როგორ მოვიქცეთ, როცა აღმასრულებელი დროს აჭიანურებს
ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.
ჩემს მეუღლეს ჰქონდა ბიზნესსესხი მიწის იპოთეკით. მეუღლე გარდაიცვალა, ვარ მისი მემკვიდრე, პენსიონერი. მეკუთვნის თუ არა შეღავათი გადახდისას?
- კანონი შეღავათებს არ ითვალისწინებს, თუმცა მსგავს შემთხვევაში შეღავათი მხარეთა შორის შეთანხმების საგანია.
თუ შეიძლება ვიყიდო ბინა და გადავაფორმო ჩემს 16 წლის შვილზე?
- შესაძლებელია, თუმცა გასათვალისწინებელია, გაყიდვა რომ დაგჭირდეთ, ბავშვის 18 წლის ასაკამდე ბინის გასხვისება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელი იქნება.
ალიმენტის დაყადაღების შემთხვევაში 3 თვით სამუშაოდ თუ შეიძლება გერმანიაში წასვლა? პრობლემა ხომ არ შემექნება საზღვარზე?
- გადაადგილებისა და საზღვრის კვეთის შეზღუდვა ფულადი ვალდებულებების გამო არ დაიშვება, ანუ საზღვრის კვეთაზე არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.
ერთ ონლაინმაღაზიას გადავურიცხე ფული, არც ნივთი მოაქვს და არც თანხას მიბრუნებს. როგორ მოვიქცე, რომ თანხა დავიბრუნო?
- სასამართლოში სარჩელის შეტანით უნდა დაიბრუნოთ საფუძვლის გარეშე გადახდილი თანხა.
სესხზე მაქვს ვადაგადაცილება, ასეთ დროს შეიძლება დაყადაღდეს ის ქონება, სადაც ჩაწერილი ვარ? ეს ქონება ჩემი ძმის სახელზეა და მე მემკვიდრეობაზე უარი მაქვს ნათქვამი. ხომ არ ამოვეწერო ამ მისამართიდან?
- ქონება, სადაც პირი მხოლოდ ჩაწერილია და ქონებაზე საკუთრების უფლება არა აქვს, ვალდებულების გამო დაყადაღება ან რაიმე სახის შეზღუდვა არ დაუწესდება, თუმცა თუ საქმე აღსრულებამდე მივიდა, მოსალოდნელია მისამართზე არსებული მოძრავი ნივთების აღწერა და დაყადაღება.
ვიყიდე ბინა იპოთეკით, 3 წლის განმავლობაში ვიხდიდი ვადაგადაცილების გარეშე. სამსახური დავკარგე და ერთი წელია ვეღარ ვიხდი. ბანკი თვეში 2 500 ლარის და დამატებით ძველი ჯარიმების გადახდას მთხოვს. რამდენჯერმე კორექტირება მოვითხოვე, მაგრამ ამაოდ. ამჯერად საქმე სასამართლოს გადაეცა. ადვოკატი მეუბნება, მინიმუმ 3 წელი გაიწელება ეს პროცესი და ამასობაში სამსახურს იშოვიო. მართლა შეიძლება ასე დიდი ხნით გაჭიანურდეს სასამართლო? სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რამდენად მექნება შანსი, რომ ქუჩაში არ დავრჩები. სხვა თავშესაფარი არა მაქვს და ვარ მარტოხელა დედა. მოვითხოვე 1 000 ლარამდე ჩამოეწიათ ბინის გადასახადი, მაგრამ ბანკის იურისტი უარს მეუბნება. ქონების გაყიდვაც მინდა, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვე რეალური მყიდველი. რას მირჩევთ?
- გადამხდელზე მორგებული გადახდის გრაფიკის მომზადება მხარეთა შორის შეთანხმების საგანია, არ არსებობს რაიმე სამართლებრივი ბერკეტი, რათა აიძულო კრედიტორი, გააკეთებინო გადამხდელისთვის მისაღები გადახდის გრაფიკი.
