ნაცარს დროულად თუ არ უსაშველებ, მოსავალს გაანადგურებს - კვირის პალიტრა

ნაცარს დროულად თუ არ უსაშველებ, მოსავალს გაანადგურებს

მშრომელი ადამიანის ნაჯაფს უთ­ვალავი მტერი ჰყავს: ბუნებრივ კატაკლიზმებთან ერთად, მოსავალს მავნებლები და სოკოვანი დაავადებებიც აზიანებენ. საქართველოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა ნაცარი, რომელსაც შეუძლია ფერმერს მთელი წლის ნაშრომი გაუნადგუროს. ამ დაავადებაზე გვესაუბრება სოფლის მეურნეობის დოქტორი, ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის უფროსი ნინო ბოკერია.

- ნაცარი ყველა მცენარეს უჩნდება და თითქმის ყველგან არის გავრცელებული. სხვადასხვა მცენარეს სხვადასხვა სახეობის ნაცარი აზიანებს. არსებობს ვაზის ნაცარი, ვაშლის ნაცარი, ვარდის ნაცარი, თხილის ნაცარი და ა.შ...

- რომელ მათგანს მოაქვს ფერმერებისთვის ყველაზე დიდი ზიანი?

- ვინაიდან საქართველოში ვაზი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა, ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებულ ზარალს ვაზის ნაცარი აყენებს. არანაკლებ აზიანებს ეს დაავადება ხეხილს, თხილსა და დეკორატიულ მცენარეებსაც, მათ შორის, ვარდს, რომელსაც დიდ პრობლემებს უქმნის. ვინც მეყვავილეობითაა დაინტერესებული, ან ამ მშვენიერ მცენარეს კომერციული მიზნით ამრავლებს, ეს ძალიან კარგად იცის. ამიტომ ვარდი გლეხისთვის ერთგვარი ინდიკატორია: მას ვენახის წინ საგანგებოდ რგავენ და თუ ნაცარი გაუჩნდება, ეს სიგნალია მევენახისთვის. ეს ძველი, ტრადიციული მეთოდია, რომლითაც ქართველი გლეხები მოსავალს იცავდნენ. თუ ამ დაავადებას თავის დროზე აღმოაჩენ და უმკურნალებ, ნაკლები ზარალი მოაქვს, მაგრამ თუ დაავადება მოძლიერდება, მასთან ბრძოლა გაცილებით რთული და შრომატევადია, ხარჯთან არის დაკავშირებული და როგორ შედეგს მოიტანს, ეს კიდევ საკითხავია.

vazis-nacari-uncinula-necator-1728995833.jpg

- მცენარის რომელ ნაწილს აზიანებს ნაცარი თავდაპირველად?

- დაავადების დასაწყისში ფოთლის ზედა მხარეზე ვითარდება ყვითელი ლაქები, ხოლო ფოთლის ქვედა მხარეს თეთრი ნაფიფქი ჩნდება. თანდათან ფიფქები მთელ ფოთოლზე ვრცელდება და მცენარის ღეროებს, ნაყოფს - ყველაფერს აზიანებს, გარდა ფესვებისა. პროცესი ფოთლებიდან იწყება და მერე მცენარის ყლორტებსა და ყვავილებზეც გადადის. დაავადება ვითარდება მცენარის ზედაპირზე, რის გამოც მას ეგზოგენურ სოკოს უწოდებენ. თავის "მასპინძელს" ნაცარი ძალიან ასუსტებს და ამიტომ მცენარე სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლას ვეღარ ახერხებს. დაავადებული ყვავილები მუქდება, ჭკნება და მიწაზე ცვივა, რაც მოსავლიანობაზე ცუდ გავლენას ახდენს. ამასთანავე, სოკოს სპორები ჰაერში ვრცელდება და მცენარიდან მცენარეზე გადადის.

ვაზის ნაცრისგან ეკონომიკური ზარალი ყველაზე მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მარცვალს დაავადება უვითარდება. ამ დროს მარცვლის კანი უხეშდება, წვენი კანს აწვება და ხეთქავს, ზოგჯერ მოჩანს წიპწაც, წვენი გარეთ გამოდის და მარცვალი ჭკნება. შედეგად, იკლებს შაქრიანობა და ეს ძალიან მოქმედებს ღვინის ხარისხზე. გარდა ამისა, მცენარე სუსტდება და უჩნდება სხვა დაავადებებიც, რაც ნაცრით გამოწვეულ ზარალს უფრო ზრდის.

vazis-nacari-uncinula-tulasnei-1728995833.jpg

- როდის ვრცელდება ნაცარი ყველაზე ინტენსიურად?

