"ვერ დაიცვეს მოკლული საქართველოს მოქალაქეები და გამოდიან ამის მერე და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ბოდიში უნდა მოვიხადოთო. სამშვიდობო პოლიტიკა კი არა, ამას ჰქვია სამარცხვინო პოლიტიკა"
გინტური, ოთხოზორია, ტატუნაშვილი - ხმა ვერ ამოიღეს, ვერ დაიცვეს მოკლული საქართველოს მოქალაქეები და გამოდიან ამის მერე და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ბოდიში უნდა მოვიხადოთო. სამშვიდობო პოლიტიკა კი არა, ამას ჰქვია სამარცხვინო პოლიტიკა, - განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას.
გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველში ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ილუზიის შექმნას ცდილობს.
„ქვეყანა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამხელა ტურბულენციაშია და სად არის საგარეო საქმეთა მინისტრი და მოადგილე, კაციშვილმა არ იცის. შეხედეთ თავდაცვის სამინისტროსაც. ჯარისკაცებს, რიგითებს, ოფიცრებს ეუბნებიან, რომ ბოდიში უნდა მოიხადოთო და არ უხსნიან რატომ. იქ ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც 2008 წელს იბრძოდა. ბოდიშში, როგორც ასეთში, ცუდი კი არაფერია, მაგრამ შენ ბოდიშს ვის უხდი, რატომ უხდი, სამაგიეროდ რას ელოდები? გამოდიან და ამბობენ, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო.
შენ როდესაც ამას ეთნიკურ წმენდა გამოვლილ ხალს ეუბნები, ჯარს ეუბნები, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იბრძოდა. გინტური, ოთხოზორია, ტატუნაშვილი - ხმა ვერ ამოიღეს, ვერ დაიცვეს მოკლული საქართველოს მოქალაქეები და გამოდიან ამის მერე და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ბოდიში უნდა მოვიხადოთო. სამშვიდობო პოლიტიკა კი არა, ამას ქვია სამარცხვინო პოლიტიკა, კიდევ რამდენიმე თვით იქნებ ძალაუფლებაში დავრჩეთ. ამას ქვია ადამიანებში ილუზიის შექმნა, რომ ტერიტორიულ მთლიანობის საკითხთან შეიძლება რაღაც პროგრესი. ზუსტად იგივეა, რაც იყო „გარეჯი საქართველოა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ „12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში“, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა.
„ძალიან სახუმარო რამ უთქვამს საპატიო თავმჯდომარეს, იმას, რასაც 30 წელი სჭირდებაო, 12 წელში მეც კი ვერ გავაკეთებდიო, ამიტომ კიდევ 15 წელი დამელოდეთო. ეს როგორი შეურაცხყოფაა იცით ადამიანების? ადამიანებს ახსოვთ, რომ [ბიძინა ივანიშვილს] ნათქვამი აქვს, „ხუთ წელიწადში ისეთი ცხოვრება იქნება კოსმოსში გავფრინდებითო". ჩემთვის ეს უპატივცემულობა კი არ არის, შეურაცხყოფაა. გეუბნებიან, რომ შენ არავინ არ ხარ, რა გესმის, მეხსიერება არ გაქვს. ჰგონიათ, რომ მე-19 საუკუნეა და ქაღალდზე დაწერილს ინახავს ხალხი. არქივი უნიკალური გამოგონებაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია, „ქართულ ოცნებას“ გაყალბების რესურსი არ აქვს.
„ეს იცით, როგორი ერთი თვე იქნება? ქართველი ხალხი, მოქალაქეები აიძულებენ მათ, რომ გადადონ გვერდზე თავიანთი პარტიული ინტერესები, სკამები, თანამდებობები და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ქვეყანას და ხალხს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დაეწიოს მოლდოვას და რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. უმძიმესი ერთი თვე, უძილო ღამეები, ასე იქნება. ამაში იგულისხმება მოლაპარაკებები, ამბიციებზე უარის თქმა, თანამდებობეზე უარის თქმა, არ გამოკიდება სავარძლებს, ეს ყველაფერი იქნება.
მე ვერ ვხედავ რესურსს „ოცნებაში“, რომ მათ გააყალბონ არჩევნები. წინასაარჩევნო გარემო რომ შეადაროთ 2020 ან 2021 წლის გარემოს, ბევრად უარესია. რა შედარებაა, ხომ ხედავთ რუსულ კანონს, აგერ რაჟდენი გამოაგორეს და კიდევ ბევრი რამ. რა თქმა უნდა, უარესია, მაგრამ ეს არაფერი არ ნიშნავს. სადამკვირვებლო მისიაც ბევრ უფრო აქტიურ და დიდი იქნება. და კიდევ ბევრი რამ იქნება.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების შემდეგ ითანამშრომლებს ყველა პარტიასთან, თუმცა პოლიტიკურ კოალიციას არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუქმნის.
„თანამშრომლობით ჩვენ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთანაც“ და ყველა სხვა პარტიასთან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მისცემენ მანდატს, რომ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. მაგრამ პოლიტიკურ კოალიციას, რაც ნიშნავს ერთობლივ მთავრობას, ჩვენ არ შევუკრავთ არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
"ინტერპრესნიუსი"