როდესაც ატომური ელექტროსადგურები მსოფლიო პოლიტიკის ბერკეტებად  გადაიქცევა... - კვირის პალიტრა

როდესაც ატომური ელექტროსადგურები მსოფლიო პოლიტიკის ბერკეტებად  გადაიქცევა...

ენერგეტიკის გარეშე თანამედროვე მსოფლიო ვერ განვითარდება, ელექტროენერგიის გამომუშავება კი რამდენიმე ძირითადი მეთოდით ხდება-ნახშირზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებით, ჰიდროელექტროსადგურებით, ქარისა და მზის ენერგიის გადამუშავებითა და ატომური ელექტროსადგურებით.

ბირთვულ რეაქტორში ერთი კგ ურან-235-ის სრული „გამომუშავების“ დროს გამოყოფილი ენერგია ექვივალენტურია 100 ტ მაღალხარისხიანი ქვანახშირის ან 40 ტ ნავთობის დაწვისას გამოყოფილი ენერგიისა,რითაც უკვე ყველაფერია ნათქვამი...

მაგრამ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის დიდი სიძვირე, გამომუშავებული ბირთვული საწვავის მაღალრადიოაქტიური ნარჩენების უტილიზაციის პრობლემები და სამი სერიოზული ბირთვული ავარია, რომლებიც 1979 წელს ამერიკულ ტრი-მაილ-აილენდის, 1986 წელს საბჭოთა უკრაინის ჩერნობილის და 2011 წელს იაპონიის ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურებზე მოხდა, ხელს უშლის ატომური ენერგეტიკის ბევრად უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებას.

თუმცა, მიუხედავად ამისა, სულ ახალ-ახალი ქვეყნები ემატებიან „ატომური ენერგეტიკის კლუბს“ და ერთ-ერთი უკანასკნელი ვინც ამის სურვილი გამოთქვა,პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ყაზახეთია.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ერთპიროვნულად არ მიიღო ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება და მოსახლეობას რეფერენდუმზე დაეკითხა-აშენდეს თუ არა ყაზახეთში ატომური ელექტოროსადგური, რაც დემოკრატიის მაღალი დონის გამოვლინებად იქცა, თუმცა ამის აუცილებლობა იმანაც გამოიწვია, რომ 1949-1991 წლებში ყაზახეთის სემიპალატინსკის ბირთვულ პოლიგონზე საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებულმა 468-მა ატომურმა და თერმობირთვულმა საცდელმა აფეთქებამ უდიდესი ზიანი მიაყენა ყაზახეთის ეკოსისტემას და მოსახლეობას და ბუნებრივი ყაზახებში დღესაც ძლიერია „ატომური ფობია“...

ამ ბლოგის ავტორი ესწრებოდა 6 ოქტომბერს ყაზახეთში გამართულ რეფერენდუმს,რომელზეც 5,5 მლნ-მა მოქალაქემ მხარი დაუჭირა მათ ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურის აშენებას, თუმცა 2 მლნ-ზე მეტი წინააღმდეგი წავიდა...

გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ სწორედ ეხლა იწყება მთავარი პრობლემა-თუ რომელი ქვეყნის პროექტით აშენდება პირველი ატომური ელექტროსადგური ყაზახეთში...

დღეისათვის მსოფლიოს 32 ქვეყანაში 440 ბირთვული რეაქტორი (ენერგობლოკი) ფუნქციონირებს, 54 მშენებლობის სტადიაშია, ხოლო 201 რეაქტორი დახურულია.

ყველაზე უხიფათო თანამედროვე ბირთვულ რეაქტორად ითვლება PWR (Pressurized Water Reactor) კლასის III+ თაობის ორკონტურიანი რეაქტორი, რომელიც კონსტრუქციულად გამორიცხავს ისეთ კატასტროფულ შედეგებს, რაც ჩერნობილისა და ფუკუსიმის რეაქტორებში წყლით გაგრილების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა.

საფრანგეთი (რეაქტორი EPR1200), სამხრეთ კორეა (რეაქტორი APR1400) თუ ჩინეთი (რეაქტორი HPR1000) მზად არიან ყაზახეთს შესთავაზონ სწორედ ასეთი თანამედროვე და ბევრად უხიფათო ატომური ელექტროსადგურების საკუთარი პროექტები. თავის მხრივ, რუსეთი შეეცდება ყაზახეთი დაიყოლიოს თავისი ВВЭР-1200 ტიპის რეაქტორის აშენებაზე.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც წმინდა ტექნიკურ საკითხებს შეიძლება გადაეფაროს დიდი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესები, პირველ რიგში კი იმ რუსეთის ფედერაციის,რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ყაზახეთის რესპუბლიკას და საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ყაზახეთის ტერიტორიაზე ურანის მადნის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესებს სწორედ მოსკოვიდან ხელმძღვანელობდნენ...

რეფერენდუმის მეორე დღეს,როდესაც გახდა ცნობილი მისი წინასწარი შედეგები, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ჟურნალისტების კითხვას,თუ ვინ უნდა ააშენოს ატომური ელექტროსადგური ყაზახეთში,უპასუხა-„ჩემი პირადი ხედვით ყაზახეთში უნდა ამოქმედდეს საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც გაერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე მსოფლიო დონის კომპანიებს“...

ეს შეიძლება ერთგვარ ცივი წყლის გადავლებად იქცა „როსატომისთვის“- მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერესი რუსული კომპანიისთვის, რომელსაც ათობით ატომური ელექტროსადგურის აშენებას მდიდარი გამოცდილება აქვს და რომელშიც თითქმის დარწმუნებულნი გახლდნენ, რომ რეფერენდუმზე დადებითი შედეგის მიღებისთანავე,ეს მსხვილი ყაზახური პროექტი ავტომატურად მათ საქაღალდეში აღმოჩნდებოდა...

თუმცა ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებიდან არ შეიძლება იმის გამორიცხვაც,რომ საერთაშორისო კონსორციუმში,რუსეთიც აღმოჩნდეს...

საქმე ის არის, რომ საქართველოს გადასახედიდან უზარმაზარ ყაზახეთსაც უწევს მეზობელი რუსეთის ფაქტორის მუდმივად გათვალისწინება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ამ რუსეთმა თავის სხვა მეზობლებს-საქართველოსა და უკრაინას რა დამართა სამხედრო აგრესიის განხორციელების სახით.

20 მლნ-იან ყაზახეთს 146 მლნ-იან რუსეთის ფედერაციასთან 7 548 კმ სიგრძის საერთო საზღვარი აკავშირებს,რომლის უდიდესი ნაწილი მონიშნულიც კი არის,რომ არაფერი ვთქვათ უწყვეტ სასაზღვრო ზოლზე ანუ ყაზახეთს ამ ეტაპზე პრაქტიკულად არ ძალუძს სრულად გააკონტროლოს ტრამალებზე გადაჭიმული ეს უკიდეგანო საზღვარი,რაც კრემლს საუკეთესო პოტენციალს უტოვებს შესაძლო ბოროტული ჩანაფიქრების განსახორციელებლად.

გარდა ამისა,ყაზახეთის მოსახლეობის 15%-ზე მეტს 3 მლნ-მდე რუსი ეროვნების მოქალაქე შეადგენს,ქვეყანაში მეორე ენად რუსული ოფიციალურად გამოიყენება სახელმწიფო-ყაზახურ ენასთან ერთად, მათ შორის სახელმწიფო მართვის ორგანოებშიც.

ამ „რუსული ფაქტორის“ გათვალისწინება ოფიციალურ ასტანას ყოველთვის უწევს,მაგრამ დათანხმდებიან კი სხვა ქვეყნები,რომ მრავალ სანქციადადებულ რუსეთთან ერთად დაიწყონ ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა?

მაგალითად ისიც გამოდგება,თუ რა ხდება ჩვენს მეზობელ თურქეთში...

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მერსინში მიმდინარეობს „აკუიუს“ ოთხრეაქტორიანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა რუსული პროექტით, თუმცა დასავლეთის მაღატექნოლოგიური მოწყობილობებით ცნობილმა გერმანულმა კონცერნმა „სიემენსმა“ უარი განაცხადა მიეწოდებინა სპეციალური აპარატურა ამ მშენებლობისთვის, გამომდინარე იმ ამკრძალავი საერთაშორისო სანქციებიდან, რაც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ დაუწესეს, შესაბამისად თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშნებლობის პროცესს პრობლემები გაუჩნდა.

ასე რომ, ცოტა ძნელია იმის წარმოდგენა, რომ საფრანგეთმა და სამხრეთ კორეამაც (იქიდან გამომდინარე თუ რა ტემპებით ახლოვდებიან მოსკოვი და ფხენიანი) ისურვონ რუსეთთან კონსორციუმის შექმნა, ყაზახეთში ერთობლივი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად.

2-ato-1728808423.png
ხმელთაშუა ზღვის თურქეთის სანაპიროზე რუსეთის მიერ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში დასავლურმა კომპანიებმა თავიანთი მონაწილეობა შეაჩერეს, რუსეთზე დადებული საერთაშორისო სანქციების გამო,რაც ყაზახეთისთვისაც გასათვალისწინებელი ფაქტი უნდა გახდეს...

მეორე მხრივ, რუსულ-ჩინური ატომური კონსორციუმის შექმნა სრულიად შესაძლებელია, მაგრამ აწყობს კი ხარისხისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათი აგებული ატომური ელექტროსადგური ყაზახებს?

თავად ყაზახი სპეციალისტებიც არ მალავენ, რომ ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად სამხრეთკორეული ატომური ელექტროსადგური შეიძლება ქცეულიყო, მისი უსაფრთხოებიდან და მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, რასაც მთავარი პოლიტიკური მოსაზრებაც ემატება-სამხრეთ კორეა შორსაა ყაზახეთიდან და მასთან მხოლოდ ეკონომიკური პროექტები თუ აკავშირებს, მაშინ როდესაც მეზობელმა ჩინეთმა და მითუმეტეს რუსეთმა მათ მიერ ყაზახეთში აგებული და შემდგომ ექსპლუატირებული ატომური ელექტროსადგურის ფაქტორი არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად ოფიციალურ ასტანაზე...