- ამ საშიში ინფექციის გავრცელება გაზაფხულზე მიმდინარეობს. ზაფხულში, როცა მცენარე უკვე დაავადებულია, ნაცარი ძალიან ადვილად გადადის ერთი მცენარიდან მეორეზე, მისი სპორები შეიძლება გაავრცელოს მტვერმა ან ქარმა, შესაძლოა ნალექის დროს წყლის შხეფებითაც გადავიდეს. დაავადება ზაფხულის დასაწყისიდან ბოლომდე გრძელდება და განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის.

- რა პირობებში გრძნობს ეს სოკო თავს კომფორტულად?

- ნაცრის ხელშემწყობია თბილი და ნაკლებად ტენიანი გარემო. ამ სოკოსთვის მშრალი გარემო აუცილებელია, განსხვავებით ჭრაქისაგან, რომელიც ტენიან გარემოში ვითარდება. შეიძლება ითქვას, ნაცარი ერთადერთი სოკოა, რომლის გავრცელებასაც ტენი არ სჭირდება. +20-25°ჩ გრადუსზე ნაცრის სპორები კარგად ვრცელდება, ამიტომ მისთვის სასურველი გარემო ზაფხულში იქმნება. ნაცრის ზემოქმედებით მცენარეთა ფოთლები ნაცრისფერი ხდება, ფოთოლი თანდათან დეფორმაციას განიცდის, იჭმუჭნება და ხმება. დაავადების სახელწოდებაც სწორედ "ნაცრისგან" მოდის. დაკვირვებული თვალი ზაფხულის ბოლოს ფოთლებზე შავ წერტილებსაც შენიშნავს, რომელთაც მიკოლოგები სოკოს ნაყოფ-სხეულებს უწოდებენ. სიმპტომების მიხედვით ნაცრის აღმოჩენა ძალიან ადვილია.

vazis-nacari-uncinula-tulasnei2-1728995832.jpg

- როგორ უნდა ვუშველოთ ნაცრით დაავადებულ ვაზს ან სხვა მცენარეებს?

- ყველაზე მეტად შეწამვლა შველის, თუ, რა თქმა უნდა, პრეპარატები სწორად იქნება შერჩეული, ოღონდ დაავადებამდე რომ არ მივიდეთ, დიდ როლს თამაშობს სწორი აგროტექნიკა. სასურველია ფერმერმა შეარჩიოს სხვადასხვა დაავადების მიმართ გამძლე ჯიშები. აუცილებელი პირობაა, რომ ნაკვეთში არ იყოს სარეველა, რადგან ის ყველა პათოგენური ორგანიზმის სასურველი მასპინძელია - მათაც იგივე პათოგენური სოკოები ემტერებიან, რაც კულტურულ მცენარეებს. გარდა ამისა, მცენარეს დაავადებული ტოტები და ყლორტები დროულად უნდა შევაჭრათ, ოღონდ მათი ნაკვეთში დატოვება არ შეიძლება. ნაკვეთიდან მოშორებით უნდა გაიტანონ და დაწვან, ან ნიადაგში ღრმად ჩამარხონ, რათა ინფექცია სხვა მცენარეებზეც არ გავრცელდეს. აუცილებელია ნარგავების გამოხშირვაც - ამის შემდეგ მცენარე უფრო თავისუფლად ისუნთქებს. მას ზრდისა და განვითარებისთვის განსაზღვრული სივრცე სჭირდება.

- დავუშვათ, ეს ღონისძიებები არ შველის და ნაცარი მაინც ვრცელდება, მაშინ რა უნდა გაკეთდეს?

- თუ დაავადება პროგრესირებს, ნაკვეთი ფუნგიციდებით უნდა შეიწამლოს. რეკომენდებულია გოგირდის შემცველი ფუნგიციდები. შეიძლება სხვადასხვა დაავადების, მაგალითად, ჭრაქისა და ნაცრის წინააღმდეგ მოქმედი ფუნგიციდები ერთმანეთს შევურიოთ. ეს ნაზავი რამდენიმე დაავადებაზე ერთდროულად იმოქმედებს.

