შამილ ბასაევის პორტრეტის გამო რუსებსა და აფხაზებს შორის დიდი სკანდალია - კვირის პალიტრა

შამილ ბასაევის პორტრეტის გამო რუსებსა და აფხაზებს შორის დიდი სკანდალია

ბოლო რამდენიმე თვეა რუსებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირების ახალ-ახალი თემები არ ილევა. ამჯერად სკანდალი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმის გამოფენის გამო ატყდა - რუსმა ბლოგერმა აღმოაჩინა, რომ რუსეთის #1 ტერორისტად აღიარებული შამილ ბასაევი დიდი პატივით "აფხაზეთის გმირად" არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ თურმე ბასაევის პორტრეტი რამდენიმე წელია აფხაზეთის მუზეუმებშია გამოფენილი, რუსებმა რატომღაც მხოლოდ ახლა შენიშნეს და ამ ფაქტს მათი აღშფოთების დიდი ტალღაც მოჰყვა. ტელეგრამარხებზე წერდნენ, აფხაზები უმადურები არიან, რუსეთის დაფინანსებაზე ზის მთელი აფხაზეთი და მადლიერების ნაცვლად სახეში გვაფურთხებენ. ღირსები არიან, ერთი ისკანდერი გაუშვან მათთვის ჭკუის სასწავლებლადო.

"უმადური აფხაზები, ისკანდერი უნდა გაგზავნო..."

აფხაზეთში ახალი სკანდალი სექტემბრის ბოლოს დაიწყო, როდესაც აფხაზეთის­ გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოხუმის მუზეუმმა გახსნა გამოფენა სახელწოდებით "აფხაზეთის გმირები", სადაც ჩეჩენი სეპარატისტის შამილ ბასაევის პორტრეტიც იყო გამოფენილი მინაწერით "აფხაზეთის გმირი". ტელეგრამარხმა Hარდ Bლოგ-მა გამოაქვეყნა სოხუმის მუზეუმში გამოფენილი ბასაევის ფოტოც და დაწერა, "ეს ის შემთხვევაა, როცა მადლიერების ნაცვლად სახეში გვაფურთხებენ... სახელმწიფო, რომელმაც ასე კარგად მოირგო ჩვენი ბიუჯეტი, რომელიც არა მხოლოდ ინვესტიციებს იღებს რუსეთისგან, არამედ სამხედრო დახმარებასა და საგარეო პოლიტიკაში მხარდაჭერას, აცხადებს: „ჩვენ არ გვაინტერესებს­, ვინ გგონიათ ბასაევი, ჩვენთვის ის გმირია". ფაქტობრივად, ეს ტერორიზმის საჯარო გამართლებაა სამართლებრივად და მორალურად და ეთიკურად ღვთის გმობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორ ხარ? არაფერი გაწუხებს? ბესლანში ტერაქტის ორგანიზატორი მეზობელ სახელმწიფოში გმირად ითვლება. ამას სახეში შეფურთხებად არ აღიქვამ? ყველაფერი კარგადაა? აფხაზეთში დასვენების ყველა მოყვარულმა უნდა იფიქროს იმაზე, უსაფრთხოა თუ არა ისეთ ქვეყანაში წასვლა, სადაც ტერორისტებს ადიდებენ".

პოსტის ავტორი წერს, რომ ეს მუზეუმი 2013 წელს რუსეთიდან მიღებული სახსრებით აღდგა და ამიტომაც ორმაგად მიუღებელია ეს უმადურება. ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი წერდა, როდესაც ბასაევს გმირის წოდება მიენიჭა, ის ტერორისტი არ იყო და ამიტომ უნდა მიემატოს წარწერა შემდგომი სტატუსის მითითებით, რომ ტერორისტიაო. თუმცა უმეტესად მაინც აფხაზების უმადურობას ახსენებენ:„"სასწრაფოდ გაუშვით ისკანდერი, რუსეთის ფედერაციის ეს ნაწილი როგორ ბედავს ამას ჩვენი ხალხის ფულით!.. აფხაზეთი სახელმწიფო არ არის, აფხაზები ტომია. გვაფურთხებენ, რადგან სარგებლობენ დაუსჯელობით... აფხაზეთი იქცევა ისე, როგორც კრილოვის იგავ-არაკის "ღორი მუხის ქვეშ" პერსონაჟი... აფხაზებმა ტვინი წაიღეს დამოუკიდებლობით. მართლა დამოუკიდებლად უნდა დატოვო და ვნახოთ, როგორ გადარჩებიან თავისით. ყველას რუსული პასპორტები აქვს, პენსიებს რუსეთიდან იღებენ, ჩვენი ფინანსები კარგად უნდათ... უნდა აღვადგინოთ წესრიგი, აფხაზები უძველესი დროიდან ჩვეულებრივი ბანდიტიზმით იყვნენ დაკავებული, ეს უნდა გვახსოვდეს და გავიგოთ, ვინ არიან და რატომ არიან აფხაზები...

