სამშობლოს მოღალატეები და გამყიდველები - რუსული "სიმსივნე", რომელიც სახელმწიფოებს შიგნიდან ჭამს და ხალხს ხოცავს
„არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს“ - ეს ჭეშმარიტება ხშირად ავიწყდებათ სამშობლოს მოღალატეებსა და გამყიდველებს, რომლებიც მზად არიან, „ოცდაათ ვერცხლად“ ემსახურონ მტერს. თუმცა ადრე თუ გვიან მათი ღალატის ისტორია მაინც გამომზეურდება და უმძიმეს ტვირთად დააწვება მათ შთამომავლებს, თაობიდან თაობამდე. ღირს კი ეს „ვერცხლი“ ამად?
ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ კონსერვატიული და ანტიკომუნისტური შეხედულებებით გამორჩეულ დიდ ბრიტანეთში საბჭოთა და სხვა კომუნისტური ქვეყნების სპეცსამსახურები აგენტურას დიდი წარმატებით “ავერბოვკებდნენ”, საზოგადოების ყველა ფენაში: თვით ხელისუფლების უმაღლეს სტრუქტურებშიც კი. 1930-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, საბჭოთა ჯაშუშებმა შეაღწიეს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში, სამხედრო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაზვერვო სამსახურებში, პარლამენტსა და პროფკავშირების ორგანიზაციებში. შემდეგ კი საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტურა რუსმა „ჩეკისტებმა“ გადაიბარეს და დღემდე წარმატებით „იმკიან მოსავალს“.
ამ რამდენიმე წლის წინ, ჩეხეთის ხელისუფლების მიერ ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის დაზვერვის არქივის ისტორიული ნაწილის გასაიდუმლოების შემდეგ, მრავალი საიდუმლო გაირკვა. მათგან ყველაზე სენსაციური ის იყო, რომ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის აქტიური წევრი და 1955 წლიდან - პარლამენტარი რაიმონდ მობი, 1960-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის დაზვერვას, ფულის სანაცვლოდ, საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. ჩეხეთის უშიშროების სამსახურის არქივებში მოპოვებული დოკუმენტების თანახმად რაიმონდ მობი ჩეხოსლოვაკიის დაზვერვასთან 10 წლის მანძილზე თანამშრომლობდა.
რაიმონდ მობი
მობი არ იყო კონსერვატიული პარტიის რიგითი წევრი. ის მუშათა კლასიდან იყო გამოსული, შემდგომში კი -პროფკავშირის აქტივისტი, კონსერვატიული პარტიის დეპუტატი გახდა პარლამენტში. ირკვევა, რომ რაიმონდ მობიმ ჩეხოსლოვაკიის დაზვერვასთან პირველი კონტაქტი 1960 წელს დაამყარა, ჩეხოსლოვაკიის საელჩოში. მისი ოპერატიული მეტსახელი “ლავალი” იყო. თავდაპირველად შეხვედრები პერიოდულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ შემდგომში ისინი მუდმივი გახდა. ჩეხებმა დაადგინეს მობის მთავარი სისუსტე – ფული. “მობი თავისუფალ დროს ატარებდა ბარებში და ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები”- ეწერა ერთ-ერთ საიდუმლო ცნობაში. თავიდან მობის 100 ფუნტ სტერლინგს უხდიდნენ ინფორმაციისთვის.
მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მაგალითად: პარლამენტის კომიტეტების წევრების სია, კონსერვატიული პარტიის წევრების სია, ასევე - მინისტრებისა და მათი მოადგილეების პირადი მონაცემები, სუსტი მხარეები და ა.შ. შემდეგ მობის ანაზღაურება 400 ფუნტამდე გაიზარდა. ინფორმაციის ნაკადი არ წყდებოდა. მობი ჩეხოსლოვაკიელ აგენტებს თვეში სამ-ოთხჯერ ხვდებოდა, მაგრამ 1960-იანი წლების ბოლოდან ეს შეხვედრები სულ უფრო და უფრო იშვიათი გახდა. ურთიერთობა 1971 წელს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 105 საბჭოთა დიპლომატის საფარქვეშ მოქმედი აგენტი გააძევა. რაიმონდ მობი 1990 წელს გარდაიცვალა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ოფიციალურ ისტორიაში არაფერია ნათქვამი რაიმონდ მობის შესახებ. მათ ბრიტანეთის ხელისუფლებასაც მიმართეს, ოფიციალური კომენტარისათვის, მაგრამ უარი მიიღეს. დიდ ბრიტანეთში მოქმედი კომუნისტური ქვეყნების აგენტებიდან ყველაზე ცნობილი “კემბრიჯის ხუთეულია”, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა აგენტურული ქსელი არ არსებობდა. დღემდე უცნობია ოქსფორდის უნივერსიტეტში მოქმედი საბჭოთა დაზვერვის აგენტების ვინაობა.
