თუ ბავშვს ჭიები აწუხებს...
ჩვენი სტუმარი აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი, პედიატრი მაია ქაჩლიშვილი ყველა მშობლისთვის საყურადღებო და მნიშვნელოვან საკითხზე გვესაუბრება:
- რა პრობლემის წინაშე ვდგებით მშობლები, როდესაც იწყება საბავშვო ბაღისა და სკოლის პერიოდი?
- ზაფხული შედარებით მშვიდი პერიოდია, თუმცა მაინც არის კვებითი ინტოქსიკაციები და ნაწლავური ინფექციები, მაგრამ მეტი პრობლემა ჩნდება, როდესაც იწყება საბავშვო ბაღსა და სკოლაში სიარული. თავს იჩენს რესპირატორული ინფექციები და ზამთრის ვირუსები. უპირველესად მთავარია ჰიგიენის დაცვა, რაც ნებისმიერ ინფექციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია... დღეს ვისაუბრებთ ჰელმინთოსზე. ჰელმინთი ბერძნული სიტყვაა და პარაზიტ ჭიას ნიშნავს. ის ადამიანის ორგანიზმში ცხოვრობს და დიდ ზიანს აყენებს განსაკუთრებით ბავშვის ჯანმრთელობას. ეს გლობალური პრობლემაა, რაც არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად მედიკამენტით უნდა ვებრძოლოთ. ამ შემთხვევაშიც დიდ როლს თამაშობს პირადი ჰიგიენა.
არსებობს რამდენიმე სახის ჭია: განასხვავებენ კონტაქტურს, გეოჰელმინთოზსა და ბიოჰელმინთოზს. გეოჰელმინთოზი ნიადაგიდან გადადის, ხოლო ბიოჰელმინთოზს აუცილებლად სჭირდება რამდენიმე მასპინძელი, მაგალითად, ძაღლი, იქ მწიფდება და მერე გადადის ადამიანზე. ამჯერად ბავშვებში ყველაზე გავრცელებულ ჭიებზე ვისაუბრებთ - ენტერობიუსზე. ესაა მრგვალი ჭია, მახვილა, რომელიც მარტივად მრავლდება და გადადების ძალიან იოლი ფორმა აქვს. მისი კვერცხი ჰაერზე მსუბუქია. დაფრინავს და ამიტომ ბავშვს რაც არ უნდა წამალი მისცე, კი დაიხოცება, მაგრამ მისი კვერცხები მაინც ეწებება ხელებს, სათამაშოებს და ხელახლა ხდება რეინვაზია.
- მშობლისთვის რა უნდა იყოს ნიშანი, რომ ბავშვს ჰყავს ჭიები? ამბობენ, რომ ძილში კბილების კრაჭუნი ერთ-ერთი ნიშანია?
- ის, რომ ბავშვი ძილში კბილებს აკრაჭუნებს, არ არის იმის დამამტკიცებელი, რომ ჭია ჰყავს. ამის პირველი ნიშანია უკანა ტანის ქავილი. ჭია მახვილა ნაწლავებში ცხოვრობს და ახასიათებს მიგრაცია ანუსის მიდამოში, სადაც უამრავ კვერცხს დებს. ქავილის შედეგად კვერცხი ხელიდან კონტაქტის გზით გადადის.
- თუ დროულად არ მივაქცევთ ყურადღებას, რა შეიძლება გამოიწვიოს?
- მახვილა ჭია იწვევს დისკომფორტს, უმადობას, მეტეორიზმს, ღამით ნერწყვის დენას, მოუსვენარ ძილს, გაღიზიანებას. სხვა ზემოთ ჩამოთვლილი ჭიები უფრო მეტად ვერაგია, ღვიძლს აზიანებენ, სხვადასხვა ორგანოში შედიან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც საყლაპავიდანაც კი ამოუყვანიათ.
მახვილას ახასიათებს ციკლური მიმდინარეობა, მისი განვითარება 3 კვირამდე გრძელდება: ჯერ კვერცხიდან უნდა წარმოიქნას ჭუპრი, მატლი, მერე უნდა გამრავლდეს. მერე თვითონ იხოცებიან. მაგრამ დახოცვამდე დებენ კვერცხებს, რაც ჰაერზე მსუბუქია, მოდებულია მთელ ოთახში. ამიტომ ხშირად უნდა გავანიავოთ, ყველაფერი დავამუშაოთ სველი წესით, განსაკუთრებით ხალიჩები, ავეჯი, სათამაშოები. ბავშვს ფრჩხილები დაჭრილი და დამუშავებული უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც საცვლები შიგნიდან თუ გარედან ცხელი უთოთი, თეთრეულიც ხშირად უნდა გამოვცვალოთ.
ჭიები მეტადაა გავრცელებული განვითარებად ქვეყნებში, რადგან ასეთ ქვეყნებში არ მიმდინარეობს სურსათის კონტროლი, მოუწესრიგებელია კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემა.