"ერთხელ ოჯახი სუფრასთან ვისხედით. დედა ბაბუას უყურებდა და უცებ, ყურში მითხრა, - მალე გარდაიცვლებაო... დაახლოებით 1 კვირაში ბაბუა გარდაიცვალა. მას მერე, დედაჩემის ყველა სიტყვის მჯერა" - კვირის პალიტრა

"ერთხელ ოჯახი სუფრასთან ვისხედით. დედა ბაბუას უყურებდა და უცებ, ყურში მითხრა, - მალე გარდაიცვლებაო... დაახლოებით 1 კვირაში ბაბუა გარდაიცვალა. მას მერე, დედაჩემის ყველა სიტყვის მჯერა"

მარიამ ციმინტიას შვილი" - ყველა ასე მიცნობსო, გვითხრა 20 წლის მოცეკვავე ანა სარალიძემ,

რომელიც ახლახან ტელეშოუ "ნიჭიერის" სცენაზე თავის გუნდთან ერთად, ჰიპ-ჰოპის ცეკვის ნომრით გამოჩნდა. საგულშემატკივროდ ანას პარაფსიქოლოგი და ექსტრასენსი დედაც თან ახლდა...

- თავდაპირველად, ქართული ხალხური ცეკვით გახლდით დაკავებული. სხვათა შორის, სასაცილო მიზეზის გამო დავანებე თავი: გაცივებული ვიყავი, რის გამოც 1 თვე გაკვეთილები გავაცდინე, შემდეგ კი მისვლის ძალიან შემრცხვა. არც ერთ ცეკვაზე აღარ დავდიოდი... მერე კონტემპი ვცადე, მაგრამ არ მომეწონა და გამოვედი... ისე მოხდა, რომ სკოლიდან სამოდელო სააგენტოში მიმიწვიეს. როცა მივედი, მკითხეს, - ცეკვაზე სად დადიხარო? ვუპასუხე, - არსად-მეთქი. დედაჩემმა ეს რომ გაიგო, გულზე მოხვდა - რას ჰქვია, ჩემი შვილი არსად დადისო?! ადგა და ჰიპ-ჰოპზე შემიყვანა (იცინის). ჰიპ-ჰოპს 9 წლიდან ვცეკვავ. მხოლოდ 1 წელი "ჩავაგდე," რადგან სტუდია ჩემი სახლიდან შორს იყო, გარდატეხის ასაკში მყოფს სიარული მეზარებოდა... რომ არ მოვიტყუო, ადრე ცეკვას სერიოზულად არ ვუყურებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში მივხვდი, ცეკვის გაგრძელება მინდოდა, რადგან ერთ-ერთ სტუდიაში ქორეოგრაფის ასისტენტად მუშაობა დავიწყე. ბავშვებს რომ ვასწავლიდი, ძალიან მესიამოვნა.

- ამ სფეროში რა მიღწევები გაქვს?

- საქართველოში შეჯიბრებების ჩატარების დიდი ფუფუნება არ გვაქვს, მაგრამ 12 წლის ვიყავი, როცა სპორტის სასახლეში, ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეების შეჯიბრება ჩატარდა. ჩვენი ქორეოგრაფია უნდა წარგვედგინა, ოღონდ - მუსიკა წინასწარ არ ვიცოდით. უფრო მუსიკალურ სმენას ამოწმებდნენ... მესამე ადგილი დავიკავე. ასევე, პატარ-პატარა, უმნიშვნელო კონცერტებში ვმონაწილეობდი.

- "ნიჭიერში" მონაწილეობა როგორ გადაწყვიტე?

- თავად დამიკავშირდნენ. თავდაპირველად, ნომერში თავად მონაწილეობას არ ვაპირებდი. რაკი დიდი ხნის განმავლობაში სცენაზე არ ვმდგარვარ, ძალიან მეშინოდა. სცენაზე გამოსვლა სხვაგვარი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დედაჩემის 3-საათიანი "ლექციის" მერე, პროექტის წარმომადგენლებთან გადავრეკე და ვუთხარი, რომ სცენაზე გამოვიდოდი (იცინის). მანამდე ჩემი პატარა მოსწავლეების, 3 გოგონას გაყვანას ვფიქრობდი. შემდეგ უფროსებიც ჩავამატე და საკუთარი თავიც. სხვათა შორის, ცეკვის მომზადება არ გამიჭირდა. უბრალოდ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჩემი გოგოებიც კარგად დამეხმარნენ და 1 კვირაში, ტანსაცმლიან-ცეკვიანად ყველაფერი "ავაწყვეთ".

- ჰიპ-ჰოპსაც სპეციალური კოსტიუმები სჭირდება, რაც მაგალითად, სამეჯლისო სპორტულ ცეკვებს?

- ნებისმიერი რამის ჩაცმა შეგიძლია. კოსტიუმებიც ჩემი შერჩეულია. ამაზე ძალიან ბევრი ვიწვალე (იღიმის). მეორე ტურზე კოსტიუმების უფრო მეშინია, ვიდრე ქორეოგრაფიის... პირადად მე, ტოპების მოყვარული ვარ - მომწონს, როცა მუცელი მიჩანს, მაგრამ რადგან ჩემი მოსწავლეები არასრულწლოვნები არიან, ვერ ჩავაცვი. ვიფიქრე, ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოვდიოდით და ცოტა არ იყოს, ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა, რომ ბავშვები "გამეტიტვლებინა" (იცინის)... ისე მოხდა, რომ მეგობარს დარბაზში წითელი მაისური დარჩა. უცებ გადავიცვი და სარკეში რომ ჩავიხედე, ძალიან მომეწონა. შემდეგ მეგობარს ვკითხე, სად იყიდა. გვაყიდვინა, მაგრამ ერთი და იმავე მოდელის 10 კაცისთვის შეძენა რთულია. მეორე ტურისთვის კოსტიუმებს ვიკერავთ...

- "ნიჭიერში" შენი მონაწილეობისას ჩანდა, როგორ ცდილობდა დედა, დაემშვიდებინე, მაგრამ ეწინააღმდეგებოდი. ამ მხრივ, რეალურ ცხოვრებაში როგორი სიტუაცია გაქვთ?

- პირადად მე, არ მიყვარს, როცა რაღაცებს წინასწარ მეუბნებიან. თუ არ მომეწონა, მწყინს ან ვამბობ, რომ არ მჯერა. მოკლედ, რაც არ მაწყობს, არ ვიჯერებ. შესაბამისად, დედასაც არ ვთხოვ ხოლმე, რაღაცები წინასწარ მითხრას. თან, ძალიან ბევრს მუშაობს და მეცოდება, რომ ეს ვთხოვო...

- როდის გაიაზრე, რომ დედა ნათელმხილველია და ეს როგორ მიიღე?

- თავდაპირველად, მოსკოვში რომ წავიდა და "ექსტრასენსთა ბრძოლაში" მონაწილეობდა, ძალიან გამეცინა. საერთოდ, დედა ისეთი ადამიანია, რომ ყველაფერი შეუძლია: კერძების მომზადება, სიმღერა... ლოგოებსაც ამზადებდა... ეგ კი არა, ჩემთან ერთად ცეკვაზეც დადიოდა! რაკი ყოვლისშემძლე გახლავთ, ესეც აღარ გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, - ალბათ, შოუ დადგმული იქნება, რაღაცებში დაეხმარებიან-მეთქი, მაგრამ მახსოვს, მისი ნათელმხილველობის უნარის როდის დავიჯერე: საქართველოში რომ დაბრუნდა, ერთხელ ოჯახი სუფრასთან ვისხედით. დედა ბაბუას უყურებდა და უცებ, ყურში მითხრა, - მალე გარდაიცვლებაო... დაახლოებით 1 კვირაში ბაბუა გარდაიცვალა. მას მერე, დედაჩემის ყველა სიტყვის მჯერა: ამას აღარ ემეგობრები, იმას დაშორდებიო და ა.შ. ყველაფერი ცხადდება. ამიტომ არ მიყვარს, როცა წინასწარ მეუბნება.

