადამიანი თავად უნდა მიხვდეს, რომ თავის თავს არ ჰგავს და ზედმეტად დაბერილი ტუჩები ან ხელოვნური წარბები და წამწამები არ უხდება.
- ქალბატონო დალი, რა არის საჭირო, რომ ადამიანმა სილამაზე და კარგი აღნაგობა ხანდაზმულ ასაკშიც შეინარჩუნოს?
- უპირველესი პირობა არის ის, რომ ჯერ ჩვენს ჯანმრთელობას უნდა მივხედოთ. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მივიდეთ ექიმთან და ანალიზები გავიკეთოთ. აუცილებელი პირობაა სწორი კვება, ჯანმრთელი ძილი და ფიზიკური აქტივობა - ეს სამი რამ აუცილებელია, რომ ადამიანი კარგად გამოიყურებოდეს. მასაჟი, ცოტა ფილერი და ბოტოქსი, სახის ღრმა დატენიანება - მოკლედ, ბევრი რამ არის, რაც ფორმის შენარჩუნებაში გვეხმარება, მაგრამ დამიჯერეთ: როცა ადამიანი ჯანმრთელია, როცა სახის მოვლის ყოველდღიურ რუტინას იცავს, დამატენიანებელს, დღის და ღამის კრემს იყენებს, როცა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ახალგაზრდულ იერს და ხიბლს ძალიან დიდხანს შეინარჩუნებს.
- თუმცა ნაოჭების შეჩერება ძნელია...
- 21-ე საუკუნეში ძნელი არაფერია. მე, მაგალითად, საკვებ დანამატებს ვსვამ, რადგან ეს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მეხმარება. საკვები დანამატები კოლაგენის წარმოქმნასა და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში გვეხმარება. ადამიანს მინერალები და დანამატები სჭირდება და ამას მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები ამტკიცებენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვიტამინების და საკვები დანამატების მიღება პოპულარული არ არის. ზოგიერთ ექიმს რომ ჰკითხო, ვიტამინის მიღება საერთოდ არ არის საჭირო, მაგრამ საკვები, რომელსაც ვიღებთ, ჯანსაღი და სრულყოფილი არ არის. ის ჰორმონებით და ტრანსცხიმებითაა გაჯერებული, ამიტომ ვიტამინების, მინერალების და საკვები დანამატების მიღება საჭიროა - მე ამ მოსაზრებას ვემხრობი. როცა ჯანმრთელობა მოწესრიგებული გაქვს, ნაოჭებიც გვიან ჩნდება.
- რა ადგილი ეთმობა ამ პროცესში ვარჯიშს და ფიზიკურ აქტივობას?
- ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის ყველამ უნდა მოიცალოს. ვარჯიში ის კი არ არის, როცა ოჯახში ძალიან დატვირთული ხარ და უამრავ საქმეს აკეთებ, ნამდვილ ვარჯიშს ვგულისხმობ, როცა სახის და სხეულის კუნთები ტონუსშია. ვარჯიში წონის კორექციაშიც დაგვეხმარება. მართალია, ყველა ასაკს თავისი წონა აქვს, მაგრამ ზედმეტი წონა საშინელებაა: ამ დროს სახსრებიც ავადდება, ხერხემალიც ზიანდება და ადამიანს საკუთარი სხეულის ტარება უჭირს. მაგალითად: თუ 170 სანტიმეტრი ხარ, უნდა ეცადო, რომ შენი წონა 70-72 კილოგრამს არ აღემატებოდეს. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად კოლაგენს ვკარგავთ და ეს მნიშვნელოვანი ნივთიერება რაღაცით ხომ უნდა აღვიდგინოთ? ამის გამო, მე მკაცრ დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ როგორც კი შევატყობ, რომ წონაში მოვიმატე, ტკბილეულს და ნამცხვარს აღარ ვჭამ - ეს ის საკვებია, რომელიც ყველაზე მეტად მასუქებს. თუ ქალი ამ ყველაფერს ასრულებს, ახალგაზრდობას დიდხანს შეინარჩუნებს, მაგრამ როგორც კი სახლში დაჯდება, მოდუნდება და მოეშვება, ნაოჭებიც გაუჩნდება და ნელ-ნელა სიბერეც მოერევა. ასე რომ, სულ იყავით ტონუსში, იმოძრავეთ, ივარჯიშეთ და გულში ხშირად გაიმეორეთ, რომ ცხოვრება მშვენიერია - ეს ყველაზე კარგი რეცეპტია ახალგაზრდული ხიბლის და სილამაზის შესანარჩუნებლად.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)