"მე მოვინათლე საქართველოში, ყაზბეგში, 33 წლის ვიყავი..." - რას ამბობს ანდრეი ერმაკი "ქართული ოცნების" ბანერებსა და საქართველოზე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი "მთავარ არხთან"ინტერვიუში "ქართული ოცნების" ბანერების შესახებ საუბრობს.
"მე ინტერნეტში ვნახე ეს ბილბორდები. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან თქვენ არჩევნები გაქვთ წინ. ეს თქვენზეა დამოკიდებული ვის აირჩევთ, ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს. პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების პატივისცემა, ჩვენ არასოდეს ჩავერევით სხვის შიდა საქმეებში, მაგრამ არც არავის მივცემთ ნებას ჩვენს საქმეებში ჩაერიონ.
ამიტომ, მინდა ვთქვა, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეა არ ეკუთვნის ქართველ ხალხს. და ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველების დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. მჯერა რომ ქართველი ხალხი ხედავს სიმართლეს და ამიტომ უჭერს მხარს უკრაინას რუსი აგრესორების წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნა ერმაკმა.
მანვე ასევე გაიხსენა, რომ საქართველოში, ყაზბეგში მოინათლა:
"მე მოვინათლე საქართველოში, ყაზბეგში, 33 წლის ვიყავი. ეს აბსოლუტურად შემთხვევით მოხდა. ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემთვის. ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი არასოდეს დამავიწყდება. მე ბევრი რამ მაკავშირებს თქვენს ქვეყანასთან და ჩემთვის არ არის შემთხვევითი, რომ ჩემი ნათლობა საქართველოში მოხდა...
ჩემი ერთი ნათლია ქართველია. ხოლო მეორე უკრაინელი, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს... ამის შემდეგ ბევრჯერ დავბრუნდი ყაზბეგში, გამიკვირდა მეორედ რომ ჩავედი და ყველას ვახსოვდი. ძალიან ლამაზი მხარეა... ეს ადგილი ჩემს გულში და მოგონებებშია და მე მას ხშირად ვიხსენებ", - ამბობს ერმაკი "მთავარ არხთან".