არალეგალური მიშენების გამო ზედამხედველობის სამსახურმა დამაჯარიმა და ეს თანხა არ გადამიხდია. მეგონა, რაიმე სახის ამნისტია შეეხებოდა. ჩემს სახელზე იყო მანქანა და მისი გაყიდვა დავაპირე, მაგრამ გადაფორმებისას აღმოვაჩინე, რომ მანქანა და ბინა დაყადაღებულია. მანქანა მაშინვე წამართვეს, ჯარიმის თანხა ასულია 100 000 ლარზე. არ არის შესაძლებელი დაკისრებული ჯარიმების მოხსნა ან მანქანის დაბრუნების შანსი?
- სავარაუდოდ, აღნიშნულ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ყველა ვადა დარღვეული გაქვთ, ვინაიდან ჯარიმა არც გადახდილა და არც გასაჩივრებულა. შესაბამისად, ჯარიმას დაემატა აღსრულების თანხა, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება. სამწუხაროდ, მანქანის დაბრუნების შესაძლებლობა არ არის, რაც შეეხება ბინას, უნდა დაფაროთ თანხის დარჩენილი ნაწილი, რათა არ მოხდეს მისი რეალიზებაც.
ბინა რომ ვიყიდე, აღმოვაჩინე, რომ ყოფილ მეპატრონეს ჰქონდა დიდი კომუნალური გადასახადები დარიცხული. როგორ შეიძლება ამ თანხის თავიდან არიდება. ძველი მეპატრონე ამბობს, რომ ვალის გამო გაყიდა ბინა და გადასახდელი თანხა არ აქვს.
- კანონის თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის დროს ქონება უნდა იყოს როგორც ნივთობრივად, ასევე უფლებრივად უნაკლო. თუ კომუნალურები გადაუხდელია, უნდა გადაიხადოს ახალმა მესაკუთრემ, ხოლო ის თანხა, რის გადახდამაც მოუწია, უნდა მოსთხოვოს ძველ მესაკუთრეს სარჩელის სასამართლოში შეტანის გზით.
ვიყიდე კორპუსის ბინა და ბინის მეპატრონემ გადმომცა სათავსი, რომელიც მეზობელთან საზიაროა, მაგრამ ამბობს, რომ ის მისი და გვერდით მეზობლისაა. ერთ დღეს კი მეზობელმა გამომიცხადა, რომ ეს სათავსი მთლიანად მისია და აპირებს თავის ბინას მიუერთოს. ზაფხულში არ ვიყავი თბილისში და რომ დავბრუნდი, ჩემთან შეუთანხმებლად შესასვლელი კარის გასაღები შეუცვლია, რომელიც საერთო იყო, და ჩემი ნივთები გადაუყრია. საკუთრების ოფიციალური დოკუმენტი ხელთ არა მაქვს, ნათქვამი იყო მხოლოდ სიტყვიერად. როგორც ვიცი, არც მას ექნება ასეთი დოკუმენტი, მირჩიეთ როგორ მოვიქცე?
- ფართობი, რომელზეც საუბარია, როგორც წესი, არის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო სარგებლობის, რომლის ინდივიდუალურ სარგებლობაში გადაცემას სჭირდება ამხანაგობის კრების ოქმი, რაც ნიშნავს, რომ მოდავე მეზობლის თანხმობის გარეშე ვერ გაიფორმებდა საკუთრებაში, შესაბამისად, მეზობლის თვითნებური ქმედება უკანონოა.
მიკროსაფინანსოდან მქონდა აღებული სესხი, რომელიც 5 წელზე მეტია არ გადამიხდია. როგორც ვიცი, სესხი ასეთ შემთხვევაში ხანდაზმულია. სასამართლოდან მივიღე საჩივარი და რამდენად აქვს აზრი დავწერო შესაგებელი?
- სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებელი აუცილებლად უნდა შეიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარუდგენლობის გამო. შესაგებელში უნდა დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია და მიუთითოთ ასევე მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
შემიძლია თუ არა პირადი ნომრით ვიპოვო კონკრეტული პირის სახელზე რა ქონება ირიცხება და აქვს თუ არა დაყადაღებული, ან რაიმე ვალდებულებით დატვირთული?
- შესაძლებელია, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა. ქონების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდზე გადაამოწმოთ, ან მიბრძანდეთ იუსტიციის სახლში და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის მიღება.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები