"თბილისში 12 წლიდან მარტო ვცხოვრობდი, რადგან მამიდა გარდაიცვალა... მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, ვერც გავბედავდი..." - იმედა კახიანი ოჯახსა და კარიერაზე
„შარშან გასაოცარი რამ შევიტყვე, თურმე 68 წლის მანძილზე სტუდენტი ვყოფილვარ...“
„... ცირკი კი ის არის, ჩემნაირი სტუდენტი რომ არ ჰყოლია თეატრალურ ინსტიტუტს. ამ ხნის მანძილზე სტუდენტი ვყოფილვარ. ეკასაც და ნინისაც თეატრალურის დიპლომი აქვთ და ორივეს ვეუბნები, - ოთხ წელიწადში რა უნდა გესწავლათ? აგერ, მე 68 წელი ვსწავლობდი-მეთქი“, - იუმორით ამბობს აღიარებული მსახიობი იმედა კახიანი... მან თავის საინტერესოდ განვლილ გზას ჩვენთან ერთად გადაავლო თვალი...
- ბევრ რამეს მოვესწარი. ოთხმოცდამერვე წელში ვარ, სასაყვედურო რა მაქვს, ჩემზე ნაკლები ასაკის ამ ქვეყნიდან არავინ წასულიყოს... როცა მეკითხებიან, განვლილი ცხოვრებიდან ყველაზე კარგად რომელი დრო გახსოვთო? უკვირთ, როცა ვამბობ, ჩემთვის საუკეთესო დრო დიდი სამამულო ომის წლები იყო-მეთქი... სოფელში ვიზრდებოდი. მამა თავის დროზე ციმბირში გახლდათ გადასახლებული და ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ავადმყოფობდა, სამსახურსაც არ აძლევდნენ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს. სამტრედიის რაიონის სოფელ პატარა ეწერში, ბაბუაჩემის სახლში ვცხოვრობდით, ათ წლამდე იქ ვიზრდებოდი. დედა სკოლაში მუშაობდა, პედაგოგი გახლდათ. ბოლოს პენსიაში გავიდა, როგორც დამსახურებული პედაგოგი. მართლაც ძალიან მოწესრიგებული და კარგი მასწავლებელი იყო. მეც დედასთან ვსწავლობდი, ოთხი კლასი ამ სკოლაში დავამთავრე... მახსოვს, სოფელში როგორ უჭირდათ. კაცები ომში იყვნენ, ირგვლივ მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები გახლდნენ. მამას კოლექტივში არ ამუშავებდნენ. პატარა მიწა გვქონდა და ძირითადი შემოსავალი მხოლოდ დედას ხელფასი იყო. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ქალები დღე და ღამე მუშაობდნენ, ოჯახებსაც ინახავდნენ და ქალაქში ქათამს, კვერცხს, მჭადის ფქვილს ნათესავებს უგზავნიდნენ... დღეს რომ იძახიან, გვიჭირსო, არ შრომობენ და აბა, რა იქნება?! სოფელში რომ ჩავდივარ, გული მისკდება... აქაც, მცხეთაში ბალახს მიაქვს ეზო. ფულს ვიხდი, პატივს ვცემ, მაგრამ ვერავინ ვერ ვნახე, ვინც გამითიბავს.
- პატარა იყავით, როცა ქალაქში, მამიდასთან გადმოხვედით...
- დიახ, ომი ახალი დამთავრებული იყო. ყველაფერი ჭირდა, თეთრი პური არ არსებობდა, შავი პური ტალონებით იყიდებოდა. მთელი დღე რიგში უნდა მდგარიყავი, ჯერ სამასი გრამის ტალონის, შემდეგ - პურის რიგში... თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც სულ ამას ვამბობ, როცა ძალიან გვიჭირდა, ის პერიოდი მინდა იყოს-მეთქი...
- რატომ?
