კიმ ჩენ ინი ომში მიდის?! - გაუგზავნა თუ არა ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პუტინს თავისი ჯარისკაცები, უკრაინაში საბრძოლველად? - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინი ომში მიდის?! - გაუგზავნა თუ არა ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პუტინს თავისი ჯარისკაცები, უკრაინაში საბრძოლველად?

ჩრდილოეთ კორეა ბოლო დროს უფრო ხშირად მოიხსენიება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში...

თავიდან ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ფხენიანმა რუსეთს გადასცა ასობით კონტეინერი, რომლებშიც მილიონზე მეტი სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო ჭურვი იდო, რომლებიც შემდგომ უკრაინის ფრონტზე იქნა გამოყენებული, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.

ასევე, დადასტურდა ჩრდილოეთკორეული ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების გამოყენება უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ.

და, აი, ახლა მესამე ეტაპი იწყება, რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის პროცესში -უკრაინის სამხედრო დაზვერვის მტკიცებით, რუსეთის არმიის მე-11 ცალკეული გვარდიული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში, თითქოს, ყალიბდება 3-ათასკაციანი „ბურიატების სპეციალური ბატალიონი“, რომელიც მთლიანად ჩრდილო-კორეელი სამხედროებით იქნება დაკომპლექტებულიო...

3-ათასკაციანი სამხედრო შენაერთი უკვე ბრიგადაა და არა ბატალიონი, ამიტომაც ცოტა ეჭვს იწვევს უკრაინის მასმედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თავად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დააჩქარებინა რუსეთის დუმას რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი კი პირდაპირ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების უკრაინის ფრონტზე გამოჩენა უკვე გადაწყვეტილი საკითხია...

ამასთან ვრცელდება ინფორმაციები, რომ ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს ოკუპირებულ დონბასში, რუსულ პოლიგონზე, უკრაინული რაკეტის ზუსტი „სტუმრობის“ შედეგად რუსების გარდა დაიღუპა ექვსი ჩრდილოეთკორეელი ოფიცერი და დაიჭრა სამი, რომლებიც საინჟინრო ჯარების წარმომადგენლები გახლდნენ. დღეს კი ამას ახალი ამბავი დაემატა, თითქოს, 18 ჩრდილოეთკორეელი სამხედრო, რომლებიც უკრაინის საზღვრიდან შვიდ კმ-ში რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, გაიქცნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან და მათზე ძებნაა გამოცხადებული. როგორც იტყვიან კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს - ეტყობა, ჩრდილოეთკორეელი სამხედროები ადრე თუ გვიან მართლაც გამოჩნდებიან რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში - ან ფრონტის ზურგში, ან სულაც - წინა ხაზზე...

photo-1729062214.png
ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება (ისინი ბოლო ომში 70 წლის წინ მონაწილეობდნენ), მაგრამ საბრძოლო სულისკვეთებას არ უჩივიან...

უცხო ქვეყნების წარმომადგენლები აქამდეც იბრძოდნენ რუსი ოკუპანტების რიგებში, მაგრამ მათი უმრავლესობა დიდ გასამრჯელოს დახარბდა, რუსეთში მუშაობის სანაცვლოდ და თავისდაუნებურად უკრაინის ფრონტზე აღმოჩნდა - ასე ექცევიან მიგრანტებს შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, განსაკუთრებით კი - ტაჯიკებსა და უზბეკებს, რომლებსაც რუსეთში ჩასვლისთანავე აკავებენ და არჩევანს სთავაზობენ - ისინი ან აწერენ ხელს რუსეთის არმიაში კონტრაქტით სამსახურს, ან ხდება მათი დაუყოვნებელი დეპორტაცია...

ჩრდილოეთ კორეიდან ცოცხალი ძალის მიშველების შემთხვევაში, უკვე სხვა პრინციპი იმოქმედებს - კიმ ჩენ ინი პუტინს გაუგზავნის ჩრდილოეთ კორეის რეგულარული არმიის ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, რომლებსაც ბევრად მეტი სამხედრო მომზადება გააჩნიათ, ვიდრე - რუსეთის ციხეებიდან და ქუჩებიდან აკრეფილ შემთხვევით ხალხს, რომლებიც ავტომატს პირველად უკრაინის ფრონტზე თუ ხედავენ, სადაც ისინი „საზარბაზნე ხორცის“ ფუნქციას ასრულებენ...

25 მლნ-იან ჩრდილოეთ კორეას 1,3-მლნ-იანი არმია ჰყავს, რაც პროცენტული თვალსაზრისით, ამ მრავალჯერ სანქცირებულ ქვეყანას მსოფლიოს ყველაზე მილიტარიზებულ სახელმწიფოდ აქცევს, რისთვისაც სამხედრო მიზნებისთვის მთლიანი შიდაპროდუქტის 27 %-მდე ხარჯავს მაშინ, როდესაც ცივილურ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ხშირად 2%-მდეც კი ვერ ადის.

თუკი ჩრდილოეთკორეელი დიქტატორი თავის რუს კოლეგას მართლაც გაუგზავნის მნიშვნელოვანი რაოდენობის ცოცხალ ძალას, რამდენიმე ათეული ათასი სამხედროს სახით, მაშინ ეს უსერიოზულეს პრობლემებს შეუქმნის უკრაინის დამცველებს, რომლებსაც ისედაც კრიტიკული სიტუაცია აქვთ ფრონტის არა ერთ უბანზე...