mariami-deda-1728232810-1728805233.jpg

- ნათელმხილველური უნარები საკუთარი თავისთვისაც ხომ არ შეგინიშნავს?

- ცოტათი კი. ადრე გარკვეული ხილვებიც მქონდა, მაგრამ შემეშინდა. მერე დედა ე.წ. აურის გასუფთავებას მიკეთებდა.

- შეგიძლია, შენი ხილვების შესახებ მოგვიყვე?

- მგონი, 10 წლის ვიყავი. მეგობრის (ჩემი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით ცხოვრობს) სახლიდან შინ მოვდიოდი. დავინახე, რომ გზაზე კაცი მოდიოდა. ხელში ჩემოდანი ეკავა. იცი, როგორ სიტუაციაში აღმოვჩნდი? წყალში რომ ჩაგაგდებენ და ყური დაგიგუბდება, ყველაფერი ასე მესმოდა, ყველაფერს ძალიან შენელებულად ვგრძნობდი... იმ კაცს ვუყურებდი და "რეიკივით" (ვიცი, ეს ახლა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ სხვას ვერაფერს შევადარებ) მეჩვენებოდა - თითქოს ჩემოდნიდან იზლაზნებოდა იმ კაცის ნაცვლად... ეს წამიერად გრძელდებოდა. უცებ გონს მოვდიოდი... მოკლედ, ამ კაცმა გამომხედა და გაიარა. იმ დღის შემდეგ, გეფიცები, 2 დღე ღამით სახლიდან არ გავსულვარ... ასევე, მგონი, 4 წლის ვიყავი, როცა დედამ ლოგინში დამაწვინა და საძინებელი ოთახიდან "ზალაში" გავიდა, მაგრამ ღია კარიდან მხედავდა. ოთახიდან ვეძახდი, - დე, გთხოვ, მოდი, ვიღაც ქალი "იავნანას" მიმღერის და არ მსიამოვნებს-მეთქი...

- შენს წინათგრძნობას, ხილვას საფრთხისგან გადაურჩენიხარ?

- კი, ეს ჩემს ყოფილ შეყვარებულს უკავშირდება: დაშორების მერე, ცოტათი ობსესიურ-მანიაკალურად იყო ჩემზე გადაკიდებული. ბათუმში ვიყავი. მეგობარი - ნუცა უნდა მენახა, რომელიც 1 წელი ნანახი არ მყავდა. როცა დამირეკა, ბათუმში ვარ, გამოდი, გნახავო, რაღაც წინათგრძნობა მქონდა, რომ არ უნდა გავსულიყავი. იმ გოგოს ნახვა ძალიან მინდოდა, მაგრამ რაღაც მაჩერებდა. სხვა მეგობრებს უკვირდათ - უარს რატომ ეუბნებიო?! მიზეზს თავადაც ვერ ვხვდებოდი. 1 საათში ნუცამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ყოფილი შეყვარებული შეხვდა. იმ პერიოდში, იმ ბიჭს ვემალებოდი, რადგან ძალიან ავადმყოფურად იქცეოდა. თან, ბათუმში იმ დღეს ჩასულა და ისე დაემთხვა, რომ მაგ დღეს მაინცდამაინც ნუცას შეხვდა...

- გარშემო მყოფების შენდამი დამოკიდებულება თუ იცვლება, როცა იგებენ, ვისი შვილი ხარ?