ზოგადად კი საინტერესოა, როგორ ფორმირდება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტოში სხვა ქვეყნის (ხშირად ქვეყნების!) “გავლენის აგენტები” არიან მოკალათებულნი? განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მტრის აგენტურა მუშაობს „გალაღებულად“? რა არის იმის მიზეზი, რომ ათწლეულების მანძილზე ისინი გაუმჟღავნებელი რჩებიან? რატომ ვერ ახერხებს კონტრდაზვერვის სამსახური აგენტების გამოვლენას? ეს კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.
დღეს მკითხველს გავაცნობ დიდი ბრიტანეთის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ვეტერანის, ბრიტანეთის გარკვეულ წრეებში “შეთქმულების თეორიის” აპოლოგეტად მიჩნეული სტივენ დე მოუბრეის (1925–2016) შეხედულებებს ამ საკითხებზე.
სტივენ დე მოუბრეი
სტივენ დე მოუბრეი 30 წლის განმავლობაში “ნადირობდა” საბჭოთა აგენტებზე. 1979 წელს ის იძულებული გახდა, დაეტოვებინა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვა, რადგანაც მის რჩევებსა და რეკომენდაციებს სათანადო სერიოზულობით არ ეკიდებოდნენ. დე მოუბრეი დარწმუნებული იყო, რომ “საბჭოთა თხუნელა” სადღაც ზემოთ იჯდა და რომ კა-გე-ბეს აგენტები ბრიტანეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელობაშიც კი მოქმედებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1960-70-იან წლებში მრავალი ჯაშუში იქნა მხილებული, დე მოუბრეი თვლიდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტები არ იქნენ გამოვლენილნი. მას მიაჩნდა, რომ ევროპასა და ამერიკაში (მათ შორის - სპეცსამსახურებშიც) საბჭოთა დაზვერვაზე გაცილებით უფრო მეტი ადამიანი მუშაობდა, ვიდრე ეს წარმოედგინათ თვით დასავლეთში. დე მოუბრეის აზრით, მაშინ ბრიტანეთში ხდებოდა უამრავი საოცარი რამ: საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ყველა ოპერატიულ-აგენტურული ოპერაცია მარცხით სრულდებოდა: ბრიტანეთში საბჭოთა დიპლომატიური და სავაჭრო მისიების ფარული მოსმენის ოპერაციებს არანაირი შედეგი არ მოჰქონდა. ამ ოპერაციების შესახებ თვით მი-5-შიც კი მხოლოდ ადამიანთა ძალზე მცირე რიცხვმა თუ იცოდა. დე მოუბრეის აზრით, “საბჭოთა თხუნელა”, სავარაუდოდ, თვით სპეცსამსახურის ზედაეშელონებში მუშაობდა და ეს ან მი-5-ის უფროსი როჯერ ჰოლისი, ან მისი მოადგილე გრემ მიტჩელი იყო. მათ მოსამართლის სანქციით უთვალთვალებდნენ და ტელეფონებს უსმენდნენ, მაგრამ ვერაფერი დასაეჭვებელი ვერ აღმოუჩინეს. დე მოუბრეი დარწმუნებული იყო, რომ ისინი წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი. მაგრამ დე მოუბრეის არავისი სჯეროდა: არც კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობაში და არც მთავრობის წევრებში.
