„შხამიანი ეთერა“ და ეჭვიანი ქმარი საიქიოდან
თითილოკაანთ მიხო და ყარაბუღაანთ მარო, მრავალცოლიანი თედო და "შხამიანი" სტომატოლოგი ეთერა, რომელიც პაციენტებს საღ კბილებს აძრობს, "დასტოინი" ჯემალა და ცოლის მონა კოლა, "ფარნიანი გოგია" და "ცალფაზიანი გოდერძა"... - ეს სერიალ "მიხო და მაროს" პერსონაჟების არასრული ჩამონათვალია. ამ სერიალში ყველაზე უჩვეულო როლს მსახიობი გეგე სულხანიშვილი ასრულებს. როგორ შესთავაზეს გარდაცვლილი კაცის როლი და როგორ იღებენ სერიალს, რომელიც კახური იუმორით არის გაჯერებული, ბატონი გეგე გვიამბობს:
- გარდაცვლილი გოგიას როლი პაატა გულიაშვილმა შემომთავაზა, სერიალის ერთ-ერთმა რეჟისორმა და მთავარი როლის შემსრულებელმა. ახლაც მეღიმება, როცა მახსენდება, როგორ გაუჭირდა იმის თქმა, რომ მიცვალებულის როლი უნდა შემესრულებინა. ჩემი გმირი, ცოტა არ იყოს, ეჭვიანი კაცია, რომელიც ცოლს იმ ქვეყნიდანაც აკონტროლებს. ცხადია, ამ როლის გამო კახეთში სულ მეხუმრებიან, ერთმა ნაცნობმა ისიც კი მითხრა, ბატონო გეგე, თქვენ მარტო კინოში თუ გნახავთ მიცვალებულს, თორემ ამ ცხოვრებაში ვერ ვეღირსებითო.
პირველი სეზონის ბოლო სერია ახმეტაში გადაიღეს. რადგან სეზონის დახურვა იყო, დიდი პურმარილი გაშალეს. რატომღაც მე არ დამპატიჟეს. ვხედავდი, როგორ ქეიფობდნენ, "ქსოვრელები" უკრავდნენ და მღეროდნენ. ავდექი და "ქსოვრელების" სოლისტს, გიორგი შოშიტაიშვილს შეტყობინება მივწერე, ეეჰ, ჩემო გიო, ცოცხალი რომ ვყოფილიყავი, მეც ხომ თქვენ გვერდით ვიქნებოდი-მეთქი. მერე მიბოდიშებდნენ, მაგრამ ეს ამბავიც იუმორში გავატარე - როდის იყო, მიცვალებულს სუფრაზე ეპატიჟებოდნენ-მეთქი.
- ბატონო გეგე, სერიალში ზუსტად არის გადმოცემული კახური იუმორი და იქაური გარემო, მსახიობებიც კახურად უქცევენ.
- კახეთში ექვსი რაიონია და ყველგან სხვადასხვა დიალექტი აქვთ. შეიძლება თქვენ ვერ მიხვდეთ, მაგრამ მე მაშინვე ვხვდები გურჯაანელი მესაუბრება, სიღნაღელი თუ ლაგოდეხელი. ამ სერიალში ჩემი ქალიშვილის როლს მსახიობი ნონა ხუმარაშვილი ასრულებს, რომელიც ქიზიყელია და იქაური დიალექტი აშკარად ეტყობა. ისე, კონკრეტულად რომელ რაიონში ხდება ეს ამბები, სცენარში არც არის გათვალისწინებული. რაც შეეხება უცნაურ მეტსახელებსა და გამონათქვამებს, ეს პაატა გულიაშვილის დამსახურებაა, რომელიც მთელ კახეთში აგროვებს ასეთ მარგალიტებს.
