იერუსალიმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველი ხალხის ისტორიაში
იერუსალიმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველი ხალხის ისტორიაში. გოლგოთიდან მცხეთამდე გამოიარა მაცხოვრის კვართმა, რომელმაც სვეტიცხოვლის აშენებამდე იქ არსებულ ტაძარში დაივანა და რომლისადმი თაყვანისცემის სურვილმა მიიყვანა იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ნინო.
იერუსალიმი არა მარტო ძველი აღთქმის, არამედ ახალი აღთქმის ქალაქია. ის დაკავშირებულია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელ წლებთან. არქეოლოგიურმა მონაცემებმა დაადასტურა მისი რეალობა, ნაპოვნია ადგილი, სადაც იესო ქრისტე რომაელებმა გაასამართლეს. აქედან იწყება ბიბლიაში აღწერილი მაცხოვრის ტანჯვის გზა შესვენების 14 ადგილით ვია დოლოროსაზე.
თვალი გადავავლოთ „მსოფლიო დედაქალაქის“ ისტორიის საინტერესო ამბებს.
იერუსალიმი გვევლინება არა მარტო იუდაიზმის, არამედ ქრისტიანობისა და მაჰმადიანობის ცენტრად. ის ხალხთა კულტურების დიალოგის ათასწლოვან ნიმუშს წარმოადგენს. აქ უამრავი მნიშვნელოვანი ძეგლია განთავსებული. იერუსალიმის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ძვ. წ. მე-5, მე-4 ათასწლეულებით თარიღდება. გვიანბრინჯაოს ხანაში მისი მაცხოვრებლები იებუსეველნი ( ქანაანელთა ერთ-ერთი მოდგმა) იყვნენ. იერუსალიმი პირველად მოხსენიებულია ებლას (თანამედროვე სირია) წარწერებში შალემის სახელით.
სახელი შალემია დაფიქსირებულია აგრეთვე ძვ. წ. მე-20 მე-19 საუკუნეების ეგვიპტის მეთორმეტე დინასტიის პროსკრიფციებში. კერძოდ, ძვ. წ მე-19 საუკუნეში მოხსენიებულია მელქისედეკი, შალემის მეფე და ელონი (უმაღლესი) ღმერთის ქურუმი. ძველი იერუსალიმის სახელი გვხვდება თელ-ამარნას წარწერებში (ძვ. წ. მე-14 ს.) ბიბლია მას შალემს, ზოგჯერ იებუსს უწოდებს, როგორც იებუსელთა საცხოვრებელს, რომლებმაც აქ ციხე-სიმაგრე ააგეს.
მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ებრაელების იერუსალიმში მისვლამდე ქალაქის მეფეები ამორეველები იყვნენ. სიონის სახელით ბიბლიაში თავდაპირველად იგულისხმებოდა იებუსეველთა ციხე-სიმაგრე. დავით წინასწარმეტყველის მიერ ქალაქის აღების შემდეგ, სიონმა მიიღო კიდევ ერთი სახელი: „დავითის სახლი“ (2 მეფ. 3 მეფ. 8:1) სიონის კედლებში იყო დავითისა და სხვა მეფეების სარკოფაგები/განსასვენებლები.
მკვლევარები ამბობენ, რომ დავითის ტახტზე ასვლის პერიოდისთვის იერუსალიმი არ იყო ისრაელიანთა ხელში. ისრაელის დედაქალაქს ხებრონი წარმოადგენდა. დავითმა ისრაელის დედაქალაქი ხებრონიდან იერუსალიმში გადაიტანა. გარდა იმისა, რომ იერუსალიმს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნდა, მის დედაქალაქად გადასაქცევად დავითს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველი - ქალაქი საუკეთესო ადგილი იყო ტაძრის ასაშენებლად. მეორე - დავითმა დაკარგა საულ მეფის ტახტი, რომელიც ბენიამინის ტომიდან იყო. იერუსალიმი მდებარეობდა ბენიამინისა და იუდას ტომების მიწების საზღვარზე, რამაც საშუალება მისცა დავითს ქვეყანა თავისი მმართველობის ქვეშ გაეერთიანებინა.
