გრიფით "სრულიად საიდუმლოდ": რა "უანდერძა" ლენინმა პუტინს - როგორ ცდილობდა საბჭოთა კავშირი ბრიტანეთში რევოლუციის მოწყობას - კვირის პალიტრა

გრიფით "სრულიად საიდუმლოდ": რა "უანდერძა" ლენინმა პუტინს - როგორ ცდილობდა საბჭოთა კავშირი ბრიტანეთში რევოლუციის მოწყობას

ბევრი გაზვიადებულად მიიჩნევს სპეცსამსახურების ყოვლისშემძლეობას და სხვა ქვეყნების საშინაო და საგარეო პროცესებში მონაწილეობის მასშტაბებს. ისინი ამას “კონსპიროლოგიის თეორიად” ნათლავენ. თუმცა მრავალრიცხოვანი ისტორიული ფაქტები მეტყველებენ, რომ სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციები ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მზის ამოსვლა ყოველ დილას. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მრავალი ათეული წლის შემდეგ თუ ხდება ცნობილი, რომ პოპულარული პოლიტიკოსი, გამოჩენილი მეცნიერი ან ყველაზე „პატრიოტული“ გამოსვლებით გამორჩეული პარლამენტარი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტები იყვნენ და მათი მითითებებით მოქმედებდნენ.

8 ოქტომბერს ბრიტანეთის კონტრდაზვერვის (MI5) გენერალურმა დირექტორმა კენ მაკკალუმმა (რომელიც 2020 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს ამ სპეცსამსახურს) განაცხადა: რუსული სპეცსამსახურები მიზნად ისახავენ ქაოსის გამოწვევას ბრიტანეთისა და ევროპის ქუჩებში ხანძრების, დივერსიის და კიდევ სხვა ხერხების მეშვეობითო. ამ განცხადებას შეიძლება მხოლოდ ერთი დავუმატო: რუსეთის/საბჭოთა სპეცსამსახურების სპეცოპერაციები დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ დღეს არ დაწყებულა და მას საუკუნოვანი ისტორია აქვს.

bes-1728592042.jpg

კენ მაკკალუმმი

დიდი ბრიტანეთის იმპერია, მიუხედავად მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ერთგვარი დაძაბუნებისა, მაინც ითვლებოდა მსოფლიო კაპიტალიზმის „ბურჯად“. აქედან გამომდინარე, მის წინააღმდეგ მოქმედება: „რევოლუციის ექსპორტი“ ან თუნდაც ეკონომიკური ზიანის მიყენება, საბჭოთა სპეცსამსახურებისათვის „ დიადი მიზანი“ და „საპატიო მისია“ იყო. „წითელი რევოლუციის“ პირველივე დღიდან ბრიტანეთის იმპერიის შერყევის ამოცანა „ჩეკას“ პირადად ლენინმა დაუსახა.

1920-1930 წლებში საბჭოთა სპეცსამსახურები და კომინტერნი ინგლისში ოპერატიული მუშაობის გასაშლელად ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობისა და საელჩოს უქონლობის გამო საფარად სავაჭრო წარმომადგენლობას, გაზეთებს, სამეცნიერო-სასწავლო და კულტურის ცენტრებს იყენებდნენ. ასე რომ, საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურების ფარულ ბრძოლას დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ დიდი ხნის ისტორია აქვს. დღეს ამ ბრძოლის მხოლოდ ერთ პერიოდზე, კერძოდ, 1960-1980 წლებზე შევჩერდები.

საბჭოთა სპეცსამსახურები აპრობირებული მეთოდებით მოქმედებდნენ და დიდ ბრიტანეთში სოციალ–ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის მისაღწევად საბოტაჟისა და დივერსიების ნაცად ხერხს მიმართავდნენ.

იმ პერიოდში ბრიტანეთი გაფიცვებმა მოიცვა: 1966 წელი – მეთევზეთა გაფიცვა, 1970-72 წლები– საზღვაო პორტების დოკერთა გამოსვლები, 1974 წელი – მაღაროელთა გაფიცვები ( რომელმაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედვარდ ჰიტი „გადაიყოლა“) და სხვ.

bes2-1728592012.jpg

ინგლისელი კომუნისტების დემონსტრაცია ლონდონში . . .

