"ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე..." - კვირის პალიტრა

"ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე..."

1972 წლის შემოდგომაზე, როცა ლანა ღოღობერიძის ფილმმა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამონტაჟოდან ეკრანებზე გადაინაცვლა, მოგრძობაკებიან, თმაგაჩეჩილ, ცოტა გათამამებულ და სევდიან ზურაზე ყველა ალაპარაკდა, შეუყვარდათ თბილისშიც და მის ფარგლებს გარეთაც. მოსწონდათ დიდებსაც და პატარებსაც. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დღეს ის უკვე ვარსკვლავია. როცა მაყურებელი იგებს, ამა თუ იმ თეატრში ზურა ყიფშიძის მონაწილეობით სპექტაკლი ინიშნება, სალაროებთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ბატონ ზურას ამ წლების განმავლობაში არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და მას, კიდევ ერთი - საპატიო თბილისელის წოდებაც მიემატა. "კვირის პალიტრა" ულოცავს გენიალურ მსახიობსა და ადამიანს დიდ ჯილდოს და უსურვებს კიდევ ბევრი დაუვიწყარი სახის შექმნას კინოსა თუ თეატრში.

„არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორიც დღეს არის“

- ცხოვრებაში ბევრი ჯილდო მიმიღია. ყველასი მადლობელი ვარ, ვინც ღირსად ჩამთვალა, მოენიჭებინა ჩემთვის ეს საპატიო წოდება. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაჯილდოებაზე ვერ შევძელი მისვლა, თუმცა ჩემთვის ეს წოდება ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან თბილისი ყველაფერია. მე სხვაგან ვერასოდეს ვიცხოვრებ. თუმცა ყველაზე დიდი შეგრძნება მაინც ისაა, სპექტაკლის შემდეგ ხალხი რამდენიმე წუთის განმავლობაში ტაშს რომ გამუდმებით გიკრავს, ქუჩაში რომ მიდიხარ და გაჩერებენ, სითბოს გამოხატავენ, ამ დროს იმხელა ენერგიას იღებ, მერე სულ თან დაგყვება. ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის.

- თქვენი თბილისი როგორი­ იყო?

- უბრალო, თან ბრალიანი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გემოვნებას, განათლებას. "კაჩაობა" და კუნთებზე ყურება მაშინაც იყო, მაგრამ ულმობელი და ასეთი სასტიკი არ ყოფილა. უფრო ზრდილობიანი იყო. არა, არც უზრდელობა გვაკლდა, მაგრამ რა შედარებაა. მაგალითად, მე და ჩემი ძმაკაცი თემურ ჩიხლაძე ნამდვილი ჰიპები ვიყავით. ახლა ძაან ნამდვილი როგორ ვიქნებოდით, მაგრამ ვცდილობდით გარეგნულადაც და შინაგანადაც ასე გვეცხოვრა, სიმყუდროვის და თავისუფლებისათვის მიგვეღწია. დედაჩემი საშინლად მტკივნეულად ხვდებოდა ამ ამბავს. დაიბნა, ქუჩის ბიჭი ვიყავი და უცებ შევიცვალე - მოშვებული თმა, რაღაც ბეჭდები, საყურე არა, მაგრამ რაღაც ჯინჯილები, გაცვეთილი ჯინსები, ჩუმი ლაპარაკი, სულ სხვა მუსიკა... ქალი გადაირია, სექტანტი ხდებაო. ლენას ბრალი იყო, მილიციაში რომ მოვხვდით. ლენამ, ჩემმა "ტიოტკებმა" და ბიძაჩემმა მოილაპარაკეს, მოდი, რაღაც გავაგებინოთ სახელმწიფო მოხელეებს და სამართალდამცავებსო... მოგვადგა "ვარონკა", ყველა გაიქცა და მე და თემური შევრჩით ხელში. თემურმა იქ ისეთები მოაწყო, ესაო, ისაო, პროტესტიო, და ასე შემდეგ. მილიციის უფროსი გაგიჟდა, რის წინააღმდეგ გამოდიხართო, გვკითხა. თემურმა უთხრა, ამერიკის აგრესიის ვიეტნამშიო. რაღაც სისულელე დაახეთქა. პირველ მაისს ტრანსპარანტებით ვაპირებდით გამოსვლასო. არადა, რა ტრანსპარანტები, რის ტრანსპარანტები! მილიციის უფროსი მთლად გადაირია, თქვენ ვიღაც გმართავთ ზემოდან, ანტისაბჭოთა ელემენტიო. მილიციიდან ისევ ლენამ გამოგვიყვანა. როცა გვიშვებდნენ, მილიციის უფროსი ლენას თემურზე აფრთხილებდა, ამას არ გააკაროთ თქვენი შვილიო.

zura-1-1728826452.jpg

- ალბათ, თავად ქართული თეატრის ლეგენდას უნდოდა შვილიც მის გზას გაჰყოლოდა...

- არა, ასე არ იყო, არავის არაფერი არ უნდოდა, მხოლოდ მე მინდოდა. ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა, თავისთავად. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის რექტორი თავაძე იყო, კა-გე-ბეს პოლკოვნიკი. გვეჩხუბა, შეურაცხყოფაც კი მიაყენა ლენას, კაცმა არ იცის რას აკეთებსო. მერე მე მომადგა, დაანებე თავი ინსტიტუტს, დედაშენმა წაგიყვანოს სოფელში, თოხი გარაკუნებინოს და დაგადგეს თავზეო. ცრემლები წამსკდა და სამელნე თუ რაღაც ვესროლე. გამომაგდეს ინსტიტუტიდან. ჩემი ბრალიც იყო. მოუსვენარი ვიყავი, ვაცდენდი ლექციებს. მეორე წელს ისევ თავიდან ჩავაბარე თეატრალურში, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი და კარდინალურად შევიცვალე. მივხვდი, რომ თეატრალურში სწავლა არც დიპლომის აღება იყო და არც უბრალოდ კინოში გადაღება. გარდატეხა მოხდა ჩემში, მივხვდი, რომ ეს მთელი მეცნიერება იყო. რომ არა ისევ კინო, "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებები, ისევ გაცდენები და კონფლიქტები, ალბათ, არც წავიდოდი მოსკოვში სასწავლებლად, თუმცა საბოლოოდ ისევ მიხეილ ივანიჩთან დავბრუნდი მაინც.

- როგორი იყო იმდროინდელი თეატრი?

- საოცარი. მე თეატრში გავიზარდე და მახსოვს, სპექტაკლზე წასვლა რიტუალი­ იყო. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსახიობები ერთმანეთს ხვდებოდნენ, ერთად არჩევდნენ, სვამდნენ. ინტიმი იყო მათ შორის. თეატრის მსახიობისათვის ეს აუცილებელია, რადგან მას მაყურებლისაგან მიღებული მუხტი დიდ ენერგიას აძლევს... ძველი თაობის, ოქროს თაობის არტისტები აღარ განმეორდებიან.

არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორიც დღეს არის. ეჭვი მეპარება სარეპერტუარო თეატრის არსებობაში. საშინელი ფრაზაა, დავანგრიოთ ყველაფერი და ახალი ავაშენოთო. რატომ? ფასეულობების გადაფასება არ გულისხმობს ფორმის დაკარგვას. თეატრი არ არის ქარხანა, რომელსაც უცხოელი ინვესტორი აგვიმუშავებს. თეატრში პროცესები უწყვეტად უნდა მიედინებოდეს, სხვანაირად ყველაფერი დაიკარგება. ჯერ მუზეუმები, მერე თეატრები, ახლა კინო... მუზეუმი ძალიან ფაქიზი ადგილია, თეატრი - კიდევ უფრო რთული. ნივთები ქრებოდაო, მაგრამ თეატრში რა ქრებოდა, გამაგებინეთ? იქა ვარ 50 წელია.

- შეგიძლიათ დაასახელოთ როლი, რომელიც საკუთარ პიროვნებასთან გააიგივეთ?

