"მე რუსეთი მიყვარდა": სკანდალური ბორის ჯონსონის მემუარები - პუტინზე, ზელენსკიზე, ომზე და დედოფალზე - კვირის პალიტრა

"მე რუსეთი მიყვარდა": სკანდალური ბორის ჯონსონის მემუარები - პუტინზე, ზელენსკიზე, ომზე და დედოფალზე

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულენოვანმა სამსახურმა (BBC russian) გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „მე რუსეთი მიყვარდა“ - მთავარი მომენტები ბორის ჯონსონის მემუარებიდან ვლადიმერ პუტინზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე და ომზე“ (ავტორი - გრიგოლ ატანესიანი), რომელშიც გადმოცემულია ყოფილი ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მემუარების ძირითადი მომენტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც ცნობილია, წიგნის მაღაზიებმა სკანდალური ექსპრემიერის მოგონებების გაყიდვა 10 ოქტომბერს დაიწყეს. მასში ბორის ჯონსონი საუბრობს შეხვედრებზე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, მამა-შვილის, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაზე რუსეთის დაზვერვის თანამშრომლების მიერ, ნატოს გაფართოებაზე აღმოსავლეთით, უკრაინის დახმარებაზე რუსეთთან ომის დროს და იმ როლზე, რომელიც მან სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკების დროს შეასრულა.

Unleashed - ასე ჰქვია ბორის ჯონსონის მოგონებების წიგნს, რომელიც შეიძლება გადმოითარგმნოს, როგორც „აშვებული“, „აწყვეტილი“ ან, აზრობრივად რომ უფრო გასაგები იყოს - „აწყვეტილი ადამიანი, რომელიც თოკით ან ჯაჭვით იყო დაბმული“. აშკარაა, რომ წიგნის სახელწოდება მიანიშნებს ავტორის მდგომარეობაზე, რომელიც შეკვეცისა და ცენზურის გარეშე ყველაფერზე საუბრობს ანუ იმ პოლიტიკოსის მემუარებია, რომელიც, როგორც იქნა, პრემიერ-მინისტრის „ბორკილებიდან“ საბოლოოდ გათავისუფლდა.

წიგნი დაწერილია აპოლოგიის ჟანრში ანუ მასში გადმოცემულია ბორის ჯონსონის პოლიტიკური კარიერის მთავარი მომენტები - ლონდონის მერობიდან კონსერვატიული პარტიის ლიდერობამდე და მთავრობის მეთაურამდე, რომელშიც იგი თავს იმართლებს მიღებული გადაწყვეტილებების გამო და გარკვეული ინტერპრეტაციით გადმოსცემს მოვლენებს - რა თქმა უნდა, მისთვის მოგებიანი სახით.

წიგნის ეპილოგი შეიცავს მოგონებას დედოფალ ელისაბედ მეორესთან ბოლო შეხვედრაზე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს შედგა და რომლის დროსაც მონარქმა პრემიერის გადადგომა მიიღო. როგორც ცნობილია, დედოფალი პრემიერთან შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ - 8 სექტემბერს გარდაიცვალა ანუ შეიძლება ითქვას, რომ ბორის ჯონსონი ერთ-ერთი უკანასკნელი პიროვნება იყო, რომელმაც დედოფალი სიკვდილის წინ მოინახულა.

როგორც ამბობენ, იმ მომენტისათვის ბორის ჯონსონის გადადგომა უკვე დროის საკითხი იყო და ამიტომაც მან მოვლენები დააჩქარა - მივიდა დედოფალთან და პოსტიდან წასვლის სურვილი აცნობა. დედოფალმა მისი გადადგომა მიიღო და მოკლედ უთხრა უკვე ყოფილ პრემიერს, რომ ვინმეს მიმართ წყენის გამოხატვა უკვე უაზრობაა.

მაგრამ 700-ზე მეტგვერდიანი მემუარები იმის დადასტურებაა, რომ ბორის ჯონსონმა დედოფლის რჩევას ყურადღება არ მიაქცია. წიგნში ავტორი მეთოდურად უსწორდება თავის მეტოქეებს („მტრებს“) - ლეიბორისტებს, კონსერვატორებს, ბრექსიტის მოწინააღმდეგეებს და ბრექსიტის მომხრეებსაც, რომლებმაც ბორის ჯონსონს მმართველობის ბოლო პერიოდში ზურგი აქციეს. მან სამაგიერო მიუზღო ბიუროკრატებსაც, რომლებიც ხელს უშლიდნენ მისი გეგმების განხორციელებას და მასმედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც მის საქმიანობას და სკანდალებს შეუბრალებლად, „შავად“ აშუქებდნენ.