ფუნგიციდი იქნება, ინსექტიციდი თუ სხვა პრეპარატი, პირველ ყოვლისა, მათი სწორი დოზირება და გამოყენებაა საჭირო. ადამიანს, რომელსაც გრიპი აქვს, გულის წამლები ვერ უშველის. ასევეა მცენარეც - თუ დადებითი შედეგის მიღება გვსურს, პრეპარატები თავიდანვე სწორად უნდა შევარჩიოთ. აუცილებელია ნორმის დაცვაც: ინსტრუქციაში ყველას უწერია, რა რაოდენობის წყალში უნდა გავაზავოთ ესა თუ ის პრეპარატი, თანაც გააჩნია, რა კულტურაა: ბოსტნეულს სამკურნალო ხსნარი სხვა რაოდენობით სჭირდება, კერძოდ, 1 ჰექტარზე 400-500 ლიტრი, მსხმოიარე მცენარეებს - 1000-1200 ლიტრი, ვენახისთვის 800 ლიტრია საკმარისი - ყველა ეს კომპონენტი წინასწარ უნდა იყოს გათვლილი. გარდა ამისა, ყველა მცენარეულ კულტურას აქვს ე.წ. ლოდინის პერიოდი.

- მკითხველს ავუხსნათ, რას ნიშნავს "ლოდინის პერიოდი"?

- ბოლო შეწამვლიდან ნაყოფის მოხმარებამდე, სულ მცირე, 14 დღე უნდა იყოს გასული. დღეს ვაშლის ბაღს რომ შეწამლავთ, მისი ნაყოფი მეორე ან მესამე დღეს არ უნდა შეჭამოთ. ორი კვირაა აუცილებელი, რათა ნაყოფიდან ადამიანის ორგანიზმში მავნე ნივთიერებები არ გადავიდეს. ორი კვირის შემდეგ ეს საშიშროება აღარ არსებობს. აქვე გეტყვით, რომ მწვანილის ან სალათის ფოთლების შეწამვლა საერთოდ არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში ქიმიური პრეპარატები დაშლას ვერ ასწრებს და ადამიანის ორგანიზმში გროვდება. ვინც ამ წესებს ზუსტად დაიცავს, მისი ხელით მოყვანილი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის მავნებელი არ იქნება.

- ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა თანამედროვე მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. რა სახის ბიოპრეპარატების გამოყენება შეიძლება ნაცრის წინააღმდეგ?

- თავიდან, ვიდრე მცენარეებს დაავადება მოერევა, ხალხური მეთოდების გამოყენებაც შეიძლება. მაგალითად, ძველად 1 ჭიქა ნაცარს 10 ლიტრ წყალში ხსნიდნენ და მცენარეებს ამ ხსნარით ასველებდნენ.E ეს შეიძლება პროფილაქტიკის მიზნითაც გაკეთდეს, ან საწყის ეტაპზე, მაგრამ თუ დაავადება უკვე გაძლიერებულია, მსგავსი მეთოდები ნაკლებად ეფექტიანია, ამ დროს ქიმიური პრეპარატებია საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადება შეიძლება ისე გავრცელდეს და გაძლიერდეს, რომ მთელი მოსავალი გაანადგუროს. შეწამვლისას საჭიროა ზომიერებაც, თორემ ვაზს 14-15-ჯერ რომ შეწამლავ, შენი მოწეული პროდუქცია ქიმიური ნივთიერებებით იქნება გაჯერებული. სასურველია, ერთი პრეპარატი რამდენჯერმე არ გამოვიყენოთ, რათა მცენარეს მის მიმართ რეზისტენტობა არ გამოუმუშავდეს. რამდენჯერმე ერთ პრეპარატს რომ გამოვიყენებთ, მერე ის სხვა პრეპარატით უნდა ჩავანაცვლოთ. ცხადია, ახალი თაობის პრეპარატები ჯობია, რადგან ისინი ძალიან ეფექტიანია.

- დასასრულ, სპეციალისტთა შეფასებით, რამდენად საშიში დაავადებაა ნაცარი?

- მცენარეთა დამცველების ენაზე რომ ვთქვათ, ნაცარი სერიოზული და გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ მართვადი. არსებობს სხვა, გაცილებით მძიმე დაავადებები, რომელთაც ვერაფერს მოუხერხებ. ასეთია, მაგალითად, მცენარის კიბო, რომლის მართვა ჩვენთვის შეუძლებელია, ნაცარი კი რთული, მაგრამ მართვადი დაავადებაა.

ხათუნა ჩიგოგიძე