„მტკვრის ავტობუსები“ - შესაძლოა თუ არა თბილისში წყლის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება - კვირის პალიტრა

„მტკვრის ავტობუსები“ - შესაძლოა თუ არა თბილისში წყლის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება

დედაქალაქში შექმნილი საცობები კოშმარად იქცა არა მარტო მძღოლებისთვის, არამედ ქვეითად მოსიარულეებისთვისაც. როგორ უნდა განიტვირთოს ქალაქი? ამ ტემპით თუ გაგრძელდა, დღის საათებში ქალაქში მიმოსვლა შესაძლოა შეუძლებელი გახდეს. არადა, გამოსავალი ყოველთვის არის - გიფიქრიათ ოდესმე "მტკვარის ავტობუსებზე", სამგზავრო ელექტრობორნებზე, რომელთაც დღის განმავლობაში ათასობით მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ? თუ არ გიფიქრიათ ან ეს იდეა აბსურდულად მიგაჩნიათ, იმის დროც დადგება, რომ ასე აღარ ჩათვალოთ. ამის მაგალითი თბილისის მერიის ვებ­გვერდზე გამოქვეყნებული საზოგადოებრივი­ აზრის გამოკითხვაა ტრანსპორტის შესახებ. ექვსიოდე წლის წინ მტკვარზე ტრანსპორტის ამუშავების იდეას ყურადღება არავინ მიაქცია, დღეს კი სოციალურ გვერდებზე ათასობით მომწონებელი ჰყავს.­ ეკოლოგი გიორგი ჯაფარიძე ერთ-ერთია, რომელმაც თბილისის მერიას სწორედ ამ იდეით მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მერიამ პროექტის განხილვა არ მოინდომა, პროექტი თბილისის განვითარების გენგეგმაში მაინც შევიდა, როგორც საინფორმაციო საშუალებები წერენ, გერმანელი პარტნიორების რეკომენდაციით.

"თბილისი უნდა განვითარდეს, სხვა პერსპექტივა არ არის"

- მინდა გავიხსენო 6 წლის წინ თბილისის მერიის პროექტი "შენი იდეა ქალაქის მერს". როგორც მახსოვს, მტკვარზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების იდეით­ მაშინაც მიმართეს მერიას მოქალაქეებმა. თუმცა­ პროექტის განხილვა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ მხოლოდ 425 კაცი დაინტერესდა­. ამჯერად კი თქვენს იმავე იდეას ათასობით ჩვენი მოქალაქე გამოეხმაურა.

- ამასობაში იმდენად შეუძლებელი გახდა თბილისში მიმოსვლა, რომ გასაკვირი არაფერია, საზოგადოება გამოსავალს ეძებს. მართალია,

მტკვარზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ზოგიერთმა აბსურდად მიიჩნია, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე. ჯერ ერთი, ეს უკვე გამოცდილი საშუალებაა ევროპის არაერთ ქალაქში, სადაც წყლის ტრანსპორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. მდინარეებზე დადიან ელექტრობორნები, რომელთაც მგზავრები ერთი ადგილიდან მეორეში გადაჰყავთ. ელექტროკატერებიც სამგზავრო ქსელის განუყოფელი ნაწილია, ავტობუსებსა და მეტროსადგურებთან ერთად. მათზე სამგზავრო ბილეთებიც ჩვეულებრივად შეგიძლიათ შეიძინოთ, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

მაგალითად პრაღას მოვიყვან, სადაც წყლის ავტობუსებს მგზავრები შვიდ მარშრუტზე გადაჰყავს.

თბილისი უნდა განვითარდეს, სხვა პერსპექტივა არ არის. ქალაქი იმდენად­ არის გადაჭედილი ავტომანქანებით, რომ ეს თუ არ გაკეთდა, შეიძლება სატრანსპორტო კოლაფსამდე მივიდეთ. თუმცა, პრობლემის გადაჭრის სხვა გზაც აუცილებლია, მაგალითად, მეტროსადგურების დამატება, შემოვლითი გზები...

mtkvari-1-1728825885.jpg
მტკვარზე დღემდეა შემორჩენილი ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც დღეს არანაირი ფუნქცია არა აქვს

- თუ არ ვცდები, თბილისს ხუთი ახალი მეტროსადგურის ამუშავება ჰქონდა გეგმაში. სხვათა შორის, მტკვარზე წყლის ტრანსპორტის გამოყენების იდეა საბჭოთა კავშირშიც ჰქონიათ.

- მტკვარზე არაერთი ჩასასვლელი კიბეა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაკეთებული. მაგალითად, დიდუბის ხიდის მიმდებარედ მტკვარზე არა მხოლოდ კიბეები, არამედ გზაც მიდის, რომელიც ახლა გადაკეტილია საფრთხის თავიდან ასაცილებლად, თანაც თბილისისთვის მტკვარზე ტრანსპორტი სულაც არ იყო უცხო ისტორიულადაც. დღევანდელ თბილისშიც ჯერ კიდევ ახსოვთ მებორნეები, რომელთაც მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორეზე ხალხი გადაჰყავდათ. იმ ადგილებში შემდგომ ხიდები ააშენეს.

- ელექტრობორნებს სულ სხვა მომსახურება და სხვა პირობები სჭირდება, მაგალითად, წყლის სიღრმე. ზაფხულში მტკვარი იმდენად იკლებს, ქვებიც კი ჩანს. ამ დონის წყალში ელექტრობორანი როგორ იმოძრავებს?

- არა მგონია, ამის მოგვარება იმდენად რთული იყოს, თანამედროვე ტექნოლოგიებით მისი გადაჭრა ვერ მოხერხდეს, მტკვრის სიღრმის გაზრდა არ უნდა იყოს შეუძლებელი, მით უფრო, ბრტყელძირიანი ელქტრობორანიც არსებობს, რომელიც შედარებით დაბალი სიღრმის წყალში დაუბრკოლებლად მოძრაობს. პირადად მე მტკვრის ტრანსპორტს ავჭალიდან ორთაჭალამდე მოვიაზრებ - ეს არც ისე მცირე მანძილია. ეს მართლაც ამოსუნთქვა იქნება ხალხისთვის, მით უფრო კატერებს არცთუ ცოტა მგზავრი გადაჰყავთ.

გარდა საცობების განტვირთვისა, წყლის ტრანსპორტი ქალაქს სხვა ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს. მაგალითად, გააძლიერებს თბილისის ტურისტულ პოტენციალს. მტკვრის სამგზავრო ბაქნების გასწვრივ განვითარდება ობიექტები და ხალხი დასაქმდება. რაც მთავარია, მომწამ­ვლელი აირებით დაბინძურებულ თბილისში გაჩნდება ეკომეგობრული ტრანსპორტი.

mt-1728825885.jpg

"წყლის ტრანსპორტს ეკონომიკური მოგება ექნება"

მტკვარზე სამგზავრო "ავტობუსების" ჩაშვებაზე ინჟინერი დავით გოგოძეც გვესაუბრა: - მტკვარზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება შეუძლებელი არ არის, მეტიც, აუცილებელიც არის. გარდა იმისა, რომ ქალაქს განტვირთავს, კერძო ბიზნესიც იხეირებს. გვაქვს ისეთი უნიკალური სივრცე, როგორიც მტკვრის სანაპიროებია.

იმედია, ქალაქის მერიამ ტყუილად არ შეიტანა მტკვარზე ქალაქის სამგზავრო ტრანსპორტის ჩაშვება ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში, მიუხედავად იმისა, რომ ამას სჭირდება დიდი რესურსები და საკითხის საფუძვლიანად შესწავლა.

- საკითხიც არის და საკითხიც, მტკვარზე გამუდმებით კანალიზაციის სისტემებიდან ამომავალი სუნია. გარდა ამისა, ბაქნებიც მოსაწყობია.

- არა მხოლოდ ეს. უნდა დამონტაჟდეს მდინარის გამწმენდი საშუალებები, მოწესრიგდეს სანიაღვრე სისტემა, უნდა გაიწმინდოს და გაღრმავდეს კალაპოტი; მიუერთდეს წყლის ის წყაროები, რომლებიც მტკვარს სეზონურად შეავსებს, რათა წყლის ავტობუსებმა მოძრაობა ყველა სეზონზე შეძლონ. მხოლოდ ზამთარში ხომ არა ივლიან და ზაფხულში გაჩერდებიან! ფსკერი არაერთ ადგილზე უნდა გასწორდეს, ამისთვის ტონობით მასის მოჭრა იქნება საჭირო და ა.შ., რასაც დიდი შრომა დასჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ სახელმწიფო და საზოგადოებაც ამ აზრამდე მივლენ.

დღეს ევროპის ქვეყნებში მსგავსი გამწმენდი სისტემებისათვის უამრავი ქარხანა და აუზია, სადაც ტონობით სადეზინფექციო საშუალებებს ყრიან. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ის ვერ ვისწავლეთ, წყალში პოლიეთილენის ბოთლები და ნაგავი რომ არ ვისროლოთ. მაგალითად შეიძლება თურქეთიც მოვიყვანოთ, სადაც წყლის ტრანსპორტსა და საბორნე ხაზებს მილიონობით მგზავრი გადაჰყავს და ქვეყნის სატრანსპორტო საშუალებებთან ორგანულადაა დაკავშირებული. ეს ამ ქვეყანას ძალიან დიდ მოგებას აძლევს.

მართალია, ტერიტორიულად არა ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ მცირე და გამართულ წყლის ტრანსპორტს ეკონომიკური მოგება უსათუოდ ექნება, მით უფრო, რომ ის ადგილები, სადაც შესაძლოა მომავალში მტკვრის ავტობუსებმა იმოძრაონ, ულამაზესია და უამრავ ტურისტს იზიდავს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მტკვარზე წყლის ავტობუსები უამრავი ადამიანის ოცნებაა, განსაკუთრებით იმ მოქალაქეების, რომელთაც ყოველდღე საათობით უხდებათ საცობებში ყურყუტი. ამ საკითხს სახელმწიფომ უნდა მიხედოს. მოვლენები ისე ვითარდება, მგონი, ეს დროც მალე მოვა.