წიგნის ლაიტმოტივია ბრექსიტი და ემოციური არგუმენტაცია ევროკავშირის წინააღმდეგ. იგი თავს ესხმის ბრიტანელ ევროფილებს, თუმცა მემუარებში საგარეო პოლიტიკას შედარებით ნაკლები ადგილი ეთმობა.

წიგნის ენა ალაგ-ალაგ უფრო მეტს გვამცნობს, ვიდრე - მისი შინაარსი. მაგალითად, სერგეი ლავროვის შესახებ ბორის ჯონსონი წერს, რომ რუსეთში, მეფეების დროიდან, არც ერთი მინისტრი არ იკავებდა იმდენ ხანს თანამდებობას, რამდენსაც ლავროვი იკავებს და მას ფრანგულად «the Gromyko de nos jours» უწოდებს, ანუ „ჩვენი დროის გრომიკოს“ (იგულისხმება სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო, რომელიც თანამდებობაზე 28 წლის განმავლობაში - 1957-1985 წლებში მუშაობდა). ფრანგული გამოთქმის გამოყენება დაწერილს არაფერს ამატებს, მაგრამ დემონსტრირებს იმას, რომ ბორის ჯონსონმა ფრანგული ენა იცის და დიპლომატების ძველი სკოლის იმიტაციას ახდენს. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, სერგეი ლავროვი ჯერ კიდევ შორს არის ანდრეი გრომიკოს რეკორდისაგან.

ბორის ჯონსონის ცოცხალი საუბარი გამოხატულია მოკლე ამბებში, მეტაფორებში, აფორიზმებსა და შორისდებულებში. საკმარისია, გადავხედოთ მისი გამოსვლების სტენოგრამას, პრემიერ-მინისტრობის დროს - სტრიქონები სასვენი ნიშნების გარეშე, როგორც ვერლიბრის ჟანრის პოემებშია.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ წიგნი ბორის ჯონსონმა თვითონ კი არ დაწერა, არამედ - მან სხვას უკარნახა. თუმცა დასაძრახი არაფერია: სწორედ ასე შექმნა თავისი მემუარები სერ უინსტონ ჩერჩილმაც, რომლის მიბაძვას ჯონსონი დიდი ხანია, ცდილობს.

„რუსოფილობა იოლი იქნებოდა...“

წიგნის იმ თავში, რომელშიც ბორის ჯონსონის საგარეო საქმეთა მინისტრობის ორი წელია ასახული, ბორის ჯონსონი ჰყვება, რომ მან მამა-შვილის - სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში დიდი ბრიტანეთის გამოწვევა დაინახა და ამიტომ გადაწყვიტა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გაეძევებინა, შემდეგ ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, იგივე გაეკეთებინათ. სულ, ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან 150 რუსი დიპლომატი გააძევეს, რასაც ბორის ჯონსონი დიპლომატიურ გამარჯვებად თვლის: „ევროპა გამოფხიზლდა და უფრო პრინციპულად შეხედა რუსეთის აგრესიას - ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობიდან ყირიმის ანექსიამდე, დონბასის ნაწილის ოკუპაციას და სირიაში განხორციელებულ ინტერვენციას. მე შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობა დავიწყე“.

