გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრად?! - ვის სურს მთავრობის მეთაურობა ოპოზიციაში: "როგორც ჩანს, ვიღაცები ძალიან შეაშფოთა იმან, რომ პრეზიდენტს ხშირად ვხვდები. შემიძლია" - კვირის პალიტრა

გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრად?! - ვის სურს მთავრობის მეთაურობა ოპოზიციაში: "როგორც ჩანს, ვიღაცები ძალიან შეაშფოთა იმან, რომ პრეზიდენტს ხშირად ვხვდები. შემიძლია"

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო. თუმცა პრეზიდენტისგან გამოსული ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ გვარ-სახელებზე საუბარი არ ყოფილა. ამან საზოგადოების ნაწილში გააჩინა ეჭვები, რომ პრობლემა პრემიერის კანდიდატურაზე შეთანხმებაა...

ცნობისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც დოკუმენტზე ხელმომწერები დებენ პირობას, რომ ევროინტეგრაციის გაგრძელების სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია“. ვინ შეიძლება იყოს პრეზიდენტის პრემიერობის კანდიდატი და ვის სურს პრემიერობა, ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება. სხვათა შორის, გავრცელდა ხმები, რომ პრემიერობის კანდიდატად, შესაძლოა, თავად გია ხუხაშვილიც დასახელდეს.

გია ხუხაშვილი:

- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩემს შესახებ გავრცელებული ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, ვიღაცები ძალიან შეაშფოთა იმ ამბავმა, რომ პრეზიდენტს ხშირად ვხვდები. შემიძლია, ეს ხალხი დავამშვიდო, მე სისტემაში უკვე ვიყავი და რომ მნდომოდა, ისევ ვიქნებოდი. სისტემაში ყოფნა არ არის ჩემი საქმე, პირიქით, ჩემი ფუნქცია სისტემის ოპონენტობა უფროა. მეტსაც გეტყვით, დღეს ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები, როგორც კი ხელისუფლებაში მოვლენ, მაშინვე მათი ოპონენტი გავხდები. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ჩემი მისია ოპოზიციაში ყოფნაა.

- ზოგიერთი ვერსიით, პრემიერობა სურს მამუკა ხაზარაძესაც.

- მე ძალიან დიდი პატივს ვცემ მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე პარტიული პრემიერობის კანდიდატი შეცდომაა. ეს სერიოზულ რისკებს უკავშირდება, რაც სასურველი ნამდვილად არ არის.

- ე.ი. ფიქრობთ, რომ პრემიერი აპოლიტიკური უნდა იყოს?

- ვინმე თუ იტყვის, რომ აპოლიტიკურია, არ დაიჯეროთ, ასეთი არავინ არის და არც შეიძლება იყოს. სპორტსმენებზე ამბობდნენ, აპოლიტიკურები არიანო და ყველაზე მეტად პოლიტიკურები აღმოჩნდნენ. აპოლიტიკური კი არა, ზეპოლიტიკური პრემიერი გვჭირდება. ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ამოცანა ექნება შესასრულებელი პრემიერს. ქარტიაში არ წერია, რომ პრემიერი ან თუნდაც მთავრობა იმისთვის მოდის, რომ ქვეყანა მართოს. მინისტრთა კაბინეტს აქვს ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მისია - ქვეყანა უნდა დააბრუნოს კონსტიტუციით განსაზღვრულ, დასავლური მიმართულების გზაზე. შესაბამისად, პრემიერობის კანდიდატის კლასიკური კრიტერიუმებით შეფასება სწორი არ იქნება. რა თქმა უნდა, ტექნიკური მთავრობის მინისტრთა კაბინეტი პროფესიონალებისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, მაგრამ პრემიერის ამოცანა მაინც ქვეყნის ორიენტაციის გასწორებაა. ჩვენ დღეს ისეთ რთულ მოცემულობაში ვართ, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ან აპოლიტიკური კი არა, ზეპოლიტიკური პრემიერი გვჭირდება...

ყველას გვესმის, რომ ოპოზიციაში თანაბარზომადი პოლიტიკური ძალები გვყავს და რომელიმე მათგანს დომინირების პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, პროცესი რომ შეთანხმებით დასრულდეს, აჯობებს, რომ პრემიერი იყოს ზეპოლიტიკური. ეს ხომ არ არის გრძელვადიანი პოლიტიკური პროექტი, სახელმწიფოებრივი მართვის საკითხებზე.

- როგორ წარმოგიდგენიათ, პრემიერის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა დასახელდეს თუ არჩევნების შემდეგ?

- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პრემიერობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა დასახელდეს იმიტომ, რომ დღეის მდგომარეობით, ყველა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ნადირობს. ხომ ჩნდება კითხვა - რატომ არის ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი? იმიტომ, რომ ხალხს ხელისუფლებაში მყოფი ძალა არ მოსწონს, მაგრამ არც ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები გამოიყურებიან წელში გამართულად. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიციაშიც ძალაუფლებისთვის, მინისტრების პორტფელებისთვის იბრძვიან და შეთანხმება გაუჭირდებათ, პორტფელებისთვის ერთმანეთს დახოცავენ. პრემიერობის კანდიდატზე არჩევნებამდე შეთანხმება ამ ეჭვებს მოხსნის. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მნიშვნელოვნად გაუადვილდება საარჩევნო ყუთთან არჩევნის გაკეთება, თუ ეცოდინება, რომ ოპოზიციური ძალები, ამ კონკრეტულ ეტაპზე მაინც, არ იბრძვიან თანამდებობებისთვის და ერთმანეთთან შეთანხმება შეუძლიათ. ამას გარდა, პოსტსაარჩევნოდაც გააადვილებს მოლაპარაკებების პროცესს, იმიტომ, რომ ძირითადად, ფუნდამენტურ საკითხზე უკვე შეთანხმებულები იქნებიან.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტს ხშირად ხვდებით.... ვინ არის, პრემიერობის მისეული კანდიდატი?

- ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მგონია, რომ პრემიერობის ყველაზე კარგი კანდიდატი თავად სალომე ზურაბიშვილია. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემობრუნება ყველაზე კარგად მას ხელეწიფება. ამას მისი პოლიტიკური წონიდან გამომდინარე ვამბობ. პრეზიდენტ ზურაბიშვილს ყველა შესაბამისი კონტაქტი და პირადი ურთიერთობა აქვს, რაც ახლა ქვეყანას ამ რთულ პერიოდში სჭირდება. თუმცა, ეს პოზიცია მისთვის კომფორტული არ არის.

- თავად გითხრათ, რომ პრემირობა მისთვის არაკომფორტულია?

- არა, მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურაც საიტისთვის)