„საოპერო მომღერალი ვარ, მაგრამ 74 წლის ასაკში პოპულარული ველოსიპედმა გამხადა“
ლია ჩივაძის ვიდეოს სოცქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა - 74 წლის ქალი თბილისის ქუჩებში ველოსიპედით გამოჩნდა და როგორც ამბობს, დღეს ყველაზე ხანდაზმული ქალია, ვინც თბილისში ველოსიპედით დადის. ხუმრობს, რომ საოპერო ხელოვნებაში მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა, მაგრამ პოპულარული ველოსიპედმა გახადა... თავის წინააღმდეგობებთ სავსე ცხოვრებაზე ლია ჩივაძე გვიამბობს:
- მანგლისში დავიბადე და გავიზარდე. ღარიბი ოჯახი გვქონდა, ძალიან გვიჭირდა. ომის შემდგომი პერიოდი იყო, დედა მუშაობდა, ბავშვები გარეთ დავდიოდით, თან ბალახს ვძოვდით.
- ბალახს?
- დიახ, არის ერთი მცენარე, რომელსაც თეთრი ყვავილები აქვს. პურს ვეძახდით, მშივრები ვჭამდით...
- ბავშვობიდანვე მღეროდით?
- სკოლაში სწავლისას კარგად ვხატავდი, ვმღეროდი... ცოტა არ იყოს, ავადმყოფი ბავშვი ვიყავი, ჩირქოვანი გლანდები მქონდა და ამიტომ მშობლებმა სპორტზე შემიყვანეს. ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩაბარება მსურდა, მაგრამ საბუთები არ მიიღეს, ამიტომ სამედიცინო ტექნიკუმში ჩავაბარე. დამთავრების შემდეგ ერთი წელი ვიმუშავე ერთ კლინიკაში მორიგე-ექთანად...
- საოპერო მომღერალი როგორ გახდით?
- ჩემს სტუდენტობაში მანგლისში დები ნამორაძეები ჩამოდიოდნენ. ერთი და, მედეა ნამორაძე, საოპერო მომღერალი იყო. მას რომ ვუსმენდი, იმდენად მოვიხიბლე, ოთახში ჩავიკეტებოდი და ვმღეროდი. მედეამ შემთხვევით გაიგონა და მითხრა, ძალიან კარგი ხმა გაქვს, ჩემს პედაგოგთან მოსმენაზე წაგიყვანო. მედეას პედაგოგი ნათელა წერეთელი მეათე მუსიკალური სკოლის დირექტორი გახლდათ. ჩემმა ხმამ აღაფრთოვანა, ცნობილ მომღერლებსაც კი შემადარა და მაშინვე მეორე მუსიკალურ სასწავლებელში წამიყვანეს. სწავლა დაწყებული იყო, მაგრამ გამონაკლისი დაუშვეს და მუსიკალურ სასწავლებელში ჩამრიცხეს...
- ოჯახი როდის შექმენით?
- სასწავლებელში ჩემს მომავალ მეუღლეს შევხვდი, რომელიც გიტარას ძალიან კარგად უკრავდა. მალევე დავქორწინდით. შემდეგ მუსიკალური ტექნიკუმის პედაგოგმა კონსერვატორიაში მოსასმენად დავით ანდღულაძესთან წამიყვანა. დიდმა მაესტრომ რომ მომისმინა, ჩემს პედაგოგს უთხრა, კიდევ ერთი წელი შენთან ისწავლოს და მერე მომიყვანეო... ის ერთი წელი რომ გავიდა, დავით ანდღულაძესთან ვეღარ მივედი...
- რატომ?
- იმ წელს ჩემი მეუღლე კონსერვატორიაში ვერ ჩაირიცხა და მითხრა, რადგან მე თეატრალურ ინსტიტუტში ვაგრძელებ სწავლას, შენც იქ წამოხვალო... მოგეხსენებათ ქართული მენტალიტეტი და მეც სხვა გზა არ მქონდა - თეატრალურ ინსტიტუტში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. თეატრალურ ინსტიტუტში ქართულ წერაში იყო გამოცდა, მე კი რუსული სკოლა მქონდა დამთავრებული, არ შეიძლებოდა ქართველს რუსულად ჩაებარებინა და ამიტომაც "შპარგალკა" მომცეს. "შპარგალკა" ვერ წავიკითხე და ერთიანი დამიწერეს... თეატრალური ინსტიტუტის რექტორი საფრანგეთის ყოფილი ელჩი, ილია თავაძე იყო. მან თქვა, ჯგუფში ეს გოგო თუ არ იქნება, ამ ჯგუფიდან არც ერთი არ მინდაო. ასეთი იღბლიანი ვიყავი ახალგაზრდობაში, რაც შემდეგ აღარ გაგრძელდა...