რუსეთთან დაკავშირებით ბორის ჯონსონი იხსენებს, თუ როგორ გადაიქცა რუსოფილად (რუსეთის მოყვარულად) - სკოლაში სწავლობდა რუსულ ენას, კითხულობდა დოსტოევსკის ნაწარმოებებს, იმოგზაურა საბჭოთა კავშირში, გემო გაუსინჯა საბჭოთა ნაყინს და არაყს. „მე რუსეთი მიყვარდა - იმ გაგებით, რომ მიყვარდა რუსული ენა, კულტურა, ლიტერატურა, მხატვრობა და ლანდშაფტი“, - წერს პოლიტიკოსი. იგი იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა „ლენინიზმ-სტალინიზმისაგან გათავისუფლდა და მალე დაბრუნდებოდა ევროპული ქვეყნების ოჯახში. 2000 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთის წინაშე ევროკავშირის კარი არ უნდა დახურულიყო. ბორის ჯონსონმა, რომელიც იმ ხანებში ჟურნალ „სფექთეითორის“ (The Spectator) მთავარ რედაქტორად მუშაობდა, კლინტონის მოწოდებას მხარი დაუჭირა და შესაბამისი სტატიაც გამოაქვეყნა. „იმ დროს ბევრად იოლი იყო რუსოფილად ყოფნა - იმიტომ, რომ რუსეთი, როგორც სახელმწიფო, სერიოზულად იყო დასუსტებული. ბირთვული ომის საფრთხე გაქრა“.

როცა კრემლში ბორის ელცინი ყოფილი საბჭოთა „კაგებეს“ ოფიცერმა შეცვალა, დიდ ბრიტანეთში ვლადიმერ პუტინის მიმართ რაიმე დიდი ნეგატიური დამოკიდებულება არ გამომჟღავნებულა. 2003 წელს, როცა რუსეთის პრეზიდენტი ლონდონში ვიზიტით ჩავიდა, ბრიტანულმა ელიტამ მის მიმართ თითქმის მფარველობა გამოავლინა: „იცი, ვლად, ძველო, ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას და როგორ ფიქრობდი. მთავარია, ახლა რას ფიქრობ“, - ასე აღწერს პუტინის მიმართ იმ პერიოდში არსებულ განწყობას ბორის ჯონსონი.

მაგრამ, სამწუხაროდ, ბრიტანეთი მალე დარწმუნდა ვლადიმერ პუტინის პოზიციებში - მას არ მოსწონდა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, რომელშიც რუსეთის საფრთხეს ხედავდა. იგრძნო რა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასუსტება ერაყის ამბების შემდეგ, მან ინტერვენცია განახორციელა სირიაში, მიიტაცა ყირიმი... დასავლეთმა კი მას რაღაც სასაცილო სანქციები დაუწესა.

ვლადიმერ პუტინისადმი მიძღვნილ პასაჟებში ბორის ჯონსონი მკითხველს სთავაზობს შესაძლო მიზეზების მთელ კრებულს, თუ რატომ გადაწყვიტა რუსეთის ლიდერმა 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრა: ნატოს მხრიდან საფრთხის გრძნობა; ნოსტალგია საბჭოთა კავშირზე და მისი აღდგენის სურვილი; შიში იმისა, რომ უკრაინის დემოკრატიზაცია რუსეთში მის ხელისუფლებასაც დაამხობს; ომის გავლენა ნავთობის ფასებზე და ა.შ.

ნებისმიერზე ამ ვერსიათაგან მანამდეც ბევრი დაწერილა და ბევრ კომენტატორს გაუცვეთია კალამი და, შესაბამისად, ბორის ჯონსონი რაიმე ინსაიდერულს არაფერს წერს, რაც პრინციპში, გასაკვირი არც არის: იგი ვლადიმერ პუტინს მხოლოდ ერთხელ შეხვდა, ისიც - არა ოფიციალური ვიზიტის დროს, არამედ - ლიბიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ჩარჩოებში, 2020 წელს.

ბორის ჯონსონი იხსენებს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს, უკრაინაში შეჭრის წინ, თუმცა არც ის არ შეიცავს რაიმე სენსაციურ ინფორმაციას: „პუტინი ამბობდა, რომ თუ უკრაინა ნატოს წევრი გახდებოდა, რუსეთს საფრთხე დაემუქრებოდა. მე ვუთხარი, რომ „ნუ გეშინია, ნატო თავდაცვითი ალიანსია-მეთქი“. „ბორის, მე არ მინდა შენ რაიმე ზიანი მოგაყენო, მაგრამ...“, - მითხრა მან“ (კრემლის მტკიცებით, პუტინს ჯონსონისათვის ასეთი რამ არ უთქვამს).

საბოლოო ჯამში, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ამოძრავებდა ვლადიმერ პუტინს. ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს შავ-თეთრი ფერები აქვს: „პუტინი ბოროტების სიმბოლოა, უკრაინა კი - სიკეთის. შესაბამისად, ევროპის მორალური ვალია, მხარი უკრაინას დაუჭიროს“, - წერს პოლიტიკოსი.

