დარჩო ხეჩუაშვილი სამართალდამცავებს თავისი ნებით ჩაბარდა?!
ყოფილი სპეცრაზმელი დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც 8 წლის განმავლობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სამართალდამცავებმა 19 სექტემბერს საქართველო-თურქეთის საზღვრის უკანონო კვეთის დროს დააკავეს. ხეჩუაშვილს გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. რა მიზნით შემოვიდა საქართველოში მსჯავრდადებული კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი, უცნობია. შს სამინისტროს ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მოტივის შესახებ კონკრეტული არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ "ამას გამოძიება დაადგენს". სანდო წყაროს ინფორმაციით, დარჩო ხეჩუაშვილი თავისი სურვილით ჩაბარდა სამართალდამცავებს, რაც მისი ლიკვიდაციის მუქარით ახსნა.
პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, რომ "ნაცმოძრაობის" წევრ გივი თარგამაძეზე თვალთვალი და კონტროლი დარჩო ხეჩუაშვილს მიხეილ სააკაშვილმა დაავალა:
"საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძისა და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი... გამოიკითხა მსჯავრდადებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მისი ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს ვინმე "დიმას" (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა ჭიჭიაშვილთან შეხვედრის თაობაზე. მსჯავრდადებულის თქმით, მას ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა. შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას მსჯავრდადებულს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძესთან ერთად უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრ გივი თარგამაძეს, რადგან, მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა. თავის მხრივ, შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდადებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ დიმასთან ერთად გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყეს.
დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი "მერსედესის" მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ დიმამ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს, რომელსაც თვალთვალის დროს, ძირითადად, ხეჩუაშვილი მართავდა. მსჯავრდადებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ, 2016 წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა ტელეფონის საშუალებით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შევიდა. მას შემდგომ, რაც გივი თარგამაძემ დატოვა პარტიის ოფისი და ჩაჯდა ავტომანქანაში, აღნიშნულის შესახებ მსჯავრდადებულმა კვლავ მიაწოდა ინფორმაცია შოთა ჭიჭიაშვილს, რის შემდეგაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. ავტომანქანის აფეთქების შემდგომ ხეჩუაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს შეატყობინა გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების თაობაზე, რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი, დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზეა მსჯავრდადებული და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა... გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით".
საქართველოს ნომერი პირველი ტერორისტი
შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილი 2000-იანი წლების საქართველოში ნომერ პირველ ტერორისტად მოიხსენიებოდა. არსებული ინფორმაციით, 1990-იან წლებში კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი გულუას სახელობის სპეცრაზმში მსახურობდა, საიდანაც არასათანადო ქცევის გამო გარიცხეს. შემდეგ საცხოვრებლად პანკისის ხეობაში გადავიდა (ჭიჭიაშვილის დედა ქისტია, სოფელ დუისიდან). იმ დროიდან ჭიჭიაშვილი კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, რომელიც ადამიანის გატაცებითა და იარაღის უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული. ჭიჭიაშვილის სახელს უკავშირდება არაერთი ხმაურიანი გატაცება, მათ შორის, ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს, ასევე 2001 წელს პეტრე ცისკარიშვილისა და მისი საცოლის გატაცება. ჭიჭიაშვილი სახელდებოდა ორი ესპანელი ბიზნესმენის, ანტონიო ტრემილიოსა და ფრანცისკო როდრიგესის გატაცების ორგანიზატორადაც. კრიმინალებმა ესპანელი ბიზნესმენები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ესპანეთის მთავრობამ გამოსასყიდად 2 მილიონი დოლარი გადაიხადა... ჭიჭიაშვილის სახელი უკავშირდება 2001 წლის მუხროვანის პირველ სამხედრო ამბოხებასაც. 2001 წელს ჭიჭიაშვილზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ორი წლის შემდეგ დააპატიმრეს. მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება ჭიჭიაშვილის გაცვლას ითხოვდა ჩეჩენ ბოევიკ რუსლან გელაევში, რომელიც იმ დროისთვის პანკისის ხეობას აფარებდა თავს. საბოლოოდ, ჭიჭიაშვილი ქართულ მხარეს 2004 წელს გადმოსცეს. ქართულმა სასამართლომ ჭიჭიაშვილს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის და ტერორისტული საქმინობისთვის 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2013 წლის ივნისს ჭიჭიაშვილი საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა. ორ დღეში ის საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა... 2019 წლის 2 ოქტომბერს ჭიჭიაშვილი კიევში იმ დროს მოკლეს, როდესაც საბუთების შემოწმების დროს სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა.