- რატომ და მაშინ ირგვლივ ადამიანები იყვნენ! თბილისში 12 წლიდან მარტო ვცხოვრობდი, რადგან მამიდა გარდაიცვალა. მას ქმარი, შვილები არ ჰყოლია და სოფლელი ბავშვი პლეხანოვზე მარტო დავრჩი. ჩემები სანახავად თუ ჩამოვიდოდნენ, თორემ აქ ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ. სულ არდადეგებს ველოდებოდი, ერთი სული მქონდა სოფელში გავქცეულიყავი... თბილისში ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, სხვა ეროვნების ხალხი, მაგრამ ვინ ვინ იყო, ამას არც არავინ კითხულობდა. ჩემზე ყველამ იცოდა, მარტოხელა ბიჭი რომ ვიყავი და მიუხედავად იმისა, თავადაც უჭირდათ, საკვებით ყველა მეხმარებოდა... აი, ის ურთიერთობები, ის დრო მენატრება.
- როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როცა დიდ ხელოვნებაში შედგით ფეხი?
- სასაცილოდ! თეატრალურ ინსტიტუტში 1955 წელს, შემთხვევით მოვეწყვე, მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, ვერც გავბედავდი... მე მახსოვდა ძველი დრო, დიდი სპარტაკ ბაღაშვილი და რას წარმოვიდგენდი, მეც თუ კინოში ვიქნებოდი, სპარტაკ ბაღაშვილი კი მამაჩემის როლს ითამაშებდა... ჩემს მშობლებს სურდათ, ექიმი გამოვსულიყავი, მეც ძალიან მომწონს, დიდებული პროფესიაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქიმიაში, ფიზიკაში მომამზადეს, გამოცდებზე ქულები არ მეყო და ჩავიჭერი. ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ მაშინ, რაც უნდა მაღალი ნიშანი მიგეღო, ვერ მოეწყობოდი, პატრონი თუ არ გყავდა... შემდეგ ჩემმა მეზობელმა, ცხონებულმა ნოდარ ფირანიშვილმა მირჩია, თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეო... თავიდან მკაცრი უარი ვთქვი. ლექსი ხმამაღლა არასდროს წამიკითხავს და იქ რამეს რომ დამავალებენ, ვერ შევასრულებ-მეთქი... დამპირდა, მე მოგამზადებო. შემომიჩნდა, - წამო, ჩააბარეო. თან საბუთების მიღების ბოლო დღე იყო. იმდენი ქნა, გავიქეცით, საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანეთ. მეორე დღეს უკვე ტურები იწყებოდა (თეატრალურ სასწავლებელში გამოცდებამდე სამი ტურია, ეს თუ გადალახე, მერე იწყება ნიშნის დასმა და გამოცდაზე მიღება)...
- ბევრს სურდა ჩაბარება, დიდი კონკურენცია იყო?
- მხოლოდ 12 ბავშვს იღებდნენ. კომისიის თავმჯდომარე იყო დიდი რეჟისორი დიმიტრი (დოდო) ალექსიძე... მე საბუთების მიხედვით, მეოთხასეზე ზევით ვიყავი. წარმოიდგინეთ, რამხელა კონკურენცია იყო. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ნოდარმა წამომიყვანა, სახლში მოვედით და მომამზადა. ყველაზე პატარა ლექსი იყო ვაჟა-ფშაველას „არწივი“, თან ზეპირად ვიცოდი... ნოდარმა მირჩია. - ვაჟკაცურად, მჭექარე ხმით უნდა წაიკითხოო. მეც დავუჯერე, რადგან ნოდარი უკვე პირველკურსელი იყო... შემდეგ პროზიდანაც ვაჟა-ფშაველა ავირჩიეთ, მეხუთე კლასის წიგნში იყო „ამოდის, ნათდება!“, საიდანაც ნაწყვეტი ვისწავლე. კრილოვის იგავ-არაკებიც შევარჩიე და თეატრალურ ინსტიტუტში, პირველ ტურზე გასასვლელად გამოვცხადდი... სავსე იყო იქაურობა, ოთხასზე მეტი ბავშვი, მშობლები, ახლობლები... მეოთხე სართულზე, დიდ აუდიტორიაში ავედით. გამოცდაზე შესვლა გამოძახებით ხდებოდა. როცა გამომიძახეს და შევედი, დიდ დარბაზში, გრძელ მაგიდასთან ჩემთვის სრულიად უცხო ხალხი ისხდა. როგორც მერე გავარკვიე, რეჟისორები, მსახიობები, თეატრისა და კინოს ხალხი...