„კიევში უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე კენსიგტონში“

ბორის ჯონსონი ჰყვება, რომ სიმპათია უკრაინის მიმართ კიევში ყოფნის დროს გაუჩნდა, როცა იგი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. იქ იგი ვეტერანებს შორის სვამდა, რომლებიც 2014 წლიდან დონბასში იბრძოდნენ. ინგლისელი მინისტრი შეხვდა დონბასში დაღუპული ჯარისკაცების ქვრივ ცოლებს. „ჩემთვის ნათელი გახდა, რომ 30-წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ უკრაინელებმა საკუთარი გზა აირჩიეს - მოსკოვიდან შორს, ევროპული საზოგადოების პლურალისტური და დემოკრატიული მოდელისაკენ“, - წერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კიევში ომამდელი ვიზიტების შთაბეჭდილებებზე.

უკრაინაში თავისი მისიის მნიშვნელობას ბორის ჯონსონი ხედავდა იმაში, რომ ბრიტანეთს ერთმნიშვნელოვნად უნდა დაეჭირა მხარი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის, თუნდაც მოსკოვთან კავშირების გაწყვეტის სანაცვლოდ - საფრანგეთისა და გერმანიისაგან განსხვავებით, რომლებიც კრემლთან დამოკიდებულებას ურთხილდებოდნენ.

ექსპრემიერი წიგნში იხსენებს, რომ სწორედ დიდმა ბრიტანეთმა - პირველმა, ევროპის ქვეყნებიდან - გაუგზავნა იარაღი უკრაინას ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე და რომ იგი პირველი ლიდერი იყო, ევროპის ქვეყნებიდან, რომელიც კიევში ჩავიდა, ომის დაწყების შემდეგ. ბორის ჯონსონი ყოველთვის უყოყმანოდ ეხმიანებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნებს და კიევს ეხმარებოდა, სანამ ვაშინგტონი, პარიზი და ბერლინი ყოყმანობდნენ და რისკებს აწონ-დაწონიდნენ - ვაითუ, პუტინმა სამაგიერო მოგვიზღვოსო.

სამწუხაროდ, მიუხედავად ჯონსონ-ზელენსკის მეგობრობისა და მათი ბოლო წლების მჭიდრო ურთიერთობისა, ექსპრემიერის მემუარებიდან რაიმე ახლის გაგება შეუძლებელია. ჯონსონის წარმოდგენებსა და შთაბეჭდილებებში ზელენსკის სახე სრულიად ემთხვევა უკრაინის ლიდერის საჯარო პერსონას: ლიდერი, რომელიც დარწმუნებულია უკრაინის თავისუფლებაში და რომელიც ზრდილობიანად, მაგრამ დაბეჯითებით ითხოვს დახმარებას დასავლეთისაგან... რომელსაც გადაწყვეტილი აქვს იბრძოლოს ბოლომდე გამარჯვების მისაღწევად. ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, ერთადერთი პიროვნებაა, დედოფალ ელისაბედ მეორის გარდა, რომლის მიმართ ბორის ჯონსონი "პიეტეტს", ღრმა პატივისცემას ამჟღავნებს.

სტამბოლის მოლაპარაკების ჩაშლა ჩემი ბრალი არ არის“

ერთადერთი ეპიზოდი მის ურთიერთობაში უკრაინის ლიდერთან, რომლის შესახებაც ექსპრემიერმა საჭიროდ ჩათვალა, დეტალებში მოყოლა, ეს არის მისი როლი რუსეთთან სტამბოლში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ, ომის დაწყების პირველ თვეებში. როგორც "უკრაინსკაია პრავდა“ წერდა წყაროებზე დაყრდნობით, კიევში ვიზიტის დროს, 2022 წლის აპრილში, ბორის ჯონსონს უთქვამს ვოლოდიმირ ზელენსკისათვის, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება კი არა, ბრძოლაა საჭიროო. მოგვიანებით, რაც სტამბოლში მოხდა - უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების ჩაშლა - და რასაც ბორის ჯონსონს აბრალებენ, ხშირად გამხდარა უსასრულო სპეკულაციის თემა. სხვათა შორის, მომხდარის ამგვარ ინტერპრეტაციაში თვითონ ვლადიმერ პუტინიც არის დარწმუნებული.

