„პრეზიდენტი ხაფანგს უგებს ოპოზიციას, რომ იმაზე უარეს მდგომარეობაში მყოფებად წარმოაჩინოს, ვიდრე არიან“
"ერთადერთი პარტია ვართ, ვინც "ქოცებს" ხმებს ართმევს, სხვები კი ლანძღვა-გინებით ეხმარებიან ძალაუფლების შენარჩუნებაში", - ასეთია პარტია "გირჩის" პოზიცია. პარტიის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ირწმუნება, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს ოპოზიციის დასასუსტებლად.
- ძალიან უცნაური წინასაარჩევნო გარემოა. ივანიშვილია შემოქმედი, როგორც საარჩევნო, ასევე მედიაგარემოსი. თუმცა ზუსტად იგივე სტრატეგია აქვს ოპოზიციას, "გირჩის" გამოკლებით. მოკლეს ყოველგვარი დებატები, პარტიები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ სარეკლამო ბანერს გამოაკრავს და ვინ უფრო მეტად დაასპონსორებს თავის სარეკლამო მასალას. არათუ ჩვენთან, ერთმანეთთანაც კი არა აქვთ ურთიერთობა, არავინ არავის არ ელაპარაკება. ამიტომ არადამაჯერებელია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საუბრები, 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტია, რუსეთში ვბრუნდებითო...
ჩვენ ყველგან დაგვბლოკეს, იმ მედიებშიც კი, რომლებიც არც სახელისუფლებოდ მიიჩნეოდა და არც ოპოზიციურად.
- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთელი კვირის განმავლობაში მართავდა კონსულტაციებს სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის თქვენ რატომ არ იყავით?
- იმიტომ, რომ ერთადერთი ოპოზიციური ძალა ვართ, რომელმაც ქარტიას ხელი არ მოაწერა. ეგ ქარტია სრული აბსურდია, მაგრამ არავის არ უნდა ამის თქმა. პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს ოპოზიციის დასასუსტებლად. წარმოიდგინეთ, საჯაროდ არღვევს სიტყვას, თანაც წინასაარჩევნოდ.
- რას გულისხმობთ?
- ტექნიკურად შეუძლებელია იმის შესრულება, რაც ქარტიაში წერია. პრეზიდენტს, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ბევრი ქმედითი ბერკეტი აქვს, რომელთაც შესაბამისად არ იყენებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მას ეჭვით ვუყურებთ და საჯაროდაც ვაკრიტიკებთ. ჩვენს პოზიციას ქარტიის შესახებ მაშინაც ვაფიქსირებდით, ვიდრე მასზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების ხელმოწერა გაჩნდებოდა. ძალიანაც გვინდოდა პრეზიდენტთან თითოეული პუნქტის განხილვა, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ერთი და იმავე სამოქმედო გეგმაზე ათანხმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი იმ პირობის მძევლები ხდებიან, რასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვერ შეასრულებენ.
ფაქტობრივად, პრეზიდენტი ხაფანგს უგებს ოპოზიციას, რომ იმაზე უარეს მდგომარეობაში მყოფებად წარმოაჩინოს, ვიდრე არიან. არ ვიცი, ოპოზიციურ პარტიებს რაში სჭირდებოდათ პრეზიდენტთან ასეთი ურთიერთობა, თუ არჩევნებში ერთიანი სიით არ აპირებდნენ მონაწილეობას. ერთი სიტყვით, პრეზიდენტი "ოცნებას" იმით აძლიერებს, რომ საზოგადოებას აჩვენებს, თუ რამდენად უპრინციპო და უიდეოა ოპოზიცია. ჩვენ ამაში მონაწილეობა არ გვინდოდა და ამიტომაც გავემიჯნეთ პროცესს.
- თუ შეიძლება დაასახელეთ ქარტიიდან ერთი პუნქტი, რომლის შესრულებაც ოპოზიციონერ ლიდერებს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში არ შეუძლიათ.
