საერთაშორისო სკანდალი: ისრაელი გაერო-ს ტანკებით შეუვარდა - ლიბანის მესამე ომი და პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული გაერო-ს გენმდივანი - კვირის პალიტრა

საერთაშორისო სკანდალი: ისრაელი გაერო-ს ტანკებით შეუვარდა - ლიბანის მესამე ომი და პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული გაერო-ს გენმდივანი

ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ დანაყოფების წინააღმდეგ, თანდათანობით უფრო მასშტაბური ხდება...

ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სურს ისარგებლოს მათთვის სახარბიელო მომენტით და ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან რაც შეიძლება შორს ჩრდილოეთით „გადარეკოს“ „ჰეზბოლა“, რათა მის მიერ გაშვებული ახლო მოქმედების რადიუსის რაკეტები ვეღარ მისწვდნენ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის დასახლებულ პუნქტებს.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის „ცახალი“ ფლობს სრულ საბრძოლო ინიციატივას, წარმატებული საჰაერო შეტევებისგან განსხვავებით, ხმელეთზე იერიშები ბევრად უფრო რთულად განსახორციელებადია, თუნდაც იმიტომ, რომ „ჰეზბოლა“ აქტიურად იყენებს ირანული და რუსული წარმოების მართვად ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, რომლებიდანაც გაშვებულ ორ კუმულაციურქობინიან რაკეტებს დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ ისრაელის „მერკავებისთვის“, რომ არაფერი ვთქვათ უფრო მსუბუქ ჯავშანტექნიკაზე...

1-merk-1728893014.jpg
UNIFIL-ის (გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) ფუნქციონირება ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არაეფექტიანია, რადგან ისინი ვერც „ჰეზბოლას“ რაკეტების გაშვებას უშლიან ხელს ისრაელისკენ და ვერც ისრაელის „მერკავების“ შეჭრას ლიბანის სამხრეთში...

ლიბანის სამხრეთ ნაწილში მიმდინარე ამ ცხარე სახმელეთო ბრძოლების დროს ისრაელის არმიის შეტევებისას რამდენეჯერმა დაზარალდნენ სამშვიდობო ძალები, რამაც გაეროს დიდი პროტესტი გამოიწვია...

გაერომ სამხრეთ ლიბანში ჯერ კიდევ 1978 წელს განათავსა UNIFIL-ის(გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) მშვიდობისმყოფელები, რომლებიც უნდა დაკვირვებოდნენ ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანის პროცესს. თუმცა ისრაელი 1982 წელს ხელახლა შეიჭრა სამხრეთ ლიბანში და 2000 წლამდე მის ოკუპაციას ახდენდა, სანამ არ დატოვა ეს ტერიტორია, მაგრამ 2006 წელს კვლავ განახორციელა ხუთკვირიანი საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ლიბანში, რაც მეორე ლიბანის ომის სახელით შევიდა ისტორიაში.

2-mer-1728892737.jpeg
ისრაელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა…

დღევანდელი საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ლიბანში ალბათ , მიიღებს თავის სახელწოდებას მესამე ლიბანის ომის სახით, რადგან დიდი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა..

ამ სახმელეთო ბრძოლებში გაეროს სამშვიდობო ძალები უკვე არანაკლებ სამჯერ დაზარალდნენ -10 ოქტომბერს სათვალთვალო კოშკზე მდგარი გაეროს ორი ინდონეზიელი „ცისფერჩაფხუტიანი“ დაიჭრა, 11 ოქტომბერს კი კიდევ ორი შრი-ლანკელი მშვიდობისმყოფელი და ყველა მათგანი შეტევაზე გადასული ისრაელის არმის დანაყოფების მხრიდან წარმოებული ცეცხლის შედეგად.

გაეროს მოთმინების ფიალა კი მაშინ გადაივსო, როდესაც 13 ოქტომბრის გამთენიისას ისრაელის ორმა, 70 ტონიანმა „მერკავამ“ უკანა სვლით შეანგრია გაეროს სამშვიდობო ძალების ნაწილის ჭიშკარი და იქიდან დაიწყო სროლა „ჰეზბოლას“ პოზიციებისკენ...

3-mer-1728892921.jpg
ისრაელის „მერკავებს“ სამხრეთ ლიბანში იოლი გასეირნება არ ელოდებათ...

გაეროს სამშვიდობოებთან ასეთ კონფლიქტს კი წინ უძღოდა ბევრად უფრო გრანდიოზული საერთაშორისო სკანდალი, როდესაც ისრაელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა მიიღო. მისი თქმით, გაეროს გენმდივანმა ისრაელზე ირანის თავდასხმა ცალსახად არ დაგმო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ მოითხოვდა გაეროსგან, რომ მას თავისი სამშვიდობო კონტინგენტი ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან ჩრდილოეთით ხუთ კმ სიღრმეში მაინც გადაეწია, რათა ისინი არ აღმოჩენილიყვნენ საბრძოლო მოქმედებების ზონაში.

4-merka-1728892877.png
„ჰეზბოლას“ არსენალში საკმაოდ მოიძებნება რუსული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „კორნეტები“, რომლებიც ისრაელის „მერკავებისთვის“ ძალზე სახიფათო მოწინააღმდეგეს წარმოადგენენ...

UNIFIL-ის(გაეროს დროებითი ძალები ლიბანში) საერთო რიცხოვნობა 10 ათას კაცს აჭარბებს, თუმცა მათი ფუნქციონირების ეფექტიანობა მინიმალურია, რადგან მათ არც „ჰეზბოლასთვის“ შეუძლიათ ხელის შეშლა, როდესაც ის ისრაელის დასახლებული პუნქტებისკენ რაკეტების მასიურ ზალპს ახორციელებს და ვერც ისრაელს „ცახალისთვის“, როდესაც სარაკეტო დარტყმებით გამწარებული ისრაელი ტანკებით სამხრეთ ლიბანში შეიჭრება ხოლმე „ჰეზბოლას“ დასაწიოკებლად...

„ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის არმიის საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ლიბანში უახლოესს საათებში ეტყობა კიდევ უფრო დაუნდობელი გახდება მას შემდეგ,რაც 14 ოქტომბრის დილას „ჰეზბოლას“ ერთმა კამიკაძე-დრონმა მოახერხა ზუსტი საჰაერო დარტყმის მიყენება ბინიამინში(ისრაელ-ლიბანის საზღვრიდან სამხრეთით 66 კმ-ში) მდებარე „ცახალის“ სამხედრო ნაწილის სასადილოს შენობაზე,რასაც ოთხი ისრაელელი სამხედროს დაღუპვა და 51 დაჭრა მოჰყვა...