სერიალში, ძირითადად, თელავის თეატრის მსახიობები თამაშობენ: ვანო იანტბელიძე ცნობილი პოლიტიკოსია, ნონა ხუმარაშვილი - ჩემი ქალიშვილია, ჩემი მეუღლის ანუ "შხამიანი ეთერას" როლს კი, ეთერ ბაბილაშვილი ასრულებს. ეთერი ძალიან მშვიდი ქალია, რომელსაც ზედმეტს ვერაფერს ეტყვი. სერიალი ახალი დაწყებული იყო, სცენარის მიხედვით, მისთვის უნდა შემეგინებინა, მაგრამ ვერ შევძელი, მერე, როგორც იქნა, შევაგინე და ნახევარი საათი ბოდიშებს ვუხდიდი. მე და ეთერი გადასაღებ მოედანზე ორჯერ შევხვდით ერთმანეთს და ორჯერვე ჩემი ცოლის როლს ასრულებდა - პირველად "ჩემი ცოლის დაქალებში" და ახლა ამ სერიალში. ამიტომ ზოგჯერ ვეხუმრები, ეთერ, ამ საკითხზე სერიოზულად ხომ არ ვიფიქროთ-მეთქი.
- წინაპრებში თუ გყავდათ მსახიობები?
- მამაჩემი, მიხეილ სულხანიშვილი, მსახიობი არ იყო, მაგრამ თეატრი და კინო ძალიან უყვარდა. ის თელავში ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი იყო. მასთან მეგობრობდა რეზო ჩხეიძე, რომელმაც "მაია წყნეთელი" თელავში გადაიღო. მერე, როცა "ჯარისკაცის მამის" გადაღება გადაწყვიტა, მთავარ როლზე მამაჩემის დამტკიცება სურდა. სცენარის ავტორი, სულიკო ჟღენტიც, თანახმა იყო, მამაჩემს ფოტოები გადაუღეს და მოსკოვში გაგზავნეს, რომ მთავარ როლზე დაემტკიცებინათ, მაგრამ რუსეთიდან ცივი უარი მოვიდა. დიდი ფიქრის შემდეგ სერგო ზაქარიაძე დაამტკიცეს, რომელიც იმერელი იყო - ზესტაფონიდან. სერგო ზაქარიაძე სამი თვე ჩვენს ოჯახში ცხოვრობდა. 1960 წელი იყო, მაშინ 14-15 წლის ბიჭი გახლდით და ეს ამბები ძალიან კარგად მახსოვს. ვხედავდი, როგორ დაჰყვებოდა მამას ყველგან: სამსახურში, ნათესავებთან, სტუმრად - მოკლედ, ყველგან, სადაც კი წავიდოდა... Mმისგან გადაიღო საუბრის კილოც და მანერებიც, ნიჭიერი მსახიობი იყო და ყველაფერს ისრუტავდა. "ჯარისკაცის მამაში" მან არაჩვეულებრივად ითამაშა მთავარი როლი და საბოლოოდ, მსოფლიო დონის ფილმი გადაიღეს.
- ჩვენს ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილზე ხუმრობენ, ის ერთადერთი გურჯაანელია, რომელიც ყველა თელაველს უყვარსო. თქვენ თუ იცნობთ ისეთ თელაველს, რომელიც ყველა გურჯაანელს უყვარს?
- ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ასეთი თელაველი მე ვარ. მე არასდროს ვხუმრობ გურჯაანელებზე, რადგან დედა იქაური მყავდა - ვაჩნაძის ქალი. ყველას ხომ ერთნაირი იუმორის გრძნობა არა აქვს? - შეიძლება ჩემი ანეკდოტი ან სხარტულა 50 კაცს მოეწონოს, მაგრამ დანარჩენ ორმოცდაათს არ ესიამოვნოს. ამიტომ სულ ვცდილობ ამ თემას არ შევეხო. საქართველო ისედაც პატარაა და ასეთი დაყოფა-დანაწევრება არ მომწონს. ჩემთვის ადამიანზე დიდი ფასეულობა არ არსებობს და ეტყობა, ამას სხვებიც გრძნობენ.
ხათუნა ჩიგოგიძე