ავისმომასწავებელი "მირაჟი" რუსებისთვის?! - უკრაინა ახალ თვითმფრინავებს იღებს: ვინ მოიგებს ფრანგული „მირაჟისა" და რუსული სუ-35-ის საჰაერო ორთაბრძოლაში? - კვირის პალიტრა

ავისმომასწავებელი "მირაჟი" რუსებისთვის?! - უკრაინა ახალ თვითმფრინავებს იღებს: ვინ მოიგებს ფრანგული „მირაჟისა" და რუსული სუ-35-ის საჰაერო ორთაბრძოლაში?

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ 8 ოქტომბერს, სენ-დიზეს 113-ე საჰაერო ბაზაზე სტუმრობისას, სადაც საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული ბირთვული მისიის 60 წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავდნენ, სიტყვით გამოსვლისას პირველად დააკონკრეტა - 2025 წლის პირველ კვარტალში საფრანგეთი უკრაინას გადასცემს Dassault Aviation Mirage 2000-5F-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, რომელთათვისაც უკრაინელი სამხედრო მფრინავების გადამზადების პროგრამა უკვე დაწყებულია და ის ექვს თვეს გაგრძელდებაო...

ფრანგ მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი „მირაჟის“ ჩუქებას აპირებს პარიზი კიევისთვის, მაგრამ სხვადასხვა წყარო ასახელებს 12-დან 20-მდე ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავის გადაცემის შესაძლებლობას.

2025 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე კიდევ დიდი დროა და კაცმა არ იცის, რა მოხდება მიწაზე ანუ უკრაინის იმ ფრონტზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ნელა, მაგრამ მაინც წინსვლა აქვთ და ნახევარი წლის შემდეგ საერთოდ დასჭიდებათ კი ეს „მირაჟები“ უკრაინის დამცველებს? განა ამ პროცესის დაწყება იმავე პარიზს ორი ამ სულაც ერთი წლის წინ არ შეეძლო თუ მაინცდამაინც იმას ელოდებოდა, როდის გადასცემდნენ ამერიკელების თანხმობის შემდეგ თავის F-16-ებს სხვა ევროპელი ქვეყნები კიევს?

ჯერჯერობით ამ F-16-ებს უკრაინის ცაში თავი დიდად არაფრით გამოუჩენიათ, გარდა იმისა, რომ ერთი F-16 ჩამოვარდა, პილოტი დაიღუპა, თუმცა ამ ავიაკატასტროფის ნამდვილ მიზეზს უკრაინის ხელისუფლება დღემდე არ ასაჯაროებს...

1-mirazhi-1728638530.jpg
საფრანგეთი უკრაინას ნახევარი წლის შემდეგ ორ ათეულამდე ასეთი, Mirage 2000-5F-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის გადაცემას შეჰპირდა...

რით სჯობიან ან ჩამოუვარდებიან ფრანგული „მირაჟები“ ამერიკულ F-16-ებს და რა უპირატესობა შეიძლება მისცენ მათ უკრაინის არმიას, რუს დაპყრობლებთან სამამულო ომში?

აღსანიშნავია, რომ ფრანგული „მირაჟის“ ეს კონკრეტული მოდელი- Mirage 2000-5F შეიქმნა Mirage 2000C-ის მოდერნიზაციის შედეგად და ითვალისწინებდა, პირველ რიგში, ამ „მირაჟების“ საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებას „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი სარაკეტო შეიარაღების გამოყენებისას ანუ ისინი უფრო საჰაერო თავდაცვის მისიების შესასრულებლად იყვნენ განკუთვნილნი და არა - სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების მისაყენებლად. შესაბამისად, უკრაინისთვის გადაცემული ნიდერლანდებისა თუ დანიის F-16-ები უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებიან, რადგან ერთნაირი წარმატებით შეუძლიათ „ჰაერი-ჰაერის", „ჰაერი-ხმელეთისა“ და „ჰაერი-ხომალდის“ კლასის მართვადი რაკეტების გამოყენება.

თუმცა, როგორც ირკვევა, დარჩენილ ნახევარ წელს, სანამ ამ „მირაჟებს“ უკრაინაში გააგზავნიან, საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სწორედ იმისთვის გამოიყენებს, რომ Mirage 2000-5F-ებს ჩაუტაროს შესაბამისი მოდიფიცირება, რათა მათ შეეძლოთ „ჰაერი-ხმელეთის“ მართვადი შეიარაღების - საავიაციო ბომბებისა და რაკეტების მიზანში ზუსტად მოხვედრა...

2-mirazhi-1728638530.jpg
სპეციალურად უკრაინისთვის მოდერნიზებულ ამ „მირაჟებს“ SCALP EG-ის ტიპის ფრანგული ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო გამოყენებაც შეეძლებათ...

ამას კი უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ერთ თვითმფრინავს ერთნაირი წარმატებით შეეძლოს სხვადასხვა საბრძოლო მისიის შესრულება და წარმოადგენდეს მრავალფუნქციურ საბრძოლო საფრენ აპარატს.

ამასთან, უკრაინელი სამხედრო მფრინავები დიდი ხანია, ისედაც იყენებენ ფრანგული წარმოების ფრთოსან რაკეტებს - SCALP EG -ებს და მართვად საავიაციო ბომბებს - AASM-250 Hammer-ებს, ოღონდ საბჭოთადროინდელი МиГ-29-ის და Су-27-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან გასაშვებად და ჩამოსაყრელად, რისთვისაც დასჭირდათ ამ თვითმფრინავების მცირედით გადაკეთება.