"მაღალი სულიერების მქონე ადამიანს არ სჭირდება იკეკლუცოს და მეორე ადამიანს თავი მასზე ნაკლებად აგრძნობინოს. ასეთი კეკლუცობის რეჟიმში ნამდვილად ვიღლები ხოლმე" - კვირის პალიტრა

"მაღალი სულიერების მქონე ადამიანს არ სჭირდება იკეკლუცოს და მეორე ადამიანს თავი მასზე ნაკლებად აგრძნობინოს. ასეთი კეკლუცობის რეჟიმში ნამდვილად ვიღლები ხოლმე"

ამჯერად, ბლოგერისა და ტელეწამყვანის - ირინა ტორონჯაძის "წიგნის თაროთი" დავინტერესდით

და მისი ოჯახის ტრადიციის შესახებაც შევიტყვეთ, რომელიც დღემდე გრძელდება...

- ჩემი სამუშაო სფერო ტექსტთან მუდმივ მუშაობას გულისხმობს. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი თავისთვის ასეთი სტანდარტი მაქვს აღებული. როცა შენი პროფესია მეტყველებას, აზრის სწრაფად გადმოცემას უკავშირდება, აუცილებლად უნდა გქონდეს ტექსტთან მუდმივი კონტაქტი. თუ ეს უცხო ენაზე შეგიძლია, კიდევ უფრო კარგია (თავად ინგლისურ და რუსულ ენებს ვფლობ), რადგან როცა ტექსტს (მხატვრული ლიტერატურა, სტატიები, კვლევები...) უცხო ენაზე კითხულობ, შენს გონებას გაცილებით დიდი სამუშაოს გაწევა უწევს. ამით გონებას ავარჯიშებ, სწრაფად იპოვოს კავშირები, ანალოგიები მშობლიურ ენასთან, რაც შემდეგ მეტყველებაშიც გეხმარება. ამიტომ ჩემთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია: როგორც დილით ვდგები, კბილებს ვიხეხავ და ვსაუზმობ, ასევე, თუ მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებს არ ვკითხულობ, აუცილებლად სტატიას ვეცნობი. ინგლისურენოვანი სტატიების კითხვა მიყვარს, რადგან თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევები მათში კარგადაა გადმოცემული. ქართულ ენაზე ხშირად არ თარგმნიან. ფსიქოლოგია მაინტერესებს. თან, სამედიცინო განათლება მაქვს... მოკლედ, წელიწადში იმდენ სტატიას ვკითხულობ, რომ შეიძლება, ვერც დავთვალო. შემდეგ უნებურად, სატელევიზიო გამოსვლებში თუ ჩემსავე გადაცემაში, ეს ძალიან მადგება... ლიტერატურის რუსულენოვანი მასწავლებელი მყავდა, რომელიც გეგმებს გვაძლევდა, რა უნდა წაგვეკითხა. რა თქმა უნდა, კლასიკურ ლიტერატურას ვკითხულობდი: ჰემინგუეის, ტოლსტოის, ცვაიგის, შექსპირის, გოეთეს და კიდევ ბევრი ავტორის ნაწარმოებების წაკითხვას გვავალებდა. მაგალითად, სერვანტესის "დონ კიხოტის" კითხვას მგონი, მართლა 2 თვე მოვანდომე. როცა მასწავლებელმა მკითხა, მომეწონა თუ არა? ვუპასუხე, რომ მომეწონა, რადგან "არას" თქმის შემეშინდა (იცინის). ჯერ ერთი, "დონ კიხოტი" რთული ტექსტია, თან - სპეციფიკური. ვალდებული არ ვარ, ყველაფერზე "მომეწონა" ვთქვა. ჩემი და მშობლების თაობაში ასეთი დამოკიდებულება არსებობდა: ერთმანეთს ამუნათებდნენ, რას ჰქვია, ესა და ეს ნაწარმოები წაკითხული არ გაქვსო?! ბევრი წიგნი იმიტომ მაქვს წაკითხული, რომ უნდა წამეკითხა და არა - იმიტომ, რომ თავად მინდოდა ან რამე გავიგე. რა თქმა უნდა, არის წიგნები, რომლებიც ნამდვილად ჩემს გემოვნებას შეესაბამება და მათ თავისი როლი შეასრულეს...

