რუსების დიდი კონტრშეტევა: მძიმე ამბები კურსკიდან - ალყაში მოქცევის საფრთხე უკრაინელებისთვის და "საჩუქარი" პუტინს - კვირის პალიტრა

რუსების დიდი კონტრშეტევა: მძიმე ამბები კურსკიდან - ალყაში მოქცევის საფრთხე უკრაინელებისთვის და "საჩუქარი" პუტინს

6 აგვისტოს უკრაინის არმიის საექსპედიციო კორპუსის კურსკის ოლქში შეჭრისა და მისი ნაწილის ოკუპაციიდან მეორე თვის თავზე, 10 ოქტომბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური კონტრშეტევითი ოპერაციები წამოიწყეს უკრაინელი სამხედროების სამხრეთით რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ განსადევნად.

DeepState-ს უკრაინელი დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები თავად დიდი გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ კურსკის ოლქის დასავლეთი ნაწილიდან წამოწყებული რუსული კონტრშეტევის შედეგად მოწინააღმდეგემ დროებით წარმატებას მიაღწია და ამასთან ათასზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ალყაში მოქცევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა.

კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც ხდება უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც ჩასანგრებულ უკრაინულ დანაყოფებზე რუსეთის საოკუპაციო ძალები ძლიერი საარტილერიო და საავიაციო-საცეცხლე მომზადების შემდეგ მთელ ფრონტზე უტევენ. კურსკის ოლქში უფრო მანევრული საბრძოლო მოქმედებებია - უკრაინის საექსპედიციო კორპუსს არც იმის დრო ჰქონდა და არც რესურსები, რომ ოკუპირებული კურსკის მიწაზე თავდაცვითი ზღუდეები აეგო.

შეიძლება იმის დაშვებაც, რომ კურსკის ნაწილის კონტროლის გაგრძელებას კიევი "სამუდამოდ" სულაც არ აპირებს, მაგრამ სურს ეს ფაქტორი რაც შეიძლება დიდხანს გამოიყენოს პოლიტიკურად, თუმცა რამდენად მომგებიანია კურსკის ოპერაცია მთლიანად უკრაინისთვის, ეს მოგვიანებით შეფასდება.

როდესაც რუსული საფრონტო ბომბდამშენიდან 50 კმ-ის სიშორიდან ჩამოგდებული ასეთი 3 ტ-იანი პლანირებადი და კორექტირებადი ფუგასური საავიაციო ბომბი უკრაინულ სანგართან 10-20 მ-ის სიზუსტით ვარდება და დეტონაციას განიცდის ბომბში მოთავსებული 1 387 კგ ტროტილი, იქ ფიზიკურ გადარჩენაზე თუ არის ლაპარაკი, არათუ პოზიციის შენარჩუნებაზე...

6 აგვისტოს რუსეთის საზღვრის კურსკის მონაკვეთზე მოულოდნელი შეტევების დაწყება და რუსეთის ტერიტორიის 30-40 კმ-ის სიღრმეში უკრაინული მობილური საბრძოლო დანაყოფების შეჭრის მიზეზებად თავიდან დასახელდა პანიკის დათესვა რუსეთის მოსახლეობაში, დონბასის ფრონტიდან რუსული საბრძოლო დანაყოფების მოხსნა კურსკის გასამაგრებლად, ფრონტის ახალი მონაკვეთის გახსნა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, მუდამ თავდაცვაში მყოფი უკრაინის დამცველების შეტევაზე გადასვლით მათი საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკების წინ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური პოზიციის გამყარება - აი, ის ძირითადი მიზნები და ამოცანები, რამაც უკრაინელ პოლიტიკოსებსა და სამხედროებს გააბედვინა ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია წამოეწყოთ მეზობელი აგრესორი რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით, მაშინ, როდესაც ათასკილომეტრიანი ფრონტის რამდენიმე უბანზე უკრაინის არმიას ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უკან უწევს დახევა.

ორი თვის თავზე კი უკვე შეიძლება შემდეგი შეფასების გაკეთება - მიუხედავად იმისა, კურსკის მიმართულებაზე რუსეთმა 50-ათასიან დაჯგუფებას მოუყარა თავი, მათ შორის უკრაინის ფრონტიდან მოხსნილი ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთებისა და დანაყოფების ხარჯზეც, არ გამართლდა უკრაინის გენშტაბის დიდი იმედი - ამან ნაკლებად შეანელა რუსი ოკუპანტების შეტევების ტემპი და მასშტაბი აღმოსავლეთ ფრონტზე, რასაც მოჰყვა უგლედარის დაკარგვა, მძიმე სიტუაცია ტორეცკთან და პოკროვსკის მიმართულებაზე.

პირიქით, თავად უკრაინული მხარე გახდა იძულებული კურსკის ფრონტზე მიეშველებინა ის ძალები, რომლებიც ასე საჭირო იყო უგლედარის დამცველების დასახმარებლად.

