როგორ აპირებს „ლელო“ პენსიის გაზრდას 1000 ლარამდე?! - კვირის პალიტრა

როგორ აპირებს „ლელო“ პენსიის გაზრდას 1000 ლარამდე?!

რა ვადაზეა გაწერილი "ლელოს" 1000-ლარიანი დაპირება, როდის მიაღწევს­ პენსია 1000 ლარს, რა დაჯდება და საიდან უნდა მოვიდეს საჭირო თანხა, ამ საკითხებზე "ძლიერი საქართველო - "ლელო", ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ვესაუბრეთ. როგორც იცით, ახლახან მმართველმა პარტიამ "ლელოსა" და გახარიას წინააღმდეგ საგანგებო ბრიფინგი გამართა. მათი რეიტინგების მიხედვით, ვერც ხაზარაძე და ვერც გახარია ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ საუბარი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ:

მამუკა ხაზარაძე: - ჩვენ ერთი წელია, ვზომავთ ყველაფერს და ძალიან კარგად ვიცით, სად ვართ და როგორ. დარწმუნებული ვარ, ეს იციან და ძალიან არიან გაღიზიანებული. რაც მთავარია, ორპოლუსიანობა უკვე აღარ არსებობს, რომ ისევ მანიპულირებდნენ "ოცნება"- "ნაცმოძრაობას" შორის. დაინახეს, რომ ჩვენი სახით არსებობს რეალური ალტერნატივა, საკმაოდ ძლიერი, ძალიან კარგი ლიდერებით და ასეთი რეაქცია იმიტომაც აქვთ.

- რამდენია თქვენი მხარდაჭერა?

- ორნიშნა რიცხვი რომ არის, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ.

- 20%-ის ფარგლებშია?

- დიახ, ათსა და ოცს შორის არის.

- თქვენი, ასე ვთქვათ, საიმიჯო დაპირება მაინც 1000-ლარიანი პენსიაა. ამ საკითხზე მთავარი კითხვა ის არის, როდის იქნება?

- ჩვენ განვაცხადეთ, რომ პენსია ათას ლარამდე ოთხი წლის განმავლობაში­ შეივსება, მაგრამ პირველი მყისიერი საფუძვლიანი მატება შესაძლებელია პირველივე წელს და ამის წყაროებიც დავასახელეთ. ეს რეალურია სწორი ბიუჯეტირებითა და სწორი დაგეგმვით. თუ დაინახეთ, სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ამ პროგრამას, მერე გვეჯიბრებოდნენ და ახლა გაიძახიან, 100 და 200 ლარით მეტიც შეიძლებაო.

- პირველ წელს მყისიერი ზრდა რამდენი იქნება?

- 150-200 ლარით მატება პირველივე წელს შესაძლებელია.

- პირველ წელს რა თანხა იქნება ამისთვის საჭირო და შემდეგ 4 წლის განმავლობაში 1000 ლარამდე გასაზრდელად?

- ამაზე საუბარს ახლა აზრი არა აქვს. მთავარია, ჩვენ ვიცით დაბეგვრის ბაზა. საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა­ 63 მილიარდია. ეს თითქმის მთლიანად ბიზნესის ბრუნვის (230 მილიარდამდეა) ერთი მესამედია, ქვეყანას აქედან შემოსავალი კი საშუალოდ 200 მილიონი აქვს.

- თუკი სათამაშო ბიზნესის დაბეგვრა გაიზრდება, ქვეყნიდან რომ გავიდნენ, ამ დანაკარგს რითი შეავსებთ?

