"თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი მიესალმება ამას, როგორც შერიგების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს - აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება"
თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი მიესალმება ამას, როგორც შერიგების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს, - აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. საგარეო მინისტრმა, სერგეი შამბამ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ასევე უარი უნდა თქვას ფორმულირებებზე, რომლებიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას, კერძოდ, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლების თემა განიხილეს.
IPN