"მათ ესპანეთში ქართველი ოჯახები გასახლებისა და ქუჩაში დარჩენისგან იხსნეს" - მუშათა კლასის საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ბრძოლა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად
ესპანეთში, სადაც ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა ყოველდღიურად იზრდება, სინდიკატი (Sindicat) მძლავრ ძალად იქცა, რომელიც მუშათა კლასის უფლებებსა და ინტერესებს იცავს. ეს ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ და მიზნად დაისახა ბრძოლა სოციალურად დაუცველთა და ემიგრანტთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, ბინათმშენებლობის პრობლემების მოსაგვარებლად. სინდიკატის აქტივისტები მუდმივად იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ, მიუხედავად სამართლებრივი ბარიერებისა და რეპრესიების საშიშროებისა.
სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ მათ ქართველი ოჯახები გასახლებისა და ქუჩაში დარჩენისგან იხსნეს. ორგანიზაციის წევრები ძირითადად, ესპანელები არიან - ის ადამიანები, თავადაც რომ აქვთ გაჭირვება გამოცდილი. ჩვენი რესპონდენტი ივანი ოთხი წელია ამ ორგანიზაციის წევრია. როგორც ამბობს, წაიკითხა საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, სკოლებში ბავშვების კვების პრობლემებისა და იმის შესახებ, რომ საქართველოში უამრავი ოჯახი სესხებზეა დამოკიდებული; რომ ვინც უმუშევარი რჩება, მათ სახელმწიფო არ უხდის დაზღვევას, ოპერაციის ხარჯების დაფარვა თავად უწევთ და კიდევ ბევრი სხვა პრობლემაა მოუგვარებელი. ფიქრობს, კარგი იქნება, თუ საქართველოშიც შეიქმნება ორგანიზაცია, რომელიც მუშათა კლასს გვერდში დაუდგება და მათი უფლებების დასაცავად იბრძოლებს.
- ბინათმშენებლობის მოძრაობა ესპანეთში 2008 წლის კრიზისის დროს დაიწყო და ნელ-ნელა განვითარდა, გადალახა შეზღუდვები და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციისა და კავშირის შექმნას მიჰყო ხელი. ბარსელონასთან მდებარე რეგიონში, 2020 წელს დავიწყეთ ორგანიზება და ცოტა ხნის წინ შევუერთდით ახალ ორგანიზაციას, რომელიც მოიცავს რამდენიმე სხვა კავშირს, მაგალითად, კატალონიის სოციალისტური ბინათმშენებლობის კავშირს.
- ხშირად გიწევთ პოლიციასთან დაპირისპირება და ბევრი თქვენგანი დაუკავებიათ კიდეც, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს იცავდით. რატომ აკეთებთ ამას?
- ჯერ არავის დაუპატიმრებია ბინათმშენებლობის მოძრაობის აქტივისტები (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დასჯას ითხოვენ), ამას თავიდან ვიცილებთ სასამართლოებში მიტინგების ორგანიზებით, მეტი ხალხის მხარდაჭერით, ანტირეპრესიული ზომების მიღებით და იურიდიული რესურსების ქონით. მიუხედავად ამისა, ასობით ათასი ევროს ჯარიმა გვაქვს, გამოსახლების დროს კი უფრო და უფრო მეტი დაპატიმრება ხდება. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან გვჯერა, რომ აუცილებელია კლასობრივი ბრძოლა სახელმწიფოსა და მეწარმეების წინააღმდეგ. გვირჩევნია პოლიციისგან დარტყმები და მუქარები მივიღოთ, ვიდრე ვიყოთ გამოსახლებული და ქუჩაში დავრჩეთ.
- აქ, უცხო ქვეყანაში, ემიგრანტები უამრავ პრობლემას აწყდებიან, არ იციან კანონები და ენობრივი ბარიერი აქვთ. თქვენ მათაც მხარში უდგახართ და ზოგჯერ კანონსაც არღვევთ. რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ?..
- ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ მუშათა კლასი, რათა შევქმნათ საკუთარი ძალაუფლება. ჩვენ არათუ არ ვარჩევთ ადამიანებს ეროვნების მიხედვით, არამედ შეგნებულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მუშათა კლასში არსებული დაყოფები დავასრულოთ (რასიზმი, სექსიზმი, ლგბტფობია და ა.შ.).