გთავაზობთ ამონარიდებს შოთა ჭიჭიაშვილის 2013 წლის ექსკლუზიური ინტერვიუდან:
"ახლანდელი გადასახედიდან, შემეძლო არ დავჯახებოდი სახელმწიფოს, უფრო მოქნილად, ზომიერად და გონივრულად მემოქმედა და მიზნისთვისაც მიმეღწია. ჭკვიანი ხალხი ასე იქცევა... აღარ ვაპირებ კრიმინალურ საქმიანობას და სუფთა ფურცლიდან მინდა ცხოვრების დაწყება. ნათქვამია, "მგელს მგლობა დასწამეს და ტურამ ქვეყანა დააქციაო". არ ვამბობ, რომ ფრთიანი ანგელოზი ვარ, მაგრამ ცილისწამება ძნელი ასატანია. ბევრ უღირს საქციელს მწამებენ. ჩემს ლიკვიდაციას აპირებდნენ და მრავალჯერ სცადეს ჩემი განეიტრალება. ამას კონკრეტულად კახა თარგამაძე, ის "რკინის კაცი", ჯართში რომ ჩააბარეს, ვახტანგ ქუთათელაძე და სხვები ცდილობდნენ. მათმა სპეცსამსახურებმა რამდენჯერმე მომიწყვეს თავდასხმა. ყველაფერს უშიშროების საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარე ნუგზარ საჯაია კურირებდა სატანა შევარდნაძის დავალებით... დროზე მოგვისწრო ახალმა ხელისუფლებამ, თორემ ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდი. გარეთ ყოფნისას ბევრჯერ სცადეს ჩემი მოკვლა, თავს მესხმოდნენ, ხან მაფეთქებდნენ, ბოლოს ედუარდ ამბროსიჩის სპეცსამსახურებმა მომწამლეს და ორივე თირკმელგაჩერებული საწოლს მივეჯაჭვე, ტვინის შეშუპება მქონდა, 6 თვე ცოცხალ-მკვდარი ვეგდე, წესით და რიგით, ცოცხალი არ უნდა დავრჩენილიყავი...
...მორალური კანონები არასოდეს დამირღვევია, რასაც ჰქვია კავკასიური ტრადიცია და შარიათი, ყოველთვის წმინდად ვიცავდი. ვისაც ვიტაცებდით, ისინი ან აფერისტები იყვნენ, ან ნაძირალები, რომლებიც საქართველოში ხალხის გასატყავებლად მოდიოდნენ. არც ერთი მათგანი ქართველი და კავკასიელი არ ყოფილა. ამას გამოსასყიდის სანაცვლოდ ვაკეთებდით, თუმცა არავის შეურაცხვყოფდით, არც ვაწამებდით. ვატარებდით სამხედრო ოპერაციას, მიღებული თანხები კი "კავკასიის ფონდში" მიდიოდა...
...დიახ, ესპანელი ბიზნესმენები მე გავიტაცე და ამისთვის სასჯელიც მოვიხადე... გავიტაცე ასირიელი ხოშაბაევი და ებრაელი ბიზნესმენი მანაშეროვი. თუმცა ჩემი საქმე რომ ნახოთ, მასში უამრავი ფაქტია მოყვანილი, რაც არ ჩამიდენია - მაგალითად, ბანკის ინკასატორებზე თავდასხმა, ვიღაც ქალის გატაცება. მერე ყველაფერი მე მომაწერეს. აქლემივით მტვირთავდნენ საქმეებით და ფიქრობდნენ, აიტანსო. ნამდვილი დამნაშავეები მშრალად გამოვიდნენ და ყველაფერი მე ამკიდეს. რაც შეეხება იმ ინგლისელს, პიტერ შოუს, რომლის გატაცების დაბრალების მცდელობაც იყო, მასზე არაფერი მსმენია, ეს ამბავი რომ მოხდა, უკვე მოსკოვში ვიყავი"...
შოთა ჭიჭიაშვილი 2019 წლის 2 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქში მოკლეს.