- "დონ კიხოტი" ზრდასრულ ასაკში ხელახლა თუ წაიკითხეთ?

- ალბათ, 15-16 წლის ვიყავი, როცა ეს ნაწარმოები წავიკითხე. ნამდვილად არ გამჩენია სურვილი, მივბრუნებოდი... წიგნი, რომელიც 9-ჯერ ან მეტჯერ მაქვს წაკითხული, ტოლსტოის "ანა კარენინა" გახლავთ. რა თქმა უნდა, მასში ფემინისტური მოტივები არის. როგორც ტოლსტოიმ ქალისა და საზოგადოების პრობლემატიკა გაშალა, მგონი, მსოფლიოს ლიტერატურაში ეს ასე მაგრად სხვამ ვერავინ მოახერხა. თურმე, ამბობდნენ კიდეც, - თითქოს ქალად გადაიქცაო. ნაწარმოებში ქალის სახე კარგად გააცოცხლა. შესაბამისად, "ანა კარენინაში" ნამდვილად რაღაც ჩემეული ამოვიკითხე (პირველად 15-16 წლისამ წავიკითხე) და ჩემზე მართლა გავლენა მოახდინა... ო’ჰენრის მოთხრობები ყოველთვის მიყვარდა. საერთოდ, მოთხრობები, ნოველები უფრო მომწონდა, ვიდრე რომანები, მაგრამ მარგარეტ მიჩელის "ქარწაღებულნი" განსაკუთრებულად მიყვარს. მასშიც ქალის სახეა... სანამ საჯაროდ გამოვჩნდებოდი და საზოგადოება ისე გამიცნობდა, როგორც ფემინისტს, მანამდე ჩემში ეს ვნებები და ინტერესები ისედაც ხომ იყო, არა? რა თქმა უნდა, შესაბამისი ლიტერატურა მიზიდავდა. მაგალითად, ყოველთვის მიყვარდა ფსიქოლოგიური წიგნები. ფროიდის ნაშრომებს ვკითხულობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ადვილია. იუნგის წიგნებიც მაინტერესებს, მაგრამ იმის თქმას ვერ ვბედავ, რომ მიყვარს, რადგან რთულია... ერიხ ფრომს მართლა მაგარი ფსიქოლოგიური ნაშრომები აქვს, მაგალითად - "თავისუფლებისგან გაქცევა"... გარდატეხის ასაკში, როცა ჰორმონების მოზღვავება და სექსუალური ცხოვრების მიმართ ინტერესი იყო, მახსოვს, ჰენრი მილერის "კირჩხიბის ტროპიკი" წავიკითხე, რომელშიც ღიად ეროტიკული ტექსტებია, ოღონდ - გემოვნებით დაწერილი... პარალელურად ფილმებს ვარჩევდით: ალმოdoვარის ფილმებიდან დაწყებული ბერტოლუჩით, პაზოლინით გაგრძელებული... ის პერიოდი (მოზარდობიდან 30 წლამდე) თვითგანათლებას ყველაზე მეტად მივუძღვენი. იმ დროს წავიკითხე წიგნები, რომლებმაც ჩემზე მართლა გავლენა მოახდინა, მაგალითად - კობო აბეს "ქალი ქვიშაში", თეოდორ დრაიზერის "ამერიკული ტრაგედია"... გავიაზრე, ფულმა და მატერიალურმა ფასეულობებმა როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანზე. საერთოდ, ვფიქრობ, წიგნის დანიშნულება ეგ არის, რომ რაღაცები გაგააზრებინოს. არ მომწონს იმით კეკლუცობა, თუ რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული ადამიანს. ოპონენტს თუ მეგობარს ნიშნის მოგებით არასოდეს ვეტყვი, - ეს არ გაქვს წაკითხული-მეთქი?.. წინათ, თითქოს მოდაში იყო, რომ დაგამუნათებდნენ, თუ რომელიმე ნაწარმოები წაკითხული არ გქონდა. შეიძლება ვიღაცას "პლუს ერთი" წიგნი ყოველთვის წაკითხული ჰქონდეს. მთავარია, წაკითხულიდან რა გაიგე, რა გაიაზრე და ფასეულობების თვალსაზრისით, წიგნმა როგორ გაგზარდა. ადამიანი როცა მართლა გაიგებ, რა წაიკითხე, ამით კეკლუცობა არასოდეს მოგინდება, რადგან მაღალი სულიერების მქონე ადამიანს არ სჭირდება იკეკლუცოს და მეორე ადამიანს თავი მასზე ნაკლებად აგრძნობინოს. ბევრი ვიცი, ვინც მართლა კეკლუცობს, რომ ესა და ეს მაქვს წაკითხული, ასეთი კეკლუცობის რეჟიმში ნამდვილად ვიღლები ხოლმე (იღიმის).