დავდექი ამ შუა დარბაზში, სახეში პროჟექტორები მანათებს. როცა მკითხეს, რას გააკეთებო? ვუპასუხე, - ლექსს წავიკითხავ-მეთქი... დავიწყე ვაჟა-ფშაველას „არწივი ვნახე დაჭრილი...“ როგორც ნოდარმა მირჩია, მჭექარედ, გულანთებულად მოვყევი. დავამთავრე და, არაფერს ამბობენ, არც ცუდს, არც კარგს... შუაში იჯდა დოდო ალექსიძე. მან მკითხა, - რა წერია ამ ლექსში, თუ იციო? ვუპასუხე, როგორ არ ვიცი, არწივი დაჭრილი იყო, ყვავ-ყორნებმა დრო იხელთეს, თავს ესხმიან-მეთქი... ბიჭო, მერე არწივი არ გეცოდებაო? - მომიგო... - კი-მეთქი, - ჩავილაპარაკე. - თუ გეცოდება და თანაუგრძნობ, რა გაყვირებს?.. აიღე სკამი, ჩვენს მაგიდასთან მოდი, პირისპირ დაჯექი და რაც სათქმელი გაქვს, მშვიდად მოყევი, ნუ ყვირი და გიჟდებიო... დავჯექი, იგავ-არაკის მოყოლა დავიწყე, მაგრამ შუამდე რომ მივედი, დამავიწყდა. თავიდან დავიწყე და ისევ დამავიწყდა... ძალიან დაბნეული და არეული ვიყავი. დამამშვიდეს და მკითხეს, პროზადან რა გაქვს მომზადებულიო? ვაჟა ფშაველას „ამოდის, ნათდება“ მოყოლა რომ დავიწყე, ყველაფერი ამერია... - წადი, თავისუფალი ხარო. მეც წამოვედი, სრულიად დარწმუნებული, რომ ჩავიჭერი. გარეთ ნოდარი მგულშემატკივრობდა და საყვედურებით ავავსე, - როგორ არ გრცხვენია, სად მომიყვანე-მეთქი?.. ასე გულშემოყრილები წამოვედით და სად წავიდოდით, თუ არა პლეხანოვის „ბირჟაზე“, სადაც მთელი ახალგაზრდობა გავატარეთ... ორშაბათობით კინო გადიოდა და იქ მივდიოდით. ბედნიერება იყო, ორშაბათობით თუ სტადიონზე თამაში იყო. სხვა გასართობი ჩვენ არ გვქონდა. მეორე დღეს, დილაადრიან ისევ მომაკითხა ფირანამ (ნოდარ ფირანიშვილს ასე ვეძახდით). გამიკვირდა, ასე ადრე რატომ მოხვედი-მეთქი? - არაფერი, წამო, „ბირჟაზე“ გავიდეთო... გავედით, გავიარეთ და მერე ნოდარმა რუსთაველზე გავიდეთო. არადა, როცა „ბირჟა“ პლეხანოვზე გვქონდა, რუსთაველზე გასვლა არ შეიძლებოდა, დანაშაული იყო პლეხანოველს რუსთაველზე „გებირჟავა“. ამიტომაც ძალიან ვიუარე, მაგრამ ნოდარი ისე გადამეკიდა, ჩავსხედით ტროლეიბუსში. რუსთაველზე, თეატრალურის წინ დიდ შუშებზე სიები იყო გამოკრული. ნოდარმა, - წამო, გადავიდეთ, რა წერიაო... მეორე ტურში გადასულთა სიები იყო და იქ ჩემი სახელი და გვარი რომ დავინახე, გავოგნდი. ნოდარს ვუთხარი, ეს ყოფილა ჩემი საქმე, არც სწავლა სჭირდება, არც არაფერი-მეთქი... ასე გაკვირვებულები ვსაუბრობდით, როცა ვიღაც ქალბატონი მოვიდა, თქვენთან საქმე მაქვსო. თქვა: მიმღები კომისიის მდივანი ვარ, გუშინ გიყურებდით ტურში რომ გამოხვედით. ტური რომ დამთავრდა, შემდეგ კომისიამ იმსჯელა და თქვენზე თქვეს, - ცუდი ბიჭი არ ჩანს, ეტყობა, მომზადებული არ არის... თუ სწავლა უნდა, მეორე და მესამე ტურში არ გავა, ჩვენი რეჟისორი ყოველ დილით აქ დახვდება, აუდიტორიაში ჩაიკეტებიან, ასწავლიან ლექსს, მოთხრობას, ეტიუდს, მერე გამოცდაზე გავა... ოღონდაც, ეს არავინ არ უნდა გაიგოსო... მართლაც, მეორე დღეს მოვიდა ცხონებული, კარგი რეჟისორი ასიკო გამსახურდია, აუდიტორიაში ჩავიკეტეთ, მთელი ორი კვირა მამეცადინებდა. შემდეგ გამოცდაზე გავედი და კი ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში...
