"გამოდის, ქალბატონი პრეზიდენტი არაფორმალური მმართველი გამხდარა" - რას ამბობს რატი ბრეგაძე სალომე ზურაბიშვილზე
როდესაც ადამიანს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება არ აქვს და ის [სალომე ზურაბიშვილი] ამ პროცესებში მონაწილეობს, მათ შორის ოპოზიციური პარტიების გარკვეული წარმომადგენლები მას ამ საკითხებზე ხვდებიან და მსჯელობენ მთავრობის დასახელებაზე, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენაზე - გამოდის, რომ ქალბატონი პრეზიდენტი არაფორმალური მმართველი გამხდარა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ჯგუფების გადასაწყვეტია, იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მათი არაფორმალური მმართველი.
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტს ის პოლიტიკური პარტია წარუდგენს, რომელსაც არჩევნებში საუკეთესო შედეგი ექნება. ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა შევახსენოთ, რომ მას კონსტიტუციის თანახმად პოლიტიკური პარტიის წევრობის [უფლება] არ აქვს, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია მსგავსი ტიპის განცხადებები.
როდესაც ადამიანს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება არ აქვს და ის მონაწილეობს ამ პროცესებში, მათ შორის ოპოზიციური პარტიების გარკვეული წარმომადგენლები მას ამ საკითხებზე ხვდებიან და მსჯელობენ მთავრობის დასახელებაზე, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენაზე, გამოდის, რომ ქალბატონი პრეზიდენტი არაფორმალური მმართველი გამხდარა. რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, იმ პოლიტიკური პარტიების, რომლებიც მსგავსი ტიპის კონსულტაციებში მონაწილეობენ, დათანხმდებიან თუ არა იმაზე, რომ პრეზიდენტი მათი არაფორმალური მმართველი იყოს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
"ინტერეპრესნიუსი"