იერუსალიმი რჩებოდა ქანაანელთა იმ ერთადერთ ქალაქად, რომელიც ისრაელიანების არც ერთ ტომს არ ეკუთვნოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ გაილაშქრეს დავითმა და მისმა კაცებმა იერუსალიმისკენ იებუსეველთა, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ. ხოლო მათ ასე უთხრეს დავითს: ვერ შემოხვალ, რადგან ბრმები და კოჭლები გაგაქცევენ უკან... მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე... ეს არის დავითის ქალაქი (2.მეფ. 5:6).
იერუსალიმი გადაიქცა ისრაელის არა მარტო პოლიტიკურ, არამედ რელიგიურ ცენტრად. სოლომონ მეფე (ძვ. წ. 967/5-928 წ.წ.) თავისი მეფობის მეოთხე წელს (ეგვიპტიდან გამოსვლის 480 წელს) შეუდგა იუდეველთა პირველი ტაძრის მშენებლობას, რომელიც 7 წელი გრძელდებოდა. ტაძარი სამეფო სასახლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელსაც ამ კომპლექსში დომინირებული ადგილი ეკავა.
სოლომონის მიერ აგებულმა დიდებულმა ტაძარმა იერუსალიმს წმინდა ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ამავდროულად ის გაერთიანებული ისრაელის სატახტო ქალაქიც გახლდათ.
ძვ. წ.928 წელს ისრაელის სამეფოს ორად გაყოფის შემდეგ, იერუსალიმი იუდას მეფეთა სატახტო ქალაქი ხდება. ძვ. წ. 598 წელს ქალაქი დაიპყრო ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, რომელმაც სოლომონის (პირველი ტაძარი) დაანგრია. არქეოლოგიურად უკეთ არის წარმოდგენილი ნაბუქოდონოსორის პერიოდის იერუსალიმის საფორტიფიკაციო ნაგებობები. ჩვენამდე მოაღწია იერუსალიმის ციტადელმა, ქალაქის დედაციხემ, რომელსაც დავითის კოშკი ეწოდება.
აქემენიანთა სპარსეთის მეფე კიროს მეორე დიდმა ძვ. წ. 538 წელს დაიპყრო ბაბილონი და გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ებრაელებს იერუსალიმში დაბრუნებისა და მეორე ტაძრის მშენებლობის უფლება მიეცათ. მაგრამ იუდეველებსა და სამარიელებს შორის ატეხილმა შფოთმა მეორე ტაძრის მშენებლობა 15 წლით შეაფერხა. ანგია და ზაქარია წინასწარმეტყველების ღვაწლის შემდეგ განახლდა მშენებლობა. მეორე ტაძარი ძვ. წ 516 წელს აშენდა - პირველი ტაძრის დანგრევიდან სამოცდაათი წლის შემდეგ.
იერუსალიმში გამოვლენილია ჰეროდე დიდის მიერ აშენებული კოშკები და გალავანი. აქ გაითხარა რომაელების მიერ განადგურებული ებრაული იერუსალიმის ახ. წ. 70 წლის ე. წ. გადამწვარი სახლი. აქვეა მდიდარ მოქალაქეთა მოზაიკურ-იატაკიანი სახლების ნანგრევები.
იერუსალიმის არქეოლოგიური შესწავლა მე-19 საუკუნეში ბიბლიური არქეოლოგიის წარმოშობასთან ერთად იწყება და მეცნიერები საკმაოდ საინტერესო ფაქტებს გვაწვდიან, რომლის შესახებაც უფრო ვრცლად სხვა დროს შეგვიძლია ვისაუბროთ.
მხოლოდ ერთ ვიტყვი, - 1848 წელს როდესაც დე სოლსიმ გაწმინდა ე. წ სამეფო აკლდამა, მან ასევე გათხარა პირველი ტაძრის პერიოდის აკლდამა (ე. წ. ფარაონის ქალიშვილის სამარხი), შეისწავლა ადრიანეს თაღი ვია დოლოროსაზე...
ნაპოვნია ადგილი, სადაც იესო ქრისტე რომაელებმა გაასამართლეს. აქედან იწყება ბიბლიაში აღწერილი მაცხოვრის ტანჯვის გზა შესვენების 14 ადგილით...
იერუსალიმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველი ხალხის ისტორიაში. გოლგოთიდან მცხეთამდე გამოირა მაცხოვრის კვართმა, რომელმაც სვეტიცხოვლის აშენებამდე იქ არსებულ ტაძარში დაივანა... სვეტიცხოველს უდიდესი ისტორია და მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის ცხოვრებაში.