- შემდეგ კარგად სწავლობდით?
- თეატრალურ ინსტიტუტზე საოცარი რამ უნდა გიამბოთ... 1955 წელს მოვეწყვე, პირველ კურსზე უკვე ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“ გადამიღეს. მოგეხსენებათ, მე და ბელა მირიანაშვილი მთავარ როლებს ვასრულებდით... როგორც კი გადაღებაზე წავედი, ინსტიტუტიდან გამრიცხეს. კანონი იყო, სტუდენტს კინოში არ შეეძლო თამაში. ფილმის გადაღების შემდეგ ინსტიტუტში რომ დავბრუნდით, საერთო კრება მოიწვიეს, მე და ბელას პირობა დაგვადებინეს, რომ კინოში აღარ წავიდოდით, მხოლოდ ამის შემდეგ აღგვადგინეს... ცოტა ხანი რომ გავიდა, კინოში ისევ წავედი და ისევ გამრიცხეს, შემდეგ ისევ ასე მოხდა და ბოლოს აღარც მივსულვარ, უკვე ძალიან უხერხული გახლდათ... გასაოცარი ისაა, რომ თურმე სტუდენტად დავრჩი. გასულ წელს ნიკა წულუკიძემ დამირეკა, - ტელევიზიაში მობრძანდით, თქვენთან საქმე გვაქვსო. მივედი და გამაცნო თეატრალური უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც მითხრა, სამხატვრო საბჭოზე ვიმსჯელეთ და დიპლომი უნდა გადმოგცეთო. ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა, უღრმესი მადლობა გადავუხადე. ერთადერთი, გული დამწყდა, დღეს რომ ჩემი სიდედრი ცოცხალი არ არის... ამბობდა, უდიპლომო სიძე არ მინდაო, მიწუნებდა. ახლა კი ინსტიტუტის კი არა, უნივერსიტეტის დიპლომი მაქვს. გარდა ამისა, ადრე რომ კინოცენტრი იყო, ის დღეს კინოაკადემიაა... კინოაკადემიიდან ცნობა მომივიდა, რომ აკადემიის წევრი, ანუ აკადემიკოსი ვარ! აი, ეს მინდოდა სიდედრისთვის მეჩვენებინა (იღიმის)... ა, ბატონო, დოცენტი კი არა, აკადემიკოსიც ვარ და უნივერსიტეტის დიპლომიც მაქვს... ცირკი ის არის, ჩემნაირი სტუდენტი რომ არ ჰყოლია ინსტიტუტს. 68 წლის მანძილზე სტუდენტი ვყოფილვარ. ეკასაც და ნინისაც თეატრალურის დიპლომი აქვთ და ორივეს ვეუბნები, ოთხ წელიწადში რა უნდა გესწავლათ, აგერ მე 68 წელი ვსწავლობდი-მეთქი...
- საქართველოსა თუ უცხოეთში, მართლა ბევრ ფილმში ხართ გადაღებული და მოსაგონარიც ბევრი გაქვთ...