- იმ მხრივ იცვლება, რომ ზოგს დედაჩემის ეშინია. რაღაცნაირად, ჩემიც ეშინიათ, მაგრამ მერე ვამბობ, - არა, მეგობრებო, მე არაფერი "არ მჭირს"-მეთქი (იცინის). ისე, მარიამი ყველას ძალიან უყვარს. დედა სულ მეამაყებოდა.

- კიდევ, ვინ არიან შენი ოჯახის წევრები?

- დედასა და ბებიასთან ერთად ვცხოვრობ. ორივესთან ძალიან მაგარი ურთიერთობა მაქვს - ჩვეულებრივი დაქალები ვართ. კიდევ, მახინჯი ძაღლი და კატა მყავს (იცინის). ორივე ძალიან მიყვარს! ძაღლი ჩიხუახუას ჯიშის გახლავთ, ისედაც მოკლე ფეხები აქვს, თან - ჭარბწონიანია, ძლივს დადის... კატას რაც შეეხება, ის დედის ოფისში მცხოვრები შავი კატის შვილია.

- მამაზე არაფერი გითქვამს...

- 5 წლის ვიყავი, როცა მშობლები დაშორდნენ. შემდეგ მამა სამუშაოდ ერაყში წავიდა... ჩვენგან შორს იყო, თან - სამხედრო სამსახურში. ბავშვი ამას გაბუქებულად აღვიქვამდი და ძალიან განვიცდიდი. 1 თვით ჩამოდიოდა, 3 თვით მიდიოდა. ძირითადად, კომუნიკაცია "სკაიპით" გვქონდა. რომ გითხრათ, გადასარევი ურთიერთობა გვქონდა-მეთქი, მოგატყუებთ. თითქოს არ ვიცნობდი, მასთან ძალიან გაუცხოებული ვიყავი, მაგრამ ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ. მამა ძალიან მიყვარს! ბოლო დროს უფრო დავახლოვდით. წინათ მცირე ასაკის ვიყავი და ცოტათი ვერ ვუგებდი... მამას ხასიათით ძალიან ვგავარ. კამათი რომ მოგვდის და ერთსა და იმავე ტალღაზე ვართ, ხასიათით ისე ვგავარ, რომ რაღაცები არ მსიამოვნებს (იცინის).

- განსაკუთრებულად რომელი თვისებებით ჰგავხარ?

- იუმორის გრძნობით. ასევე, მამას ფეთქებადი ხასიათი აქვს. ეს თვისება დედასაც ახასიათებს, მაგრამ დედა ითმენს, ითმენს, მერე კი ერთიანად "აფეთქდება", მამას კი ამწამს თუ რამე არ მოეწონა, მორჩა!.. მეც 1 წამში შეიძლება გავბრაზდე. კიდევ, მამის ცხოვრებაში რაც უნდა ცუდი ამბავი მოხდეს, მაინც ყველაზე ბედნიერი ადამიანია. ცხოვრებით ბოლომდე ტკბება, ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებს. მეც ეს თვისება მახასიათებს.

- მამა ისევ სამხედრო სამსახურშია?

- არა. რამდენიმე წელია, ჩამოვიდა. ხშირად ვნახულობ. ახლა ჩემთან დარბაზშიც მოდის. მას დედაც ემეგობრება.

- ალბათ, მამამ "ნიჭიერში" შენი გამოსვლა ნახა. როგორ გგულშემატკივრობს?

