"ლიფტიდან გამოგვათრიეს და შამილ ბასაევთან შეგვიყვანეს... გვერდით სერგეი შოიგუ ედგა" - მამუკა არეშიძე:"მინდა, ეს ისტორია ხალხმა იცოდეს" - კვირის პალიტრა

"ლიფტიდან გამოგვათრიეს და შამილ ბასაევთან შეგვიყვანეს... გვერდით სერგეი შოიგუ ედგა" - მამუკა არეშიძე:"მინდა, ეს ისტორია ხალხმა იცოდეს"

ბოლო რამდენიმე თვეა რუსებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირების ახალ-ახალი თემები არ ილევა. ამჯერად სკანდალი აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო მუზეუმის გამოფენის გამო ატყდა - რუსმა ბლოგერმა აღმოაჩინა, რომ რუსეთის #1 ტერორისტად აღიარებული შამილ ბასაევი დიდი პატივით "აფხაზეთის გმირად" არის წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ თურმე ბასაევის პორტრეტი რამდენიმე წელია აფხაზეთის მუზეუმებშია გამოფენილი, რუსებმა რატომღაც მხოლოდ ახლა შენიშნეს და ამ ფაქტს მათი აღშფოთების დიდი ტალღაც მოჰყვა. ტელეგრამარხებზე წერდნენ, აფხაზები უმადურები არიან, რუსეთის დაფინანსებაზე ზის მთელი აფხაზეთი და მადლიერების ნაცვლად სახეში გვაფურთხებენ. ღირსები არიან, ერთი ისკანდერი გაუშვან მათთვის ჭკუის სასწავლებლადო.

შამილ ბასაევი 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზურ ომში აფხაზების მხარეს იბრძოდა. ის მეთაურობდა კავკასიის ხალხთა კონფედერაციის რაზმს. ერთხანს იყო არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და "აფხაზეთის გმირის" წოდებაც მიენიჭა... ამასთან, ბასაევი რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი ტერორისტული თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად და რუსეთში ნომერ პირველ ტერორისტად მიიჩნევა. მას უკავშირდება დუბროვკაზე, თეატრალურ ცენტრზე თავდასხმაც და ჩეჩნეთის პრეზიდენტის ახმატ-ხაჯი კადიროვის მკვლელობაც. მან აიღო პასუხისმგებლობა 2004 წელს ბესლანის სკოლაზე მომხდარ ტერაქტზეც. მაშინ 333 კაცი დაიღუპა, მათ შორის 186 ბავშვი. ის შეყვანილი იყო ტერორისტების სიებში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირში. ბასაევი 2006 წელს ინგუშეთში სატვირთო მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა.

„მინდა ეს ისტორია ხალხმა იცოდეს!“

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი: - ბასაევთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო პატარა ეპიზოდი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს. აფხაზეთის ომისას ჩეჩნების რაზმს ხელმძღვანელობდა შამილ ბასაევი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო.

1993 წლის თებერვალში ქართველი ჟურნალისტების ჯგუფი ჩავედით ჯოჰარ დუდაევთან ინტერვიუს ჩასაწერად. მისი რეზიდენციის მე-11 სართულზე გვქონდა შეხვედრა. დუდაევმა მაშინ თქვა, რომ აფხაზეთში საბრძოლველად წასულ ჩეჩნებს ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან საერთო არაფერი აქვთ და აგდებულად მოიხსენია ბასაევიც. საუბრის შემდეგ ჩავსხედით ლიფტში, მე-4 სართულზე ჩვენი ლიფტი გააჩერეს და გამოგვათრიეს. შეგვიყვანეს მაშინდელი ინფორმაციის მინისტრის კაბინეტში, სადაც შამილ ბასაევი დაგვხვდა და ძალიან აგრესიულად გველაპარაკა. თქვა, ჩვენ ახლა აფხაზეთში ვებრძვით შევარდნაძის არმიასო, და დააყოლა საინტერესო ფრაზა, ახლა აფხაზეთში გავდივართ რეპეტიციას და მერე რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოლებთო. მე ჩეჩნეთის პირველი ომის შემდეგ ისევ შევხვდი ბასაევს, ის უკვე მასხადოვის მთავრობაში ჩეჩნეთის პრემიერი იყო და ეს ფრაზა გავახსენე. იუარა, მაგდაგვარი არაფერი მითქვამსო. მაშინ გვერდით ედგა სერგეი შოიგუ. მინდა ეს ისტორია ხალხმა იცოდეს.

ბასაევის პორტრეტი რამდენიმე წელია აფხაზეთის მუზეუმშია გამოფენილი, მოსკოვში კი ვითომ ახლა შენიშნეს. რატომ? მოსკოვს ახლა დასჭირდა ახალი პრეტენზიები და გაახმოვანა ეს ამბავი. როგორც კი აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი გაჩაღდა, მოსკოვიდან გასცეს სიგნალი: მოიქეცით, როგორც გეუბნებით, თორემ კიდევ ბევრ რამეს შეგახსენებთო. მოსკოვს სჭირდება მაქსიმალური ზეწოლა აფხაზებზე, რათა თავისი მოთხოვნები გაიტანოს. ამ ზეწოლაში შედის ხელფასების შეჩერება და ამ ფოტოს გამო "აღშფოთებაც". რუსეთის "საელჩოში" ეს ფაქტი კარგად იცოდნენ, აფხაზებსაც არაერთხელ მისცეს შენიშვნა, მაგრამ ყური არ გაუპარტყუნებია არავის. ახლა კი რუსებმა ეს საკითხი ისევ წამოსწიეს. ისეთ მდგომარეობაში ჩააგდეს აფხაზები, რომ ნელ-ნელა ყველაფერზე უკან დაახევინებენ. სასამართლოების შესახებ შეთანხმება მიაღებინეს, ამ დღეებში რუსი ინვესტორებისთვის შეღავათებსაც დაამტკიცებინებენ. ზაფხულში ხომ დიდი პროტესტი იყო აპარტ-ოტელების კანონის გამო, მაგასაც მიიღებენ მალე. ბასაევის ფოტოსაც ჩამოუხსნიან. შეიძლება გმირობაზე უარი არ თქვან, მაგრამ ფოტოს აუცილებლად ჩამოახსნევინებენ.

- ამ სკანდალმა ცხადყო ისიც, რომ რუსებს აფხაზების ძალიან დიდი მიუღებლობა აქვთ.

- რუსები რომელი ერის მიმართ არიან კეთილგანწყობილი? აფხაზეთი, ეს პატარა ერი, რომელიც 125 000 კაცია, რუსეთის ფულით ცხოვრობს და ამის მერე ბედავს და პრეტენზიებს აყენებსო, რასაკვირველია, მიუღებელია რუსებისთვის. აფხაზები მიჩვეულები არიან, იყვნენ ობიექტის დირექტორები, ჰქონდეთ ჰალსტუხი, შლაპა და პორტფელი. ბევრ აფხაზთან ვმეგობრობ, მაგრამ არის ის მოცემულობა, რაც რუსებმა ხელოვნურად შექმნეს წლების განმავლობაში. მოსკოვმა ამ სკანდალით აფხაზებს დაანახა, რომ არა მარტო ჩვენ, პოლიტიკოსები, ვართ უკმაყოფილო თქვენი ქცევით, არამედ რუსი ხალხიცო. პიარტექნოლოგია აამუშავეს.

წაიკითხე ვრცლად: შამილ ბასაევის პორტრეტის გამო რუსებსა და აფხაზებს შორის დიდი სკანდალია