დეზერტირის აღსარება: უკრაინის არმიის მწარე რეალობა - "ვხედავთ, რომ მილიონობით გასაწვევი ასაკის ადამიანი უზრუნველ ცხოვრებას აგრძელებს და ქვეყნის ბედი არ ადარდებს“ - კვირის პალიტრა

დეზერტირის აღსარება: უკრაინის არმიის მწარე რეალობა - "ვხედავთ, რომ მილიონობით გასაწვევი ასაკის ადამიანი უზრუნველ ცხოვრებას აგრძელებს და ქვეყნის ბედი არ ადარდებს“

ბრიტანულ გაზეთ „ტაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დეზერტირობა უკრაინის არმიაში: რატომ დატოვა ჯარისკაცმა სანგარი პროტესტის ნიშნად?“ (ავტორი - ტომ ბოლი). „მიმდინარე წელს 50-ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დეზერტირი გახდა. რატომ გარბიან ჯარისკაცები ფრონტიდან? - იმიტომ, რომ ჯარში სამსახურის ვადა დაუსრულებლად გრძელდება, ჯარისკაცები დაიქანცნენ, მათ დასვენება სჭირდებათ, დემობილიზაციის კანონი კი არ არსებობს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

სერგეი გნეზდილევი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, დანგრეული ბახმუტის დაცვის დროს ჭურვების აფეთქებას მორიდებოდა. როცა ერთკვირიანი შვებულება მისცეს, ქალაქ პავლოგრადში სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, ეს მისთვის თავისუფლად ამოსუნთქვას ნიშნავდა.

დატოვა რა თავისი 56-ე ბრიგადის სადაზვერვო ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილი, მან ქალაქ პავლოგრადამდე 160 კილომეტრი გაიარა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჰოსპიტალში მისულიყო, წავიდა რკინიგზის სადგურზე, იქიდან კი - კიევში. რა თქმა უნდა, მას ამის ნებართვა არ ჰქონდა, შესაბამისად, როგორც კი ფეხი კიევის ბაქანზე დაადგა, იგი დეზერტირად გადაიქცა.

სერგეი გნეზდილევს საპყრობილე რეალურად ემუქრება, „მაგრამ საპყრობილიდან, უკიდურეს შემთხვევაში, ვიცი, როდის გამოხვალ... ფრონტზე ყოფნისას კი თავის გადარჩენა ძნელია“, - ამბობდა დაჭერამდე, გასული კვირის ბოლოს კი იგი დააკავეს.

უკრაინელები, რომლებიც ჯარში რუსეთის თავდასხმის პირველივე დღეებიდანვე წავიდნენ, საკუთარი ქვეყნის დაცვის მიზნით, ორწლინახევრიანი განუწყვეტელი ბრძოლების შედეგად უკვე დაქანცულები და გამოფიტულები არიან. არმიას პირადი შემადგენლობა და რესურსები არ ჰყოფნის. ისეთ პირობებში, როცა საომარ მოქმედებებს დასასრული არ უჩანს, როცა დიდი რისკია, დაიღუპო ან მძიმედ დასახიჩრდე, ჯარიდან გაქცევა სიტუაციიდან სულ უფრო მიმზიდველ გამოსავლად გეჩვენება.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე ანუ 8 თვეში, თითქმის 51 ათასი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, დეზერტირობისა და სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვების ბრალდებით. ეს რიცხვი ორჯერ მეტია, ვიდრე - მთელი 2023 წლის განმავლობაში, როცა ასეთი საქმე მხოლოდ 24 ათასი იყო, და უფრო მეტად ბევრი, ვიდრე 2022 წელს, როცა დეზერტირობის მხოლოდ 9 ათასი ფაქტი დაფიქსირდა (...).