- ფიქრობთ თუ არა, რომ ემიგრანტებს ესპანეთში შეზღუდული აქვთ უფლებები?
- ობიექტური მონაცემების მიხედვით, ასეა. სახელმწიფო მათ ბიუროკრატიულ ბარიერებს უწესებს სტატუსის დასარეგულირებლად, სახლის მფლობელები უარს ამბობენ ქირაზე მხოლოდ გვარის ან აქცენტის გამო; მეწარმეები კი მათ მდგომარეობას იმისთვის იყენებენ, რომ ყველაზე ცუდი პირობები შეუქმნან და დაბალი ხელფასები მისცენ.
- ბევრი ემიგრანტისგან მსმენია, რომ ესპანეთში რასიზმის მსხვერპლი გახდა და თქვენ მათ გვერდში ედექით. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასეთი დიდი დოზით რასიზმი ესპანეთში, იქნებ ეს ემიგრანტებისადმი შიშით არის გამოწვეული?
- შეიძლება მათ ეჩვენებათ, რომ მთელი მოსახლეობის დისკრიმინაცია და სიძულვილი თავდაცვაა; მათ შეიძლება ეშინიათ, რომ ღარიბმა ემიგრანტმა შესაძლოა ქუჩაში გაძარცვით (მდიდრები იმდენად არ აწუხებთ). მათ, ვინც კანონს იღებს, ავიწყდებათ, თვალი გადაავლონ სამსახურიდან დათხოვნებს, დროებით სამუშაო პირობებს ან პრივატიზაციას და საჯარო სერვისების გაძარცვას. ასევე ავიწყდებათ, რომ ვინც საჭმელს უმზადებთ, უმეტესად ემიგრანტები არიან, რომლებიც ესპანეთში მონურ პირობებში მუშაობენ. ეს არის ნაციონალიზმისა და რასიზმის სოციალური ფუნქცია: გააწყვეტინონ მუშათა კლასი, რათა მათ ვერ იბრძოლონ საერთო ინტერესებისთვის.
- რამდენი ხანია ამ ორგანიზაციაში მუშაობთ და საინტერესოა, იცნობთ თუ არა ქართველებს, გქონიათ მათთან კონტაქტი?
- 4 წელია მე ბინათმშენებლობის მოძრაობაში ვარ. ჩვენ არ ვეყრდნობით არც სახელმწიფოს, არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ მუშათა კლასის ორგანიზაცია ვართ და ყველა ხარჯი, რაც უნდა დაფაროს, ნებაყოფლობითი წვლილით და ღონისძიებების, ლატარიების, მაისურების გაყიდვით განისაზღვრება. რაც შეეხება ქართველებთან ურთიერთობას, მახსოვს, დავეხმარეთ და გასახლების ვადა გავუხანგრძლივეთ ქართველების ერთ ოჯახს.
- ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ორგანიზაცია არ არსებობს და თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ ადამიანები მოისურვებენ შექმნან მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც ხალხს გვერდში დაუდგება, რას ურჩევდით მათ?
- ვფიქრობ, საქართველოში არსებობს პირობები, ისეთი ორგანიზაციის შესაქმნელად, რომელიც იბრძოლებს უნივერსალური, უფასო და მუშათა კლასის მიერ კონტროლირებული ბინათმშენებლობისთვის. მე ვიცი საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ და უნდა ვთქვა, რომ ეს პრობლემები პრაქტიკულად იდენტურია ესპანეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მუშათა კლასის პრობლემებისა. ბრძოლის ფორმები დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. ყველა იმ ადამიანს, ვინც მზად არის იბრძოლოს არა მხოლოდ საკუთარი სიტუაციის გასაუმჯობესებლად, არამედ კაპიტალიზმის დასაძლევად, ვურჩევ, დაიცვან თავიანთი კლასის ინტერესები. შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ კომუნიკაციაში, პლაკატებისა და ვიდეოების შექმნაში.
ფიქრია რობაქიძე,
ჟურნალ "გზის" სპეციალური კორესპონდენტი ბარსელონიდან