"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩემზე საუბარი არ ყოფილა" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია? - კვირის პალიტრა

"პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩემზე საუბარი არ ყოფილა" - რას აცხადებს ნინო ლომჯარია?

ყოფილი სახალხო დამცველის, პლატფორმის - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელს, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ე.წ. ტექნიკურ მთავრობის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურაზე, საუბარი არ ყოფილა.

შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ გააკეთა.

მისივე შეფასებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კონკრეტული პირების სახელების და გვარების დასახლება, არასწორია.

„არა, [ჩემზე] არანაირი საუბარი არ ყოფილა. ჩემთან ასეთი საუბრები არ ყოფილა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ პროცესში სახელების და გვარების დასახელება არის განზრახი დესტრუქცია. სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვიღაცების გვარების გამოცხადება, არასწორი მგონია“, - განაცხადა ლომჯარიამ.

გადაცემაში ნინო ლომჯარიამ ისაუბრა ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებზეც.

როგორც ლომჯარია აცხადებს, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ბანერები არ არის, არც ვაჟკაცური, არც ტრადიციული და არც ქართული.

„მე მგონია, რომ [„ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს საკუთარ ამომრჩეველზე] არასწორი წარმოდგენა აქვთ, ან როგორც თვითონ უყურებენ სამყაროს, ან როგორც ვიღაცები უყურებენ ამ სამყაროს, ვინც ეუბნება, რომ ასე უნდა მოიქცნენ, მათ არასწორი წარმოდგენა აქვთ ქართველ ერზე და საქართველოს მოქალაქეებზე, ყველა თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ მაგალითად: ის კამპანია, რასაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს - კერძოდ ის, რომ უკრაინის დაბომბილი და განადგურებული ეკლესიები, სკოლები, თეატრები, სადაც ბავშვები ჩაიმარხნენ და შეიძლება იმ სურათში ადამიანები წვანან, ანუ ეს რომ გამოფინეს იმის საილუსტრაციოდ სხვაგან ვიღაცები ჭკვიანურად ვერ მოიქცნენ და ჩვენ ჭკვიანურად ვიქცევით - „ნახეთ, ჩვენ რა კარგად ვართ, თქვენ ჩვენზე სულელები აღმოჩნდით. ნახეთ, თქვენ როგორ ხართ და ჩვენთან როგორი სიმშვიდეა და როგორ კარგად ვართ“, ეს არაქართულია. ჩემი აზრით, თუ რამე არის არაქართული, არატრადიციული და ეწინააღმდეგება ქართველი ადამიანის მსოფლმხედველობას, ფილოსოფიას, მრწამს, შეხედულებას, ცხოვრების წესს, არის ომში მყოფი, გაჭირვებაში და უბედურებაში მყოფი მეგობრის დაცინვა. ეს არის არაადამიანური. ჯერ ერთი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობაა? საზღვრისპირა მოქალაქეები მშვიდად ცხოვრობენ? და არ გვინახავს, თუნდაც სალოცავზე ასული ჩვენი მოქალაქის მკვლელობა და წამება ჩვენი მოქალაქეების ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ენგურში დამხრჩვალი ადამიანები იმის გამო, რომ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ, ეს მშვიდობაა? თუ ჩვენი გადათეთრებული და დანგრეული ეკლესიები არ უნახავთ? და დღემდე ასეთი მდგომარეობა არ არის? და ვინმეს ამას იყენებს და გვეუბნება, რომ „ქართველებო, თქვენ სულელები ხართ და ჩვენ ნახეთ, რა კარგად ვართ“. რომელიმე პოლიტიკოსმა, რომ თუნდაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, 2008 წლის ომი ან აფხაზეთის ომის სურათები, რომ გამოიყენოს საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის, ეს ჩვენ თავს როგორ გვაგრძნობინებს? ან იმ ერზე რას ვიფიქრებთ? ეს არ არის არც ვაჟკაცური, არც ტრადიციული და არც ქართული. ამიტომ მგონია, რომ რაღაცები იგეგმება სადღაც სხვაგან, ისეთი ადამიანების მიერ, რომლებიც შეიძლება ქართველებიც არ არიან. ვგულისხმობ იმას, რომ არ იციან ქართული მსოფლმხედველობა, საზოგადოებრივი განწყობები, არ ესმით, რას ნიშნავს საქართველოს მოქალაქის ფსიქოტიპაჟი - თავისი ღირებულებით, მსოფლმხედველობით, თავისი პრინციპებით“, - აღნიშნა ლომჯარიამ და დასძინა, რომ „ქართული საზოგადოება რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის ტალღის მიმართ უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე თუნდაც ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები“.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიით უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე მიიღეს.

„ზოგადად, რომ გითხრათ, რომ ძალიან ვენდობი საქართველოში {წინასაარჩევნო} კვლევას თქო - არა. კვლევებს არ ვენდობი იმიტომ, რომ ქართველი ამომრჩეველი სხვა კატეგორიის ამომრჩეველია. ვფიქრობ, რომ ის მაინც არჩევნების დღემდე, ან ნაწილი არის გადაუწყვეტელი, ან მალავს საკუთარ პოზიციას. იგივე რაც 2012 წლის არჩევნებზე მოხდა. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ {მათმა ნაბიჯებმა} ძალიან ავნო. ის მხარდამჭერიც კი, რომელიც დარჩენილი ჰყავდათ, თუნდაც „რუსული კანონის“ შემდგომ, აი, ამ კამპანიის [ბილბორდების] შედეგად დაკარგეს. სოციალურ ქსელებშიც კი იგრძნობა ეს ყველაფერი. მიუღებლობა თუნდაც იმ ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიის, მათ შორის, ქალების მიმართ ძალიან ბინძური კამპანიის, უკრაინის მიმართ, ბოდიშის კამპანია - ის კონტექსტი, როგორც ითქვა და რატომაც ითქვა. ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი ადამიანი გააღიზიანა და მათი კამპანიით უფრო მეტი დაკარგეს, ვიდრე მიიღეს“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ლომჯარიას განმარტებით, ომის და მშვიდობის თემას პასუხი პოლიტიკური პარტიების მხრიდან სჭირდება. „პროპაგანდას პასუხი სჭირდება. ვფიქრობ, რომ თუნდაც ომის და მშვიდობის თემასაც პასუხი პოლიტიკური პარტიების მხრიდან {სჭირდება}. ვფიქრობ, რომ ეს არის ის თემა, რაზეც მათაც უნდა ილაპარაკონ და მათაც უნდა ჰქონდეთ დღის წესრიგი. {ოპოზიციურმა პარტიებმა} უნდა ისაუბრონ იმიტომ, რომ რაღაცნაირად ისე ჩამოყალიბდა წინასაარჩევნო პერიოდში, რომ თითქოს მშვიდობა მხოლოდ ხელისუფლებას აინტერესებს და ამაზე შენი დღის წესრიგი, თუ შენ როგორ ხედავ მშვიდობას ამ ქვეყანაში და შენ როგორ ხედავ იმას, რომ რატომ არ იქნება ომი ან რას გააკეთებ იმისათვის, რომ შენი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყო, ვფიქრობ, რომ ამაზე მეტი აქცენტები საჭირო არის. ჩემი აზრით, ამაზე საპასუხო არის. არ ვიცი, დარჩენილ დროში ვინ რას იზამს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ის თემა, რაზეც საუბარსაც არ უნდა გავექცეთ და გაექცნენ“, - განმარტა მან.