ვინ არის დარჩო ხეჩუაშვილი
50 წლის დარჩო ხეჩუაშვილი ძალოვან სტრუქტურებში წლების განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, იმავე კუდ-ის, სპეცრაზმელი. სხვადასხვა ცნობით, 2012 წლის შემდეგ ის რუსეთსა და უკრაინაში საქმიანობდა... 2016 წლის 4 ოქტომბერს, გივი თარგამაძეზე თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, გამოძიებამ დაადგინა, რომ დეპუტატის მანქანაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ხეჩუაშვილმა დაამონტაჟა და თავადვე აამოქმედა. იდენტიფიცირების მიუხედავად, ხეჩუაშვილმა ქვეყნის დატოვება მოახერხა. გამოქვეყნდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, სადაც როგორც მისი მოქმედება, ასევე აფეთქების მომენტი ჩანს. მასთან დაკავშირებული რამდენიმე მისამართზე ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, დეტონაციისთვის საჭირო მოწყობილობები, 6 ხელყუმბარა, ცეცხლსასროლი იარაღები, 2 000-ზე მეტი ვაზნა და აფეთქებისთვის საჭირო წერილობითი ინსტრუქციები. იარაღის ნაწილი იპოვეს ხეჩუაშვილის ცოლისძმის, ასევე ყოფილი სპეცრაზმელის, ბორის ჩაგუნავას სახლში, რომელსაც სასამართლომ 6-წლიანი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.
გივი თარგამაძე და მისი მძღოლი თავდასხმას იმის წყალობით გადაურჩნენ, რომ ძლიერი აფეთქების ტალღა ავტომობილის უკანა მხარეს იყო მიმართული. ხალხმრავალ ადგილზე აფეთქების შედეგად სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები 7-მა კაცმა მიიღო.
„ჭიჭიაშვილი ორჯერ იყო ჩასული ოდესაში ლორთქიფანიძის მოსაკლავად“
დეპუტატმა გივი თარგამაძემ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. მისი მტკიცებით, მანქანის აფეთქებაში მონაწილე ერთ-ერთი პირი, დიმიტრი აბრამიშვილი, შოთა ჭიჭიაშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო და აფეთქების საქმეში მასთან ერთად თავის დროზე ქვეყნის პირველ ტერორისტად წოდებული შოთა ჭიჭიაშვილი იდგა. საქმეში ასევე ფიგურირებს ხეჩუაშვილის სიძე ბორის ჩაგუნავა, რომელიც შოთა ჭიჭიაშვილთან დაახლოებული პირია. როგორც გივი თარგამაძე ამბობს, ტერაქტის ჩამდენებზე პროკურატურას ახალი არაფერი უთქვამს. რაც შეეხება დამკვეთებს, ხეჩუაშვილისგან განსხვავებით, ყოფილი დეპუტატი სულ სხვა ვერსიას ავითარებს...
- როგორც კი ხეჩუაშვილი ჩაბარდა, მაშინვე ვთქვი, ახლა იტყვის, რომ მიშას დავალებას ასრულებდა-მეთქი. ფაქტობრივად, მიხვდნენ, რომ ტერაქტის ვერც ერთ ფიგურანტს ვერ დამალავდნენ და დამიდასტურეს, რომ ჩემი გამოძიება სრული იყო, ასე ვთქვათ, შემიკრეს სურათი... ყველას მონაწილეობა დადასტურდა და მათ შორის მათი ორჯერადი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის, მისი სიმამრის, ვისზეც ამ ჭიჭიაშვილის ბანდა იყო მიბმული შევარდნაძის დროიდან. ახლა ცდილობენ თან ეს ყველაფერი დაადასტურონ, თან ხეჩუაშვილი მკაცრ სასჯელს აარიდონ, ამიტომ შემსრულებლები "დამკვირვებლებამდე", მოთვალთვალეებამდე ჩამოაქვეითეს, ვითომ სხვა ჯგუფიც იყო, რომელმაც ამაფეთქა. ჩემთვის ახლა აბსოლუტურად გასაგებია, ვინ იყო დამკვეთი. შესაბამისად, დიდი ხნით ჩასხდებიან ციხეში მარტო ხეჩუაშვილი კი არა, თამაზაშვილებიც, ღარიბაშვილებიც... ხელისუფლებამ ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე მოინდომა ზემოქმედება - ერთხელ 2016 წელს და ახლაც. ამათ ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობდი, მე, რომელსაც ბავშვები და მეუღლე დამიბულინგეს! რასაც ესენი აცხადებენ, ყველაფერი უკუღმა წარმოიდგინეთ. დარჩო ამბობს, ჭიჭიაშვილი და ლორთქიფანიძე ერთად მივიდნენ სააკაშვილთანო. ჭიჭიაშვილი ორჯერ იყო ჩასული ოდესაში ლორთქიფანიძის მოსაკლავად, საბედნიეროდ, არ გამოუვიდა. მესამედ იმავე მისიით ჩავიდა კიევში, უკრაინელი ძალოვანების თვალთვალის არეალში მოხვდა და მოკლეს. ჭიჭიაშვილი ციხიდან რომ გამოუშვეს, მას იგივე კონტაქტი აღუდგა ხელისუფლებასთან, ის პირდაპირ იყო მიბმული კახეთის სამხარეო პოლიციის უფროს თამაზაშვილთან. შესაბამისად, იგივე კონტაქტი გამოიყენეს.