- ლიტერატურული ნაწარმოებების თქვენთვის შთამბეჭდავ ეკრანიზაციებზე რას გვეტყვით?

- აღიარებულიცაა და ჩემს აზრსაც ემთხვევა, რომ ერთ-ერთი (შეიძლება - ერთადერთიც) ეკრანიზაცია, რომელმაც ზუსტად გაიმეორა წიგნი, ანუ მაყურებელს ნულოვანი იმედგაცრუება დაუტოვა, არის "ქარწაღებულნი". ეს რომანი რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. კითხვისას მგონია, რომ ეკრანული გმირები არიან აღწერილი - არანაირი აცდენა არაა, "ერთი ერთშია". სხვათა შორის, ავსტრალიაში კინოთეატრი არსებობს, სადაც მხოლოდ "ქარწაღებულნი" გადის, ისე უყვართ... პატივი ასე მიაგეს.

- ჯერ ფილმი ნახეთ თუ წიგნი წაიკითხეთ?

- როგორც მახსოვს, ჯერ წიგნი წავიკითხე, თუმცა ფილმის კადრები ნანახი მქონდა, მაგრამ - არა, თავს ვერ დავდებ. ისეა "ერთმანეთში გადაბმული" ფილმი და წიგნი, რომ დაზუსტებით ვერ ვიხსენებ, რომელი იყო პირველი... მაგალითად, "ანა კარენინას" რაც შეეხება, ჩემთვის სოფი მარსოს შესრულება ძალიან მოსაწონია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ წიგნივით მომეწონა...

- ლიტერატურის რუსულენოვანი მასწავლებელი ახსენეთ. სკოლის პედაგოგს გულისხმობთ?..

- არა, ეს ჩემი მენტორი გახლდათ, რომელიც წლების განმავლობაში, ჩემს ოჯახს დაქირავებული ჰყავდა და თაობებს ასწავლიდა ჩვენს წრეში, ჩვენს ოჯახში. ძალიან მკაცრი გახლდათ, თან - უსაყვარლესი.

- როდის გაბედეთ ხმამაღლა გეთქვათ, რომ კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები არ მოგწონდათ?

