რა მოხდება, თუ დასავლეთმა არჩევნები ლეგიტიმურად არ ცნო და რა "სიურპრიზებია" მოსალოდნელი კრემლისგან?!
"ხელისუფლების ხმების რეალური წამრთმევი გახარია და "ლელო" არიან. ამიტომაც დაიწყეს ახლა მათთან ბრძოლა", ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე:
- ხელისუფლება შემოვლითი გზით, მაგრამ კვლავ ცდილობს ხალხს დაუმტკიცოს, რომ თუ დამარცხდა, "ნაციონალები" მოვლენ. კვლევაში გამოჩნდა, რომ გახარიასა და "ლელოსაც" ორნიშნა პროცენტი ექნებათ. რეალურად, ეს ორი პარტიაა დღეს "ოცნებისთვის" საშიში, იმიტომ, რომ მათ ერთი ელექტორატი ჰყავთ. ხელისუფლების ხმების რეალური წამრთმევი გახარია და "ლელო" არიან. ამიტომაც დაიწყეს ახლა მათთან ბრძოლა. "ქართული ოცნება" ნერვიულობს, ჩვენ კი გვარწმუნებენ, 60 პროცენტით ვიმარჯვებთო. ჩემზე უკეთ, შესაძლოა სახელი და გვარებიც იციან, ვინ არის მათი მხარდამჭერი. შფოთავენ და ეს იგრძნობა. არჩევნებამდე უფრო აგრესიულებიც გახდებიან, თუმცა, შესაბამისად გაიზრდება ჩვენი პარტნიორების ზეწოლა. ბუნდესტაგის რეზოლუციის შემდეგ შეიძლება გერმანიას სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძონ და რეზოლუციები წვიმასავით წამოვა ჩვენს ქვეყანაზე.
- წინასაარჩევნოდ განსხვავებული კვლევები ვიხილეთ. მათი შედეგები აბსოლუტურად განსხვავებულია. თქვენ ძალთა გადანაწილების როგორი პროგნოზი გაქვთ?
- "ქართულ ოცნებას" თავისი პოპულარობის პიკზეც კი, ვგულისხმობ, 2016 წელს, პროპორციულ არჩევნებში 50%-იც არ მიუღია. მას შემდეგ პარტიის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. ასე რომ, ლაპარაკი 60 პროცენტზე ირეალურია. ჩემი ვარაუდით, ისინი დაახლოებით 750 ათას ხმას მიიღებენ. რამდენი პროცენტი იქნება ეს, დამოკიდებულია იმაზე, რამდენი მოქალაქე მივა არჩევნებზე. თუ ორ მილიონზე მეტი მივიდა, დაბალი პროცენტი იქნება; თუ მივა მილიონ-ნახევარი - მაღალი. ამიტომ მიჭირს პროცენტის თქმა, თუმცა მოსახლეობის წინასწარი განწყობის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ოცნება" 35%-ის ფარგლებში აიღებს ხმებს.
ჩემი აზრით, ხუთი პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს: სახელისუფლებო პარტია და ოთხი მთავარი ოპოზიციური გაერთიანება. დიდი ალბათობით, პარტიებს შორის "ქართული ოცნება" გავა პირველ ადგილზე. ოთხ ოპოზიციურ პარტიას აქვს შანსი, ორნიშნა პროცენტი მიიღოს. დანარჩენ პარტიებს ზღვრის დაძლევის ნაკლები შანსი აქვთ. ვფიქრობ, "პატრიოტთა ალიანსი", "გირჩი" და ლეიბორისტები, ალბათ, 1%-იან ბარიერს დაძლევენ და ამით მიიღებენ დაფინანსებას. დანარჩენებს ექნებათ ძალიან უმნიშვნელო პროცენტული მაჩვენებელი.
არჩევნებში მონაწილე ჯგუფები შეიძლება სამად დავყოთ: პირველი - ხუთი პარტია, რომლებიც გადალახავენ ბარიერს; მეორე - პარტიები, რომლებიც 1%-ზე მეტს მიიღებენ და მესამე - 1%-ზე ნაკლებს მიიღებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მთავარი 5 პარტიის გარდა, დანარჩენები უნდათ თუ არა, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობენ, რადგან ბარიერგადაულახავი პარტიების ხმების პროცენტულობა პროპორციულად ნაწილდება.
ოპოზიციური ფლანგიდან პირველ ადგილს, ჩემი აზრით, "ნაციონალები" და მათი გაერთიანება დაიკავებენ, დაახლოებით 20%-ის ფარგლებში. "ლელოს" ეძლევა შანსი, რომ მეორე ადგილი დაიკავოს. მესამეზე გავლენ "ახლები" და ბოლოს გახარია.