- პარიზში შემხვდა ცხონებული რეზო თაბუკაშვილი, სადაც გადაღებაზე ვიყავი. ფილმს ფრანგები იღებდნენ, მე ერთ-ერთ როლს ვთამაშობდი... რეზო თაბუკაშვილი ჩამოსული იყო, მან ხომ საფრანგეთში საოცარი დოკუმენტური მასალები აღმოაჩინა... ერთმანეთის ნახვა გაგვიხარდა. მითხრა, ეს შენ ჩემგანო. შევხედე, რეზო ფულს მაძლევდა. ვკითხე, ეს რა ფულია-მეთქი?.. - პარიზი ჩემი ქალაქია. როგორც თბილისში, ისე პარიზში, ყველაფერი ზეპირად ვიცი და აქ თუ თბილისიდან ჩემი ნაცნობი ვნახე, ჩვევა მაქვს, ხუთას ფრანკს ვჩუქნი, ჩემს სახელზე რაც უნდა, იყიდოსო. ვუთხარი, - ბატონო რეზო, არ გეწყინოთ, მაგრამ აქ ვმუშაობ და მე თქვენზე მეტი მაქვს, ამიტომ ჩემი ფულით ვიყიდი და თქვენს სახელზე-მეთქი... არაფრით არ გადაიფიქრა, ეს ჩემი წესიაო და ასე ძალით ხუთასი ფრანკი მაჩუქა... რეზომ გამაცნო შალიკო თაყაიშვილი, რომელიც ექვთიმეს შორეული ნათესავი იყო. საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილი. ნაღდი ქართველი გახლდათ. ფრანგი ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილებმაც ქართული საუკეთესოდ იცოდნენ. რეზოს თუ შორ მანძილზე გადაადგილება სჭირდებოდა, შალიკოს მანქანას თხოულობდა... ერთ დღესაც რეზომ მითხრა, თუ დღეს გადაღება არ გაქვს, წამოდი, რაღაცას გაჩვენებო. წავყევი. ჯერ ბაზარში მივგრიალდით, აუარებელი ყვავილი იყიდა, მანქანაში ძლივს ჩავტენეთ, იმდენი იყო; შემდეგ ღვინო, ღვინის შესაფერისი პურ-მარილიც შეიძინა და წავედით... სადღაც სოფელში ჩავედით, შემდეგ საკმაოდ მოზრდილ სასაფლაოს მივადექით, რომელსაც გალავანი ჰქონდა და კარგად გასუფთავებული იყო. იქ მარტო ქართველები იყვნენ დასაფლავებული... იქ გახლდათ დაკრძალული: ნოე ჟორდანია, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილის ცოლი ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილი... ყველა საფლავი შემოვიარეთ, თითო ყვავილი ყველა საფლავზე დავდეთ. შემდეგ წავედით, სადღაც დიდ ეზოს მივადექით და რომ შევედით, იქაურობა ისეთი იყო, როგორც კარგი იმერელი თავადის ეზო. კოინდარი, დიდი ცაცხვის ხეები და დიდი ორსართულიანი კაპიტალური სახლი. როცა ვიკითხე, სად ვართ-მეთქი? რეზომ მითხრა, ეს არის სოფელი ლევილიო... იქ დაგვხვდა ნოე ჟორდანიას სიძე ლევან ფაღავა. უკვე ასაკში იყო, მაგრამ გვიმასპინძლა, სახლი დაგვათვალიერებინა და გვიამბო, ვინ სად ცხოვრობდა... ერთი დარბაზივით არის, სადაც კრებებს ატარებდნენ. მინისტრებს, მთავრობის წევრებს ირჩევდნენ, ამზადებდნენ. საქართველოში რომ ჩავალთ, მთავრობა არჩეული გვეყოლებაო...