“ადამიანები ფიქრობდნენ, რომ მე ან გავგიჟდი, ან რაღაც ბოროტი განზრახვით ჩავდიოდი ამას”, - იხსენებდა ის. დე მოუბრეი თვლიდა, რომ მი-5-მა ვერ შეძლო თავისი რიგების კარგად გაწმენდა. საბოლოოდ, ის გამოძიებას ჩამოაშორეს და ნათლად მიანიშნეს, რომ მისი კარიერა დასრულდა და ისიც იძულებული გახდა, პენსიაზე გასულიყო. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სტივენ დე მოუბრეის ეჭვებს იზიარებდნენ მი-5-ისა და მი-6-ის სხვა გამოცდილი თანამშრომლებიც, მათ შორის: პიტერ რაიტი (ავტორი ცნობილი წიგნისა „Spycatcher“) და არტურ მარტინი.
პიტერ რაიტი (1916–1995)
გავიდა სამი ათწლეული და დიდ ბრიტანეთში მომხდარმა მკვლელობებმა და „თვითმკვლელობებმა“ დაგვარწმუნა, რომ სტივენ დე მოუბრეი და მისი კოლეგები არ ცდებოდნენ: დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მთელი სისტემა დიდ კრიზისში იყო და არის. უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე დიდ ბრიტანეთში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილია ოცამდე ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ექსპერტი. ყველა მათგანი ან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი იყო, ან რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსი. ამ საქმეების დიდი უმრავლესობა კი კვლავ გამოუძიებელია. კიდევ ერთხელ გადავხედოთ ამ სამწუხარო ჩამონათვალს:
1. ბრიტანელი იურისტი სტივენ მოსი, გარდაიცვალა 2003 წელს, მოულოდნელად, “გულის შეტევით”, 46 წლის;
2. ბრიტანელი ადვოკატი სტივენ კერტისი. გარდაიცვალა 2004 წლის 3 მარტს, ვერტმფრენ Augusta-109-ის კატასტროფის შედეგად. მოსი და კერტისი იყვნენ დიდ ბრიტანეთში გაქცეული რუსი ოლიგარქების („იუკოსისა“ და „მენატეპის“ ძირითადი აქციონერების) კონსულტანტები;
3. იგორ პანამარევი, რუსი „დიპლომატი“, რეალურად კი - საგარეო დაზვერვის თანამშრომელი. გარდაიცვალა ლონდონში 2006 წლის 30 ოქტომბერს, საეჭვო ვითარებაში: ქიმიური პრეპარატით მოწამვლის სიმპტომებით, თუმცა ოფიციალური ვერსიით -„გულის შეტევით“;
4. ალექსანდრე ლიტვინენკო. რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი და ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი. გარდაიცვალა ლონდონში 2006 წლის 23 ნოემბერს. მოწამლეს პოლონიუმით. მხოლოდ ათი წლის შემდეგ დასრულდა გამოძიება და 2016 წელს, დიდი ბრიტანეთის სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შესრულებულ შურისძიების აქტად შეაფასა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირების დავალებით განხორციელდა. ისე კი, მართლაც რა საოცარი ბედოვლათობა და დოყლაპიობა უნდა გამოეჩინა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვას, რომ დღისით-მზისით რუსეთის სპეცსამსახურების რამდენიმე თანამშრომელმა ლონდონის ცენტრში მოახდინა ლიტვინენკოს ლიკვიდაცია?! პუტინის პირადი მტერი რუსეთის სპეცსამსახურების ნადირობის ობიექტი რომ იყო, ეს მრავალი წელია, ყველასთვის ცნობილი გახლდათ. ამ პირობებში მი-5-ის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული ყურადღება (უპირველესად - გარემეთვალყურეობა და ფარული მოსმენები) და სიფრთხილე უნდა გამოეჩინა ლიტვინენკოს უსაფრთხოების მიმართ;
5. რუსი ბიზნესმენი იური გოლუბევი, “იუკოსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და “კრემლთან” დაპირისპირებული რუსი ბიზნესმენი. გარდაიცვალა 2007 წლის იანვრის დასაწყისში ლონდონში, “გულის შეტევით”;
6. ბრიტანელი ჟურნალისტი დენიელ მაკგრორი, რომელიც ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეს აქტიურად იკვლევდა და იყო თანაავტორი ფილმისა: „ვინ მოკლა ალექსანდრე ლიტვინენკო?“, 2007 წლის 20 თებერვალს ლონდონში, საკუთარ სახლში, “გულის შეტევით” გარდაცვლილი იპოვეს, 54 წლის. ამ შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგ თავს დაესხნენ ფილმის მეორე ავტორს, პოლ ჯოიალს. ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ჯოიალი სასწრაფო ოპერაციის შედეგად ცოცხალი გადარჩა;
7. მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი, ვლადიმერ პუტინის რეჟიმის შექმნისა და გაძლიერების ბევრი საიდუმლოს მცოდნე, მოულოდნელად გარდაიცვალა “გულის შეტევით” ლონდონში 2008 წლის 12 თებერვალს, 52 წლის;
8. “კრემლთან” დაპირისპირებული რუსი ბიზნესმენი, ალექსანდრე პერეპილიჩნი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, გარდაიცვალა “გულის შეტევით” ლონდონში, 2012 წლის 10 ნოემბერს, 44 წლის;
9. მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი, ვლადიმერ პუტინის პირადი მტერი, ლონდონში, საკუთარი სახლის აბაზანაში „ჩამომხრჩვალი“ იპოვეს, 2013 წელს, 67 წლის, ოფიციალური ვერსია – „თვითმკვლელობა“;
10 -11 - 12. პოლ კასლი, რობი კერტისი და ჯონ ელიჩაოფი – ბორის ბერეზოვსკის ბიზნესპარტნიორები და მეგობრები, 2010-2014 წლებში გარდაიცვალნენ დიდ ბრიტანეთში. სამივე შემთხვევაში ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობა იყო;
13. ბრიტანელი ექსპერტი რადიოლოგიის დარგში, მეთიუ პანჩერი, რომელიც ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა, 2016 წლის მაისში გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში, ინგლისის ერთ-ერთ საგრაფოში. მას ორი (!) მჭრელი საგნით (სამზარეულოს დანით) მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. თავდაპირველი ოფიციალური ვერსია - “თვითმკვლელობა” , რომელიც საფუძვლიან დაეჭვებას იწვევს, დღესაც უცვლელია;
14. 2018 წლის 12 მარტს საკუთარ სახლში „ჩამომხრჩვალი“ იპოვეს რუსეთიდან კიდევ ერთი გაქცეული – 68 წლის ნიკოლაი გლუშკოვი. ოფიციალური ვერსია: „თვითმკვლელობა“. ის ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის მეგობარი და საქმიანი პარტნიორი იყო. პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ გლუშკოვმა რუსეთი დატოვა და ლონდონის გარეუბანში ცხოვრობდა. 2017 წელს მოსკოვის სასამართლომ მას დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა. მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 2021 წლის 8 აპრილს, ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ გლუშკოვი მოკლული იყო: ის საკუთარ სახლში დაახრჩეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.
ჩემს მიზანს არ წარმოადგენს "შეთქმულების თეორიის” მოწინააღმდეგეთა გადარწმუნება. მე მხოლოდ იმის ჩვენება მინდა, რომ სპეცსამსახურების საქმიანობა უკვე გასცდა მხოლოდ ჯაშუშობისა და ინფორმაციის მოპოვების საზღვრებს და სხვა, სუვერენული ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. ცხოვრების აქტიურ მანიპულირებად იქცა. ერთი კია: როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახური საფარად იყენებს ადგილობრივ სპეცსამსახურებში არსებულ თავის აგენტურას, ეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კატასტროფულ მდგომარეობაზე მეტყველებს.
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და, ამავე დროს, ყოველთვის ძალზე ეფექტიანად (გაწეული დანახარჯებისა და მიღებული შედეგების გათვალისწინებით) მიჩნეული დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები სერიოზულ კრიზისს განიცდიან, რაც ეჭვს ბადებს, რომ დაუმარცხებელმა „ჯეიმს ბონდმა“ ვერ გაუძლო XXI საუკუნის გამოწვევებს და „დამსახურებულ პენსიაზე“ გავიდა.
რუსეთის დიქტატორს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე რადიკალურად შეცვალა რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები და ხერხები (რის შესახებაც შემდეგ პუბლიკაციაში მოგითხრობთ), XX საუკუნის მეთოდებით ვერაფერს დააკლებთ, ბატონებო, სამწუხაროდ.
(მესამე ნაწილის დასასრული)