"ერთხელ ხილვა მქონდა. ეს ამბავი მხოლოდ პატრიარქს მოვუყევი... ლევანი ეზოში რომ გავიდა, მოიხედა და არ მობრუნდე-მეთქი, დავუყვირე" - კვირის პალიტრა

"ერთხელ ხილვა მქონდა. ეს ამბავი მხოლოდ პატრიარქს მოვუყევი... ლევანი ეზოში რომ გავიდა, მოიხედა და არ მობრუნდე-მეთქი, დავუყვირე"

მსახიობ ლევან აბაშიძის დედასთან, ქალბატონ მანანა ხიდაშელთან რამდენჯერმე ვიყავი ინტერვიუზე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ლევანზე ვეკითხებოდი, უმძიმდა საუბარი. ალბათ, ყველამ იცის, რა კვალი დატოვა მან ცხოვრებაში და ქართული კინოს ისტორიაში. ნიჭიერი, განათლებული, ხელგაშლილი, კეთილშობილი და სხვა უამრავი სიკეთით შემკული ახალგაზრდა, ღმერთმა სამშობლოსთვის თავგანწირვის ნიჭითაც დააჯილდოვა. ის სოხუმში დაიღუპა... ქალბატონი მანანას სურვილს, ლევანზე ვისაუბრებო, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოვეხმაურე. ამ წერილიდან გაიგებთ ამბებს ბიჭზე, რომელსაც ნათელი და სევდიანი თვალები ჰქონდა. რომელიც ასხივებდა სიკეთეს, სითბოს, სიყვარულსა და სილამაზეს... რომელსაც თაყვანისმცემელი გოგონები სახლის წინ ასფალტზე უწერდნენ: "ლევან მიყვარხარ", "ლევან, ძალიან მიყვარხარ", "მე უფრო ძალიან მიყვარხარ"...

- ჩემი უფროსი შვილი - ერეკლე ერთი წლის იყო, როცა ლევანი დაიბადა. არაჩვეულებრივი ბავშვი გახლდათ, ძალიან თბილი, სასაცილო, საყვარელი... შვილიც არაჩვეულებრივი იყო. მეუბნებოდა ხოლმე: დედა, შენ თავს მიხედე; დედა, ლამაზად ჩაიცვი; ეს არ გიხდება, ის ჩაიცვიო. ერთხელ მკითხა: დედა, თმას შეიღებავო? - რა ვიცი, ჯერ არ მჭირდება და ალბათ, შევიღებავ-მეთქი. - დამპირდი, რომ არ შეიღებავო. - რა სისულელეს ამბობ-მეთქი. - არა უშავს, მე ისე გავაკეთებ, რომ არ შეიღებავო... ასეთი უცნაური რამ მითხრა. აჩემებული ჰქონდა და ხშირად იმეორებდა: მე ცოლი არ მეყოლება, მე შვილი არ მეყოლება... ელენე ხომ მყავსო (ძმისშვილზე ამბობდა).

ლევანი და ერეკლე გერმანულ ბაღში (ნინა და ლანდა ტანტეების ბაღს ეძახდნენ) დადიოდნენ. ლევანმა გერმანული ენა თამაშ-თამაშით შესანიშნავად ისწავლა. მერე უკვე ინგლისურსაც დაეუფლა პირველ საშუალო სკოლაში. ცუდად სწავლობდა, სულ "შატალოზე" დადიოდა, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ძალიან უყვარდათ. იმ წლებში სკოლის ატესტატის ქულა უმაღლესში ჩასაბარებელი გამოცდების ნიშნებს ემატებოდა, ამიტომ პანიკაში ვიყავი. - დედა, ნუ გეშინიაო, - დამაიმედა. თურმე პედაგოგებთან სათითაოდ მისულა და მაგალითად, ერთ-ერთს უთხრა: მარო მასწავლებელო, დამიწერეთ რა, ხუთიანი! არ შეგარცხვენთ, თქვენ საგანს არ ვაბარებ, თეატრალურ ინსტიტუტში უნდა შევიტანო საბუთებიო. ასე აიღო საკმაოდ ნორმალური ატესტატი.

გატაცებები, მეგობრები...

- მისი კლასელები, მეგობრები სულ ამ ეზოში იკრიბებოდნენ (სოლიკო ვირსალაძის სახლი, სადაც ქალბატონი მანანა ცხოვრობს. - ავტ.) და დილამდე ერთი ამბავი იყო. მთელი თბილისი აქ მოდიოდა. მაშინ ხომ ღამის კლუბები და ბარები არ არსებობდა. სკოლის პერიოდში მის დაბადების დღეებზე კლასელები იკრიბებოდნენ, თავისებურად ერთობოდნენ, ტორტს მიირთმევდნენ. არაჩვეულებრივად სრიალებდა თხილამურებზე, გატაცებული იყო ცხენოსნობით, მოტოციკლეტით. ძალიან უყვარდა მანქანის მართვა. სკოლა რომ დაამთავრა, ერთ დღესაც მეკითხება: დედა, ას მანეთს მომცემო? პაპასთანაც (მამაჩემთან, შალვა ხიდაშელთან) მისულა ამ თხოვნით. მერე კაპიკებში იყიდა "ზაპოროჟეცი". ეს პატარა, დანჯღრეული, ყვითელი მანქანა ისე გრუხუნებდა, ძერჟინსკის ქუჩაზე რომ შემოუხვევდა (მაშინ იქ ვცხოვრობდით), მთელი ქუჩა ზანზარებდა. ერთხელ სადღაც ვარ და დავინახე, ქუჩაში მოდის ლევანი "ზაპოროჟეცით", რომელიც გატენილია ბავშვებით და რამდენიმე სახურავზეც კი ზის. მანქანას ხან კარი სძვრებოდა, ხან საბურავი. ლევანი მამაჩემს ჰპარავდა ხოლმე თავის "ფიატს", რადგან ის არ აძლევდა. მერე თურმე, გასაღების ასლი გააკეთა. მამაჩემი კი წყნარად იყო, მანქანის გასაღები თავის ადგილზე დევსო. ხიფათიანსა და ფათერაკიანს მუდმივად, ხან ხელი ჰქონდა მოტეხილი, ხან - ფეხი... ერთხელ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მოიტეხა. გაგრაში დასასვენებლად თაბაშირიანი ფეხით წავიდა მეგობართან ერთად. უყვარდა თბილისში ღამე სიარული ხან ფეხით, ხან მანქანით, რა თქმა უნდა, ისევ მეგობრებთან ერთად.

თუმანიშვილის ჯგუფში

- თეატრალურში მისაღები გამოცდების დაწყებამდე, მიშა თუმანიშვილთან დადიოდა ერთი წელი მოსამზადებელ კურსებზე. როცა ინსტიტუტში ჩაირიცხა, ძალიან ბედნიერი იყო, რომ მსახიობთა ჯგუფი თუმანიშვილმა აიყვანა. ამბობდა, განგების მადლიერი ვარო. მიშას ლევანი ძალიან უყვარდა და ბევრს მუშაობდა მასთან. ახალბედა მსახიობი კინომსახიობთა თეატრში წაიყვანა, მეორეკურსელს მისცა მთავარი როლი სპექტაკლში "ჩვენი პატარა ქალაქი". ყველა სპექტაკლს ვესწრებოდი, მართლა არაჩვეულებრივი იყო შეყვარებული ჭაბუკის, გიორგის როლში. ამ სპექტაკლმა დიდი პოპულარობა მოუტანა და უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა. ლევანმა მითხრა: იცოდე, დარბაზში რომ დაგინახო, სცენიდან გადმოვხტები და გაგიყვანო. ამიტომ ჩუმად შევდიოდი და შორეულ კუთხეში ვჯდებოდი. გული მწყდება, რომ ამ დადგმის ტელეკადრები ლევანის მონაწილეობით არ გადაუღიათ. თეატრზე მეტად, კინო უყვარდა. გადაღებები მისთვის ყველაფერი იყო. სხვა ინტერესები აღარ დამრჩაო, ასე ამბობდა.

პირველი როლი კინოში და სხვა ფილმების შესახებ

- მისი პირველი ფილმი იყო "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე". იცინოდა, კინოში ნაცნობობით მოვხვდიო, ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან მეგობრობდა. ნუცას უთქვამს დედისთვის, - თუ ლევანს არ გადაიღებ, მეც არ ვითამაშებო. 14 წლისაა ამ ფილმში. გადაღებებზე არ მივყვებოდი, რა გინდაო, მეუბნებოდა. დიდი გატაცებით ჩაერთო პროცესში. ერთ ღამეს არ ეძინა და როცა ვკითხე, რატომ არ გძინავს-მეთქი? მითხრა: ხვალ გადაღება მაქვს და ვაითუ, ცუდი ამინდი იყოსო. დავამშვიდე, წინასწარ ნუ ნერვიულობ-მეთქი. სკოლაში სიტყვაც კი არ დასცდენია, რომ კინოში იღებდნენ, ერიდებოდა ამაზე ლაპარაკი.

პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს, ნამუშევარს კრიტიკული თვალით აფასებდა. ფილმ "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის" რამდენიმე ეპიზოდზე ამბობდა, ბუნებრივი არ ვარ, "ნაიგრიშიაო". ამ ფილმის გადაღებებზე ნატკენი ფეხით მუშაობდა, მანამდე ჰქონდა მოტეხილი. ძალიან მომწონს "ანემია", კარგი ფილმია და რატომღაც არ უჩვენებენ. მისი ბოლო ფილმი "არა, მეგობარო" ტრაგიკული და წინასწარმეტყველური გამოვიდა. ლევანი ფილმის დასრულებამდე დაიღუპა და მისი გმირი ფილმშიც კვდება. ტატო კოტეტიშვილთან მეგობრობდა, დიდი გეგმები ჰქონდათ. ადრე ეკრანზე ყოველთვის გატაცებით ვუყურებდი ლევანს. ახლა ძალიან მიჭირს, მაგრამ მაინც არ ვეშვები და ისევ იმავე არხზე გადავრთავ ხოლმე, სადაც მისი ფილმი გადის.

სოხუმში წასვლის წინ...

- რაღაცნაირი პანიკა და ღელვა მქონდა ლევანის მიმართ... აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, თურმე მეგობრებს ხშირად ეუბნებოდა: სოხუმში უნდა წავიდე, იქ იბრძვიან, მე კი აქ რას ვაკეთებო? იმ ზაფხულს, აგვისტოს ბოლოს მითხრა: გადაღებებზე მივდივარ, ეპიზოდები გემზე უნდა გადავიღოთო. როცა წავიდა, კინოსტუდიაში მივედი და შევამოწმე, მართლა გადაღებაზე იყო თუ არა? სიმართლე უთქვამს, ფილმს ილო ჩაჩანიძე იღებდა. ამოვისუნთქე, მშვიდად მეძინა. თბილისში 5 სექტემბერს გვიან ჩამოვიდა. წინასწარ არაფერი თქვა, მეორე დილას კი გამომიცხადა: დედა, სოხუმში მივდივარო. გავშეშდი, ვერაფერი ვუთხარი. მცირე პაუზის მერე დაამატა: ვინც იქ მიდის, დედები იმათაც ხომ ჰყავთო. ამ სახლიდან წავიდა. მახსოვს, ეზოში რომ გავიდა, მოიხედა და არ მობრუნდე-მეთქი, დავუყვირე. ხელი ჩაიქნია და წავიდა...

ამერიკაში...

- ელდარ შენგელაიას ძალიან უყვარდა და გული სწყდება, რომ თავის ფილმებში ვერ გადაიღო. ისინი მეგობრობდნენ. ელდარს ყოველთვის მიჰყავდა საზღვარგარეთ ქართული კინოს დღეებზე. ლევანს საოცრად უყვარდა მოგზაურობა. ერთხელ ელდარმა ამერიკაში წაიყვანა. იმ დროს ნიუ-იორკის ვიცე-მერი ქართველი კონი (კონსტანტინე) ერისთავი იყო, ჩემი მეგობრის, მარინა ერისთავის ბიძა. უკვე სხვა დრო გახლდათ და მარინამ ლევანს ბიძასთან საჩუქრები გაატანა. კონის ისე მოეწონა ლევანი, წაიყვანა და თავიდან ფეხებამდე ახალ სამოსში გამოაწყო, მერე უთხრა: ბიჭო, დარჩი აქ, რა გინდა იმ საგიჟეთშიო? ლევანმა უპასუხა: იქ ჩემი სამშობლოა. იქ მყავს დედა და იქ არის ტატო, რომელიც მელოდებაო (ფილმზე მუშაობა უნდა დაეწყოთ). მაშინ პანიკაში ვიყავი, ვაითუ დარჩეს ამერიკაში-მეთქი, ახლა კი ვფიქრობ, ნეტავი დარჩენილიყო...

"იშვიათად მესიზმრება"

- იშვიათად მესიზმრება... ერთხელ ხილვა მქონდა. ეს ამბავი არავისთვის მითქვამს, მხოლოდ პატრიარქს მოვუყევი, როცა დამიბარა. კათოლიკოსს ლევანი ძალიან უყვარდა. ორმოცამდე ორი დღით ადრე დამესიზმრა - ცისფერი ცა, მწვანე მინდორი და ფეხშიშველი ლევანი. "დედა, კარგად, კარგად, კარგად ვარ..." დავკოცნე, მისი სიმხურვალე ვიგრძენი და ცაში ავიდა... ეს ილია მეორეს რომ ვუამბე, მითხრა: თქვენი შვილი ნათელშიაო. როგორ შეიძლებოდა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, მაგრამ მაშინ ბედნიერი ვიყავი. ლევანს ყვავილები უყვარდა - ისინი, რომლებიც გაზაფხულზე ყვავის, სახლშიც მოჰქონდა ხოლმე... გუგული მგელაძე ამბობდა: ლევანი გაზაფხულივით ბიჭი იყოო...

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"