"სოხუმის დაცემის დღეს ქალაქის ცენტრში ვიყავი... დოდო გუგეშაშვილის ჯგუფი რომ შევიდა დაღუპულების გამოსაყვანად, მეც შევყევი. ერთი ბიჭი მე დამადეს ზურგზე. იმ წამებში მეგონა, გული გამიჩერდა"
"რუსული ბომბისგან დაცული არსად ხარ... დააკვირდით, თბილისში უფრო მეტია უკრაინული დროშა, ვიდრე ქართული"
ორ ომგამოვლილი ქართველი რეჟისორი და ჟურნალისტი გოგა ჭყონია უკრაინაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და ახლახან, 27 სექტემბერს, აფხაზეთის დაცემის დღეს დაბრუნდა სამშობლოში.
- მგონი, 27 სექტემბერს ომიდან დაბრუნება რაღაცნაირად დამებედა. ომი ბოლო 30 წელია, ჩემი ცხოვრების თანამდევად იქცა. რა თქმა უნდა, დამთხვევა იყო, გამოქცევა მთლად არა, თუმცა ჩქარი უკან დახევა რა არის, თუ არა გაქცევა? 1993 წელს ვგულისხმობ.
- რა ხდება ამწუთას კიევში?
- იქ საერთოდ არ იგრძნობა ომის სიმძაფრე. წინა წლებთან შედარებით ვამბობ. ხომ ვიყავი 22 და 23 წლებშიც. მაშინ კომენდანტის საათი იყო, გათენებისას იწყებოდა სიგნალის ხმა. ახლა 12 საათზე იწყება და 5-ზე მთავრდება. მე მაინც ვფრთხილობდი გადაღებას, განსაკუთრებით ქუჩაში. თუმცა არავინ მოსულა ხელის შესაშლელად. ცოტა დაძაბულები არიან უცხოელებთან, მით უმეტეს, როცა რუსულად გამოელაპარაკები. სანამ გაიგებდნენ, რომ ქართველი ვიყავი, მანამდე მტრული განწყობა იყო.
როგორ შევადარო ერთმანეთს მიწასთან გასწორებული მარიუპოლი და კიევი, თუმცა მათ შორის არის საერთოც. რუსული ბომბისგან დაცული არსად ხარ, ნებისმიერ ქალაქსა და დასახლებაში შეიძლება ჭურვი ჩამოვარდეს და ერთბაშად გაანადგუროს იქაურობა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სრულ მზადყოფნაშია ბრძოლისთვის, სიძნელეების გადალახვისათვის, შესაძლო დანაკარგისთვისაც კი. მე ასე დავინახე და ეს განცდა, მათი მოტივაცია, შემართება, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ცხადია, რაც იქ ვიყავი, პრაქტიკულად არ მიძინია, იმიტომ, რომ ყოველღამ დაბომბვაა და მით უმეტს, სადაც ვიყავი, იქ სამხედრო ბაზაა.
უკრაინელები უკვე ჩვეულებრივად აღიქვამენ ომს, არიან ორგანიზებულად და წყნარად, ოღონდ ამ სიწყნარეში იგრძნობა განსაკუთრებული ძალა. ხარკოვსა და ზაპოროჟიეში, სადაც ფრონტის ხაზია, უფრო დაძაბულია სიტუაცია. თუმცა ისეთი მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა გაგანია ომში, გავოგნდი. იმ ფესტივალზე მეც ვიყავი მიწვეული როგორც მონაწილე. ცხოვრება გრძელდება. ეს მაინც, ალბათ, უკრაინელების სიმტკიცეზე მეტყველებს. სიცოცხლის სიყვარული დავინახე იმ ადამიანებში. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ამბობდა, რა დროს ეგ არისო.
- კი მაგრამ, როგორ? ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას?
- კი, ცხოვრება გრძელდება. საერთოდ რთულია ამის აღწერა, ზოგჯერ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. მაგალითად, ქალაქ დნეპროში ერთ მზიან დღეს გამწვანებულ ქუჩებში ხალხი თავის საქმეზე მიდი-მოდის, ზოგი ძაღლს ასეირნებს, ზოგიც სამსახურში მიიჩქარის და უცებ სირენის გამაყრუებელი ღმუილი ატყდება.
განგაშის სიგნალის ხმა სულის შემძვრელია! ხანდახან რამდენიმე ერთად ირთვება და სხვადასხვა მხრიდან ისმის. ზოგჯერ ამას ემატება რაკეტის ან სხვა გამანადგურებლის წუილი და რამდენიმე წუთში ქუჩა, სკვერი თუ მოედანი ცარიელდება, მაგრამ როგორც კი განგაში მთავრდება, ქალაქი ისევ რამდენიმე წუთში ივსება ხალხით. თითქოს არაფერი მომხდარა. ისინი ასე ცხოვრობენ. კი ეშინიათ, ზოგჯერ სასოწარკვეთილებამდეც მიდიან, მაგრამ უძლებენ და ცხოვრებას აგრძელებენ.
- თქვენ ჩასვლის პირველი დღიდან ხართ "ქართულ ლეგიონში". რა ხდება იქ? ჩვენი ბიჭები როგორ არიან?
- ბიჭები მხნედ არიან, არ ნებდებიან. ეს არის, ალბათ, ქართული ხასიათის სიმტკიცე. საოცარ ფაქტს მოგიყვებით: უკრაინაში არის თანამედროვე მუსიკალური ჯგუფი. ამ ჯგუფმა დაწერა სიმღერა ქართველ სნაიპერ გიორგიზე. მეც გავიცანი გიორგი და აღვფრთოვანდი მასთან გასაუბრების შემდეგ. მართლა გმირია. მოგეხსენებათ, ჩვენი ბაზიდან გადიან ხოლმე დავალებებზე და ზოგჯერ ორ კვირაში, ზოგჯერ ერთ თვეში, ზოგჯერ რამდენიმე დღეში ასრულებენ კონკრეტულ დავალებას. ერთხელ დავალების შესასრულებლად რომ წავიდა გიორგი, ისე მოხდა, რამდენიმე დღე წინა ხაზზე იყო ჩასაფრებული. ერთკვირიანი ჯდომის შემდეგ ჩვენებმა უკან დაიხიეს და ეს ბიჭი ჩარჩა იმათ ტერიტორიაზე. საშიშროება იყო ან ტყვედ ჩავარდნილიყო, ან დაღუპულიყო... ჩვენებმა რომ გაიგეს, გიორგი მტრის მხარეს დარჩაო, ერთმა გალელმა ბიჭმა, გაფრთხილების მიუხედავად, არ გაბედო გადასვლაო, დაქოქა მანქანა და... გიორგი სამშვიდობოს გამოიყვანა. ასეთი ამბავი, იცით, რამდენი ხდება ხოლმე?
გავიდა დრო და გიორგის მოასმენინეს ეს სიმღერა. გიორგი კარგადაა და იმედია, საღ-სალამათი დაგვიბრუნდება.
- უკრაინაში ბევრი მეგობარი გყავთ, როგორც ქართველები, ასევე უკრაინელები...
- მეგობარი ბევრი არ შეიძლება იყოს. მეტიც, ახალი მეგობრის შეძენა არასოდეს არის გვიან. ზოგი 92-93 წლებში გავიცანი, აფხაზეთის ომის დროს, როდესაც უკრაინული ასეული ჩვენს მხარეს იბრძოდა, ზოგიც 2014 წელს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მაიდნისა და დონბასის ომის მოვლენებზე ფილმს ვიღებდი. მაშინ გავიცანი დმიტრო იაროში, ოლეგ ბილი, გეორგი სპასოკუკოცი და სხვები. ძირითადად, ლიტერატორები, მუსიკოსები, მხატვრები, პოეზიისა და საავტორო სიმღერის ფესტივალებზე სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში. მათ შორის დიმა დოლგოვი, ვალერი სერგეევი. ომის დროს მეგობრების ნახვა საოცარი განცდაა, ერთნი ისეთები იყვნენ, როგორსაც ველოდი, ზოგმა გამაკვირვა, რამდენიმემ აღმაფრთოვანა თავდადებითა და ვაჟკაცობით. დღეს ქართველები კვალიფიცირებულ მებრძოლებად ითვლებიან. ღმერთმა დაგვიფაროს და, რამე რომ მოხდეს, გამოცდილი რეზევრი გვეყოლება. ქართულ პასპორტს რომ ხედავს უკრაინელი პოლიციელი ან ჯარისკაცი, მაშინვე ატყობ შენ მიმართ კეთილგანწყობას. ეს ცხადია, ჩვენი ბიჭების დამსახურებაა. დააკვირდით, თბილისში უფრო მეტია უკრაინული დროშა, ვიდრე ქართული.
წაიკითხეთ სრულად - „ომიც ცხოვრებაა, უბრალოდ, სიკეთე იქ მეტად ფასობს“