გაიცანით წყვილი, რომელმაც თითქმის დაცლილ სოფელში დიდი დღესასწაული მოაწყო
"სოფელ ხალდეში ოთხი გვარი ცხოვრობდა: გასვიანები, ჩეგიანები, ჩოფლიანები, ჯოხაძეები და აი, ამ ოთხმა გვარმა სვანეთს თეთრი ქუდი დაადგა!.. ხალდეს მოსახლეობა კაჟის თოფებით დაუპირისპირდა ქვემეხებით შეიარაღებულ მეფის რუსეთის ჯარს... ხალდელებს სასამართლოზე დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი იცავდა. მან ყველაფერი გააკეთა, მეფის რუსეთის თვითნებობა და ძალმომრეობა რომ ემხილა, მაგრამ რას გახდებოდა?! ყველას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან მხოლოდ ორი კაცი დაბრუნდა, დანარჩენები, 26 კაცი, ციმბირის მიწაში ჩაწვნენ... ხალდელების მაგალითი ამაგრებდა იმ სვანებს, რომელთაც სამჯერ დაამარცხეს მეთერთმეტე წითელი არმიის ნაწილები სვანეთში. 1925 წლამდე სვანეთი ვერ გაასაბჭოვეს! " - ამბობს საზოგადო მოღვაწე, პოეტი, პუბლიცისტი ერეკლე საღლიანი... რამდენჯერმე ნანგრევებად ქცეული სოფელი კვლავ ცოცხლდება... ხალდეში ნახევარი საუკუნის შემდეგ - ჯემო გასვიანის და ელენე კოკაურის ქორწილი შედგა ...
ჯემო გასვიანი თავად გვიამბოს მისი უმშვენიერესი მეუღლის გაცნობის და საუკუნის ქორწილის შესახებ...
- ჩემი და ელენეს გაცნობა შემთხვევით მოხდა, ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო. არ აღვწერ თუ რა გარემოსა და ვითარებაში, თუმცა იმ წამიდან მოყოლებული როცა პირველად დავინახე, განცდა მქონდა, რომ მასთან ბედისწერამ დამაკავშირა. მე გადავდგი პირველი ნაბიჯი მის გასაცნობად და შემდეგ ეს ურთიერთობა ეტაპობრივად, სწორი და გააზრებული ნაბიჯებით განვითარდა... მის დასახასიათებლად შეიძლება ეპითეტები არ მეყოს, იმდენად საოცარი ადამიანია. მისი ნატიფი სილამაზე იყო ის, რამაც თავდაპირველად თვალი მომჭრა, მაგრამ გულწრფელად მაშინ შემიყვარდა, როდესაც გავიცანი. მასში ყველა ის თვისება აღმოვაჩინე, რასაც ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ. არ ვუტრირებ, როდესაც ვამბობ რომ მისი სახის დანახვისთანავე შესამჩნევია თუ როგორი ადამიანია, რადგან ზუსტად იგივეს ამბობენ სხვებიც, როდესაც პირველად ნახავენ. ერთმანეთის შეყვარება ორივესთვის მარტივი ამოცანა აღმოჩნდა, ერთმანეთს იმდენად კარგად ვუგებთ. მე ახლა საკუთარი მხრიდან ვსაუბრობ და აღვწერ ამ განცდებს, თუმცა შეგიძლიათ მიიჩნიოთ, რომ ყველაფერი სარკისებურად იდენტური იყო მისი მხრიდანაც...
ხალდეში დაბრუნება რას ნიშნავდა თქვენთვის?
- დიახ, ხალდეში დაბრუნება ყველა ხალდელის სანუკვარი ოცნებაა, მათ შორის ჩემთვისაც. ბავშვობიდან მომყვება სიამაყის გრძნობა, ჩემი სოფლის გმირობიდან გამომდინარე სხვანაირად ვერც იქნებოდა... თუმცა ადრე ვერასოდეს წარმომედგინა იქ დაბრუნება თუ შესაძლებელი იქნებოდა. პირველი ადამიანი ვინც ამის სურვილი გამიღვივა, ჩემი ბიძაშვილი - ვასკა გასვიანი იყო. ჩვენი ოჯახებიდან პირველმა მან მოახერხა რომ ასულიყო, იქაურობა ენახა და მერე თითოეულ ჩვენგანს ჩააწვეთა გულში ამის მოტივაცია. მე და ვასკა ხშირად ვსაუბრობდით ხალდეზე, გვინდოდა რამე პატარა კოტეჯი მაინც გვქონოდა ხალდეში რომ დარჩენა შეგვძლებოდა... დღეს სამწუხაროდ ვასკა გვერდით აღარ გვყავს, ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ მისი სულის გასახარებლად ყველაზე კარგი რასაც შევძლებდით, ხალდეში სახლის აშენება იქნებოდა. საბედნიეროდ, ღვთის წყალობით ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ახლა უკვე იმის პრეცედენტიც გვაქვს, რომ ხალდეში ქორწილი ნახევარი საუკუნის შემდეგ ისევ შედგა.…იხილეთ სრულად