"უმძიმესი დღეები გვაქვს, სიცოცხლით სავსე ელენე დავკარგეთ, ანა ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის" - რას წერს ნიკა მელია კახეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე?
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
Ambebi.ge-ს კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მომხდარი ტრაგედიის შესახებ "ფეისბუქზე" წერს:
"გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებრძოლს, ელენეს და ანას. გუშინ კახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც ცვლილებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოდა დაუღალავად. გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის... ამ ჭირში ახლა გამაგრება, ერთად და მყარად დგომა, გლოვა და თან ბრძოლა გვმართებს, ურთულესია ეს ყველაფერი..." - წერს მელია.
ცნობისთვის, დაშავებულ ანა ქართლელიშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ ის თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.
ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.