- ასეთი ერთი კი არა, ბევრია, მაგრამ თქვენს ყურადღებას ორ საკითხზე შევაჩერებ. ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოს თემაა, მეორე - პრემიერ-მინისტრის საკითხი. უკვე ჩანს, ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან. ჩვენ წარმოუდგენლად გვეჩვენება, რომ ოპოზიციამ, რომელსაც გადამწყვეტ ბრძოლაში "ქართული ოცნების" დამარცხება აქვს გადაწყვეტილი, "ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატი აირჩიოს პრემიერად.
- სასამართლოს საკითხზე უფრო კონკრეტულად რას იტყვით?
- ის, რაც ქარტიაში წერია, პროფანაციაა ნებისმიერი სასამართლო რეფორმის, რაც შესაძლოა ჩვენს ქვეყანას მართლა სჭირდებოდეს ერთპიროვნული მმართველობის დასასრულებლად. იქ არის ასევე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ამ ყველაფერთან შედარებით, შეიძლება, წვრილმან საკითხად მოგეჩვენოთ, მაგრამ
ნახეთ, რა ხდება, პოლიტიკური პარტიები გამოდიან დაპირებებით - ზოგი ათასლარიან პენსიას ჰპირდება ხალხს და ზოგი რას. არადა, არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში ახალ პარლამენტს დასამტკიცებელი ექნება 32-მილიარდიანი ბიუჯეტი. რა უნდა მოხდეს, ქვეყანამ როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, დღეს ოპოზიციაში მყოფმა ძალებმა ხვალ არჩევნები რომ მოიგონ და პრეზიდენტის შემოთავაზებული ქარტიის პირობების შესრულება გადაწყვიტონ? "ქართული ოცნების" პოლიტიკა უნდა გააგრძელონ ამ 32 მილიონის ხარჯვასთან დაკავშირებით? ე.ი. ოპოზიციამ მართლა რომ მოიგოს, კრიზისში აღმოვჩნდებით.
- ალბათ, ამიტომაც არის საუბარი ტექნიკურ მთავრობასა და ვადამდელ არჩევნებზე.
- მაშინ არ მესმის ამ არჩევნების შინაარსი. მიმაჩნია, რომ ის, რაც ახლა ხდება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შედეგია, ან ხელისუფლების ხრიკების. მარტივად რომ გითხრათ, "ოცნება" და სალომე ზურაბიშვილი ერთობლივად თამაშობენ. რატომ ხდება ეს, იდიოტიზმთან გვაქვს საქმე თუ მოსყიდვასთან, ამის გარჩევა არ მინდა.
- თუ სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ თამაშობს, მმართველმა გუნდმა ხელმეორედ რატომ დააყენა მისი იმპიჩმენტის საკითხი?
- სინამდვილეში, ეს არაფერსაც არ წყვეტს. პირველ ჯერზე რა ნაყოფი გამოიღო პრეზიდენტის იმპიჩმენტმა? მაშინაც შეეძლო "ოცნებას" პრეზიდენტის გადაყენება და ახლაც შეუძლია. საქართველოში პოლიტიკური პროცესი იმდენად ყალბია, რომ საუბარიც კი აზრს კარგავს.
- თუ ფიქრობთ, რომ საუბარსაც კი აღარ აქვს აზრი, არჩევნებში რისი იმედი გაქვთ?
- ამომრჩეველს კიდევ ორი კვირა აქვს ფიქრისთვის. შესაბამისად, გვინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივწვდეთ და არჩევნებში სხვებისთვის მოულოდნელი შედეგი დავაფიქსიროთ. ეს ჩვენ მეტ წონას და პოლიტიკურ თამაშის შესაძლებლობას მოგვცემს. შედეგი ჩვენთვის ბარიერის გადალახვაა, ბარიერს იქით მიღებული თითოეული ხმა კი ჩვენი წარმატება იქნება. ჩვენ ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ თეორიული ანალიზებისა და მკითხაობის გარეშე გავარკვიოთ, რა ხდება ჩვენს ოპონენტ პოლიტიკურ ძალებში.
ხათუნა ბახტურიძე