უსუფაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციას ეხმაურება - კვირის პალიტრა

უსუფაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციას ეხმაურება

ქვეყანაში დგას საკითხი - ეს ქვეყანა წავა წინ თუ უკან. წინსვლას სჭირდება ცვლილება. “ქართულმა ოცნებამ” 12 წლის განმავლობაში ვერ გაგვიმართლა და მეტიც - ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ რამდენიმე წლით გადადოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა დავით უსუფაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სწორედ კოალიციური მთავრობები ჰყავს და განვითარებული სახელმწიფოები მრავალპარტიული პრინციპებით იმართება.

“კოალიცია “ძლიერ საქართველოს” გვაქვს ჩვენი მძაფრსიუჟეტიანი სერიალი - ის სამი სერიისგან შედგება და ჩვენ მოსახლეობას ნამდვილად ვპირდებით, რომ ძალიან მძაფრ და სერიოზულ წინსვლას იგრძნობენ არჩევნების შემდეგ. “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამა ეფუძნება ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას ევროატლანტიკურ ორბიტაზე, დაუყოვნებლივ გაუქმებას იმ კანონების, რომლებმაც ჩვენი წინსვლა შეაჩერა. მეორე სერიაში ვნახავთ პენსიონერთა ათას ლარიან პენსიამდე აყვანას და რამდენიმე წელიწადში ეს მოხდება და ამის ძალიან კონკრეტულ გეგმას წარმოვადგენთ. მესამე სერიაში ვაპირებთ და დაგეგმილი გვაქვს 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა დაუყოვნებლივ, ის სამუშაო ადგილები, რომლებიც ხელისუფლების უნიათობამ გაანიავა ამ ქვეყნიდან. მეოთხე სერიაში ვნახავთ “ძლიერი საქართველოს” თანამონაწილეობით ძალიან სერიოზულ წინსვლას ერის, ქვეყნისა და სახელმწიფოს გამთლიანებაში და ესაა ჩვენი მრავალსერიიანი სამომავლო გეგმა, რომელიც ამ ქვეყანას გაიყვანს კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ბედნიერების გზაზე. ამით იმის თქმა მინდა ჩვენი ამომრჩევლისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ აჰყვნენ არანაირ სხვა სერიალებს, სხვა სიბინძურეებს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

ქვეყანაში დგას საკითხი - ეს ქვეყანა წავა წინ თუ უკან. წინსვლას სჭირდება ცვლილება. “ქართულმა ოცნებამ” 12 წლის განმავლობაში ვერ გაგვიმართლა და მეტიც - ახლა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ რამდენიმე წლით გადადოს ჩვენი ქვეყნის წინსვლა.

კოალიციური მთავრობა ჩვენი ახირება კი არ არის ან ქართველი ხალხის ნაკლი, იმ ევროპაში, საითაც გვინდა, რომ გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები, ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში ერთი პარტია არ არის ცალკე აღებული მმართველობაში. კოალიციური მმართველობა ნიშნავს სწორედ იმ მრავალპარტიულობას, თავისუფლებას და განსხვავებულობას საზოგადოებაში, რომლებსაც იმდენი ჭკუა ყოფნით, რომ საერთო სახელმწიფოებრივ ეროვნულ საქმეებზე უნდა დავსხდეთ მაგიდის გარშემო და გადავდგათ ნაბიჯები კომპრომისული სამთავრობო პროგრამისთვის”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმციას, რომლის თანახმად, "პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას".

მისი შეფასებით, სუსი არის ის ორგანო, რომელსაც მსგავსი საქმეების გამოძიება ევალება და მთავრობის მიერ მრავალჯერ დაანონსებული რევოლუციისა და არეულობის შესაძლო მოწყობის საქმეზე სასამართლოც კი არ გამართულა.

“არაფრის მომცემი დისკუსიები და დებატები იმაზე, ვინ რა ჩანაწერს გამოაქვეყნებს, ამაზე თუ გადავიდა ამომრჩევლის ყურადღება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სახელისუფლებო საქმე. დღეს სუს- მა განაცხადა, ამ ჩანაწერებით ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობენო - ამაზე დიდი დისკრედიტაცია და თვითდისკრედიტაცია რა შეიძლება გააკეთოს ქვეყნის უმთავრესმა ორგანომ, რომელსაც ევალება ასეთი ტიპის საკითხების გარკვევა, რომ ახლა გამოვიდა, დაზაფრა საზოგადოება - რაღაც უბედურება ხდება და ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებითო. რამდენჯერ დაანონსებულ რევოლუციას, გადატრიალებას, შეჭრას, ტერორისტულ აქტს სხედან და აკვირდებიან… არც ერთი ასეთი საქმე არ გახსნილა, არც ერთი დამნაშავე (თუ კი ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი) არ წასულა სასამართლოში. ახლა ამ “მრავალჯერ ნანახ კინოში” ვიღაცის მიერ განსაზღვრული როლის შესასრულებლად ჩვენ, “ძლიერ საქართველოს” არც ჩვენი თავი გვემეტება, არც ამომრჩეველი”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"