უკრაინის არმიაში ფრონტის ხაზზე მებრძოლების ნაკლებობაა, რაც განაპირობა იმან, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მასობრივი მობილიზაცია არ ჩაატარა...

რუსეთის გენერალიტეტს ჰქონდა კონკრეტული ბრძანება, რომ 7 ოქტომბრისთვის, პრეზიდენტ პუტინის დაბადების დღისთვის, კურსკიდან სრულად გაედევნათ უკრაინელი სამხედროები. მართალია, რუსეთის გენშტაბმა ვერ მოასწრო ამის აღსრულება და დაბადების დღეზე იმედი გაუცრუა თავის "ფიურერს", მაგრამ ცდილობს ახალ წლამდე მაინც შეასრულოს კრემლის ეს დავალება.

შესაბამისად, რუსული კონტრშეტევები კურსკის ოლქის დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებიდან უფრო გაძლიერდება, რათა უკრაინის საექსპედიციო კორპუსს აიძულონ სამხრეთით, სახელმწიფო საზღვრისკენ უკუქცევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელების საკუთარ მიწაზე დაბრუნების შემდეგ რუსეთის არმია ამ მიმართულებაზე შეტევებს შეაჩერებს და არ ეცდება უკრაინის სუმის ოლქში ხელახლა შეჭრას.

რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ეტაპზე, როდესაც პუტინს ჩაეშალა ბლიცკრიგი და ფრონტის ხაზი გაიწელა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ ჰყოფნიდათ ცოცხალი ძალა და იძულებულნი გახდნენ ჯერ უკვე ოკუპირებული კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების ნაწილები საკუთარი სურვილით დაეტოვებინათ, რასაც მოჰყვა რუსი ოკუპანტების თავქუდმოგლეჯილი გაქცევა ხარკოვის მისადგომებიდან და ხერსონიდან.

თუმცა ომის მეორე ეტაპზე რუსეთმა შეძლო ფრონტის ხაზის სტაბილიზება და დაიწყო მასშტაბური მობილიზაცია, რამაც დიდი უპირატესობა და საბრძოლო ინიციატივა მისცა, რადგან უკრაინულმა მხარემ, გახარებულმა ხარკოვსა და ხერსონთან მიღწეული გამარჯვებით, დროულად არ დაიწყო მობილიზაცია და ამასთან, ჩაეშალა 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევაც, რაზეც უდიდესი იმედი მყარდებოდა.

აქედან გამომდინარე, დღეს ფრონტის ხაზის შემდგომი დაგრძელება უფრო აგრესორი რუსეთის ინტერესებში შედის, რომელსაც ბევრად მეტი სამობილიზაციო რესურსი აქვს (თუნდაც მრავალრიცხოვანი პატიმრების ხარჯზე), ვიდრე უკრაინას, რომელიც ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობის ახალი მებრძოლების მობილიზაციას და მამაკაცების "შეგროვება" ქალაქისა და სოფლების ქუჩებში ძალის გამოყენებით უწევს.

ამიტომაც, თუკი უკრაინა გააგრძელებს დამატებითი ძალებისა და რესურსების გადასროლას კურსკის ოლქის ნაწილის შენარჩუნების მიზნით, ეს მოაკლდება იმ უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავენ მიწის თითოეულ გოჯს აღმოსავლეთ ფრონტზე და ყოველდღიურად უამრავ რუს აგრესორსაც ანადგურებენ, მაგრამ მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, არ ილევა.

რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობა ათას დღე-ღამეს უახლოვდება და დგება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ომის საწარმოებელი რესურსები მოწინააღმდეგეებიდან ერთ-ერთ მხარეზე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინისთვის ერთგვარ მაშველ რგოლად შეიძლება იქცეს ამინდის მკვეთრი გაუარესება, წვიმა, თოვლ-ჭყაპი, რათა დონბასის ატალახებულ ტრამალებზე შეტევაზე გადასულ რუს ოკუპანტებს პრობლემები შეექმნეთ გადაადგილებისას.

თუმცა, თუკი ეს ფაქტორი, ასე თუ ისე, ამართლებდა ომისწინა ორ საშემოდგომო წვიმის სეზონზე, ახლა შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდეს, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევების ახალი ტაქტიკა აღარ ითვალისწინებს მძიმე ჯავშანტექნიკის კოლონებით იერიშზე გადასვლას სხვადასხვა მიმართულებიდან. მხოლოდ ათიოდე ოკუპანტი ცდილობს მოტოციკლეტებით, კვადროციკლებითა და გოლფის მანქანებით რაც შეიძლება სწრაფად გადალახოს გამოყოფილი ზონა და ახლოს ჩასაფრდნენ უკრაინელების პოზიციებთან, რათა შემდგომ ერთობლივად, ქვეითად გადავიდნენ იერიშზე.

წაიკითხე ვრცლად