გაფიცვებისა და ქუჩებში უწესრიგობების გამო ენერგო და წყალმომარაგებაში შეფერხებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ქაოსისა და არასტაბილურობის შედეგად ბრიტანთის მთავრობა იძულებული იყო დროებით სამდღიანი სამუშაო კვირა შემოიღო. მხოლოდ ზემოთ აღნიშნულმა გაფიცვებმა ქვეყანას დაახლოებით 500 მლნ გირვანქა სტერლინგის ზარალი მიაყენა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 8–10 მილიარდი გირვანქა სტერლინგი).

bes36-1728591971.jpg

. . .და კომუნისტების ამ დემონსტრაციის შედეგები. ლონდონი. 1936 წელი.

გავიდა წლები და გაირკვა, რომ გაფიცვების სულისჩამდგმელი, მთავარი ორგანიზატორი და დამფინანსებელი საბჭოთა რეჟიმი იყო. გორდიევსკის, მიტროხინისა და საბჭოთა სპეცსამსახურების სხვა ვეტერანების მოგონებებიდან ცნობილია იმ ბრიტანელი დეპუტატ–პოლიტიკოსების, პროფკავშირული ლიდერებისა თუ სხვა მოღვაწეთა გვარები, რომლებიც საბჭოთა სპეცსამსახურების ინფორმატორები და „გავლენის აგენტები“ იყვნენ და გაფიცვების პროცესებს აშკარად, თუ ფარულად ხელმძღვანელობდნენ. ეს ინფორმაცია კა–გე-ბეს საიდუმლო არქივებიდან მოპოვებული დოკუმენტებიდანაც დასტურდება. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ელიტაში ოპერატიული მუშაობა კა-გე-ბემ და გე–ერ–უმ განსაკუთრებით გასული საუკუნის 60- იანი წლების დასაწყისში გაააქტიურეს. სამოქმედო სქემა ასეთი იყო: სპეცსამსახურების ხელმძღვანელები მოხსენებითი ბარათით მიმართავდნენ „ინსტანციას „ (სკკპ ცკ-ს პოლიტბიუროს) და რომელიმე ქვეყანაში ოპერატიული საქმიანობის გააქტიურების წინადადებებს წარუდგენდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს წინადადებები პოლიტბიუროდან უკვე დავალებების და ნებართვის (სანქციის) სახით სპეცსამსახურებს უკან უბრუნდებოდათ. ფაქტობრივად, სპეცსამსახურები თავად ახდენდნენ კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტული დავალების მიღების ინსპირირებას.

დიდ ბრიტანეთში უმთავრესი ამოცანა ინგლისის კომპარტიისა და სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირის დაფინანსება და თანხის (როგორც წესი, ნაღდი კუპიურების) ფარულიუ გადაცემა იყო. თანხის ოდენობის საკითხი უშუალოდ პოლიტბიუროს სხდომაზე წყდებოდა. იქვე იღებდნენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი საბჭოთა სპეცსამსახური შეასრულებდა ამ დავალებას. მთავარი ამოცანა იყო ქვეყანაში თანხის შეუმჩნევლად შეტანა და პარტიული თუ პროფკავშირული ლიდერებისთვის გადაცემა. ეს პროცესი მაქსიმალურად კონსპირაციულად უნდა ჩატარებულიყო, რათა არ გამოაშკარავებულიყო მოსკოვის ზეაქტიური მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეებში.

ასე რომ, ათწლეულების მანძილზე ბრიტანეთში საბოტაჟისა და გაფიცვების სცენარები მოსკოვში იწერებოდა, „რეჟისორები“ – კა-გე-ბეს თანამშრომლები, ხოლო უშუალო შემსრულებლები – კა-გე–ბეს ბრიტანელი აგენტები იყვნენ.

საიდუმლო ოპერაციებს კა-გე-ბეს ლონდონის რეზიდენტურა ხელმძღვანელობდა. ძირითადი საქონტაქტო პირი, ვინც თანხებს ათწლეულების მანძილზე ფარულად იღებდა, დიდი ბრიტანეთის კომპარტიის გენერალური მდივნის თანაშემწე რუბენ ფალბერი იყო. ის გამოცდილი ჯაშუშისათვის დამახასიათებელი კონსპირაციულობით დადიოდა საბჭოთა მზვერავებთან შეხვედრაზე, ნაღდი ფული ჩანთით შინ მიჰქონდა და სპეციალურად მოწყობილ სამალავში ინახავდა. შემდეგ ამ თანხებით აფინანსებდნენ აგიტატორთა სპეციალურ ჯგუფებს, რომელთაც სულ ახალ-ახალი გაფიცვების მოწყობა ევალებოდათ. გარდა ამისა ბრიტანელ კომუნისტებს მოსკოვიდან დავალებული ჰქონდათ იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის საჯარო კრიტიკა და „მშვიდობისა და ბირთვული განიარაღების“ მოთხოვნით რეგულარული დემონსტრაციების მოწყობა.

bes45-1728591926.png

ინგლისელ მაღაროელთა გაფიცვა. 1984 წელი.