- რა შეიძლება მოხდეს, თუ ოპოზიციამ შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო?
- "ქართულ ოცნებას" არ აინტერესებს, რას იტყვის ოპოზიცია ლეგიტიმაციის შესახებ. მისი პრობლემაა, როგორმე არჩევნების ლეგიტიმურობა აღიაროს ევროპამ, მაგრამ საკითხავია, რას გააკეთებს დასავლეთი. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს, რას იტყვის მოსახლეობა, ამომრჩეველი როგორ იგრძნობს თავს - მოტყუებულად თუ არა. თუ ამომრჩეველში განწყობა არ იქნება, რომ არჩევნები გაყალბდა და მოატყუეს, რაც არ უნდა თქვას ოპოზიციამ ან დასავლეთმა ხელისუფლებას დიდ პრობლემას ვერ შეუქმნის.
თუმცა ძალზე ძნელი იქნება სიყალბის ჩადენა იმ გამოცდილებით, რაც საქართველოში არჩევნებს ახასიათებდა - ეს არის ე.წ. კარუსელები და დამატებითი ბიულეტენების ჩაყრა. მსგავსი რამ ელექტრონულ არჩევნებში თითქმის ნულამდეა დასული. "კარუსელი" აღარ იმუშავებს. არც ოპოზიციური ფლანგისგან მომისმენია, რომ მსგავსი საფრთხე არსებობს. რაც შეეხება მოსყიდვებს, სააკაშვილის დროს რომ იყო დარეკვები და გაფრთხილებები, ისეთი უნდა, მაგრამ არ იმუშავა არც დარეკვამ და არც დაშინებამ. ახლაც ასე იქნება. ერთი პრობლემაა - არაქართული რეგიონები. როგორც წესი, იქ ხელისუფლების მხარდამჭერები არიან. პრობლემაა ის უბნებიც, სადაც ხმის მიცემა ელექტრონულად არ ხდება. იქ შესაძლოა "კარუსელი" მართლაც დატრიალდეს.
თუ "ქართული ოცნება" 50%-ს აიღებს, ესე იგი, არჩევნები გაყალბებულია. 50 პროცენტი რომ დაიწეროს, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 15%-ით მაინც უნდა გააყალბოს, ამას კი ვერ შეძლებს, მაშინ უნდა "გამოწეროს" არჩევნები და ამას ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვება. თუმცა, თუნდაც 35 პროცენტი ვიანგარიშოთ, "ოცნებას" მაინც ბევრი მანდატი უგროვდება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ 10%-ის ფარგლებში იქნება ჯამურად ყველა იმ პარტიის პროცენტი, ვინც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ეს ნიშნავს, რომ თუ 2 მილიონი ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე, 5%-იანი ბარიერის გადამლახავი პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობა დაახლოებით 1.8 მილიონი იქნება. ესე იგი, 15 მანდატი იქნება გადაუნაწილებელი. ამ 15 მანდატიდან ყველაზე უარეს შემთხვევაში "ოცნებას" სამი შეხვდება და თუ ამას დავუმატებთ 35%-იან შედეგს, 60 მანდატამდე უგროვდება.
კიდევ ერთი ნიუანსია: "ქართულ ოცნებას" შეუძლია ორჯერ წამოაყენოს პრემიერობის კანდიდატი: პირველი - კონსტიტუცია გვეუბნება, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას აქვს უფლება პრემიერობის კანდიდატი წამოაყენოს და ეს პირველი ადგილი უპირობოდ "ოცნებისაა". თუ ამ ფორმით პრემიერობის კანდიდატი ჩავარდა, ვერ მიიღო 76 ხმა, არის მეორე ვერსიაც. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას კი არ გადაეცემა კანდიდატის დასახელების უფლება, არამედ დეპუტატთა ერთ მესამედზე მეტმა უნდა დაასახელოს ანუ 51 მანდატი საკმარისი იქნება "ოცნებისთვის", რომ მეორეჯერაც დაასახელოს. ასე რომ, "ოცნებას", რომელსაც 60 მანდატი ექნება, თავისუფლად შეუძლია კანდიდატები წარადგინოს... ის, რომ ოპოზიციას გარანტირებული აქვს მთავრობის შექმნა, ეგრე არ არის.
- რა მოხდება, თუ ევროპამ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად არ ცნო?
