"დღევანდელი "ოცნება" ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა "ნაციონალური მოძრაობა" 2012 წელს"
დღევანდელი „ოცნება“ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები, რომლებიც მთავარ ოპონენტებს უკრძალავდნენ და არ აძლევდნენ საეთერო დროს და რეკლამების განთავსების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ პარტიას რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც რეკლამის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა, “ოცნება” ეროვნული მარეგულირებელი კომისიის და უშუალოდ მისი ხელმძღვანელის კახა ბექაურის მეშვეობით ზეწოლას ახორციელებს.
„ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით, სწორედ ისე, როგორც “ოცნებას” ექცეოდა “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წელს, დღეს პარტიას “გახარია საქართველოსთვის” არ აძლევს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესაძლებლობას და არ გვითმობს საეთერო დროს. ეს მაშინ, როდესაც 24- საათიან რეჟიმში პარტიის ლიდერების მისამართით და მთლიანად პოლიტიკური პარტიის მისამართით, “იმედი”, “რუსთავი 2” და სხვა პარტიული ტელევიზიები ავრცელებენ დეზინფორმაციას და პროპაგანდას და ეს მაშინ, როდესაც “იმედის” ეთერში 24- საათიან რეჟიმში გადაიცემა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანია პირდაპირ „ვივამედის“ კლინიკიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რისი უფლებაც მას კანონით არ აქვს.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის თანახმად, პარტიას “გახარია საქართველოსთვის” უფლება აქვს, რომ ისარგებლოს უფასო პოლიტიკური რეკლამით ეროვნულ მაუწყებლებზე. რატომ? იმიტომ, რომ ამავე მუხლის თანახმად, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც 4%-იანი მხარდაჭერა აქვს და, მოგეხსენებათ, პარტიას “გახარია საქართველოსთვის” აქვს ორნიშნა პოლიტიკური მხარდაჭერა, უფლება აქვთ ეროვნულ მაუწყებლებზე უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსონ. ასევე, ეროვნული მაუწყებლობების მხრიდან ასეთი პოლიტიკური პარტიები კვალიფიციურ სუბიექტებად იქნენ აღიარებულები.
რას აკეთებს ოცნება?! “იმედმა” და “რუსთავი 2-მა”, პარტიულმა ტელევიზიებმა პირდაპირ უარი გვითხრეს რეკლამის განთავსებაზე, ხოლო, რაც შეეხება სხვა ეროვნულ მაუწყებელს, რომელმაც გვაღიარა კვალიფიციურ სუბიექტად და განაცხადა თანხმობა ჩვენი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე და შეასრულა კანონი, მათზე „ოცნება“ ეროვნული მარეგულირებელი კომისიის და უშუალოდ მისი ხელმძღვანელის კახა ბექაურის მეშვეობით ზეწოლას ახორციელებს.
კერძოდ, ამ ტელეკომპანიებს არ აძლევს რეკლამის განთავსების შესაძლებლობას, ხოლო ვინც რეკლამა განათავსა, მათი მისამართით სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებს. აი, ასე გამოიყურება დღევანდელი “ოცნება”, ზუსტად ისე, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა “და მისი ტელევიზიები, რომლებიც მთავარ ოპონენტებს უკრძალავდნენ და არ აძლევდნენ საეთერო დროს და რეკლამების განთავსების შესაძლებლობას.
დღეს “ოცნებას” მიზანში ჰყავს ამოღებული “გახარია საქართველოსთვის” და არღვევს ყველანაირ ჟურნალისტურ მედიასტანდარტს, უშვებენ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ სიუჟეტებს და აჟღერებენ ბრალდებებს ისე, რომ პარტიის ერთ წარმომადგენელსაც კი აზრს არ ეკითხებიან და პარტიის კომენტარებს სიუჟეტში საერთოდ არ უშვებენ. ამ ფონზე “ოცნების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მდინარაძემ განაცხადა, რომ, თითქოს, კანონით არ ეკუთვნის პარტიას “გახარია საქართველოსთვის” უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება. მართალია, კანონის ცოდნა მდინარაძის ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, არც “ოცნების” პირობებში და არც “ნაციონალური მოძრაობის” პირობებში, ვინ ვინ და ეს მე შესანიშნავად ვიცი, მაგრამ მაინც ვურჩევდი მას, რომ გადაშალოს „საარჩევნო კოდექსი“ და წაიკითხოს 51-ე მუხლი, რომ ასეთ უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში მეორედ აღარ აღმოჩნდეს”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
IPN