სენსაციური ფაქტი: ბორის ჯონსონმა პუტინს ტელეფონში აგინა?! - "მე პუტინს პატარა არამზადა და ნაძირალა ვუწოდე"
"2021 წლის შემოდგომაზე დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბრის დროს საშინლად გააბრაზა", - იტყობინება ბრიტანული გაზეთი „დეილი ექსპრესი“ (Daily Express) სტატიაში, რომელსაც სათაურიც შესაბამისი აქვს: „ფაქტი ისტორიიდან: უკრაინაზე თავდასხმის წინ ბორის ჯონსონმა ვლადიმერ პუტინს „პატარა ხულიგანი და ნაძირალა“ უწოდა“ (ავტორი - მეთ ნიქსონი). „პრემიერი არწმუნებდა პრეზიდენტს, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში ნატოში არავინ მიიღებსო, მაგრამ პუტინს მოუთხოვია, რომ ყველა დასავლელ ლიდერს ამის შესახებ საჯაროდ გაეცხადებინა“, - ნათქვამია სტატიაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
2021 წლის შემოდგომაზე ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მწვავედ დაუპირისპირდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სატელეფონო საუბრის დროს: „თქვენ არ გაქვთ უკრაინაზე თავდასხმის საფუძველი, იმიტომ, რომ უკრაინა უახლოეს დროში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი“.
ბობ ვუდვორდის - ფართოდ გახმაურებული „უოტერგეიტის საქმის“ ლეგენდარული რეპორტიორის ახალ, სენსაციურ წიგნში, სახელწოდებით „ომი“, რომლის გაყიდვა წიგნის მაღაზიებში 15 ოქტომბრიდან დაიწყო, გადმოცემულია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან დაკავშირებული უცნობი ამბავი, რომელიც კულისებს მიღმა მოხდა.
ვლადიმერ პუტინი ბორის ჯონსონს ეკითხება: „რა გაქვთ მხედველობაში, როცა ამბობთ „უახლოეს დროში“? მაინც როდის? მომავალ კვირაში? მომავალ თვეში?“. ბორის ჯონსონი კი ისევ დაბეჯითებით იმეორებს: „გარწმუნებთ, რომ სინამდვილეში უკრაინა უახლოეს დროში ნატოს წევრი ვერ გახდება“. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, ვლადიმერ პუტინმა იცოდა, რომ უკრაინა ვერანაირად ვერ იქნებოდა მიღებული ნატოს წევრად, მაგრამ მას უნდოდა, რომ ეს საჯაროდ და ოფიციალურად განეცხადებინათ დასავლელ ლიდერებს.
საბედისწერო სატელეფონო საუბარი გაიმართა „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის შემდეგ, რომელიც რომში 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდა. როგორც ირკვევა, სამიტის დროს ბორის ჯონსონს და მსოფლიოს სხვა ლიდერებს - აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, გერმანიის მაშინდელ კანცლერს ანგელა მერკელს (და მის პოლიტიკურ მემკვიდრეს ოლაფ შოლცს) აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიდუმლოდ შეატყობინა რუსეთის გეგმები - კრემლი უკრაინაზე თავდასხმას აპირებდა: „ჩვენ, ყველა ვხედავთ, რომ რუსეთს თავისი ჯარები საზღვართან ჰყავს თავმოყრილი. გვაქვს ინფორმაცია, თუ რა აქვთ რუსებს ჩაფიქრებული და რას გეგმავენ. მართალია, ზუსტად არ ვიცით, როდის გამოჰკრავენ თითს სასხლეტს, მაგრამ ჩახმახი უკვე შეყენებულია“.
როგორც ბობ ვუდვორდი წერს, ბორის ჯონსონიც ანალოგიურად გააფრთხილა ბრიტანულმა სადაზვერვო უწყებამ (MI6) და თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ბენ უოლესმა. ჯონსონმა მიწოდებული ცნობები "სრულიად სანდო ინფორმაციებად“ ჩათვალა, მაგრამ ემანუელ მაკრონი და ორი გერმანელი პოლიტიკოსი მაინც ყოყმანობდნენ.
„შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი ბლეფობდა, მაგრამ ბორის ჯონსონს გულწრფელად მიაჩნდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის განხორციელებაზე ფიქრიც კი საშინელება იქნებოდა“, - აღნიშნავს ბობ ვუდვორდი, ლეგენდარული ჟურნალისტური გამოკვლევების ავტორი, რომელმაც კარლ ბერნშტაინთან ერთად „უოტერგეიტის საქმე“ გახსნა, რის შედეგადაც აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი პოსტიდან გადადგა.
ბორისი ფიქრობდა, რომ ვლადიმერ პუტინი თამაშობდა და დასავლეთის ხაფანგში შეტყუება უნდოდა, მაგრამ ტელეფონში კონფიდენციალურად ნათქვამის საჯაროდ აღიარება არ სურდა. პრემიერი თვლიდა, რომ თუ იგი უკრაინის ალიანსში მიუღებლობაზე ხმამაღლა და ოფიციალურად განაცხადებდა, მაშინ მისი ნათქვამი წინააღმდეგობაში მოვიდოდა ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასთან, რაც „დამარცხების აღიარების“ ტოლფასი იქნებოდა.
სწორედ იმ ხანებში უთხრა ბორის ჯონსონმა თავის ერთ-ერთ სანდო პიროვნებას, - ვლადიმერ პუტინს პატარა არამზადა და ნაძირალა ვუწოდეო.
რამდენიმე თვის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვალს, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი - ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია. კრემლი იმედოვნებდა, რომ უკრაინას ორიოდე კვირაში დააჩოქებდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინი მწარედ შეცდა: ომი გაჭიანურდა და უკვე ორ წელზე მეტია, გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების შედეგად ორივე მხრიდან ასეულ ათასობით ადამიანი დაიღუპა.