შემდეგ გამოვედით, იქვე ცაცხვის ძირში პატარა სუფრა გავშალეთ, ბატონი ლევანი თამადობდა. იმ დროს, იქვე პირველ სართულზე კარი გაიღო და მოხუცი კაცი გამოვიდა. ჩვენს მაგიდას რომ მოუახლოვდა, გაჩერდა, კარგა ხანს გვაკვირდებოდა, მერე შებრუნდა და წავიდა.... ლევან ფაღავას ვკითხე: ქართველი თუ იყო, ჩვენთან რატომ არ მოვიდა ან რატომ არ მოიწვიეთ-მეთქი?.. - ეს ჩვენთან არაფრით მოვა, სოციალ-ფედერალისტია, ჩვენ სოციალ-დემოკრატები ვართო... აი, მაშინ ვთქვი, რომ ქართველის გამოსწორებას საშველი არა აქვს! რა დროს სოციალ-ფედერალისტობა იყო, როცა დამლაპარაკებელი არავინ ჰყავდა?! გავგიჟდი კაცი, მაგრამ დღევანდელ ქართველებს რომ ვუყურებ, აღარაფერი მიკვირს...
- რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი, ლამაზი და წარმატებული ქალბატონები გყავთ გვერდით...
- ასე მგონია, ჩემი ოჯახის ყველა წევრს გამორჩეულად უყვარს ქვეყანა... ჩემი მშობლები სოფელში არიან დაკრძალულები, სააღდგომოდ იქ რომ არ ჩავიდე და მათ საფლავზე კვერცხი არ გავაგორო, არაფრით შეიძლია. ორი უმცროსი ძმა მყავდა და სამწუხაროდ, დღეს აღარც ერთია ცოცხალი. მათი შვილები აქ, მცხეთაში, ჩემთან ახლოს ცხოვრობენ, მათ შორის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი. მისი მეუღლე - ტატა აბაშიძე ირაკლი აბაშიძის შვილიშვილია. ყველაფერი მიატოვა და სამ ვაჟკაცს ზრდის. ასეა მეორე, მესამე რძალიც. ბიჭებს, გადასარევ კახიანებს ზრდიან.
რაც შეეხება ჩემს შვილიშვილებს, საქართველოში კარგი და განათლებული არავის უკვირს, ესენიც კარგი შესახედავები არიან, კარგადაც სწავლობენ... ჩემთან მცხეთაში ხშირად არიან. შეიძლება რაღაცაში ვერ შევთანხმდეთ, სხვადასხვანაირი ხედვა გვქონდეს, მაგრამ ქვეყანა რომ უყვართ, ამაში ეჭვი არ მეპარება... ჩემი მეუღლე პროფესორია. ის კია წარმატებული, მაგრამ მე დამჩაგრა. გურული, არაბული ენის სპეციალისტია და როგორია, გურული ქალი რომ არაბულად გელაპარაკება?! წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ, მაგრამ ვუძლებ (იცინის)... მე მგონია, ერთი ნორმალური, ქართული ოჯახი წამოვიდა ჩემგან. ანასტასია ახლა ლონდონშია. გუშინ დამირეკა, მაგისტრი გავხდიო. ქეთომ ესპანეთში დაამთავრა სწავლა. ნინი აქ არის და აქტიურად ჩართულია თავის საქმეში.
- მცხეთაში ცხოვრება მოგწონთ?
- სულ ვოცნებობდი, მცხეთაში ფეხის დასადგმელი ადგილი მქონოდა... მახსოვს, სოფელში მატარებლით რომ მივდიოდი, ფანჯრიდან სულ ვათვალიერებდი და მცხეთა ჩემთვის სალოცავი იყო... ისე მოხდა, საბედნიეროდ, სამივე ძმა აქ ვიყავით. ახლა ჩემ გვერდით ჩემი ძმისშვილები არიან, წესიერი, კარგი ბიჭები, კარგი ოჯახების პატრონები... ასე რომ, ბედნიერი ვარ მცხეთაში ცხოვრებით, თბილისში კი ბინის პრობლემა ჯერ ვერ მოვაგვარე. 2000 წელს შევიტანე ფული კორპორაციულ მშენებლობაში და დღესაც ველოდები, ჯერ არაფერია გარკვეული...
მანანა გაბრიჭიძე
ჟურნალი "გზა"