Soft Power-რბილი ძალაუფლება-ქვეყნის ბრენდი
21 ე საუკუნეში ქვეყნის ძალაუფლების განმსაზღვრელი სულ უფრო მეტად ხდება არა ე.წ. Hard Power, სამხედრო ძლიერება, ტერიტორიის სიდიდე, მოსახლეობის რაოდენობა, არამედ რბილი ძალაუფლება-ქვეყნის მიმზიდველობით გამოწვეული გავლენა. მაგრამ აქვე უპირველესად მსურს განვმარტოთ თავად ძალაუფლება, ძალა. ძალა არის სხვებზე გავლენის მოხდენის უნარი შენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. ძირითადად სამი გზა არსებობს ამისათვის:
1. დაშინებით იძულება.
2. დაინტერესებით სტიმულის მიცემა, მაგალითად დარწმუნების ყველაზე უძველესი ფორმა - მოქრთამვა.
3. მოხიბვლა-მიმზიდველობა.
ეს არის სამი ფრიად განსხვავებული გზა ადამიანებზე გავლენის მოსახდენად, რათა მიაღწიო შენთვის სასურველ შედეგს. ეს მესამე გზა - უნარი ადამიანების მოხიბვლის და მიზიდვისა არის ჩვენი საუბრის თემა. რბილი ძალაუფლება სწორედ იმის უნარია, რომ მოახდინო გავლენა სხვებზე, რათა მათ მოუნდეთ ის, რაც შენ თავად გსურს, მოახდინო მათი სურვილების შექმნა-ჩამოყალიბების ფორმირება.
ავტორიტარულ ქვეყნებში დაშინება, იძულება და ბრძანება არის ძალაუფლების მთავარი რესურსი მმართველისთვის, ხოლო დემოკრატიულ საზოგადოებაში ლედერები ეყრდნობიან ძირითადად რბილ ძალაუფლებას, პიროვნულ მიმზიდველობას, ზნეობრივ ღირებულებებსა და პრინციპებს, ინსტიტუციებსა და პოლიტიკურ კურს, რომელსაც აქვთ მაღალი ლეგიტიმურობა და მორალური ავტორიტეტი. თუკი ლიდერი არის მატარებელი იმ ღირებულებების, რომლებსაც ხალხი იზიარებს, მაშინ უფრო იოლია მართვა-წინამძღოლობა. უბრალოდ რომ ვთქვათ, რბილი ძალაუფლება არის მომხიბვლელი ძალაუფლება. ჰიტლერი, მაო, სტალინი არიან მაგალითნი ხისტი ძალაუფლების და რუზველტი, მაზარეკი, ჰაველი, განდი არიან მაგალითნი რბილი ძალაუფლების.
დღევანდელ სამყაროში იმარჯვებენ და წინაურდებიან არა ის ქვეყნები, რომელთაც მძლავრი სამხედრო სიძლიერე აქვთ (ხანდახან, ჯერ კიდევ ასე ხდება) არამედ სულ უფრო მეტად ისეთი ქვეყნები, რომელთაც მიმზიდველი ამბავი აქვთ თავის თავზე სათქმელი. დღეს იმარჯვებს უკეთესი ამბავი, მიმზიდველი და სანდო ბრენდი, მისაბაძი მოდელი, მიმზიდველი ღირებულებები, პოლიტიკური სისტემა, სამართლიანი და პროგრესული საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის მომხიბვლელი კულტურა. რბილი ძალაუფლება იქმნება ნაწილობრივ მთავრობის მეცადინეობით და ნაწილობრივ მიუხედავად მთავრობის ქმედებისა.
ამ თანამედროვე ეპოქაში რბილი ძალაუფლება სულ უფრო მეტად ხდება ქვეყნის მთავარი აქტივი. რბილი ძალაუფლება რასაკვირველია არ არის ორიენტირებული სხვების დაპრყრობაზე, არამედ იმაზე, თუ რაოდენ მიმზიდველი, მომხიბვლელი და სათაყვანოა ქვეყანა სხვებისთვის. ეს არ არის ვულგარული და იაფფასიანი პროპაგანდა მიმართული მთავრობისაგან, არამედ ის რაც ნამდვილია, რაც ნაღდია, ჭეშმარიტია, რაც თავად საზოგადოებისაგან მომდინარეობს. რასაკვირველია, იგი უნდა იყოს განმტკიცებული და მხარდაჭერილი მთავრობისაგან.
რბილი ძალაუფლება არის ძალა ქვეყნის კულტურისა, მისი განათლების სისტემისა, მისი ტრადიციების, მისი გმირების, მისი სპორტის, მეცნიერების. ეს ყველაფერი აძლიერებს ქვეყნის გავლენასა და პრესტიჟს მსოფლიოში. მაგალითად, ალიანს ფრანსეს, ბრიტიშ ქაუნსილ, სერვანტესის საზოგადოება, კონფუცის ინსტიტუტი, დანტე ალეგიერის, გოეთეს ინსტიტუტი, ამერიკის ხმა, ჰოლივუდი, Google, Apple, Silicon Valley.
მრავალი წარჩინებული ქვეყანა სწორედ რომ რბილ ძალაუფლებაზე აკეთებს აქცენტს ძირითადად. რბილი ძალაუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ხდება ის ძირითადი რესურსი და აქტივი, რითიც ქვეყნებს შეუძლიათ მიაღწიონ მათთვის სასურველ შედეგს უფრო მიმიზიდველი და მომხიბვლელი საშუალებებით, მათი მორალური ავტორიტეტით. ეს შეიძლება იყოს ძალა და მიმზიდველობა ქვეყნის ბიზნეს ბრენდებისა, მისი კულტურის ექსპორტისა, სიმძლავრე საგანმანათლებო ინსტიტუტებისა, პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკის.
ჩვენისთანა პატარა ქვეყანას ხშირად სჭირდება ბრძნული ნაზავი ხისტი და რბილი ძალაუფლების - ე.წ. Smart Power, ანუ ჭკვიანი ძალაუფლება, მაგრამ ეს შემდეგი საუბრების თემაა. დღეს კი ვიტყვი, რომ ახალი ტრენდი სწორედ რბილი ძალაუფლებების პოპულარიზებაა მსოფლიოში. უკვე მეორედ მოხდა ქვეყნების რანკირება მსუბუქი ძალაუფლების მიხედვით. ჩვენს მომდევნო ბლოგსა და გადაცემაში, სწორედ 20 გამარჯვებულ ქვეყანასა და მათი ბრენდირების ხელოვნებაზე ვისაუბრებთ. ’’ რბილ ძალაუფლებას’’ კი განვიხილავთ, რადიო ’’პალიტრის’’ პირდაპირ ეთერში, სამშაბათს, 22 მაისს, 20 საათსა 35 წუთზე.
მანამდე, წაიკითხეთ ბლოგი, გამოთქვით მოსაზრებები, დასვით შეკითხვები!
პატივისცემით გია მაისაშვილი