ამ ბლოგის შემდეგ რუსული ტელეგრამ­არხები ანტიაფხაზურმა ისტერიკამ მოიცვა. როგორც გამოცემა "ეხო კავკაზა" წერს, არაერთმა რუსმა ბლოგერმა, მეცნიერმა, პოლიტოლოგმა თუ აქტივისტმა მუზეუმისთვის დაფინანსების შეჩერებაც მოითხოვა.

გეორგი ბოვტი, პოლიტოლოგი: "აფხაზეთი რუსეთზეა დამოკიდებული, მისი მარიონეტია. თუ ვერანაირად ვერ ვაკონტროლებთ, ასეთი მარიონეტები რაში გვჭირდება? იქნებ გავუშვათ ოთხივე მხარეს? ანუ უკან, საქართველოში. იქ ასწავლიან „სამშობლოს სიყვარულს".

ნიკოლაი სევასტიანოვი, აღმოსავლეთმცოდნე: "აფხაზეთში გადაწყვიტეს რუსეთს კი არ შეაფურთხონ, პირდაპირ ნეხვის სროლაზე გადავიდნენ. სოხუმში ანტირუსული სიმბოლოებით ადრეც თამაშობდნენ, ეს შესაძლოა ყოფილიყო ოსმალური ვექტორის ჰეროიზაცია, რუსეთის იმპერიის კრიტიკა ან ჩერქეზული საკითხის წამოწევა. ამ თემებიდან რუსოფობიის კუდი კი მოჩანდა, მაგრამ ეს მაინც წარსულის ამბები­ იყო, დიდი ხნის წინ მომხდარი. ახლა კი გმირად აცხადებენ კაცს, რომლის ხელებზეც უამრავი ადამიანის სისხლია, მათ შორის ბესლანელი ბავშვების სისხლი. მას რუსები­ სძულდა და ეს სისხლის ღვრაც დიდი ხნის წინანდელი ამბავი არაა, გუშინ მოხდა... ბასაევი მხოლოდ დამნაშავე არ არის. ის ერთმნიშვნელოვნად მარკერია­ - მისი განდიდება რუსოფობიის ფსკერია. ეს კბილის გაკვრის მცდელობა კი აღარაა, არამედ ღია გამოწვევა, თან გამოწვევა ფაილედ სტატე-ის (შეუმდგარი ქვეყანა) ეტალონისგან, რომელიც მხოლოდ რუსეთისა და რუსი ტურისტების ხარჯზე არსებობს. ასეთი აქციები გაუმართლებელია. არავის უნდა ეპატიოს. თვალის დახუჭვა არ შეიძლება".

ტელეგრამარხი "მნოგონაციონალი": "რა ქვეყანაცაა (ფაილედ სტატე), გმირიც ისეთი ჰყავს".

ტელეგრამარხი "მონარქიის შვილები":­ "მუქთამჭამელი ერი რუსეთის მოტყუებას განაგრძობს. ახლა აფხაზებმა ვაჰაბიტი შერაცხეს გმირად - რუსოფობი, ტერორისტი და მანიაკი შამილ ბასაევი, რომელმაც რუსი ქალები და ბავშვები დახოცა. წინადადება შემომაქვს, ყველა აფხაზს - იმათ გარდა, ვინც სრულმასშტაბიან ოპერაციაშია ჩართული და იბრძვის - რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან და სოციალური შემწეობაც შეუჩერონ. იმასაც ვნახავთ, ძველი და ამაყი მუქთახორა ერი როგორ ამღერდება".

გევორქ მირზაიანი, პოლიტოლოგი: "თუ სიმართლეა, აფხაზმა მეგობრებმა ბოდიში უნდა მოიხადონ. თუ არადა, ერთი რუსული კაპიკიც კი არ უნდა გაიგზავნოს იქითკენ".

ტელეგრამარხი "რაზვედ-დოზორი": "გამოდის, მუზეუმში, რომელიც რუსეთის ფინანსური შემწეობით აღადგინეს, სახელმწიფოში, სადაც წარმოუდგენელი მასშტაბის რუსული ინვესტიციაა ჩადებული, იმ ტერორისტებს განადიდებენ, ვინც 2004 წელს ბესლანის სკოლას დაესხნენ თავს. მაშინ 186 ბავშვი დაიღუპა. ბასაევს როგორც არ უნდა გამოეჩინა თავი აფხაზეთში, ასეთი მასშტაბის დანაშაულს ვერავინ გაამართლებს".

ოსური ტელეგრამარხი "ბონვარნონი":­ "სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამ მკვდარ სულს, რამე რეაგი­რება ექნება? დიპლომატიური კუთხით ოფიციალური მოთხოვნა უნდა გაკეთდეს. თუ ეს ინფორმაცია ნამდვილია და აფხაზეთის ხელმძღვანელობა სიტუაციის გამოსწორებას არ აპირებს, საჯაროდ უნდა გაცხადდეს, რომ ეს ოსეთთან მიმართებით მტრული ნაბიჯია. ასევე ოსეთის ვეტერანთა კავშირებმაც უნდა გამოთქვან აზრი".

ამ საერთო ისტერიკას გამოეხმაურა სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩო და მუზეუმს ბასაევის ფოტოს სასწრაფოდ ჩამოხსნა მოსთხოვა. როგორც რუსულმა მედიამ დაწერა, მიიღეს დაპირება, რომ უმოკლეს დროში შექმნილი ვითარება გამოსწორდება...

სკანდალის მოსაგვარებლად საქმეში რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინიც ჩაერთო და სეპარატისტულ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების დირექტივა მისცა. როგორც მან თქვა, როგორც კი ინტერნეტში„ეს აურზაური ატყდა, დაურეკა "აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ" სერგეი შამბას და ზომები უკვე მიღებულია, პორტრეტი ჩამოხსნილია! ზატულინის თქმით, ეს არ არის შეგნებული თავდასხმა“და რუსეთისთვის ზიანის მიყენების სურვილი, არამედ ამ გამოფენის შემქმნელთა უხეში არასწორი გათვლა.

"აღმაშფოთებელია, რომ გამოფენის შემქმნელებმა ყურადღება არ მიაქციეს, თუ როგორ აღიქმება ბასაევის ფიგურა რუსეთში. სხვათა შორის, აფხაზურ ოპოზიციაში ვიღაცებმა პორტრეტის ჩამოხსნა გააპროტესტეს", - ამბობს ზატულინი

599307-1728825422.jpg

კრემლის დირექტივების შემდეგ მუზეუმმაც გაავრცელა განცხადება, რომ გამოფენა დროებით დაიხურა. ამასთან, "რია-ნოვოსტის" მუზეუმში განუმარტეს, რომ ბასაევის ფოტო თანამედროვე ისტორიის დარბაზში 2012 წლიდან კიდია. მუზეუმის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფოტოს აღებას არ აპირებს, სანამ ამას სასამართლო არ გადაწყვეტს, ან ბასაევს გმირის წოდებას არ ჩამოართმევენ. "აფხაზეთის სამამულო ომის დროს ქართულ ჯარზე გამარჯვებაში დაგვეხმარა. ის ჩვენი ისტორიის ნაწილია. მის ფოტოს ჩვენით არ ჩამოვხსნით", - განაცხადეს მუზეუმში.

სკანდალი გამოფენის დახურვის შემდეგაც არ დასრულებულა. რუსულ ტელეგრამარხებზე გაჩნდა ცნობა, რომ აფხაზეთის ოპოზიციონერი დეპუტატი კან კვარჩია იყო მთავარი მოწინააღმდეგე ტერორისტ შამილ ბასაევის პორტრეტის გამოფენიდან ჩამოხსნის და ამის გამო კვარჩიას ჩეჩნეთის სპეცრაზმ "ახმატის" მეთაურმა და რუსეთის არმიის სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე აპტი ალაუდინოვმა განცხადებით მიმართეს: "კან კვარჩია ყველაფერს აკეთებს, რომ არასოდეს იყოს ძმობა და ერთობა ჩეჩენ და აფხაზ ხალხს შორის...„მინდა შეკითხვა დავუსვა აფხაზებს და ამ ამხანაგ კანს - ნამდვილად მზად ხართ კავკასიის ყველა ხალხთან ჩხუბის წამოსაწყებად თქვენი პირადი ინტერესებისთვის? ალბათ, შამილ ბასაევი ერთხელ იყო გმირი, მაგრამ ამის შემდეგ გაგიჟდა, სისხლიანი მკვლელი გახდა", - აცხადებს ჩეჩენი სპეცრაზმელი.

კვარჩია ამბობს, რომ მას ამ საკითხზე აზრი საერთოდ არ გამოუთქვამს და ეს პროვოკაციაა. იმავდროულად, მან გაავრცელა საინტერესო დეტალიც, ე.წ. რუსეთის საელჩოს“წარმომადგენლები დიპლომატიის ყველა ნორმის დარღვევით მივიდნენ მუზეუმში და პროვოკაციულად ითხოვდნენ გამოფენის დახურვას, რაც მიუღებელიაო.

პრეტენზიები ისევ გრძელდება. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, ცხინვალში­ ითხოვენ, რომ ბასაევს გმირის წოდება ჩამოერთვას. სამხრეთ ოსეთის ინტელიგე­ნციის წარმომადგენლების თქმით, აღმაშფოთებულია როგორც აფხაზეთის მუზეუმის მუშაკების ქმედებები, რომლებმაც ბასაევი რესპუბლიკის ეროვნულ გმირებთან ერთად დააყენეს, ასევე ადგილობრივთა ჩუმი თანხმობაც.

პრეტენზიები ვლადიკავკაზიდანაც ისმის. ჩრდილოეთ ოსეთის ომბუდსმენმა თავის აფხაზ კოლეგას, ანა ქიშმარიას მიმართა ოფიციალური მოწოდებით, "მოახდინოს ტერორისტი შამილ ბასაევის დეჰეროიზაცია, რადგან ეს მორალურად მიუღებელია. ასევე მოითხოვა ბასაევისთვის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების, მათ შორის აფხაზეთის გმირის წოდების ჩამორთმევა.

სოხუმიდან ჯერ პასუხი არ ისმის, დე ფაქტო ხელისუფლება ხმას არ იღებს მთავარ პრეტენზიაზე - ჩამოერთვას შამილ ბასაევს "აფხაზეთის გმირის" წოდება.

შამილ ბასაევი 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზურ ომში აფხაზების მხარეს იბრძოდა. ის მეთაურობდა კავკასიის ხალხთა კონფედერაციის რაზმს. ერთხანს იყო არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და "აფხაზეთის გმირის" წოდებაც მიენიჭა... ამასთან, ბასაევი რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად და რუსეთში ნომერ პირველ ტერორისტად მიიჩნევა. მას უკავშირდება დუბროვკაზე, თეატრალურ ცენტრზე თავდასხმაც და ჩეჩნეთის პრეზიდენტის ახმატ-ხაჯი კადიროვის მკვლელობაც. მან აიღო პასუხისმგებლობა 2004 წელს ბესლანის სკოლაზე მომხდარ ტერაქტზეც. მაშინ 333 კაცი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი. ის შეყვანილი იყო ტერორისტების სიებში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირში. ბასაევი 2006 წელს ინგუშეთში სატვირთო მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა.

„მინდა ეს ისტორია ხალხმა იცოდეს!“

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი: - ბასაევთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო პატარა ეპიზოდი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს. აფხაზეთის ომისას ჩეჩნების რაზმს ხელმძღვანელობდა შამილ ბასაევი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო.

