არაჰიბრიდული "ეგზეკუცია" - კვირის პალიტრა

არაჰიბრიდული "ეგზეკუცია"

სესხის ჩამოწერის დაპირების მიუხედავად, ფერმერები ქონებას კარგავენ

"წარუმატებელი" - ასე მონათლეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა, რომელზეც შარშან დიდ იმედს ამყარებდნენ. ამ პროგრამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს "დამღუპველიც", რადგან მისი წყალობით ათასობით გლეხისა და ფერმერის ოჯახი დაზარალდა. ამ ადამიანებსა და მათ პრობლემებზე საუბრისგან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ტრადიციულად, თავს იკავებს. ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, დაზარალებულ ფერმერებს თანხა ჩამოაწერონ, თუმცა ისინი არჩევანის წინაშე დააყენეს: ვისაც თანხას ჩამოაწერენ, მომავალში ვერც ერთ სამთავრობო პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ხოლო პროგრამებში მონაწილეობის მსურველებს თანხის გადახდას ერთი წლით გადაუვადებენ... მიუხედავად ამგვარი დაპირებებისა, კომერციული ბანკები ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულ ფერმერებს ქონებას უყადაღებენ.

"სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირში" აცხადებენ, რომ პროგრამებში მონაწილეობის სურვილს უკვე აღარავინ გამოთქვამს, რადგან დაზარალებული ფერმერები კარგავენ ყველაფერს - სახლ-კარსაც და უძრავ-მოძრავ ქონებასაც, რომელიც ბანკში აქვთ ჩადებული.

ელიზავეტა ფეოდოროვა-ქორიძე (კავშირის თავმჯდომარე): "დაზარალებული გლეხებისა და ფერმერების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ კონკრეტული ციფრის დასახელება მიჭირს. ჩვენს ორგანიზაციაში მხოლოდ დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერები შედიან, მაგრამ კახეთიდანაც ძალიან ბევრი გვეხმიანება. სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში ხალხს დაუყადაღეს სახლები, წაართვეს ქონება და საშინელ დღეში ჩააგდეს. პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომაზე პირდაპირ განაცხადა: ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულ ხალხს კომპენსაცია უნდა გამოეყოსო. პრეზიდენტის ნათქვამი არაფრად ჩააგდეს და ჩვენს ნათქვამს ყურადღებას ვინ მიაქცევს? ჩვენთვის არანაირი კომპენსაცია და შეღავათი არ არსებობს. მე მაგალითად, ბანკმა სესხის გადახდის ვადა არ გადამიწია, საურავებს მარიცხავდნენ, ახლა კი მეუბნებიან, თქვენი საქმე სასამართლოს უნდა გადავცეთო. ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული?!"

ირაკლი კაკაჩია (წალენჯიხის რაიონის მკვიდრი): "ჰიბრიდული სიმინდის პროგრამას დიდ რეკლამას უწევდნენ და დათესვა გადავწყვიტე. ბანკიდან ავიღე კრედიტი 7 ათასი ლარი, ჩემი ფული, 4 ათასი ლარიც დავამატე, იმედი მქონდა, რომ მოსავალს ავიღებდი, სესხსაც გავისტუმრებდი და მოგებაც დამრჩებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, არანაირი მოსავალი არ ამიღია. საბოლოოდ ბანკს ვთხოვე, ოთხ წელიწადზე გაენაწილებინა სესხი და ახლა თვეში 250 ლარის გადახდა მიწევს. ითქვა, დაზარალებულ ფერმერებს და გლეხებს თანხა უნდა ჩამოვაწეროთო და ამის იმედი გვქონდა, მაგრამ საიმედოს არაფერს გვეუბნებიან. ვინც ვერ გადაიხდის, ბანკში ჩადებულ ქონებას ართმევენ.

გიორგი ახვლედიანი ("ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის წევრი): "ამ ადამიანებს ვალად დარჩათ ბანკებიდან გამოტანილი კრედიტები, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის დასჭირდათ. გლეხებს იმედი ჰქონდათ, რომ ჰიბრიდულ სიმინდს ქვაზეც მოიყვანდნენ, მაგრამ მოსავალი არ მოვიდა და კრედიტები გადაუხდელი დარჩათ. ბუნებრივია, ბანკი თავის ფულს ითხოვს, მაგრამ ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისინი კარგავენ სახლ-კარს, ქონებას, ყველაფერს, რაც გააჩნიათ? ჩვენ ვითხოვთ, სახელმწიფომ მათთვის მიყენებული ზარალის კომპენსაცია დაიწყოს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, პროცენტი მაინც დაფარონ და საცხოვრებელი სახლები არ დაკარგონ. როცა პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ზარალის კომპენსირებაა საჭიროო, პრაქტიკულად პირობა მისცა ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ჰაერში გამოკიდებული დარჩა და ახლა, როცა ხალხს სახლებს უყიდიან, ხელისუფლება მათ პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს".

თამაზ კუნჭულია (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "როგორც ვიცი, პარლამენტის სხდომაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულ გლეხებს თანხას ჩამოაწერდნენ. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს ის თანხა, რომელიც მათ ვალად დაედოთ. საქმე ის არის, რომ შემოტანილი სიმინდი არ იყო შემოწმებული საქართველოში. ყოველგვარ თესლს შესაფერისი გეოგრაფიული ზონა აქვს. ჩანს, ჰიბრიდული სიმინდი დასავლეთ საქართველოს კლიმატზე არ იყო მორგებული, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით უკეთესი შედეგი მოგვცა. ყველამ იცის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აძალებდნენ გლეხებს, აეღოთ სათესლე სიმინდი, აიმედებდნენ, რომ საკმაოდ მაღალი შემოსავალი ექნებოდათ... სამწუხაროდ, ისიც კი არ გაითვალისწინეს, რომ როცა გლეხი ტრადიციული ჯიშების გვერდით ჰიბრიდულ სიმინდს თესავს, ორმაგად რისკავს. ჯერ ერთი, არ ვიცით, როგორ მოსავალს მიიღებს და მეორე, სიმინდი საერთოდ ჯვარედინად იმტვერება, ჰიბრიდული მტვრით დამტვერილი ადგილობრივი ჯიშები კი თავის ღირსებებს კარგავს და გადაჯიშებას იწყებს... შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი ერთადერთია, თანხა უნდა დაფაროს სახელმწიფომ, რომელმაც თავს მოახვია მოსახლეობას ეს აბსურდული და წარუმატებელი პროგრამა".

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)