- ნებისმიერი როლის თამაშისას ცდილობ პერსონაჟსა და შენ შორის რაღაც საერთო დაიჭირო, ან შენს თავს შეადარო... ჩემი ქეთი დოლიძის "მარტოხელა მონადირეში" ნათამაშები პერსონაჟი ყველაზე ახლოს არის ჩემს პიროვნულ თვისებებთან.

- როცა გხვდებით ხოლმე რომელიმე სპექტაკლზე, სულ ცდილობთ მხიარულად იყოთ, თუმცა მგონია, რაღაც ტკივილს ატარებთ..

- დოსტოევსკის აქვს სვიდრიგაილოვზე, თუ ადამიანი მხიარული გეჩვენება და მას ნაღველი აქვს, ესე იგი, ნაღვლის ბუშტი აწუხებსო (იცინის)... არ ვიცი, არ ვიცი! ახლა მახსენდება დონ ჟუანის ფრაზა: "ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. ზნეობა დაეცა, ახლა ყველაფერი შეიძლება".

იმდენად დიდ გაუგებრობაში ვცხოვრობთ, ზოგჯერ ვფიქრობ, საერთოდ ვინა ვართ, რა ვართ, რატომ ვართ, სად ვართ. რაც მთავარია, ასეთი სქელკანიანები რომ ვხდებით, მერე მთელი საზოგადოება იტანჯება, ჩვეულებრივი ხალხიც. ასეთებიც, ისეთებიც... მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ხარ, რა პროფესიის, ყველას ერთნაირად აწუხებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. საერთო პესიმიზმს თესავს დღევანდელი მდგომარეობა, რადგან პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია. ჩემს ასაკში ძალიან რთულია ამ ყველაფერს აუღელვებლად უყურო.

დღეს ძალიანაც რომ მოინდომო, აპოლიტიკური ვერ იქნები. მე ვერაფერს ვიტყვი ვერც გამოსავალზე და ვერც იმაზე, სად დავუშვით ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ რაღაც ისე რომ არ არის, როგორც უნდა იყოს, ყველა ვხვდებით. ვიღაცამ უნდა მოინდომოს და შეცვალოს უკეთესობისკენ ეს ქვეყანა. ჩვენ უსიყვარულობა გვჭირს.… ზოგ სულელს სექსი რომ ჰგონია, ეგ არ არის სიყვარული. ბებიაშენის ნაქონი ნივთი რომ გიყვარს, ადამიანებს რომ უფრთხილდები, წინაპარს რომ პატივს მიაგებ, მეგობარი რომ გიყვარს - ამ და კიდევ სხვა ბევრ რამეს მოიცავს სიყვარული. მერე ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთიანდება შენში. გული ერთ რამეზე მწყდება - იმხელა რესურსი და სიმდიდრე გვაქვს, რომლის აზრიანად გამოყენებაც შეიძლება, ჩვენ მაინცდამაინც ბრძოლის წინა ხაზზე უნდა ვიყოთ, უნდა მოვკლათ, თავი უნდა მოვჭრათ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ძალიან რთულადაა ყველაფერი, მაინც იმედის¬ ნაპერწკალი­ არის, ან რაღაც ძალიან შეიცვლება და სულ სხვანაირი გახდება ეს ქვეყანა... მინდა უკიდეგანოდ ბედნიერი იყოს ეს ქვეყანა... და საერთოდ, წასვლა უნდა იცოდე დროზე და მოსვლაც. ტყუილი დაპირებები ძალიან მაღიზიანებს. მაგალითად, სამ წელიწადში ასეთი­ ცხოვრება იქნება, ოთხში - ისეთიო... და არა მარტო ეგ.

- ვინ არის ზურა ყიფშიძე?

- ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს. თუმცა დღემდე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მაგრამ უნდა ვაკეთო ის, რაც სხვებს­ მოსწონთ. მერე? მერე, აი, როგორც "Art"-შია - "თოვს და თოვს, სანამ კაცი არ გაქრება, არ გადავა იქ, სადაც შემდეგ ფერისცვალება ელის!

რუსუდან შაიშმელაშვილი