24 წლის სერგეი გნეზდილევი არმიაში 2019 წელს გაიწვიეს და მას შემდეგ განუწყვეტლივ მსახურობდა. მისი ქვედანაყოფიდან საკმაოდ ბევრი დეზერტირობდა, თუმცა თვითონ სერგეი გნეზდილევის შემთხვევა უნიკალურია, იმ გაგებით, რომ მან გადაწყვიტა, თავისი დეზერტირობის შესახებ ყველასთვის ეცნობებინა. შესაძლოა, ყველამ არ იცის, რომ იგი ცნობილი ჟურნალისტი და ლიტერატურული ფესტივალის დამფუძნებელია. მან დაწერა ფეისბუქში, რომ თვითნებურად ტოვებს სამხედრო ნაწილს, მობილიზაციის კანონისადმი პროტესტის ნიშნად - კანონისა, რომელშიც დაფიქსირებული არ არის სამსახურის ვადები, საომარი მოქმედებების მონაწილეებისათვის.

ამიტომაც, როცა ადამიანი არმიაში მიდის, ის იქ მანამდე დარჩება და იმსახურებს, სანამ სამხედრო მდგომარეობა არ გაუქმდება. უკრაინაში ჯარში გასაწვევი ხუთ მილიონამდე ადამიანია, მაგრამ ისინი არ მსახურობენ. სერგეი გნეზდილევის მტკიცებით, არმია უფრო ძლიერი იქნება, თუ ადრე გაწვეულებს (დიდი ხნის ნამსახურებ) ჯარისკაცებს პერიოდულად ჩაანაცვლებენ მობილიზებული ახალწვეულებით, რათა ნაომარმა სამხედრო მოსამსახურეებმა ცოტა ხნით მაინც დაისვენონ. იგი აღნიშნავს, რომ ნატოს სტანდარტით, როტაცია ყოველ ექვს თვეშია გათვალისწინებული.

„მასმედიას უყვარს ისეთი სურათის დახატვა, რომ თითქოსდა, ჩვენი ჯარისკაცები ფოლადისგან არიან ჩამოსხმულნი და რომ მომავალ წელს ჩვენ, ყველა, ყირიმში ყავას დავლევთ", - უთხრა სერგეი გნეზდილევმა ბრიტანული „ტაიმსის“ კორესპონდენტს, - „მაგრამ სამხედროები უკვე დაქანცულ-დაღლილები არიან, მათ უკვე მოტივაცია დაკარგეს - იმიტომ, რომ ხედავენ - მილიონობით გასაწვევი ასაკის ადამიანი უზრუნველ ცხოვრებას აგრძელებს და ქვეყნის ბედი არ ადარდებს“.

როცა „ტაიმსის“ ჟურნალისტი ერთი კვირის წინათ სერგეი გნეზდილევთან საუბრობდა, „დეზერტირი“ დასავლეთ უკრაინაში, კარპატებში იმყოფებოდა და ამბობდა, რომ მას შვებულება ძალიან სჭირდებოდა.

მაგრამ ოთხშაბათს იმ სახლში, სადაც სერგეი გნეზდილევმა ბინა დაიქირავა, გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლები მივიდნენ და საქმე დეზერტირობის ბრალდებით აღძრეს. ამ სისხლის სამართლის დანაშაულის გამო შეიძლება ადამიანს 12 წლით საპყრობილე მიუსაჯონ.

აგვისტოში შეცვლილი კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს დეზერტირობის პირველი შემთხვევა შეიძლება ეპატიოს, თუ იგი ნაწილში დაბრუნდება და სამსახურს გააგრძელებს, მაგრამ ადვოკატებმა სერგეი გნეზდილევი გააფრთხილეს, რომ სახელმწიფომ შეიძლება ისარგებლოს შემთხვევით და მისი მონაწილეობით საჩვენებელი სასამართლო პროცესი ჩაატაროს.

მიმდინარე წელს უკრაინის ხელისუფლებამ გაააქტიურა სამობილიზაციო ძალისხმევა და ზაფხულში, ყოველთვიურად, 40-ათასამდე ახალწვეულს გზავნიდნენ ჯარში. ამ საქმეში მათ მნიშვნელოვნად დაეხმარა კანონი მობილიზაციის შესახებ, რომლის ჩარჩოებში შეიქმნა ახალწვეულთა მონაცემების ელექტრონული ბაზა, ხოლო გასაწვევი ასაკი - 27-დან 25 წლამდე შემცირდა.