- ჩაირიცხეთ თეატრალურ ინსტიტუტში?
- დიახ... იანვარში რუსულად ჩავაბარე მუსიკალური დრამის ფაკულტეტზე, სტიპენდიაც დამინიშნეს. მეორე კურსიდან აკადემიური ავიღე, რადგან შვილი შემეძინა... ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუსკომედიის თეატრში მოვხვდი...
- რატომ აღარ გააგრძელეთ იქ მუშაობა?
- ყველა მეუბნებოდა, საოპერო ხმა გაქვსო, მეც დავიჯერე და კონსერვატორიაში ჩავაბარე. კონსერვატორიაში მისასვლელად შესაფერისი კაბა არ მქონდა და მუსკომედიის ერთ-ერთი კაბა ჩავიცვი, რომელიც სპექტაკლში მეცვა. როგორც კი გამოცდა ჩავაბარე, სასწრაფოდ თეატრში გავიქეცი კაბის ჩასაბარებლად... რომ გავრბოდი, გზაში ზურაბ სოტკილავა დამეწია და მითხრა, შენ უკვე გამართული მომღერალი ხარ, ხვალ ოპერაში წამოდი, მე მოველაპარაკები, ვისაც საჭიროაო. მაშინ ოპერის დირექტორი მისი ახლო მეგობარი, ზურაბ ანჯაფარიძე იყო. შევთანხმდით, მაგრამ მეორე დღეს ზურაბ ანჯაფარიძე თეატრის დირექტორობიდან შეცვალეს.
- თქვენ რა ბედი გეწიათ?
- სწავლა ისევ კონსერვატორიაში გავაგრძელე... კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში სპექტაკლებში ვმღეროდი, სადაც გადასარევი დირიჟორი იყო ზაქარია ხუროძე... მეოთხე კურსის სტუდენტი ზაქარია ხუროძემ ოპერის თეატრში მიმიყვანა, სადაც ჯანსუღ კახიძემ მომისმინა. "ტოსკა" ვიმღერე და მაშინვე ჩამრიცხეს, მომავალ წელს უკვე სოლისტი ვიყავი. ოპერაში ჩემი პირველი სპექტაკლი "აბესალომ და ეთერი" იყო, ეთერის პარტია ვიმღერე...
- როგორც ვიცი, საზღვარგარეთაც გქონდათ წარმატება...
- გერმანიაში, სერგეი პროკოფიევის ფესტივალისთვის ორი ოპერა მოამზადეს, ორივეში მთავარი პარტია მომცეს. დამდგმელი რეჟისორი რობერტ სტურუა გახლდათ... სპექტაკლის შემდეგ დაქანცული ჩემს ოთახში ვიჯექი და გრიმს ვიშორებდი, როცა გამომიძახეს. გავიქეცი გაჩეჩილი თმით, ნახევრად გრიმმოცლილი. ჩვენმა არაჩვეულებრივმა თარჯიმანმა, ლონდა ესაძემ, ჩამჩურჩულა, გკითხავენ, აიდას პარტია თუ იციო, და აუცილებლად უთხარი, ვიცი-თქო... მართლაც ასე მოვიქეცი და მითხრეს, რომ სამომავლოდ მიწვევდნენ. საქართველოში ამაზე ერთი სიტყვაც არ დაწერილა და ამიტომაც არც არავინ იცის... თბილისში ჩამოვედი თუ არა, კონცერტმაისტერ ტატიანა დუნენკოსთან დავიწყე აიდას პარტიის მომზადება, დღეში ორჯერაც კი დავდიოდი. ჩემს ცხოვრებაში რომ დამოუკიდებლად არსად გავსულვარ, უცებ გერმანიაში მარტო წავედი. მახსოვს, მიუნხენის აეროპორტში როგორი დაძაბული ვიყავი... ესენის თეატრში აიდას ორი წლის განმავლობაში ვმღეროდი, სანამ მოხსნიდნენ რეპერტუარიდან... შემდეგ ჩემი მეუღლე გამოვიძახე და გერმანიიდან მანქანა წამოვიყვანეთ, მაგრამ მანქანის მართვა დღემდე არ ვიცი...