- არ გავლენ. რა არის შესავსები? თუ ბიუჯეტში ფული სამართლიანად არ შემოდის და ბიზნესი, რომელიც არ ქმნის დოვლათს, არა ვარ წინააღმდეგი, რომ დაიხუროს, მაგრამ შესაძლებელია ისეთი მექანიზმის მოფიქრება, სადაც სამართლიანი ამოღებაც იქნება ბიუჯეტისთვის და ისინიც იქნებიან საქართველოში. ჩვენ გვჭირდება ისეთი ბიზნესების განვითარება, რომლებიც დოვლათისა და დამატებითი ღირებულების შემქმნელი იქნება. შესაბამისად, კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ისეთ ბიზნესებზე, რომლებიც ექსპორტზე, წარმოებასა და იმ ბაზრის ათვისებაზე იქნება­ ორიენტირებული, რასაც ევროპული უზარმაზარი ბაზარი ჰქვია და რომელსაც ვერ ვიყენებთ. აღარაფერს ვამბობ ბიუჯეტთან დაკავშირებულ კორუფციასა და სხვა მანკიერ რაღაცებზე, გადახარჯვებზე, არასწორ მართვაზე, ეს ყველაფერი კი დამატებითი თანხებია.

- ცხადია, ამას დრო სჭირდება. ვიდრე მოიზიდავთ უცხოურ ინვესტიციებს, ვიდრე წარმოება განვითარდება ქვეყანაში, მანამდე პენსიების გასაზრდელად რა წყარო შეიძლება გამოინახოს?

- გითხარით, სათამაშო ბიზნესი და კორუფცია. კორუფციის აღმოფხვრას არ სჭირდება დიდი დრო. ჯამში ტენდერების­ მოცულობა 9 მილიარდია და თითქმის 80%-ში თითო პრეტენდენტია. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვართ?! სქემა ასე აქვთ დალაგებული, თორემ სხვას განა არ უნდა მონაწილეობა და მოგება.

- სათამაშო ბიზნესი ქვეყნიდან რომ გავიდეს, თუკი მათ გადასახადებს გაუზრდით,­ პენსიებისთვის საიდან მოიტანთ ფულს?

- დამერწმუნეთ, სამართლიანი დაბეგვრის პირობებში არსად არავინ წავა. დაბეგვრის გაზრდა სამართლიანი იქნება. სხვა ქვეყნებში თუ სამართლიანია და ასეთი ბიზნესები იბეგრება, ჩვენთან რატომ არ უნდა იყოს? დიდხანს ჰქონდათ დაბეგვრის, ბიზნესის წარმოების და ა.შ. ძალიან კარგი პირობები, ახლა ყველამ კეთილინებოს და ბიუჯეტში უფრო მეტი შეიტანოს.

- პირველ წელს 150-200-ლარიანი ზრდა დაახლოებით რა დაჯდება, რა თანხაა საჭირო, რომ არსებულ პენსიას დაემატოს?

- 850 ათასი პენსიონერი გვყავს და ეს, დაახლოებით, 120-127 მილიონია თვეში, წელიწადში კი - 1.3-1.4 მილიარდი. არ არის ეს ისეთი დიდი თანხა, რომლის მოზიდვა შეუძლებელი იყოს.

- თუკი რაიმე პრობლემა შეიქმნა ინვესტიციების მოზიდვაში, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრაში, მაშინ რა მოხდება, სხვას აკლდება რამე და გადადის პენსიებში?

- ეგ არაფერ შუაშია. როდესაც ბიუჯეტი დაიგეგმება, გათვალისწინებული იქნება.

- საქართველოში პენსიას სხვადასხვა კატეგორია იღებს. ეს ზრდა გათვალისწინებული გაქვთ მხოლოდ ასაკობრივი პენსიისთვის თუ ყველა სახის პენსიას ეხება?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი დიფერენცირებული იქნება. ვიმეორებ, ამას ძალიან კარგად დათვლა სჭირდება, არის სტაჟის საკითხი და ასევე, უამრავი რაღაც. ამიტომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. ვიღაცას შეიძლება ცოტა ნაკლები ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი მიზანია, პენსია მთლიანობაში 1000 ლარამდე ავიყვანოთ.

- 1000 ლარამდე ასაკობრივი პენსია იქნება თუ საბაზისო?

- ახლა არა ვარ მზად ამაზე საპასუხოდ, ამას ცოტა ხანში გეტყვით.