1993 წლის თებერვალში ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი ჩავედით ჯოჰარ დუდაევთან ინტერვიუს ჩასაწერად. მისი რეზიდენციის მე-11 სართულზე გვქონდა შეხვედრა. დუდაევმა მაშინ თქვა, რომ აფხაზეთში საბრძოლველად წასულ ჩეჩნებს ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან საერთო არაფერი აქვთ და აგდებულად მოიხსენია ბასაევიც. საუბრის შემდეგ ჩავსხედით ლიფტში, მე-4 სართულზე ჩვენი ლიფტი გააჩერეს და გამოგვათრიეს. შეგვიყვანეს მაშინდელი ინფორმაციის მინისტრის კაბინეტში, სადაც შამილ ბასაევი დაგვხვდა და ძალიან აგრესიულად გველაპარაკა. თქვა, ჩვენ ახლა აფხაზეთში ვებრძვით შევარდნაძის არმიასო, და დააყოლა საინტერესო ფრაზა, ახლა აფხაზეთში გავდივართ რეპეტიციას და მერე რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოლებთო. მე ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ ისევ შევხვდი ბასაევს, ის უკვე მასხადოვის მთავრობაში ჩეჩნეთის პრემიერი იყო და ეს ფრაზა გავახსენე. იუარა, მაგდაგვარი არაფერი მითქვამსო. მაშინ გვერდით ედგა სერგეი შოიგუ. მინდა ეს ისტორია ხალხმა იცოდეს.

ბასაევის პორტრეტი რამდენიმე წელია აფხაზეთის მუზეუმშია გამოფენილი, მოსკოვში კი ვითომ ახლა შენიშნეს. რატომ? მოსკოვს ახლა დასჭირდა ახალი პრეტენზიები და გაახმოვანა ეს ამბავი. როგორც კი აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი გაჩაღდა, მოსკოვიდან გასცეს სიგნალი: მოიქეცით, როგორც გეუბნებით, თორემ კიდევ ბევრ რამეს შეგახსენებთო. მოსკოვს სჭირდება მაქსიმალური ზეწოლა აფხაზებზე, რათა თავისი მოთხოვნები გაიტანოს. ამ ზეწოლაში შედის ხელფასების შეჩერება და ამ ფოტოს გამო "აღშფოთებაც". რუსეთის "საელჩოში" ეს ფაქტი კარგად იცოდნენ, აფხაზებსაც არაერთხელ მისცეს შენიშვნა, მაგრამ ყური არ გაუპარტყუნებია არავის. ახლა კი რუსებმა ეს საკითხი ისევ წამოსწიეს. ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს აფხაზები, რომ ნელ-ნელა ყველაფერზე უკან დაახევინებენ. სასამართლოების შესახებ შეთანხმება მიაღებინეს, ამ დღეებში რუსი ინვესტორებისთვის შეღავათებსაც დაამტკიცებინებენ. ზაფხულში ხომ დიდი პროტესტი იყო აპარტ-ოტელების კანონის გამო, მაგასაც მიიღებენ მალე. ბასაევის ფოტოსაც ჩამოუხსნიან. შეიძლება გმირობაზე უარი არ თქვან, მაგრამ ფოტოს აუცილებლად ჩამოახსნევინებენ.

- ამ სკანდალმა ცხადყო ისიც, რომ რუსებს აფხაზების ძალიან დიდი მიუღებლობა აქვთ.

- რუსები რომელი ერის მიმართ არიან კეთილგანწყობილი? აფხაზეთი, ეს პატარა ერი, რომელიც 125 000 კაცია, რუსეთის ფულით ცხოვრობს და ამის მერე ბედავს და პრეტენზიებს აყენებსო, რასაკვირველია, მიუღებელია რუსებისთვის. აფხაზები მიჩვეულები არიან, იყვნენ ობიექტის დირექტორები, ჰქონდეთ ჰალსტუხი, შლაპა და პორტფელი. ბევრ აფხაზთან ვმეგობრობ, მაგრამ არის ის მოცემულობა, რაც რუსებმა ხელოვნურად შექმნეს წლების განმავლობაში. მოსკოვმა ამ სკანდალით აფხაზებს დაანახა, რომ არა მარტო ჩვენ, პოლიტიკოსები, ვართ უკმაყოფილო თქვენი ქცევით, არამედ რუსი ხალხიცო. პიარტექნოლოგია აამუშავეს.

ეკატერინე ბასილაია