- სხვათა შორის, ადრე მამა სულ მეჩხუბებოდა, რადგან ჰიპ-ჰოპზე დავდიოდი. დედას ეუბნებოდა, - გამოიყვანე, ქართულ ხალხურ ცეკვაზე შეიყვანეო! მაშინ ძალიან მწყინდა. ამ თემაზე "სკაიპში" სულ ვკამათობდით. დედა პასუხობდა, - ცოცხალი თავით არ გამოვიყვან, გამორიცხულიაო, რადგან ხედავდა, რომ ამ ჟანრის ცეკვა გამომდიოდა. აქვე დავამატებ, რომ როგორც დედისგან ვიცი, თურმე, ადრეულ ბავშვობაში, როცა ჭოჭინაში ვიჯექი, დედა მიყურებდა და ბებიისთვის უთქვამს, - ანა ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე იქნებაო. ბებია ეჩხუბა, - კარგი, რას ამბობო (იცინის)?!. როცა სტუდია გავხსენი, მამას გაუხარდა. კონკრეტულად, ჰიპ-ჰოპს კი არა, დენსჰოლს, აფროს, ჰილსსაც ვცეკვავ... რა თქმა უნდა, გამომწვევი ცეკვის შესრულებისას მამის მრისხანების ატანა მიწევდა (იცინის)... ამასობაში, უკვე 20 წლის გავხდი... როცა "ნიჭიერში" გამოვედი, მამა დედის გვერდით იდგა. საერთოდ, როცა ნერვიულობს, არ ეტყობა, მაგრამ ვიცი, იმ დროს ნერვიულობდა. ჩვენს გამოსვლას ტელეფონის კამერით იღებდა. მერე კულისებში ორივე მშობელს ჩავეხუტე. მამამ მითხრა, - ძალიან მაგარი ხარო! ამ თემასთან დაკავშირებით, სულ დავცინი - ახლა ვარ მაგარი? აბა, ცეკვიდან რომ გამოგყავდი-მეთქი (იცინის)?..

- ცეკვის გარდა, კიდევ რომელიმე პროფესიით სერიოზულად დაინტერესებული ხომ არ ხარ?

- პროფესიით გრაფიკული და 3 D დიზაინერი ვარ. ლოგოებს ვაკეთებდი, ვყიდდი, ვებ-საიტები მაქვს აწყობილი... სკოლა არ მიყვარდა - დროს ტყუილად ვკარგავ-მეთქი. მეცხრე კლასიდან გამოვედი. პროფესიულ სასწავლებელში შევედი, სადაც პროგრამირება - კოდინგი, გრაფიკული და 3D დიზაინი ვისწავლე, მაგრამ მათემატიკასთან "ახლოს" არ ვარ და დიდად არ მიყვარს. "კოდები" ამიტომ შემზიზღდა - იგივე სტრუქტურა აქვს... ახლა მოსკოვის უნივერსიტეტში, ისევ პროგრამირების კურსზე ვარ ჩაწერილი - ონლაინ ვსწავლობ. 1 სემესტრიღა დამრჩა. სიმართლე გითხრა, მეცადინეობას თავს არ ვაკლავ. მთავარ პროფესიად ცეკვა მაქვს არჩეული.

- საუბარში აღნიშნე, რომ შენთან ერთად, ცეკვაზე დედაც დადიოდა. ეს შენს ბავშვობაში, ქართულ ხალხურ ცეკვაზე თუ?..

- არა, ჰიპ-ჰოპზე, გეფიცები (იცინის)! უფრო მეტიც: კონტემპზე რომ შევედი (სულ 2 რეპეტიცია გავიარეთ), ერთსა და იმავე ჯგუფში ვმეცადინეობდით. შემდეგ ჰიპ-ჰოპზე გადავედით. ეტყობა, ცეკვის ნიჭი გენებში მაქვს, რადგან იცი, დედა რა კარგად ცეკვავს?..

- ჰიპ-ჰოპით მისმა ინტერესმა რამდენ ხანს გასტანა?

- დაახლოებით ნახევარი წელი დადიოდა. შემდეგ, მგონი, დროის უკმარისობის გამო, თავი დაანება.

- "ნიჭიერისთვის" საერთო ნომრის მომზადებას ხომ არ აპირებთ?

- კარგი იდეაა, მაგრამ ჯერ არ ვიცი - შეიძლება, მესამე ტურისთვის შევინახო (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"