დიმა აბრამიშვილიც ჭიჭიაშვილის ბანდის საყრდენი წევრი იყო, მისი მარჯვენა ხელი. უფრო საინტერესო რამეს გეტყვით - ჭიჭიაშვილის ბანდის მეორე ასეთივე წევრი, კოტე ციხისთავი, ციხეში იმის გამო ზის, რომ გია ლორთქიფანიძეს ახმეტაში სახლთან ბომბი დაუდო. ეს ამბავი მიჩქმალულია. ხეჩუაშვილი, ფაქტობრივად, კობა ოთანაძის მონაა და ყველანი ერთად - მუხროვანის პირველი ამბოხების ხალხი. ყველაფერი თვითონ აქვთ გამოძიებული, ბლოკნოტში, რომელიც გამოძიებაში დევს, ხეჩუაშვილს ჩემი ბინის მონახაზი აქვს გაკეთებული. ახლა ასეთი პრინციპით მოქმედებენ - მალე არჩევნებია, მთავარია, ამ ამბავმა "გაისროლოს" და მერე რაც ამოვარდება, ამოვარდება. მასალები რომ გამოვითხოვო, მინიმუმ 2 კვირა სჭირდება, ამასობაში არჩევნები მოვა და მერე რომ გამოვითხოვ და ავაფარებ ცხვირზე, ეს აღარ აინტერესებთ.
ტერაქტს რუსეთს ვუკავშირებ იმიტომ, რომ ეს ხალხი, ჭიჭიაშვილით დაწყებული, ოთანაძით დამთავრებული, რუსეთზე მუშაობდა. რუსებსაც უნდოდათ ჩემი განეიტრალება (პუტინის ძებნილი ვარ, ჩემზე გაბრაზებულია) და ამათაც შეასრულეს. მთავარი ის არის, ახლაც კი, როდესაც ხეჩუაშვილი ჩაბარდა, სამთავრობო არხებს უნდოდათ გადაებათ ვერსია, რომ ის მანამდე უკრაინაში ცხოვრობდა... მაშინვე, ტერაქტის შემდეგ, მამამისმა თქვა, უკრაინაში ნამყოფი არაა, სულ რუსეთში დადის და ახლაც რუსეთშიაო. როცა მიხვდნენ, დავუდასტურებდი, რომ უკრაინაში არაა ნამყოფი, ეს ვერსია გადააკეთეს და თქვეს, დარჩოს აბრამიშვილმა ჩამოუტანა საქართველოში ჭიჭიაშვილის დანაბარებიო. ტერაქტში დიმა აბრამიშვილის მონაწილეობაც დავუმტკიცე, მაგრამ არ უნდოდათ ჩაერთოთ და მასზე არც აღძრეს საქმე, ეჭვმიტანილის სტატუსიც კი არა აქვს. დამეთანხმნენ, მონაწილეობდაო, მაგრამ არაფერიც არ ქნეს...
