”ისევ წვიმს, ამ მთავრობის დედა ვატირე!”
სანამ გაალმასებულები კომენტარების წერას დაიწყებთ, მაცალეთ...
სათაურში, ერთი ანეკდოტის ფრაზა მოვიყვანე. ეს ერთ-ერთი იმ ანეკდოტთაგანია, 10-12 წლის ლაწირაკს, გაგანია კომუნისტების დროს ბაბუა რომ მიყვებოდა ხოლმე.
სასაცილო არ არის, მაგრამ საქულას და გრიქულას ამბებს ჯობია...
მოკლედ, კაცი წუწუნებს მეზობელთან:
- ისევ წვიმს, ამ მთავრობის დედა ვატირე!
- კი მარა, წვიმა რა მთავრობის ბრალია?
- კალოში რომ არ მაცვია, ვისი ბრალია?
ჰოდა, ეგრეა ჩვენი ამბავიც.
წვიმა კი არ არის მთავრობის ბრალი, მაგრამ სხვა ყველაფრის გამოსწორებაზე რომ მიუწვდებათ ხელი, ხომ ფაქტია?
თუმცა შეიძლება წვიმის მოსვლა არმოსვლაზეც შეიძლება მოახდინონ გავლენა.
ისევ კომუნისტების დროს გავიხსენებ. როგორც გამიგია, კახეთში სეტყვის ღრუბლებს სულ საზენიტო ჭურვებით შლიდნენ ხოლმე და სტიქიაც ასეთი დაუნდობელი არ იყო.
მახსოვს ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ყვებოდა, რა მარტივი იყო ღრუბლის დაშლა, უბრალოდ ხმაურიანი საქმე იყო და არტილერისტებისგან სიზუსტეს მოითხოვდა.
10-იოდე წლის წინ ჩემი თვალით ვნახე ვაზიანის პოლიგონზე, როგორ ისროდნენ მაშინდელი შინაგანი ჯარის არტილერისტები კს-19 საზენიტო ქვემეხებიდან საზენიტო ჭურვებს.
შეიძლება დაუკრეფავში გადავედი და რამე არ ვიცი, მაგრამ იქნებ გვეცადა და რაიმე მსგავსი საშუალება გამოგვეყენებინა?
დავიჯერო ხარჯი იმაზე მეტი იქნება, რაც ახლა საგარეჯოში, გურჯაანში ან თუნდაც ორთაჭალაში მომხდარმა წყალდიდობებმა ზარალი მოგვაყენა?
არა მგონია, ხმაურმა უფრო შეაწუხოს მოსახლეობა, ვიდრე წვიმისა და უსახლკაროდ ან უმოსავლოდ დარჩენის შიშმა.
შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.
პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.
ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.
ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge