"ოპოზიცია ერთი კლასტერია, ბოლოს ამას გახარიაც მიხვდა და მოაწერა ხელი“ - კვირის პალიტრა

"ოპოზიცია ერთი კლასტერია, ბოლოს ამას გახარიაც მიხვდა და მოაწერა ხელი“

ხელისუფლება გვარწმუნებს, თითქოს "ოცნებას" 60%-იანი მხარდაჭერა აქვს. მათი რეიტინგების მიხედვით, გახარია და "ლელოს" გაერთიანება ბარიერსაც კი ვერ გადალახავენ. ამის მიუხედავად, "ოცნებამ" მთელი აგრესია გახარიას წინააღმდეგ მიმართა და "ლელოც" მიაყოლა. პარალელურად ოპოზიცია თავისივე ხელმოწერილ ქარტიაზე ვერ თანხმდება.

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი: - მე მგონია, "ოცნება" განსაკუთრებულს არც არაფერს გეგმავს. გასაგებია, რომ გახარიასა და "ლელოზე" გართულება აქვთ, განსაკუთრებით გახარიას ვერ იტანენ, რადგან თუ "ოცნება" ამომრჩეველს კარგავს, ის პირველ რიგში გახარიასთან და შემდეგ "ლელოსთან" წავა. ამიტომაც, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დაარტყან და მდინარაძემ გახარიას მიუძღვნა მთელი პრესკონფერენცია, სადაც სასწაულები ილაპარაკა. თუმცა იმდენად არის უკვე აჭრილი სიტუაცია თავად "ოცნებაში", ფაქტობრივად, ყველა ჩანაფიქრი გაუცუდდათ და ახლა სპონტანურად იგონებენ რაღაცებს, მაგრამ არაფერი გამოსდით.

- ივანიშვილმა ბათუმში ბოდიშის მოხდა­ აღარ ახსენა. ეს საზოგადოების რეაქციამ განაპირობა თუ პოლიტიკა შეცვალეს? ფაქტია,­ ტონი შეარბილეს, კობახიძემ ისიც თქვა, გლობა­ლური ომის პარტიასთანაც უნდა დავლაგდეთო.

- ბოდიშის მოხდამ ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ მიხვდნენ, აღარ უნდა ეხსენებინათ და აღარც იქნება, აფხაზები ტყუილად ელიან ბოდიშის მოხდას. რაც შეეხება პოლიტიკის შეცვლას, პოლიტიკა არა აქვთ და რა უნდა შეცვალონ? ამათი პოლიტიკა ხელისუფლებაში დარჩენაა, ბიძინა რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ჩაბეტონდეს და როგორც თვითონ გვითხრა, მინიმუმ 10 წელი კიდევ იყოს. მათი ყველა განცხადებაც ამას ემსახურება... რაღაცნაირად იმის თქმასაც ცდილობენ, ჩვენ კი დავადექით ამ გზას, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, "გლობალური ომის პარტიასთანაც" დავლაგდებით, მთავარია, მოვიდეთო. მაგრამ ასეთი ქმედებებით ვის მოუგია, ამათ რომ მოიგონ?

- გასულ კვირას ძალიან აქტუალური იყო ეპისკოპოსის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა. ჩაითვალა, რომ ის ივანიშვილმა რაღაცების გასარკვევად გაგზავნა. თუმცა­ ამაზე არავინ აღარაფერს ამბობს. თქვენ რას ფიქრობთ, ვერ "დალაგდა" ბიძინა აშშ-თან თუ პირიქით? ამას ხომ არ უკავშირდება დასავლეთთან ტონის შერბილება?

- წარმოდგენა არა მაქვს, იქ რა ილაპარაკეს, ან საერთოდ გაიმართა თუ არა შეხვედრა. ერთი ნამდვილად ვიცი, "ოცნების" ხელისუფლებასთან ლაპარაკს აზრი არა აქვს, ევროპა და აშშ ამათ აღარ დაელაპარაკებიან. საქართველოს ხელისუფლება პერსონა ნონ გრატაა დასავლეთში. ყველა არჩევნების შედეგებს ელოდება. ივანიშვილისა და მისი გუნდის განცხადებები, არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთო, სრულიად ფანტასტიკურია, მით უმეტეს, საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ თუკი არჩევნებში გაიმარჯვეს, გადატვირთვის იმედი აქვთ. ამაში მაინცდამაინც არც ცდებიან, ოღონდ არის ერთი "მაგრამ" - ეს უნდა იყოს წესიერი არჩევნები, სამართლიანი და დემოკრატიული. თუ გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", ანუ თუ ხალხს მართლა სურს ასეთი ხელისუფლება და ამათ აძლევს კარტ-ბლანშს, მაშინ დასავლეთი ურთიერთობებსაც გადასინჯავს. ეს არ იქნება ურთიერთობა მეგობრულ ქვეყანასთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირში მიღებაზე ლაპარაკიც არ იქნება. უამრავი პროგრამა შეწყდება, მაგრამ რაღაც ურთიერთობის ფორმას მოძებნიან და ასე, დამდურებულივით არ იქნებიან, ახლა საერთოდ რომ არ ეკარებიან. რაღაც დონეზე რაღაცებს შეინარჩუნებენ. თუმცა რასაც ვამბობ, ეს მხოლოდ თეორიაა, რადგან გამორიცხულია, "ქართულმა ოცნებამ" მეტ-ნაკლებად წესიერად ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვოს. ამაზე არაფერი მიუთითებს. ქართველი ამომრჩეველი­ ოთხი წლის წინაც ოპოზიციური იყო და ეს არჩევნების შედეგებში გამოჩნდა, უბრალოდ, ყველა პარლამენტში ვერ მოხვდა და პლუს, იყვნენ მაჟორიტარები. მას შემდეგ გახარიაც ოპოზიციაში წავიდა და ახლა შედარებაც არ არის, იმდენად ძლიერია ოპოზიციური განწყობა. ბოლო ორ წელში რაც ხელისუფლებამ თავის თავს უქნა, ასეთი მეორე მაგალითი არც მეგულება. ამიტომაა გამორიცხული ხელისუფლებამ გაიმარჯვოს წესიერ არჩევნებში. ამათ ნამდვილად რომ სჭირდებათ ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე, ყველაფრიდან ჩანს. ისე არ არის, მოდი, ჩვენ რაც გვინდა, დავწეროთ და არ გვაინტერესებს, ვინ რას იტყვისო. საერთაშორისო ლეგიტიმაცია სჭირდებათ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, ლეგიტიმაცია კი მხოლოდ წესიერად ჩატარებულ არჩევნებში შეიძლება მიიღონ, არჩევნები კი თუ წესიერად ჩატარდა, ხელისუფლებაში ვერ დარჩებიან. ასეთი დილემის წინაშე არიან. შეიძლება ახლა თავს ინუგეშებენ, რომ იქნებ რაღაც მოხდეს, მაგრამ არ მოხდება.

- ოპოზიციაზე რა შეიძლება ითქვას, ამ სიტუაციაში რას იზამენ და რამდენად სწორი იყო მათ მიერ, ფაქტობრივად, ხელმოწერილ ქარტიაზე უარის თქმა?

- ხელისუფლებას იმდენად ცუდი კამპანია აქვს, უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ესენი რას იზამდნენ. პრაქტიკულად შეჯიბრება იყო, ვინ უფრო ცუდად მოიქცეოდა და ხელისუფლებამ ცუდად მოქცევასა და წინასაარჩევნო კამპანიის ცუდად ჩატარებაში რეკორდი მოხსნა. ოპოზიცია ამ საქმეში ვერ შეედრებოდა, თორემ კარგად საქმე მასაც არ ჰქონია. თუნდაც ქარტიის გარშემო ვერ ჩამოყალიბდნენ ერთხელ და სამუდამოდ. გახარია-ხაზარაძის მოლაპარაკება ჩაიშალა და ახლა მიდის რაღაც შეხვედრები, ვიღაც იყოს თუ არა საერთო პრემიერი. ზოგი წინააღმდეგია, ზოგიც არა და ზოგიც პირიქით, ძალიან მომხრეა. არ ვარგა ასეთი რყევები წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ოპოზიციას რაც შველის, ივანიშვილი და მისი გუნდია - ისეთ რაღაცებს აკეთებენ და ისეთ რამეებს ამბობენ, ოპოზიციის შეცდომები აღარავის ახსოვს.

- იყო მოლოდინი, რომ ევროკავშირისა და ამერიკის რეაგირება მოახდენდა ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზაციას. ევროპარლამენტის რეზოლუცია კი გამოქვეყნდა, მაგრამ ფიქრობთ, რომ ეს ამ როლს შეასრულებს?

- ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორი იყო და ძალიან ცუდად გამოეჩხირა ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, სადაც არაერთი სისულელე ეწერა, მიშათი დაწყებული და სტალინით დამთავრებული. თუმცა "ოცნება" ისეთ რაღაცებს ატრიალებს, რომ ესეც კი აღარავის ახსოვს. ასე რომ, ოპოზიცია როგორ მოიქცევა, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, დიდი სისულელე არ ჩაიდინონ. ისე, ვერც ჩაიდენენ, რადგან ამაშიც ვეღარ აჯობებენ "ოცნებას".

- ქარტიის ამბავზე რატომაა ამდენი გაუგებრობა? ჯერ რატომ თანხმდებიან და მერე უარს რატომ ამბობენ? დარწმუნდნენ საკუთარ გამარჯვებაზე და ახლა პერსპექტივაში ხელისუფლება აღარ ეთმობათ?

- ჩვენთან პოლიტიკაში მიჩვეული არიან ყალთაბანდობას, აი, კი მოვა­წერე ხელი, მაგრამ მერე რაო. ერთია, რომ სალომე ზურაბიშვილი სერიოზულად აპირებდა ამ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას, მაგრამ მეორეა, რომ მთავარი იყო ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიანობა. თავიდან გახარიამ არ მოაწერა ხელი და თავის პირობებს აყენებდა. ოპოზიციისთვის მთავარი იყო ერთიანობის დაფიქსირება, გახარიასთვის კი ეს მნიშვნელოვანი არ იყო და რაღაცებს არ ეთანხმებოდა. იმას, რასაც გახარია არ ეთანხმებოდა, მაინცდამაინც არც სხვები ეთანხმებოდნენ, მაგრამ მაინც მოაწერეს ხელი. ალბათ, უფრო იმ იმედით, რომ ეს არ იქნება აქტუალურიო, მაგრამ, როგორც ჩანს, ზურაბიშვილი არ აპირებდა საქმის მიტოვებას, რამდენჯერმე წამოაყენა ეს საკითხი და კვლავაც აყენებს. ამისი არსი ის არის, რომ დროებით იყოს ტექნიკური მთავრობა, პრემიერად კი კომპრომისული ფიგურა, რომელსაც პრეზიდენტი დაასახელებს. თუ ამაზე ყველა თანხმდებოდა, ეს უკვე უნდა იყოს გაკეთებული, თუკი ვერ ხერხდება შეთანხმება, ჯობს, ამ თემას შეეშვან, რადგან რაც უფრო მეტხანს იქნება ეს წინააღმდეგობა, როდესაც ერთი ერთს ამბობს და მეორე - მეორეს, უფრო აირევა სიტუაცია. ოპოზიცია ერთი კლასტერია, ბოლოს ამას გახარიაც მიხვდა და მოაწერა ხელი. თავად ხელისუფლებამ გააკეთა ისე, რომ მოახდინა პოლარიზება დასავლეთსა­ და იზოლაციას, ანუ რუსეთს შორის. ამ არჩევანში პარტიათა შორის პრობლემები,­ რომლებიც შეიძლება იყოს ოპოზიციაში, როგორც ჩანს, მეორეხარისხოვანია. "ოცნება" კი ამბობს, ევროპაში მივდივართო, მაგრამ მათი მომხრეები და მათი ტროლები ღიად მოიხსენიებენ ევროპას და ამერიკას მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. "ფეისბუკზე" მათი ორი "გენიალური", ასე ვთქვათ, ნაღვაწი შემხვდა - ერთი იყო ტერმინი "ევროაგენტი", ვიღაც მაგათ მხარდამჭერს სალომე ზურაბიშვილზე დაუწერია, და მეორე, გვერდი გაუკეთებიათ: "უსამშობლო", ოღონდ "უსა" ინგლისური ასოებით წერია. ანუ აშკარად ჩანს დასავლეთის მიმართ დამოკიდებულება, ცალსახად ანტიამერიკული და ანტიევროპული.

ვისაც დასავლეთი უნდა, ის არის დღეს ოპოზიცია - ეს არჩევანი თავად "ოცნებამ" დააყენა. როდესაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ოპოზიციის საქმე ვერ იყო კარგად და ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, არაფერი ემუქრებოდა, ვთქვი, რომ პოლარიზების შემთხვევაში­ ის პოლუსი წააგებს, ვინც რუსეთი იქნება-მეთქი, და ხელისუფლებამ თავისთვის იჩალიჩა, რომ რუსეთის მხარე ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეგონათ, არჩევანი იქნებოდა "ნაცებსა" და "არანაცებს," ომსა და მშვიდობას შორის, მაგრამ მაინც ევროპა და რუსეთი გამოუვიდათ.

- ამ ორ კვირაში რა შეიძლება მოხდეს ან ერთ, ან მეორე მხარეს?

- არა მგონია, განსაკუთრებული რამე მოხდეს. ჩემი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება იმ აქციას, რომელიც 20 ოქტომბერს არის დანიშნული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ბევრი ხალხი მივიდეს, რადგან ეს შესძენს დამატებით სტიმულს. სოციალურ ქსელებში უკვე კარგად ჩანს, რომ ხალხი იჯერებს, რომ არჩევნებით შეცვლის ხელისუფლებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინიც მიდიან არჩევნებზე, ვინც აქამდე ყოყმანობდა ან შესაძლოა კონფორმისტული მოსაზრებით ხელისუფლებას უჭერდა მხარს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის ვიზუალური ეფექტი, რაც 20-ში ქუჩაში გამოსულ ძალიან ბევრ ხალხს ექნება. ამაზე დიდი არგუმენტი, რომ დიახ, იცვლება ხელისუფლება, არ იქნება. მხოლოდ ორგანიზება­ კი არა, საჭიროა ხალხი გამოვიდეს და მგონი, გამოვა კიდეც.

რუსა მაჩაიძე