- დასავლეთს შეუძლია არჩევნებს ლეგიტიმაცია მისცეს ან არ მისცეს. არსებობს ევროპარლამენტის რეზოლუცია, მათი განწყობა ვიცით. თუ დასავლეთმა ჩათვალა, რომ ჩვენ რუსეთის სამხრეთული ბელარუსი ვართ, მაშინ საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, განსაკუთრებით, ეკონომიკურად. ლუკაშენკომ მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა ის პოტენციალი, რაც საბჭოთა კავშირში ჰქონდა, ჩვენ კი დავანგრიეთ, ახალიც ვერ შევქმენით და სადღაც შუაში ვართ, მთლიანად ჩამოკიდებული ვართ გარე რესურსებზე. თუ საქართველოს ბელარუსიზაცია მოხდა, ერთი წლის შემდეგ მძიმე დარტყმას მიიღებს ლარი, მისი სიმყარე დამოკიდებულია რესურსზე. ახლა ეროვნული ბანკი კი ცდილობს დოლარი ოქროთი ჩაანაცვლოს, მაგრამ არც ოქრო გვაქვს ულევი და არც დოლარი. შესაძლოა ქვეყანა კუპონიზაციის საფრთხის წინაშე დადგეს; მეორე - თითქოს ეკონომიკა შენარჩუნებულია და ჩინეთიდან მომდინარე ინვესტიციების იმედი გვაქვს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია შემთხვევითმა ფაქტორმა გამოიყვანოს მდგომარეობიდან მყიფე სტაბილურობა, რასაც პროცესების უკონტროლო განვითარება მოჰყვეს...
"ოცნების" ახლანდელმა რიტორიკამ, რომ დასავლეთი ერევა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, ძველი დრო გამახსენა. საბჭოთა კავშირში კომუნისტებს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიისადმი ზუსტად იგივე მიდგომა ჰქონდათ, დასავლეთი ერევა ჩვენს შიდა საქმეებშიო. ჯერ ერთი, ადამიანის თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხები არ არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და მეორე - სანქციებზე საუბარი სულაც არ წამოწყებულა დასავლეთიდან. ეს განაპირობა "ოცნების" პოლიტიკამ. "რუსული კანონი" რომ არ მიეღოთ და სხვაც ბევრი საზიანო რამ არ ექნათ, არც სანქციებზე იქნებოდა ლაპარაკი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა უნდა. 2008 წლის ომის ამბებს იხსენებს "ოცნება" და ავიწყდება, რომ მაშინდელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოს ხელისუფლებას ეხვეწებოდა, კრემლიდან პროვოკაცია იქნება და ჭკუით იყავით, ომში არ ჩაერთოთო.
ხელისუფლების მხარდამჭერთა უმრავლესობა არის ხალხი, ვინც მიბმულია "ოცნებაზე" ან ეკონომიკურად, ან პოლიტიკურად და ა.შ. არჩევნების შემდეგ "ოცნება" თუ ძალაუფლებას შეინარჩუნებს და ასეთ პოლიტიკას გააგრძელებს, 2028 წლამდე ვერ მივატანთ.
- უნდა ველოდოთ თუ არა კრემლის "სიურპრიზებს" არჩევნებში მისთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში?
- რუსეთიდან საფრთხე სულ იყო და იქნება, მაგრამ არა მგონია, კრემლმა სამხედრო ძალით შემოსვლა გადაწყვიტოს. "ქართული ოცნების" წყალობით ეს არც სჭირდება - თუ ევროპა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე გველაპარაკება, ხომ ხედავთ, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს.
თუ ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ რა რესურსი აქვს რუსეთს? - დიდი ძალის გამოყენებით ვერაფერს გააკეთებს. დაელოდება, როგორ წავა უკრაინაში საქმე. თუ შეძლო ომში გარდატეხის შეტანა ან თუ დასავლეთი აიძულა, უკრაინას აღარ მისცეს შეიარაღება და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკება, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ გაცვლითი მონეტის როლში - ამას არ გამოვრიცხავ. საქართველო-რუსეთის ურთიერთობა პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრაინა-რუსეთის ფრონტზე მოვლენები, რაც რეალურად დასავლეთისა და რუსეთის კონფლიქტია. თუ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში და რუსეთ-უკრაინის ომშიც გარდამტეხი ფაზა დადგება, ევროპისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასავლეთის მხრიდან ქართული საკითხი რომ დასვას და შუამავალი იყოს, კაცი ვერ მოიძებნება. თუ შეიცვლება ჩვენი პოლიტიკა, მაშინ შეგვიძლია მოლაპარაკებაში ჩავერთოთ როგორც დაზარალებული ქვეყანა.
ასევე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები შეერთებულ შტატებში. ტრამპი სულ იმუქრება, უკრაინაში ომს დავასრულებო და, რას გულისხმობს "დასრულებაში", გაუგებარია. ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება და ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აქტიური მოთამაშეები ვერ ვიქნებით.
სოფო კაჭარავა