„ძალიან ამაღელვებელი იყო ამ კაბის ჩაცმა 60 წლის შემდეგ... ჩვენების ბოლოს დემნამ კაბა მაჩუქა“
ბალენსიაგას მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ცნობილია ჩვენებებზე ექსტრავაგანტური სიურპრიზებით, რიგით მესამე Haute Couture კოლექციის ჩვენებისას კი მან თავად კრისტობალ ბალენსიაგას ფავორიტი მოდელი, დანიელ სლავიკი მიიწვია. 2022 წელს პარიზის ჩვენებაზე დანიელ სლავიკი ზუსტად იმ კაბით გამოვიდა, რომელიც 1966 წელს ლეგენდარულმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ შეუკერა. "დანიელი ბალენსიაგას საყვარელი მოდელი იყო, ის 1960-იანი წლების ყველა კატალოგშია. ჩემთვის მის აქ ყოფნას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს", - თქვა დემნა გვასალიამ ერთ ინტერვიუში.
დანიელ სლავიკის დახმარებით მიეცათ საშუალება ბალენსიაგას მოდის სახლის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს ემოგზაურათ ბალენსიაგას წარსულში, საარქივო ფოტოების გარდა, შემოქმედებითი ჯგუფი მთლიანად სლავიკის მონათხრობს დაეყრდნო. როგორ შეიკერა ლეგენდარული კაბა მეორედ და როგორი იყო კრისტობალ ბალენსიაგა მუშაობის პროცესში? - დანიელ სლავიკმა პარიზიდან "კვირის პალიტრის" კითხვებს უპასუხა:
- როგორ დაიწყეთ სამოდელო კარიერა, როდის შეხვდით პირველად კრისტობალ ბალენსიაგას?
- ჩემს მეგობარს ვახლდი, რომელიც კრისტობალ ბალენსიაგასთან ქასთინგზე მივიდა. ეს იყო 1964 წელი. კრისტობალი უდიდესი დიზაინერი იყო, აღიარებული დიორისა და ჟივანშისგან. დაუვიწყარია ჩემთვის მისი ყურადღება. შერჩევა თითქმის დასრულებული იყო, როდესაც ბატონი ბალენსიაგა მომიახლოვდა და მეუბნება: "ახლა თქვენი რიგია". არ მითქვამს, რომ მეგობარს ველოდებოდი და შერჩევაზე არ ვიყავი. მაშინ მოდელობაზე არც მიფიქრია. ამ შეხვედრამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა.
- ბევრი მოგონება გაკავშირებთ ბალენსიაგასთან, რადგან 1968 წლამდე ითანამშრომლეთ, ზუსტად მანამდე, როდესაც 74 წლის დიზაინერი პენსიაზე გავიდა და დახურა თავისი მოდის სახლი.
- კრისტობალი იშვიათად საუბრობდა ხოლმე, როდესაც ატელიეში შემოვიდოდა, სიჩუმე დგებოდა. ის პერფექციონისტი იყო, შეეძლო კოსტიუმის 10-ჯერ ან სულაც 20-ჯერ გადაკეთება, სანამ სრულყოფილ შედეგს არ მიიღებდა. პენსიაზე გასვლისა და მოდის სახლის დახურვის წინ ბოლო ჩვენება გამართა, ჩვენების ბოლოს მედიის წარმომადგენლები და სტუმრები ფეხზე წამოუდგნენ შეძახილებით: კრისტობალ, კრისტობალ!" თვალის მოკვრას ცდილობდნენ. იმ დღეს კრისტობალი დიდი ხნით ადრე წავიდა, რადგან ჟურნალისტებთან შეხვედრა არ სურდა. თავისებური კაცი იყო, დაფასებული ყველასგან - კლიენტებისა თუ პრესის წარმომადგენლებისგან.
ბალენსიაგას მოდის სახლის დახურვის დროს მე ასაკით ერთ-ერთი ყველაზე პატარა მოდელი ვიყავი. კრისტობალს არ სურდა შემოქმედებითი ჯგუფი და მოდელები უსამსახუროდ დარჩენილიყვნენ, ამიტომ ყველას დასაქმებაზე იზრუნა. ასეთი საოცარი ადამიანი იყო. ერთხელ ატელიეში ჩაზომებისას შიმშილისგან გული წამივიდა, რადგან დიეტაზე ვიყავი. ბატონმა ბალენსიაგამ მკითხა, რა დაგემართაო? დიეტაზე ვარ-მეთქი, ვუპასუხე. მითხრა, დანიელ, თქვენ კი არ უნდა იყოთ დიეტაზე, მე უნდა ჩაგაცვათ ისე, რომ გამხდარი გამოჩნდეთო. მაშინვე შეუკვეთა რესტორანში ბიფშტექსი და შემწვარი კარტოფილი, რომ მესადილა, თავზე მადგა და მიყურებდა, სანამ ბოლო ლუკმა არ შევჭამე.
- 50 წლის შემდეგ დემნამ მიგიპატიჟათ თავის ჩვენებაზე.
