„ოპოზიციაში ვერავინ მივცემთ თავს უფლებას, რამეზე არ შევთანხმდეთ“
ოპოზიციონერი ლიდერები "ქართულ ოცნებას" ქვეყნის ერთადერთ საფრთხედ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ არჩევნებში ამ პოლიტიკური ძალის გამარჯვება რუსეთში დაგვაბრუნებს. რატომ ვერ ახერხებენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგომას და ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებას ოპოზიცია, ამ და სხვა კითხვებზე "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური გვპასუხობს.
- პოლიტიკისა და პარტიებისთვის დამახასიათებელია პარტიული ინტერესებისთვის ბრძოლა. თუმცა დღეს ქვეყნის წინაშე ისეთი ამოცანები დგას, აუცილებელია სახელმწიფოებრივი ინტერესები პარტიულზე მაღლა დავაყენოთ. დღეს უნიკალური პოლიტიკური რეალობის წინაშე ვართ, მხოლოდ კოალიციური ძალებით არის შესაძლებელი მთავრობის ფორმირება. ამიტომ ჩვენმა პარტიებმა აუცილებლად უნდა გადადგან ნაბიჯები ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებული ქარტია. მნიშვნელოვანია ის საუბრები, რაც ახლაც მიმდინარეობს პრეზიდენტსა და ოპოზიციურ ძალებს შორის. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ისეთ კონფიგურაციაზე შევთანხმდებით, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ იქნება გარანტი იმისა, რომ "ოცნებისთვის" ხელსაყრელი გარემოება არ შეიქმნება. ოპოზიციურ ველზე ძალიან სასარგებლო პროცესები მიმდინარეობს. ჩვენმა კოალიციამ უკვე გაიარა სხვადასხვა პარტიასთან ("გირჩი-მეტი თავისუფლება", "ახლები", "დროა") შეთანხმების პროცესი და პოლიტიკურ ხედვებზეც შევთანხმდით. პირდაპირ გეტყვით - ეს არ იყო ადვილი და ახლა უკვე გვაქვს ის გამოცდილება, რაც აუცილებლად გამოგვადგება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობებშიც, რათა გადავლახოთ მთელი რიგი წინააღმდეგობები. საუბარი არ არის პერსონალიებზე, ჩვენი განსჯის საგანი პოლიტიკური ფორმულებია. ჩვენ შეგვიძლია მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში იქნება პოლიტიკური სტაბილურობა, იმიტომ რომ ფუნდამენტურ საკითხებზე საერთო ხედვები გვაქვს.
- რა საკითხებს გულისხმობთ?
- უპირველესად სასამართლოს თავისუფლებას და იმ 9-პუნქტიან გეგმას, ევროკავშირთან შეთანხმების შედეგად რომ უნდა შევასრულოთ.
- მაშინ რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება თქვენს პოლიტიკურ გაერთიანებასა და კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შორის?
- ამ საკითხზე საუბრები და კონსულტაციები ისევ მიმდინარეობს.
- რაღა უნდა მოასწროთ, როდესაც არჩევნებამდე მხოლოდ ორი კვირაა დარჩენილი?
- ზუსტად გეტყვით, რასაც მოვასწრებთ. ესენია: ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება, საქართველოს იზოლაციიდან გამოყვანა, ევროპის მიმართულების შესახებ კონკრეტულ პოზიციაზე შეთანხმება, სასამართლო რეფორმა, ქარტიაში არსებულ პუნქტებთან ჩვენი პოზიციების მაქსიმალური დაახლოება. უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება განცხადების გაკეთება, რაზეც ოპოზიცია შევთანხმდებით.
- პრემიერობის კანდიდატის საკითხი არის ის საკითხი, რის გამოც ოპოზიცია ჯერაც ვერ შეთანხმდა?
- არჩევნებამდე არ არის საჭირო პერსონალიების დასახელება. მთავარია, ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ, დანარჩენზე არჩევნების შემდეგ ვიმსჯელებთ.
- თქვენთვის რამდენად მისაღები იქნება პრემიერობის კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტს უკვე შერჩეული ჰყავს?
- ქარტიაში წერია, რომ როგორც პრემიერობის, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატები ერთობლივი მსჯელობით შეირჩევა. ჩვენ ვეთანხმებით ქარტიას, რომ არჩევნების შედეგების გათვალისწინებით უნდა ავირჩიოთ მთავრობა. მან უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასამართლოს რეფორმირებისთვის, გააუქმოს რუსული კანონი და ამის შემდეგ გაჩნდება თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. მთავარია, საზოგადოებას გავუჩინოთ განცდა, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს პარლამენტში საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებათ.
- მოსახლეობა კი არა, ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერიც, მაგალითად, ვახტანგ მეგრელიშვილი, მიიჩნევს, რომ ქარტიაში ჩადებულია პუნქტები, რომელთა შესრულებასაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ფიზიკურად ვერ შეძლებენ.
- "გირჩის" პოზიცია ხელისუფლების პოზიციასთან უფრო ახლოს არის, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ "ოცნებას" რუსულ ჭაობში ჩაძირვის საშუალებას არ მივცემთ. ამ საკითხზე ძალიან დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული როგორც ჩვენს პარტიას, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებს.
- არის ვერსიები იმის შესახებაც, რომ თუ ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალები რიგ საკითხებზე ვერ შეთანხმდებიან, ტექნიკური მთავრობის დანიშნულ არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შანსი გაიზრდება.
- გამორიცხულია, ვერ შევთანხმდეთ, ფსონი ძალიან მაღალია. ვერავინ მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ რამეზე არ შევთანხმდეთ. ამას ჩვენ აღარავინ გვაპატიებს.
ხათუნა ბახტურიძე