- ჩემი მშობლების სახლში რომ შეხვიდე, ოთახებში, იატაკიდან ჭერამდე ბიბლიოთეკებია. მამა, ბაბუა და უფროსი და სულ კითხულობდნენ. მაგალითად, მამა დღეში 2 წიგნს კითხულობს - არ ვაჭარბებ. მე და ჩემს უმცროს დას რაც უნდა წაგვეკითხა, სულ ჩამოვრჩებოდით (იცინის). ბოლოს "შეჯიბრებას" თავი დავანებე. გადავწყვიტე, რაც შემეძლო და მაინტერესებდა, ის წამეკითხა. მაგალითად, მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის რუსული პოეზია მომწონს. ზეპირად ვიცი პუშკინის, ლერმონტოვის, ბლოკის, მანდელშტამის, ესენინის, ცვეტაევას, ახმატოვას ლექსები. არ მჭირდება, ვიღაცამ მითხრას, რა წავიკითხო, რადგან მინდა და ვკითხულობ. ალბათ, როცა უკვე "გამოვიზარდე" იმ მოცემულობიდან, რომ პედაგოგი დავალებას მაძლევდა და ვკითხულობდი, აზრის თამამად დაფიქსირებაც დავიწყე, რა მომწონდა და რა - არა.

- ანუ ზრდასრულობის პერიოდშიც გყავდათ პედაგოგი?

- კი. 6-დან ალბათ, 25 წლის ჩათვლით, ოღონდ - ეს ისე არ ყოფილა, როგორც ბავშვებს ასწავლიან მასწავლებლები. შეიძლება, დღეს ამას "ტრენინგი" უწოდოს ვინმემ. პედაგოგი მოდიოდა, ფილმს ვნახავდით, გავარჩევდით, შემდეგ მხატვრობაზე რამეს მიყვებოდა, მერე ლიტერატურაში დავალებას მომცემდა... გარკვეულ ასაკში, ეს მშობლების მითითებით კი არა, ჩემი სურვილით ხდებოდა. უბრალოდ, ჩვენს ოჯახში ეს კულტურა იყო დამკვიდრებული. ახლა ჩემი დისშვილებიც იმ პედაგოგთან დადიან - ტრადიციას ვაგრძელებთ (იღიმის). ალბათ, 30 წლამდე მეც ასეთი წარმოდგენა მქონდა, რომ რაღაცები უნდა წამეკითხა. შემდეგ მივხვდი, რომ საკუთარ თავს ასეთი მოთხოვნები არ უნდა წაუყენო, პირიქით - წიგნის კითხვამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოს.

- პირველად რომელი წიგნი წაიკითხეთ, თუ გახსოვთ?

- ბაბუა გვყავდა, რომელიც წიგნებს რუსულიდან ქართულ ენაზე სინქრონულად, სიტყვასიტყვით გვითარგმნიდა. მაგალითად, ცოტათი გაცივებულები, ლოგინში რომ დავწვებოდით მე და ჩემი დები, ბაბუა მოგვიჯდებოდა და გვკითხავდა მაინ რიდის, ჟიულ ვერნის ნაწარმოებებს... როცა წიგნი თავად წავიკითხე, მგონი, უკვე პედაგოგი მყავდა. ალბათ, ჩემ მიერ წაკითხული პირველი წიგნი "კარლსონი" ან "პეპი გრძელიწინდა" იქნებოდა, შემდეგ - ისევ მაინ რიდის ნაწარმოებები, რომლებიც ბაბუისგან ბევრჯერ მქონდა მოსმენილი, მერე კი პედაგოგმა გაართულა და გაართულა დავალებები (იცინის)...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნებოდა?

- საინტერესო იქნებოდა. სხვათა შორის, ჩანაფიქრი მქონდა, რომ ჩემი ცხოვრება ფსიქოლოგიურ ჭრილში დამეწერა - ერთგვარი ფსიქოლოგიური თავგადასავალი ყოფილიყო. წერა დავიწყე, მაგრამ მივხვდი, ეს არ მინდოდა: მირჩევნია, საჯარო ფიგურა - ირინა ტორონჯაძე როგორიც არის, ისეთი იყოს, ვიდრე "გავშიფრო" და "გარეთ გამოვიტანო"... მოკლედ, ეს თემა დავხურე (იღიმის). საუბარი, რაღაცების გარჩევა მიყვარს - ჩემი ნიშა ნაპოვნი მაქვს. უფრო პომპეზურ რაღაცებზე დიდად არ ვფიქრობ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"