- ის კაბა ბალენსიაგას კლასიკის ინტერპრეტაციაა, რომელიც ერთხელ მონაკოს პრინცესა გრეის კელის ეცვა. დემნას ვუთხარი, რომ ეს კაბა ყველაზე მეტად მიყვარდა, როდესაც მოდელი ვიყავი. გრეის კელიმ ბალენსიაგას ჩვენებაზე მნახა და იმდენად მოეწონა, რომ იყიდა და თავისი დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ჩაიცვა. ის ხშირად ყიდულობდა იმ კაბებს, რომლებითაც მე გამოვდიოდი ჩვენებებზე. დემნას ეკუთვნის კაბის ინტერპრეტაცია, ეს ნამდვილად არაორდინარული ნაბიჯი იყო. დემნას პიროვნება ემოციურად ძალიან ახლოს არის ჩემთან. ის დიადი ადამიანია, ძალიან კეთილი და უნიჭიერესი. ზუსტად ამ თვისებებმა გადამაწყვეტინა მასთან თანამშრომლობა. დემნას ეს ნაბიჯი იყო კრისტობალ ბალენსიაგასადმი პატივისცემისა და მისი შემოქმედებით აღტაცების გამომხატველი. როდესაც ჩვენებაზე გამოსვლა შემომთავაზა, თავიდან ვყოყმანობდი, რადგან აღარ ვარ სამოდელო ასაკში. შემდეგ ვიფიქრე და მივხვდი, რომ ამით დემნას სურდა კრისტობალის ხსოვნისთვის პატივი მიეგო. ძალიან ამაღელვებელი იყო იმ კაბის ჩაცმა 60 წლის შემდეგ. ჩვენების ბოლოს დემნამ ის კაბა მაჩუქა.
- მონაკოს პრინცესა გრეის კელი ახსენეთ. თუ შეხვედრიხართ მას პირადად?
- გრეის კელი ბალენსიაგას ყველა სეზონის ჩვენებას ესწრებოდა. მახსოვს, ესპანეთისა და ავსტრიის პრინცესებთან ერთად. ერთმანეთი თვითმფრინავში გავიცანით, ერთად ვიმგზავრეთ, ტეხასში მივდიოდით საქველმოქმედო ჩვენებაზე.
- ჩვენ ვამაყობთ, რომ ახლა ბალენსიაგას მოდის სახლს ქართველი კრეატიული დირექტორი ჰყავს.
- ჩვენც ვამაყობთ და მოხარული ვართ, რომ ის პარიზშია. ყველას უყვარს დემნა - ჟურნალისტებს, კლიენტებს, ყველა მოდის ჟურნალისტი აღფრთოვანებულია მისი კოლექციებით. მან ბალენსიაგას ახალი სული შთაბერა. მანამდე ბრენდი იყო მხოლოდ შეძლებული ქალებისთვის, პრივილეგიად ითვლებოდა ბალენსიაგას სამოსის ტარება. ყველას როდი შეეძლო, კრისტობალის კლიენტი ყოფილიყო. დემნას წყალობით კი ბალენსიაგა ქუჩაში გავიდა, ახლა ყველას აქვს რაღაც ბალენსიაგასი. მთელი მსოფლიოს გარეუბნებშიც კი ნახავთ ადამიანებს მისი პატარა ჩანთებით ან მაისურით. დემნამ ყველას მისცა უფლება, ბალენსიაგა ჩაეცვა. არადა, ადრე ეს იყო ძალიან ვიწრო, მხოლოდ პრივილეგირებული პერსონებისთვის განკუთვნილი სამოსი.
- უკვე მრავალი წელია მოდის სფეროს ადევნებთ თვალს, თქვენი აზრით, რა არ გადავა მოდიდან?
- პატარა შავი კაბა. მე მიჩვეული ვარ კლასიკურ სამოსს, მიყვარს ყველაფერი, რასაც კრისტობალ ბალენსიაგა ქმნიდა, რადგან ეს იყო ნამდვილი ხელოვნების ნიმუში, სხეულზე მორგებული, ზუსტად ისე, როგორც შავი კაბა გრძელი სახელოებით. მოდიდან არასოდეს გადავა შავი ბლუზა შესაფერის ქვედაკაბასთან ან შარვალთან ერთად.
- ჩვენი საუბრის დასასრულს რას ეტყვით "კვირის პალიტრის" მკითხველს?
- "გამარჯობა, პალიტრა" - ვეცადე ქართულად რამდენიმე ფრაზა მესწავლა ჩვენი ინტერვიუსთვის... ცოტა რთული ენა ყოფილა. სიყვარულით პარიზიდან. დანიელ სლავიკი.
უცნობი ამბები კრისტობალ ბალენსიაგაზე
ცნობილია, რომ დიზაინერი არ წყალობდა ჟურნალისტებს, ის მხოლოდ ორი ფოტოგრაფისთვის პოზირებდა - ჰენრი კარტიე-ბრესონისა და მანუ რეიუსთვის. ჟურნალისტები იმასაც კი ამტკიცებდნენ, რომ ბალენსიაგა თავისი სახლის მოპირდაპირე მხარეს მდგარი გაზეთების ჯიხურის მეპატრონეს ფულს უხდიდა, რომ მას რკინის ჯოხით გაერეკა სახლთან შეკრებილი რეპორტიორები. ის არასდროს გამოდიოდა ჩვენების ბოლოს, როგორც არის მიღებული მოდის სფეროში. ზოჯგერ ჟურნალისტები მას უჩინარ კაცად მოიხსენიებდნენ, ზოგიერთს კი ეჭვიც ეპარებოდა კრისტობალის არსებობაში. დიანა ვრილანდი, "ვოგის" ლეგენდარული რედაქტორი, წერდა, თუ ოთახში ბალენსიაგას სამოსში გამოწყობილი ქალი შემოდიოდა, სხვა ქალების არსებობა აზრს კარგავდაო. ის კათოლიკე იყო, უყვარდა რიტუალები, მაგრამ ვერ იტანდა უსარგებლო წვრილმანებს, იყო სიტყვაძუნწიც, რის გამოც საზოგადოება ასკეტურ პიროვნებად მიიჩნევდა, მისი მოდის სახლი კი მონასტერთან ასოცირდებოდა.