კანონში გათვალისწინებული იყო პუნქტი დემობილიზაციის შესახებაც, რომელიც ჯარში სამსახურის ვადას სამ წლამდე ამცირებდა, მაგრამ, რადგანაც საქმეში მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი ჩაერია და მისი ამოღება მოითხოვა, დეპუტატები დაყაბულდნენ. როცა თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანს ჟურნალისტებმა სთხოვეს, განემარტა, თუ რატომ ამოიღეს დემობილიზაციის შესახებ პუნქტი, მან ასე უპასუხა: „დემობილიზაცია უკრაინის არმიის ქვედანყოფების ბრძოლისუნარიანობას დაასუსტებს, ჩაშლის შეტევის და თავდაცვით მოქმედებებს და დაარღვევს ჯარების როტაციის პროცესს“. ამასთან, სამხედრო უწყებამ აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარების ჩანაცვლების პროცესის სრულყოფისთვის.

სერგეი გნეზდილევის შემთხვევამ უკრაინის საზოგადოებრივი აზრი ორად გაჰყო. ჯარისკაცის ნაბიჯი დაგმო იურისტმა და უფლებადამცველმა, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ მასი ნაიემმა, რომელმაც ფრონტზე, ბრძოლისას, თვალი დაკარგა. მან გნეზდილევის ქცევას „უზნეო“ უწოდა, დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის მიმართ, აგრეთვე, იმ თანაპოლკელების მიმართაც, რომლებიც ფრონტზე რჩებიან და იბრძვიან“.

მაგრამ ბრძოლის ველზე მყოფი მეომრები სერგეი გნეზდილევის ნაბიჯს მიესალმნენ. ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ „ტაიმსის“ კორესპონდენტს განუცხადა: „რას ერჩიან სერგეის? იგი კარგი ბიჭია, მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას“.

სერგეი გნეზდილევს მხარი დაუჭირა ანტონინა დანილევიჩმაც, რომლის ქმარი - ალექსანდრე მოხალისედ წავიდა არმიაში ომის პირველივე დღეებიდანვე იბრძვის და ამჟამადაც კუპიანსკთან ახლოს დისლოცირებულ ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფშია. სხვათა შორის, სწორედ ანტონინა დანილევიჩმა - ცოლების, დედებისა და გოგონების შემადგენლობით - დაიწყო საპროტესტო მოძრაობა დემობილიზაციის მოთხოვნით. ამჟამად ათასობით ქალი უკრაინის 20 ქალაქში სამ კვირაში ერთხელ საპროტესტო აქციებს აწყობს.

ანტონინა დანილევიჩი ხაზს უსვამს, რომ ისინი, რა თქმა უნდა, უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვის წინააღმდეგ არ გამოდიან, მაგრამ უსამართლოდ და უკანონობად თვლიან იმ გარემოებას, რომ როცა ერთი მტერს საკუთარ სიცოცხლეს სწირავს, მეორე - შინ ზის ან იმალება.

„მე ვუთხარი ალექსანდრეს, რომ თუ სახელმწიფო დემობილიზაციის კანონს არ მიიღებს, მან სამხედრო ნაწილი სამსახურის სამწლიანი ვადის დასრულების შემდეგ უნდა დატოვოს“, - განაცხადა 44 წლის ანტონინა დანილევიჩმა, რომელიც კიევში მენეჯერად მუშაობს.

ვიქტორია შვეციც პროტესტანტების ჯგუფის წევრია - მისი ქმარი, ფიზიკოსი სერგეი, 2022 წლის თებერვალში ფრონტზე ნებაყოფლობით, მოხალისედ წავიდა და დღემდე ყველაზე მძიმე ბრძოლებში იღებს მონაწილეობას - ავდეევკასთან და ხარკოვთან.

„დიახ, მისი ქმედება, კანონის მიხედვით, დანაშაულია, მაგრამ მე ვთვლი, რომ მას ასეთი ნაბიჯი სასოწარკვეთილებამ გადაადგმევინა - ეს იგივეა, რაც საჯაროდ თავის დაწვა ქალაქის მოედანზე", - განაცხადა მან სერგეი გნეზდილევის დეზერტირობის შესახებ, - "ის, რაც მან გააკეტა, ძალიან მნიშვნელოვანია“.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