- ჯანმრთელობის გამო რომ იღებენ­ პენსიას, მათთვის როგორ იქნება ეს საკითხი?

- თქვენ ახლა მთელ პროგრამას მეკითხებით, ეს ახლა შეუძლებელია.

- დაგროვებით პენსიაზე რა გაქვთ გათვალისწინებული?

- უპირველესად გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც პრემიერს აძლევს ფონდის 25%-ის ერთპიროვნულად განკარგვის უფლებას. ხომ იცით, რომ საბჭო გაუქმდა და პრემიერს მიენიჭა ეს უფლება. წარმოუდგენელი­ რაღაცაა! ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე მილიარდის განკარგვის უფლებას აძლევ პრემიერს ანუ დღევანდელი მდგომარეობით­ ბიძინა ივანიშვილს. არჩევნების შემდეგ ივანიშვილი აღარ იქნება, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ეს არის ძალზე კონსერვატიულად სამართავი ფონდი, რომელსაც აუცი­ლებლად სჭირდება პროფესიონალთა საბჭო, რათა რისკები გათვალოს. ამ ყველაფრის ერთპიროვნულად მართვა, წარმოუდგენელია. ასევე გავაუქმებთ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც ექვემდებარება პრემიერს, და აქამდე ვერც ერთი კორუფციული გარიგება ვერ წარმოადგინა, მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს დასდევს.

- თქვენი კიდევ ერთი დაპირებაა 200 ათასი სამუშაო ადგილი, რომლებიც ამ ხელისუფლების დროს დაიკარგა. როგორ დათვალეთ, რომ კონკრეტულად ამდენია დაკარგული და როგორ, რა პერიოდში შექმნით?