- ისევ თბილისის ოპერაში დაბრუნდით?
- დიახ, მაგრამ შემდეგ ჩვენს თეატრში მთავრობა შეიცვალა, სამუშაო არ იყო და ქუთაისის ოპერაში გადავედი... შემდეგ ქუთაისის ოპერაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ჩემი ასაკის ხალხი აღარ სჭირდებოდათ და... ასე დავრჩი უმუშევარი. წარმოიდგინეთ, რამხელა გასაქანი მქონდა და უცებ ორმოში ჩავვარდი. სახლიდან გამოსვლა აღარ მინდოდა, მთელი დღე ვიწექი, აღარაფერი მაინტერესებდა...
- ახლა სად მუშაობთ?
- ევროპულ სკოლაში გადასარევი ბაღი, ორანჟერეაა, რომელიც ძალიან მომწონდა. ვინაიდან ცოტა რთული სამუშაოა, თანამშრომლები დიდხანს ვერ ჩერდებოდნენ და სამუშაო ადგილი მალე გამოჩნდა. მებაღობის გამოცდილება არ მქონდა, უბრალოდ, ყვავილები ძალიან მიყვარდა. დღეს ეს საქმე იმდენად მიყვარს, შაბათ-კვირას ვნატრობ, ორშაბათი მალე დადგეს, სამსახურში რომ წავიდე.
- როდის დაიწყეთ ველოსიპედის ტარება?
- არავინ იცოდა ჩემი საოპერო მოღვაწეობა, ველოსიპედმა კი ისეთი პოპულარული გამხადა, ყველა მცნობს... არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან მომინდა ველოსიპედის ტარება. არც მიფიქრია, ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ძალიან ღარიბად ვცხოვრობდით, მამაჩემი კარგი ხელოსანი იყო და ორბორბლიანი ველოსიპედი ამიწყო. ზოგს ბორბლები გამოართვა, ზოგს რა და ასე აწყობილი ველოსიპედით დავდიოდი, მერე აღარ მივლია... ამჯერად ორბორბლიან ველოსიპედზე დაჯდომის შემეშინდა, რადგან ხერხემლის პრობლემა მაქვს. ამიტომაც სამბორბლიანი ველოსიპედი ჩინეთიდან გამოვიწერე. ცოტა ხანს ჩემს სახლთან გამოვდიოდი, მერე გავბედე მეტზე გასვლა და ახლა ყველგან ველოსიპედით დავდივარ... ქუჩაში ხალხი გაკვირვებული მიყურებს, 74 წლის ვარ, ჩემი ტოლი ქალებიდან დღეს ველოსიპედით თბილისში არავინ დადის. მე ავტობუსში არ ვიჭყლიტები, ლაღად, თავისუფლად მივდივარ. თუმცა სახიფათოც არის, სანამ შესაფერის გზებს გახსნიან და მძღოლები ნორმალურ სიარულს ისწავლიან... ერთხელ ველოგზაზე რომ მივდიოდი, შესახვევში მოულოდნელად მანქანამ გზა გადამიჭრა. მე ველოსიპედი შემოვატრიალე და გვერდულად მის ფანჯარას ჩამოვეკიდე. გადავრჩი, მაგრამ ყბა მივარტყი, მხარიც დალურჯებული მქონდა... მას შემდეგ შიში დამჩემდა და ზოგ ადგილას გავლისას ვილოცები, უფალო, აქ გადამარჩინე, შემიწყალე-მეთქი... ბაზარშიც ველოსიპედით მივდივარ, რადგან ჩემთვის ტვირთის ტარება არ შეიძლება. ნეტავ განახათ, როგორ შემნატრიან, მეც მინდაო...