"ხეჩუაშვილმა საქართველოში შემოსვლით თავისი მისია შეასრულა, აგორდა ის ტალღა, რომელიც სერიოზულად დააზიანებს ხელისუფლების იმიჯს"
დავით კუხალაშვილი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი: - სადაზვერვო საქმიანობის პრაქტიკაში არსებობს ასეთი მეთოდოლოგია - როდესაც საჭიროა პოლიტიკური საფრთხეების იდენტიფიცირება, იწყება ინფორმაციული ნაკადების შეკრება. თუკი ფიქსირდება კრიმინალური სამყაროს გარკვეული კავშირების გააქტიურება, შესაძლებელია ეს პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამოწვევის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ვიზიტიორი, რომელსაც აქვს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის, სპეცსამსახურებში მუშაობის დიდი გამოცდილება, ალბათობის მაღალი ხარისხით შეიძლება ვარაუდის დონეზე დავუშვათ, რომ მას გარკვეული დავალების შესრულება შეეძლო, რომელიც იქნებოდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფუძველი საქართველოში. ეს პიროვნება თუნდაც ლეგალურად შემოსულიყო და ჩაბარებულიყო, მის ამ დაკავებას უცხო ქვეყნების პოლიტიკური დაზვერვისთვის ხელსაყრელი ვითარების შექმნა შეეძლო. ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ გავაანალიზებთ, მისმა ლეგალურმა შემოსვლამ საფუძველი მისცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს კომპრომეტაციისა და პოლიტიკური დისკრედიტაციისათვის, რათა ყველა ისარი მიმართული იყოს ბიძინა ივანიშვილისკენ. ბევრი დეტალია დასაზუსტებელი, რომლის შემდგომაც ჩვენ უფრო მაღალი ალბათობით შევძლებდით დასკვნების გაკეთებას. ყველა შემთხვევაში, მისი ვიზიტისა და დაკავების ფაქტმა კარგი სამსახური გაუწია იმ ქვეყნებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციით.
ფაქტია, სახეზე გვაქვს სადაზვერვო პროპაგანდის ნიშნები. არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი გარემოება და მიკვირს, ამ კუთხით რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება - თავის დროზე უნდა ყოფილიყო დადგენილი თუნდაც თარგამაძის, ტერორისტული აქტის სამიზნის, კავშირები უკრაინასთან, გარკვეულ ბიზნესებთან, ასევე, სააკაშვილის ინტერესები უკრაინაში, რითაც, ალბათ, ბევრი რამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. შესაძლებელია ვერსიის დონეზე ვიფიქროთ, რომ მათ შორის დაპირისპირების საფუძველი იყო - როდესაც ძალაუფლება იკარგება, იწყება ძალაუფლების დროს შეძენილი ქონებისა და ბიზნესის გადანაწილება და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მათ შორის დაპირისპირება ამ ნიადაგზეა.
შესაძლოა ყველაფერი ისე განვითარდა, რაც მიშასთვის მიუღებელი იყო, იმიტომ, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით გივი თარგამაძეს აქვს საკმაოდ დიდი გავლენა უკრაინაში და იქ მას შეხება ჰქონდა ბიზნესთანაც.
მოკლედ, შეიძლება უამრავი ვერსია განვითარდეს. ხეჩუაშვილმა საქართველოში შემოსვლით თავისი მისია შეასრულა, აგორდა ის ტალღა, რომელიც სერიოზულად დააზიანებს ხელისუფლების იმიჯს. საქმეში იკვეთება არა ჩვეულებრივი, არამედ სადაზვერვო პროპაგანდის ნიშნები. ისიც გასათვალისწინებელია, საიდან შემოვიდა ეს პიროვნება, ესეც ბევრ რამეზე მიანიშნებს. ის არ არის ჩვეულებრივი პიროვნება, მას აქვს სპეცსამსახურებში მუშაობის გამოცდილება, და ალბათობის მაღალი ხარისხით შესაძლოა შექმნას მნიშვნელოვანი პრობლემები საქართველოში.
მაინც უნდა შევჩერდეთ ერთ ვერსიაზე - მის შემოსვლას აქვს უცხო ქვეყნების პოლიტიკური დაზვერვისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობა, რაც გამოიხატება საქართველოში პოლიტიკური დესტაბილიზაციისათვის უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შექმნაში, რომლის ობიექტი ხელისუფლება და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილია.
"ხეჩუაშვილის ჩამოსვლა სპეცოპერაციას უფრო ჰგავს"
ემზარ საბანაძე, იურისტი: - მე ის მიკვირს, პროკურატურას ასე უალტერნატივოდ რატომ სჯერა იმ ინფორმაციის, რასაც ეს პიროვნება აწვდის, მით უმეტეს, როდესაც გაურკვეველია ასე ოპერატიულად, საარჩევნოდ რატომ ჩამოდის და მაინცდამაინც იმ ინფორმაციას რატომ აწვდის, რომელ საქმეზეც 2016 წელს შედეგია დამდგარი?
საზღვარზე გადმოვიდა ადამიანი, რაღაც თქვა და მის მონაყოლს ეგრევე რომ ახმოვანებ, მტკიცებულებები წარმოადგინა? მავანი ამას ისევ ამ მთავრობის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამ საქმის ხსენებული ფიგურანტებიდან მიშა ციხეში ზის, ჭიჭიაშვილი მკვდარია, ლორთქიფანიძე 12 წელია უკრაინაშია, მასზე წვდომა არა გვაქვს, უკრაინა არც გადმოგვცემს და შედეგი რა? რაში გვჭირდება ეს ინფორმაცია, რისი მომტანია? რატომ დავუჯეროთ იმ ვიღაცას, რომ მისი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა არის კეთილი ნება და აქ წყალქვეშა დინებები არ არის? საქართველოს პროკურატურა ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან ხეჩუაშვილი შესაძლოა დეზინფორმატორი იყოს, რომელიც შემდგომში საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ხელისუფლების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას მოემსახურება. ამ ამბის გაცოცხლება და წამოწევა იმისთვის, რომ მიშას გათავისუფლებაზე ევროკავშირისა და ბუნდესტაგის მოწოდება გადაფარო, არ გამოვა, უსუსური ცდაა, მით უმეტეს, როცა ადამიანი უკრაინიდან მოდის. უკრაინის სპეცსამსახურმა ხომ გამოატარა? მას რომ არ აწყობდეს შენთან დეზინფორმატორის შემოსვლა, იქვე ხომ დააკავებდა? შენთან იმიტომ გამოუშვა და დაგაკავებინა, ის ინფორმაცია მოგაწოდოს, რაც უნდა გაავრცელო. ეს ხომ ისევ ამათ დისკრედიტაციას უწყობს ხელს? ხელისუფლებას უნდა ამ პირის მოწოდებული ინფორმაციით მიშა დააკნინოს ევროკავშირისა და ამერიკის თვალში, აი, თქვენ რომ მის გათავისუფლებას მოგვიწოდებთ და პატიოსანი გგონიათ, ხედავთ, ტერაქტი დაუკვეთაო. ამ საქმეზე სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი უკვე დადგა 2016-ში და ახლა რატომ მიცოცხლებ? ეს "ოცნების" წისქვილზე არ დაასხამს წყალს, პირიქით, უარყოფით კონტექსტში წარმოადგენს "ოცნებასაც" და სახელმწიფოსაც. ჯერ გამოიკვლიონ, ეს კაცი ხომ არ არის ორმაგი აგენტი, ხომ არ არის საარჩევნოდ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა?
ისიც ვიცით, სახელმწიფოს რა შეხედულება აქვს უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე. ამ ადამიანს ფოტოები უდევს, სადაც ჩანს, რომ იბრძვის უკრაინაში (უკრაინის მხარეს), მოდის და გაწვდის ინფორმაციას იმ ადამიანებზე, რომელთაგან ერთი ციხეში ზის, მეორეს ვერ დააკავებ და მესამე მკვდარია? მის მოწოდებულ ინფორმაციას ვისთან გადაამოწმებ? ისედაც დაძაბული სიტუაციაა, ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და დალოცვილო, რატომ აძლევ სხვებს სალაპარაკოს? თარგამაძე 2016 წელს და დღესაც ამბობს, მქონდა რაღაც ეჭვები და ამიტომაც წამოვედი ენმ-დანო, მორჩა! ახალი რა არის აქ? ამით რა მიიღეს, იცით? - ახლა თარგამაძე ამ საქმის ხელახლა აგორებას აბრალებს "ოცნებას" და არა "ნაციონალებს". მას ეს ინფორმაცია ჰქონდა 2016-ში და ამბობს, როგორც მაშინ, "ოცნებას" ახლაც უნდა საარჩევნოდ ჩემი და მიშას წინააღმდეგ გამოიყენოსო. 2016 წლის არჩევნებზე თუ ეს საქმე გამოადგა "ოცნებას" და შედეგი დადო - არჩევნები მოიგო, დღეს ეს უკვე გამოადგება "ნაციონალებს". პროკურატურამ იჩქარა, დღეს ამ ინფორმაციის გამოყენება არაფრისმომტანია. ხეჩუაშვილის ჩამოსვლა სპეცოპერაციას უფრო ჰგავს - ჩამოვიდა იმისთვის, რომ დეზინფორმაცია გაავრცელოს, რითაც უარყოფით კონტექსტში გამოჩნდება "ოცნება". ეს სულ სხვა სურათს ქმნის, საშენოდ არავინ ლაპარაკობს, ამას ისევ "ნაციონალები", ევროკავშირი, ბუნდესტაგი, ამერიკა და სტრასბურგი გამოიყენებენ.