დიდი ბრიტანეთის მაღაროელთა ეროვნული პროფკავშირის პრეზიდენტი არტურ სკარგილი 1984 წლის 15 ნოემბერს ლონდონში საიდუმლოდ შეხვდა საბჭოთა დიპლომატებს პარშინსა და მაზურს, რომლებიც სინამდვილეში კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) ოფიცრები იყვნენ. შეხვედრის მთავარი თემა გაფიცული მაღაროელებისთვის ფულის მიწოდების უსაფრთხო არხების მოძებნა იყო. სკარგილმა საბჭოთა მხარეს შესთავაზა, ფული შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში მისი პოლიტიკური თანაშემწის, ჰაიატის ანგარიშზე გადაერიცხათ, საიდანაც ირლანდიის ერთ-ერთ ბანკში ჩაირიცხებოდა და ინგლისელი მაღაროელები თანხებს შეუფერხებლად მიიღებდნენ.

ქვემოთ გთავაზობთ ამ შეხვედრის ამსახველი „სრულიად საიდუმლო“ დოკუმენტის ერთ–ერთ საინტერესო ამონარიდს. სკარგილის ინფორმაცია, რომ: “მაღაროელთა გაფიცვა ბრიტანეთის მთავრობას უკვე 5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა, საბჭოთა „დიპლომატებმა“ დიდი კმაყოფილებით მოისმინეს და თავის მხრივ დაუმატეს: „საბჭოთა კავშირმა უკვე კარგა ხანია შეწყვიტა ინგლისისთვის ქვანახშირის და მაზუთის მიწოდებაო“. სკარგილმა ხაზი გაუსვა, რომ „მაღაროელთა პროფკავშირებს გვერდში უდგანან სხვა დარგობრივი პროფკავშირების ლიდერები: რ. ბაქტონი, ჯ. სლეიტერი, ჯ. ჯონსი და სხვები“.

მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ „გვერდში მდგომი“ ლიდერებიც საბჭოთა დაზვერვის მიერ გადაბირებული აგენტები იყვნენ.

bes34234-1728591891.jpg

არტურ სკარგილი

საბჭოთა დაზვერვის ინფორმაცია მოსკოვში ყურადღებით შეისწავლეს და 1985 წლის 4 თებერვალს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება გრიფით „სრულიად საიდუმლო“ , სადაც ფულის გათეთრებისა და ინგლისელ მაღაროელთათვის გადაცემის სქემა შემდეგნაირი იყო : მოსკოვიდან თანხა გადაირიცხებოდა პოლონეთის სახალხო ბანკში, საიდანაც ნაწილ-ნაწილ შედარებით მცირე ტრანშებად (100-150 ათასი გირვანქა სტერლინგი) ჩაირიცხებოდა დუბლინში (ირლანდია). იქიდან კი სკარგილის ხალხი გაიტანდა. ფულის გადარიცხვის ამგვარი სისტემა მოფიქრებული იყო იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაეფარათ ფულის საბჭოთა წარმომავლობა.

ამ არხით საბჭოთა კავშირმა დაახლოებით 1 მლნ გირვანქა სტერლინგი გადასცა გაფიცულებს, რათა მათ გაფიცვა გაეგრძელებინათ. ამ თანხიდან რამდენი შეხვდა უშუალოდ ინგლისელ მაღაროელსა და მის ოჯახს, ხოლო რამდენი დაილექა პროფკავშირების ლიდერების ჯიბეში, საიდუმლოდ დარჩა.

ინგლისელ მაღაროელთათვის მილიონობით თანხის გადაცემა იგეგმებოდა და ხორციელდებოდა მაშინ, როცა თავად საბჭოთა კავშირში იმდენად უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა იყო, რომ სასიცოცხლო საჭიროების საკვები პროდუქტები (შაქარი, კარაქი, ხორცი და ა.შ.) და ბენზინი მხოლოდ ბარათებით გაიცემოდა, თუმცა საწვავი ფიზიკურად არ იყო და ხალხს დიდ რიგებში ღამისთევა და ლოდინი უწევდა . ამ დროს კი საბჭოთა რეჟიმი ინგლისელი მარაროელების გაფიცვებს აფინანსებდა. სწორედ ამაზეა ნათქვამი: „ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“.

განა რა გასაკვირია, რომ ამის შემდეგ ე. წ. „საბჭოთა სოციალისტური სისტემა“ მალევე დაინგრა?

(მეორე ნაწილის დასასრული)