- ჩვენისთანა ტიპის ქვეყანას 1 სამუშაო ადგილის შესაქმნელად 20-25 ათასი დოლარი სჭირდება. აშშ-ში 1 სამუშაო ადგილი რომ შეიქმნას, 50 ათასი დოლარია საჭირო. შესაბამისად, 200 ათასი სამუშაო ადგილი რომ შევქმნათ, გვჭირდება 6 მილიარდი დოლარი. წარმოიდგინეთ, შარშან მხოლოდ ემიგრაციამ გადმორიცხა 4 მილიარდი დოლარი. ამით მე, უბრალოდ, ზომა მინდა დაგანახოთ და არა ის, თითქოს სამუშაო ადგილები ემიგრაციის ფულით შეიქმნება. 6 მილიარდის მოზიდვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუ ეკონომიკაში სერიოზული რეფორმები გატარდება. მე და ბადრი ჯაფარიძეს ამ ქვეყანაში 3 მილიარდი გვაქვს შემოტანილი პირდაპირი ინვესტიციის სახით. შარშან პირდაპირი ინვესტიცია 1.4 მილიარდი იყო, აქედან ნახევარი საქართველოს ბაზარზე არსებულ უცხოურ კომპანიებს ჩაუთვალეს პირდაპირ ინვესტიციად ანუ პრაქტიკულად 600-650 მილიონი იყო პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში. ეს კი წარმოუდგენლად დაბალი რიცხვია, როდესაც ემინტენსები, ანუ ემიგრაციის გადმორიცხული თანხა, 4 მილიარდია. მე მინდა დაგანახოთ სურათი, თუ რა მდგომარეობაშია საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სჭირდება უამრავი ინვესტიცია, უამრავი მიმართულებით განვითარება. 2 წელიწადში 37 ათასი რუსული კომპანია შეიქმნა, ევროპული და საე­რთაშორისო კომპანია კი შესაძლოა 500-ც არ იყოს. ბუნებრივია, თქვენი კითხვა ლეგიტიმურია. როდესაც ამ მდგომარეობას უყურებთ, ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს და ბიუჯეტი იყოს უფრო დიდი ან გაორმაგდეს 4 წელიწადში, გაორმაგდეს ეკონომიკა და ისეთი რაღაცები მოხდეს, რამაც შეიძლება სამუშაო ადგილის დეფიციტი გამოიწვიოს. პირდაპირ გეუბნებით - როცა ამ პროცესებს დავიწყებთ, სამუშაო ადგილებზე ხალხის ნაკლებობა გვექნება, რადგან ხალხს სჭირდება გადამზადება და კიდევ უამრავი რამ. ისე არ არის, ვიღაცა მოვიდეს, ინვესტიცია ჩადოს და აქ კვალიფიციური მუშახელი დახვდება. ასე ხომ არ არის? ჩვენს წარმოებულ პამიდორს ვეღარ ვყიდით ჩვენს ბაზარზე, ნაყინი და რძის ფხვნილი უცხოეთიდან შემოგვაქვს, ხორცპროდუქციაზე, ატამსა და ვაშლზე აღარაფერს ვამბობ. ხომ გესმით, რა საშინელ მდგომარეობაშია ქვეყანა. ღვინის მთელი მრეწველობა, ლამის 80%-მდე, რუსეთის ბაზარს მიემაგრა და ღვინოს ლიმონათის ფასად, 2.20 დოლარად ვყიდით. ამას დაამატეთ კორუფცია, ის, რომ არა აქვთ არანაირი გეგმა, თუ რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ, არანაირი­ კლასტერული მიდგომა, თუ რაში ვართ მაგრები და რაზე უნდა მოვახდინოთ პედალირება და ა.შ. უზარმაზარი ფონდები­ იხარჯება აქეთ-იქით. რაში ვართ ძალიან მაგრები? შეგიძლიათ მითხრათ, რომ აი, ამ დარგში ვართ ძალიან მაგრები, ან ქიმიაში, ან ფიზიკაში, ან მსუბუქ მრეწველობაში? რა არის ჩვენი­ საექსპორტო პოტენციალი? აღმოჩნდება, რომ არაფერშიც არა ვართ მაგრები. როგორც კი ამას შევაფასებთ და მივხვდებით, რომ ასე არ შეიძლება, მაშინვე გაჩნდება იდეები, აზრები და რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია. ამიტომ პროპაგანდა, რომ თურმე 13 წელი არ ჰყოფნით და 35 წელი უნდა ვუყუროთ ამათ დაჭაობებულ პოლიტიკას, ასე არ გამოვა. ჩვენნაირი გზა გაიარა ბევრმა ქვეყანამ და დიდ წარმატებას მიაღწია. ამის კარგი მაგალითი ირლანდიაა, ჩვენი ზომის ქვეყანა, ჩვენი რაოდენობის მოსახლეობით, ჩვენნაირად უზარმაზარი ემიგრაცია ჰყავს და დღეს ევროკავშირში, ლუქსემბურგის მერე, მეორე ეკონომიკა აქვს.

- ანაკლიასთან დაკავშირებით რას აპირებთ?

- ვაპირებთ ანაკლია ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს გავაკეთებინოთ. ჩინურ კომპანიასაც მოვიწვევთ, მაგრამ რეპუტაციულ კომპანიებს, და არა ისეთს, რომელსაც სხვა ინტერესი აქვს და კომუნისტურ პარტიას ექვემდებარება. ჩვენი ამოცანაა ანაკლიაში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის დროშა იყოს წარმოდგენილი, რათა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და ვაკონტროლოთ ის კარიბჭე, რომელსაც ანაკლია შექმნის.

- პროცედურულად მაინტერესებს - რა გადაწყვეტილებაც არის უკვე მიღებული, გაუქმდება და თავიდან დაიწყება პროცესი?

- არა მგონია, გადაწყვეტილება მიღებული და ხელშეკრულება ხელმოწერილი იყოს. თქვენ როგორ გგონიათ, ხელი რომ მოეწერათ, ხელმოწერის ცერემონია არ იქნებოდა ამხელა კომპანიასთან, არ აღნიშნავდნენ? ე.ი. რაღაცაშია საქმე, ხელს ვერ აწერენ რაღაც სერიოზული მიზეზის გამო.

რუსა მაჩაიძე