მემუარებში ბორის ჯონსონი ამტკიცებს, რომ მას არ გადაუთქმევინებია ზელენსკისათვის ზავის დადება, მან მხოლოდ უთხრა, რომ უკრაინის გამარჯვების სჯეროდა და ამ მიზნით ბრიტანეთი კიევს ყველანაირი დახმარებით უზრუნველყოფდა.

„აბა, რა ჩემი საქმე იყო, რომ ზელენსკისათვის მეთქვა, თუ როგორ უნდა ეწარმოებინა მას რუსეთთან მოლაპარაკება? ანდა განა მე შემეძლო მისი გადათქმევინება შეთანხმებისაგან, თუ იგი მართლაც ფიქრობდა იმას, რომ შეთანხმება მისი ქვეყნების ინტერესებში შედიოდა?“, - წერს პოლიტიკოსი თავისი პოზიციის შესახებ. „ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა და ვუთხარი კიდეც, ეს იყო: თუ იგი გადაწყვეტდა ბრძოლის გაგრძელებას და თუ უკრაინელებს სურდათ თავიანთი ქვეყნის მტრისაგან გათავისუფლება - რაშიც მე 99%-ით დარწმუნებული ვიყავი - მაშინ მას შეეძლო გაერთიანებული სამეფოს გულწრფელი დახმარების იმედი ჰქონოდა“.

ამ საუბრის შემდეგ, ისხენებს ბორის ჯონსონი, მან ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა, რომ კიევის ქუჩებში გაესეირნებინათ: „დაცვა საშინლად შეშფოთდა - რა დროს გასეირნებაა, რუსეთის ჯარი რამდენიმე დღის წინათ კიევის კედლებთან იდგა და ქალაქშიც უამრავი დივერსანტი დადისო“. ვოლოდიმირ ზელენსკი ჯონსონის წინადადებას დათანხმდა და როცა ქუჩაში გავიდნენ, მასთან მივიდა უკრაინელი მამაკაცი, რომ მადლობა ეთქვა დახმარებისა და სოლიდარობის გამო: „აი, სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ მე კიევში უფრო პოპულარული ვარ, ვიდრე კენსიგტონში (ლონდონის ცენტრში)“, - წერს ექსპრემიერი.

„სად ჩერჩილი და სად ჯონსონი...“

წიგნის ბოლოთქმაში ბორის ჯონსონი რეზიუმეს უკეთებს თავის დამსახურებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე: ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლა (ბრექსიტი), გამარჯვება არჩევნებში, ანტიკოვიდური ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი განხორციელება და უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

აშკარაა, რომ ეს შეხსენება აუცილებელია იმ მომენტის გათვალისწინებით, რომლის დროსაც წიგნი გასაყიდად გამოვიდა: ახლახან კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნებში გამანადგურებელი მარცხი განიცადა, ახალი ლეიბორისტული მთავრობა ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვისათვის ემზადება, რუსეთის არმიამ კი უკრაინის რიგი ქალაქები დაიპყრო, თანაც გრძელდება დასავლეთის ყოყმანი უკრაინისადმი სამხედრო დახმარების საკითხში.

„ისტორია ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი იქნება, რადგან ისტორიის დაწერა მე მაქვს განზრახული’, - ამბობდა უინსტონ ჩერჩილი, მაგრამ ბორის ჯონსონის წინამორბედის მემკვიდრეობა შედეგი არის არა ლიტერატურული, არამედ - რეალური ტრიუმფისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებით გამოიხატა. და როგორი დამოკიდებულებაც უნდა ჰქონდეთ ჩერჩილის მიმართ მის თანამედროვეებსა და შთამომავლებს, ნაცისტებზე მის გამარჯვებას არავინ თვლის საეჭვოდ.

მაგრამ რადგანაც ბორის დე პრეფელ ჯონსონის ბიოგრაფიაში მსგავსი გამარჯვებები არ არსებობს, მას ისღა რჩება, რომ ხაზი გაუსვას იმას, რაც არის - იმ შემთხვევაშიც კი, როცა მის თვალსაზრისს ბევრი თანამემამულე არ იზიარებს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო